Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: დროა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული გადარჩენის ფრონტი!

ზურაბ კვარაცხელია: დროა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული გადარჩენის ფრონტი!

805

სრულიად საქართველო, მისი მოსახლეობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. ზუგდიდში მოქმედი სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» არჩევნებში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა აქტიურად არის ჩართული ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლაში. იგი არამხოლოდ რეგიონული პრობლემების წარმოჩენითა და მოგვარებით არის დაკავებული, არამედ აქტიურად იბრძვის საერთო ეროვნულის, საერთო ქართულის, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული ტრადიციების შესანარჩუნებლად და დასამკვიდრებლად. გვესაუბრება სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ კვარაცხელია.

_ ამ ბოლო დროს ამეკვიატა დიდი კონსტანტინეს ცნობილი ნოველა «ჯამუდან» ერთი ფრაზა: «დიდხანს ვადექი თავზე გულნაღვლიანი და ვუყურებდი, თუ როგორ ერეოდა სიკვდილი ჩემი რასის ქედმაღლობას.» სწორედ ეგრეა ახლა ჩვენი საქმეც. ვხედავთ, რომ ჩვენი მოდგმა დაღუპვის გზაზეა შემდგარი. ის, შესაძლოა, თავისი რამდენიმე ათასწლოვანი დიდი და არცთუ უსაფუძვლოდ საამაყო ისტორიის უკანასკნელ ათასწლეულებს ითვლის; ის, შესაძლოა, სამუდამოდ გაქრეს და შეუერთდეს გამქრალი ერების თუ ეთნოსების გრძელ ნუსხას. ჩვენ კი ჯერჯერობით უძლურნი ვართ, შევაჩეროთ ეს პროცესი, ჩვენ ჯერჯერობით არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ნებელობა, საერთო ეროვნული ძალისხმევით ვიბრძოლოთ და არ დავუშვათ მოსალოდნელი კატასტორფა. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ის ავადსახსენებელი საბჭოეთი უფრო ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ვიდრე დღევანდელი ფსევდო დამოუკიდებლობა. დიახ, ასეთი დამოუკიდებლობისთვის არ უბრძოლიათ სულმნათ ზვიადს, სულმნათ მერაბს და სხვა მამულიშვილებს. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააუფასურა. ამათ წაბილწეს ყველაფერი წმინდა და, რაც მთავარია, ჩვენს ერში თითქმის ჩაკლეს წინააღმდეგობის სურვილი, თუმცა იმედი მაქვს, რომ მათ ბოლომდე ეს მაინც ვერ მოახერხეს და, ერთხელაც იქნება, საღათას ძილიდან გამოსული ერი და ბერი იქუხებს.

_ ბატონო ზურაბ, როგორია თქვენი დამოკიდებულება კოალიციის «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» მიმართ ?

_ თავისთავად ცუდი არაფერია იმაში, რომ პოლიტიკურ მზის ქვეშეთში ადგილის მოპოვება გვსურდეს, მაგრამ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი, მოქმედება თანხვედრაში უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებთან და ის არ უნდა ემსახურებოდეს უაღესად საეჭვო რეპუტაციის მქონე პოლიტიკანებს. არავის არა აქვს უფლება, საკუთარი უმწიკვლო რეპუტაციის მძევლად აქციოს უკეთესობის მოიმედე მოსახლეობა და აიძულოს ის, ანტიეროვნული ძალის მხარდამჭერად აქციოს, იმავე მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ ჩამეძიებით, გიპასუხებთ, რომ მე იქ რამდენიმე მიუღებელ ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, მაგრამ განსაკუთრებით მაინც «რესპუბლიკელების» პრობლემა დგას. ნურავინ იფიქრებს, რომ ასე მხოლოდ ერთეულები ფიქრობენ. დანამდვილებით ვიცი, ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ჩვენ გვაქვს კავშირი ბევრ მათგანთან. საერთო განწყობა ასეთია: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და სხვებმაც, ვისაც გააჩნია პიროვნული და ფინანსური შესაძლებლობები, ყოველივე ეს უნდა გამოიყენოს ეროვნულ-პატრიოტულ პლატფორმასთან მდგომი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ არსებულ ანტიეროვნულ ხელისუფლებას ჩაენაცვლება ისეთივე ანტიროვნული ძალა.

