Home რუბრიკები პოლიტიკა ობამას თავისუფალი ვაჭრობა და სააკაშვილის თავისუფალი ვარდნა

ობამას თავისუფალი ვაჭრობა და სააკაშვილის თავისუფალი ვარდნა

997

შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშსა და საქართველოს შორის, რომლის შესაძლებლობაზე ბარაკ ობამამ 30 იანვარს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ისაუბრა, საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე მოექცა. ქართულ აუდიტორიას, უპირველესად, აინტერესებდა თეთრი სახლის დამოკიდებულება მომავალი არჩევნებისა და ,,სააკაშვილის პრობლემის» მიმართ და, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მსჯელობას შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაზე მან გაცილებით ნაკლები დრო დაუთმო. არადა, ეს თემა ძალზე საინტერესოა, ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ერთგვარი გასაღები, რომელიც აშშსაქართველოს დღევანდელი ურთიერთობების საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარება. მოსაზრება, რომელიც ამასთან დაკავშირებით თომას დე ვაალმა გასულ კვირას The national Interestში გამოაქვეყნა, უდავოდ ყურადღებას იმსახურებს.

სათადარიგო ინსტინქტი

დე ვაალი გვთავაზობს, ჰიპოთეტური შეთანხმება უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ, ვიდრე ამას სხვა კომენტატორები აკეთებენ: «მთავარი სიახლე, რის შესახებაც ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, საქართველოსთან «თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება» იყო. ეს სააკაშვილისთვის დიდი პოლიტიკური ჯილდო იქნებოდა, რადგან შეერთებულ შტატებს დღევანდელ დღეს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან. თეთრი სახლისთვის ეს ისეთი რამ იყო, რაც მათ შეეძლოთ სააკაშვილისთვის ახალი თავდაცვითი შეთანხმების ნაცვლად შეეთავაზებინათ. და ეს მათ გონივრულობაზე მიუთითებს, რადგან ისინი ცდილობენ, კონგრესს ჯექსონვენიკის შესწორება გააუქმებინონ _ ის, რაც უნდა მოხდეს მანამ, სანამ ამერიკული კომპანიები შეძლებენ იმ სავაჭრო პრივილეგიების მიღებას, რომელიც მათ ეკუთვნით რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. ჯექსონვენიკის შესწორების გაუქმების მცდელობას ადგილი ზაფხულის დასაწყისში ექნება, მალევე, რაც ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, კრემლში დაბრუნდება. ეს ხელს შეუწყობს კონგრესისთვის იმის თქმას, რომ ბიზნესი ბრმაა და შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობა არამხოლოდ რუსეთთან, არამედ მის მოსისხლე მტერ საქართველოსთანაც აქვს» (foreignpress.ge თარგმანი).

ჯექსონვენიკის შესწორება აშშის კანონმდებლობაში 1974-ში შევიდა. მისი მიზანი სოციალისტური ბანაკის რამდენიმე ქვეყანასთან, უპირველესად კი, საბჭოთა კავშირთან ვაჭრობის შეზღუდვა იყო. დღეს ის განიხილება როგორც «ცივი ომის» გადმონაშთი, მის მიერ გათვალისწინებულ შეზღუდვებს რუსეთთან ურთიერთობაში აშშის ხელისუფლება, დიდი ხანია, გვერდს უვლის; ის რეალურად აღარ მოქმედებს. თუმცა ამ შესწორების საბოლოო გაუქმება ვერც ბუშის და ვერც ობამას ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა. არადა, თუ ეს პრობლემა არ მოიხსნება იმ მომენტამდე, ვიდრე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების პროცესს არ დაასრულებს (სარატიფიკაციო პროცედურების დასრულება ივლისის ბოლოსთვის იგეგმება), ორი ქვეყანა მსო-ს პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთობას ვერ დაამყარებს. ვაშინგტონში ესმით, რომ ეს სიტუაცია არანორმალურია _ 20 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას აუცილებლად მიიჩნევს. ანალოგიური რამ ადრე ბარაკ ობამას, ჯოზეფ ბაიდენს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს არაერთგზის უთქვამთ. მართლაც, გასაკვირი იქნებოდა, თუ აშშ საკუთარ თავს რუსეთის ბაზარზე მოქმედების შესაძლებლობას შეუზღუდავდა, რომელიც სახელმწიფო მოადგილისგორდონის თქმით «მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია».

