Home რუბრიკები სამართალი ტახი, როგორც 25-წლიანი განაჩენის პაროლი

ტახი, როგორც 25-წლიანი განაჩენის პაროლი

1016

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამასწინათ პროკურორი კახა ცნობილაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, მან, უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, საკუთარი იურიდიული კომპანია შექმნა და თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებისგან, იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, ფულად გასამრჯელოს იღებდა; კონკრეტულად რა სქემით მოქმედებდა იგი და რა ზემოქმედებას ახდენდა დაკავებულებზე, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის «სამოქალაქო საზოგადოება – ადამიანის უფლებებისთვის» ხელმძღვანელი მედეა კორკოტაშვილი.

_ მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე, რომლის სახელიც დაკავშირებულია უამრავ უკანონო და უსამართლო განაჩენთან, მოგეხსენებათ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საუბარი იყო იმაზე, რომ იგი პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს შეღავათიან ფასში სთავაზობდა იურიდიულ მომსახურებას და სანაცვლოდ მათგან იღებდა ფულს, რის შედეგადაც სახეზე იყო ტიპიური კორუფციული გარიგება.

…გახმაურებული ამბავია, 2006 წლის 16 თებერვალს პეტერბურგში კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს  ლევან ცინცაძე. იგი თბილისში ექსტრადირებულიც არ იყო, როდესაც კახა ცნობილაძემ მისი ოჯახის წევრები დაიბარა გენერალურ პროკურატურაში და შესთავაზა, წასულიყვნენ საპროცესო შეთანხმებაზე. ბრალდებულის ოჯახმა უარი თქვა ამაზე, ვინაიდან ცინცაძე ბრალდებას არ  აღიარებდა.  მაშინ ცნობილაძე დაემუქრა, გაგამწარებთო. ანუ ის პირდაპირ დაემუქრა ცინცაძის ოჯახს, რომ, თუ შეთანხმებაზე უარს იტყოდნენ, საქმე ცუდად წაუვიდოდათ… ეს იყო ღია მუქარა, რომ სასჯელი იქნებოდა მაქსიმალურად  მკაცრი. მსგავსი  ზემოქმედება სხვა ფორმითაც ხორციელდებოდა, მაგალითად საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და, ასე ვთქვათ, «გამხსნელი» ამისულაშვილის ადვოკატი   ლევან ცინცაძის დედასთან შინ მივიდა და უთხრა, კარგი ოფისი გაკეთდებოდა ამ ბინაშიო. ხომ ხვდებით, რაზეც მიანიშნა?! _ თუ დათმობაზე არ წახვალთ, ქონებასაც წაგართმევენო. სხვათა შორის, იმ დღეს, როცა ლევან ცინცაძის განაჩენი გამოაცხადეს, კახა ცნობილაძემ მოსამართლის გასაგონად ჩაილაპარაკა:  გუშინ სანადიროდ ვიყავი და ოცდახუთკილოიანი გარეული ღორი მოვკალიო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გამოაცხადეს, რომ ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ოცდახუთი წლით…

_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ესეც მინიშნება იყო?

_ რა თქმა უნდა, ამით მან ერთგვარად შეამზადა სასამართლო კოლეგია იმ განაჩენისთვის, რომლის გამოტანაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, უფრო მეტიც: ეს იყო აშკარად მოსამართლის გასაგონად ნათქვამი ფრაზა, რომ მას პატიმრობის ზუსტად ის ვადა გამოეტანა, რაც ბრალდებას სურდა, და პროკურატურის «შეკვეთა» ზუსტად შეესრულებინა. მართლაც,  მოსამართლე ნინო ელეიშვილმა სხაპასხუპით ჩაარაკრაკა ტექსტი და ისე, რომ არავისთვის შეუხედავს, დაახეთქა 25-წლიანი განაჩენი მაგიდაზე. 

_ როგორ ფიქრობთ, რატომ იყო პროკურატურა ასე დაინტერესებული საპროცესო შეთანხმებით?

_ ჩემი აზრით, ისინი, უბრალოდ, ჩიხში მოექცნენ საქმის წარმოების პროცესში, ვინაიდან ბრალდება, რომელიც ლევან ცინცაძეს წაუყენეს, გამოძიებამ ვერანაირად ვერ დაამტკიცა და დაასაბუთა. გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმება, მსგავს შემთხვევებში, გასაგებ მიზეზთა გამო ყოველთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ბრალდებულის ციხეში ჩასმა. მაგრამ ვინაიდან ლევან ცინცაძე დანაშაულს არ აღიარებს,  ის არ დათანხმდა საპროცესო გარიგებას, რაც მისი მხრიდან იქნებოდა აღიარება, რომ დამნაშავეა.

_ თქვენ თქვით, რომ საპროცესო გარიგების მისაღწევად ლევან ცინცაძის ოჯახს გარკვეული ფორმით ემუქრებოდნენ, უშუალოდ მსჯავრდებულს თუ სთავაზობდნენ შეთანხმებას?

_ ფიზიკური ან რამე სხვა სახის ზემოქმედება ნამდვილად არ ყოფილა, რაც შეეხება შეთავაზებას, მასთან პირადად შედიოდა  პროკურორი ცნობილაძე ადვოკატ პატარავასთან (რომელიც ამჟამად დაკავებულია) ერთად და  «ურჩევდა»,  დათანხმებოდა საპროცესო გარიგებას. მეტიც, მას შესთავაზეს, ხელი მოეწერა შეწყალებაზე, მაგრამ ლევან ციცაძემ უარი განაცხადა;  თუკი ბრალდება დარწმუნებული იყო, რომ ცინცაძემ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ… რას ნიშნავდა ეს შეთავაზება,  გაუგებარია. ეს გარემოება შეიძლება მივიჩნიოთ იმის დემონსტრირებად, რომ ბრალდების მხარე თვითონაც ხვდება _ საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი და ცდილობს, შეწყალების სანაცვლოდ მოიპოვოს აღიარებითი ჩვენება.

_ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ეს საქმე წარმოებდა, ლევან ცინცაძის ოჯახმა რომელიმე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას თუ მიმართა ან სტრასბურგის სასამართლოში თუ აპირებენ სარჩელის შეტანას?

_ სტრასბურგში მათ უკვე შეიტანეს სარჩელი და არ გაჩერდებიან, სანამ სიმართლე არ დადგინდება. დღესდღეობით საქართველოში უამრავი მსჯავრდებულია, რომლებიც სასჯელს დაუმსახურებლად იხდიან. მიგვაჩნია, რომ ყველა ისეთ საქმეზე, რომელიც თეთრი ძაფითაა ნაკერი, უფლებადამცველებმა ხმა უნდა აღიმაღლონ, უნდა იყოს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. და ეს თუ წესად დამკვიდრდება, მერწმუნეთ, უამრავი ადამიანი გადაურჩება დაუმსახურებელ სასჯელს და საზოგადოებაშიც აღარ იქნება დაუცველობის განცდა, რომ აქ სიმართლის დადგენა შეუძლებელია და ნებისმიერი რამის გამო შეიძლება აღმოჩნდე ციხეში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here