_ რამდენიმე დღეში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი საქართველოზე და საერთოდ მსოფლიოზე?

_ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის სურვილი, მომდევნო ხელისუფლებამ კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს მეზობელ ზესახელმწიფო რუსეთთან. ბრიყვის გარდა, დღეს ყველა ხვდება, რომ პრობლემებს ვერც ნატო მოგვიგვარებს და ვერც ევროკავშირი. ჩვენი პრობლემების გზა ჩვენსავე გონიერებასა და საქართველორუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრაზე გადის. არავის გასაღიზიანებლად არ ვამბობ, მაგრამ დროა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი სერიოზულად ჩაუღრმავდეს ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკურ კონცეფციას. სხვათა შორის, არც ესაა მარტო ჩემი მოსაზრება, ასე ფიქრობს უამრავი ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობაში ეს თემა მუდმივად მუსირებს. ასე რომ, ყველა უნდა ამაღლდეს იმაზე, რასაც შური და გაუტანლობა ჰქვია, რადგან სამშობლოა გადასარჩენი. დრო გადის. დღე დღეზე ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდება, რაც აუცილებლად შეიტანს კორექტირებას მსოფლიო პოლიტიკაში. ჩამოყალიბდება ევრაზიული კავშირი, ჩვენი ხვედრი კი, დიდი ალბათობით, შესაძლოა, კვლავაც სატრანზიტო დერეფნად თუ საომარ პლაცდარმად არსებობა იყოს.

_ ბატონო ზურაბ, ახლა რაც შეეხება იმ მოძრაობას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ

_ ზოგადქართული, ზოგადეროვნული პრობლემატიკის პარალელურად სამეგრელოს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვცდილობთ, საკუთრივ რეგიონის პრობლემატიკაზე ვიფიქროთ და შეძლებისდაგვარად ვიზრუნოთ მეგრული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ მეგრული პრობლემა და მეგრელთა საზრუნავი, არამედ ზოგადეროვნული პრობლემატიკაცაა. ფაქტია, სამეგრელოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა დიდი საფრთხის წინაშეა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ენა, რომლიც უმთავრესი ნიშანია ჩვენი იდენტობისა. სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» ამ ეტაპზე შეძლებისდაგვარად ცდილობს, ამას მიაქციოს ყურადღება. ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე მოვალენი ვართ, გავაკეთოთ შეუძლებელიც კი, რათა უძველესი, უმდიდრესი, უმშვენიერესი და მისტიკური მეგრული ენა შევუნარჩუნოთ საკუთარ ჯიშს, ჯილაგს და მერე კი, რა თქმა უნდა, კულტურულ კაცობრიობას. ჩვენი მოძრაობის ლიდერმა, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ მოძრაობის ერთერთ ყრილობაზე განაცხადა: «ჩვენი მოძრაობის ერთერთ ამოცანად მიმაჩნია მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარებაღრმად ვარ დარწმუნებული რომ მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარებაზე ზრუნვა არის თითოეული მეგრელის ვალი, უფრო მეტიც: ეს არის ვალი თითოეული ქართველისა, თუ ამას გაითავისებს ყოველი ქართველი, მაშინ კოლხურიბერიულ ერთიან ეროვნულ სხეულს, მერწმუნეთ, რომ ბევრად ნაკლები საშიშროება დაემუქრება.

რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, ჩატარდა რამდენიმე თემატური ღონისძიება. კერძოდ, ოფისში მოვიწვიეთ გამოჩენილი და ვიტყვი პირდაპირ გენიალური ენათმეცნიერი, ბატონი მამანტი ძაძამია, რომლის ლექციამ თემაზე «მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა» საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია (სამწუხაროდ, ბატონი მამანტი მძიმე ავადმყოფია და მას ცოტათი მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება). ჩავატარეთ პოეზიის საღამო, რომლებზეც ბატონმა გიორგი შენგელიამ საზოგადოებას გააცნო შექსპირის სონეტების, ილიას, გალაკტიონის, ომარ ხაიამის ლექსების ბრწყინვალე მეგრული თარგმანები. მოვაწყვეთ შეხვედრა ცნობილ პოეტ და საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ რინოს კვარაცხელიასთან, რომლის არაჩვეულებრივი მეგრული და ქართული პოეზიის ნიმუშებით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მეგრული ენის პოპულარიზაციას. თითქმის ყოველდღიურად მოდიან გულანთებული ადამიანები და მათთან მსჯელობისა და აზრთა ურთიერთგაზიარების შემდეგ, ვცდილობთ ჩვენი იდეების ხალხში გატანას და აქტიურ პროპაგანდას. მართალია, მკაცრი ზამთრის პირობებში სირთულეები გვემატება, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს მაინც უსათუოდ გავაკეთებთ.

_ რას გვეტყვით ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩატარებული .. ანტისაოკუპაციო კვირეულის შესახებ _ ზუგდიდის სკოლებში მოსწავლეებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი ფილმი ინგლისურ ენაზე უჩვენეს

_ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მიბრძოლია, მისი ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე კიდევ ვიბრძოლებ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვხედავდით ე.წ. ანტისაოკუპაციო კვირეულის სახით სხვა არაფერია, თუ არა ანტირუსული ისტერია, მარაზმში გადასული. რაც შეეხება ამ ფილმს, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, როგორც ვიცი, ბევრმა მოსწავლემ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ამ ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო ჩვენი ახალგაზრდობის გარყვნა. ისე, დიდი გულისტკივილით მაინც მინდა ვთქვა, რომ არსებული რეჟიმი ჯერჯერობით ახერხებს ახალგაზრდობის ძირითადი ნაწილის სხვადასხვა მზაკვრული ხრიკით ჩვენგან დისტანცირებას, მაგრამ ვიმედოვნებ, გაუცხოების დაძლევა შესაძლებელი გახდება» .

_ ბატონო ზურაბ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გავრცელებული ვერსიით, ზუგდიდში «ცისფერების» ბარიც გაიხსნა

_ ეს შოკისმომგვრელი ამბავი მეც შევიტყვე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავამოწმებთ ამ ინფორმაციას და ღმერთმა ნუ ქნას, მართალი იყოს. თუმცა ასეთ ქვეყანაში უფრო უარესის მოლოდინშიც უნდა ვიყოთ. ამიტომ, ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, მეგრელებო, კოლხებო, იბერებო _ ქართველებო, გამოფხიზლდით და ნუ დაუშვებთ ჩვენს გადაშენებას, გადაჯიშებას, გადაგვარებას, გათახსირებას და დაღუპვას! ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩენია მამულიშვილობის, ქრისტიანული ზნეობრიობის, ტრადიციულობისა და უცილობელი ეროვნულსახელმწიფოებრივი სიკვდილისგან თავის დახსნის სურვილი, სათითაოდ მოვძებნოთ ერთმანეთი, მოვახდინოთ კონსოლიდაცია, ჩამოვყალიბდეთ მძლავრ პატრიოტულ ძალად და გავშალოთ მასშტაბური წინააღმდეგობის მოძრაობა. დროა, თუ უკვე დაგვიანებულიც არაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული გადარჩენის ფრონტი.

საკითხი დგას ასე: ჩვენ უკვე ვდგავართ დილემის წინაშე _ ან ვპოულობთ საკუთარ თავში ძალას და ერთიან  უმძლავრეს ეროვნულ ძალად ჩამოყალიბებული ვიბრძვით გადარჩენისთვის, ან მამულს საჯიჯგნად ვუტოვებთ ერისა და ქვეყნის დაუძინებელ მტერს.

ესაუბრა

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here