თეთრ სახლს, როგორც ჩანს, არ სურს, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გეგმებს ხელისუფლების სათავეში დარჩეს; ობამას ცნობილი ფრაზა «ხელისუფლების გადაცემის» თაობაზე, Washington post-ის სარედაქციო საბჭოს 5 თებერვლის წერილი მკაფიო მინიშნებით სააკაშვილის ამბიციების შეზღუდვის აუცილებლობაზე (კაცმა რომ თქვას, ამ პუბლიკაციას მხოლოდ «მიშა, წადი!»-ს სტილის სათაურიღა აკლდა) და მთელი რიგი სხვა განცხადებები სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს. ადმინისტრაციას ასევე არ შეუძლია საქართველოს მასშტაბური სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს და ბარაკ ობამა, დიდი ალბათობით, უგულებელყოფს აშშის თავდაცვის ბიუჯეტის 1242- მუხლის მოთხოვნებს, რომელიც ამის გაკეთებას ავალდებულებს.

 ბიუჯეტის ხელმოწერის წინ მან თავი საგანგებო შენიშვნის მეშვეობით დაიზღვია; ამასთანავე, ბუნდოვანი ფორმულირებები, რომელთაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იყენებენ, სააკაშვილს ოპტიმიზმის საბაბს არ აძლევს.

რამდენადმე შესამჩნევ წინსვლას, სავარაუდოდ, არც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით უნდა ველოდოთ. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაშინგტონი მზად არის, ევროპელ მოკავშირეებზე სერიოზული ზეწოლა მოახდინოს, რათა მათ მხარი დაუჭირონ საქართველოს რეალურ დაახლოებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

 ყოველივე ამის საკომპენსაციოდ, უფრო სწორად კი «პუტინის წახალისებასთან» და «საქართველოს მიტოვებასთან» დაკავშირებული კრიტიკის განეიტრალებისთვის, რომელსაც ობამას ოპონენტები დროდადრო მიმართავენ, ადმინისტრაციამ თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი დაიწყო.

კაცმა რომ თქვას, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამერიკელები, ტრადიციისამებრ, ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ და მაქსიმალური მოგება ნახონ. ეს მათი, როგორც კარგი ბიზნესმენების, ძირითადი ან, თუ გნებავთ, სათადარიგო ინსტინქტია, რომლითაც ნებისმიერ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან აქვთ საქმე _ ძლევამოსილ ზესახელმწიფოსთან თუ პატარა გაძვალტყავებულ რესპუბლიკასთან. ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვნახოთ, თუ როგორ განლაგდება ყოველივე ეს დროის ხაზზე.

რუსეთის მსო-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება ივლისის ბოლოს, მაქსიმუმ _ აგვისტოში, გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში ობამას ადმინისტრაცია ჯექსონ-ვენიკის შესწორებაზე უკანასკნელ იერიშს მიიტანს. აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ამ დროისთვის (და არც არჩევნებისთვის), 99%-იანი ალბათობით, ვერ მოხერხდება, რადგან ამას სამუშაო ჯგუფის ხანგრძლივი მუშაობა და საქართველოში მთელი რიგი ნორმების დამკვიდრება დასჭირდება. იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო დახმარებაზეც: იმუშავებს შესაბამისი კომისია, გაიმართება შეხვედრები, თუმცა სააკაშვილი, სავარაუდოდ, არჩევნებამდე ამ მიმართულებითაც ვერ მიიღებს სერიოზულ პროპაგანდისტულ კოზირს, რომელიც დღეს ჰაერზე მეტად სჭირდება.

ხე ნაყოფით იცნობა

ნებისმიერ პოლიტიკას ხელშესახები შედეგი უნდა მოჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პოპულარულობით ვერ ისარგებლებს. სააკაშვილის მკვეთრად პროამერიკული კურსი დღეს წარმატებული შედეგებისა და დასამახსოვრებელი სიმბოლოების მწვავე ნაკლებობას განიცდის, რაც წინასაარჩევნო სიტუაციაში ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნო უნდა იყოს. სააკაშვილს არჩევნების წინ იმის დადასტურება სჭირდება, რომ მისი სწრაფვა ამერიკისკენ, თუნდაც რომელიმე ერთ ასპექტში, აშკარა წარმატებით დაგვირგვინდა.

დღესდღეობით სააკაშვილმა, სავარაუდოდ, ვერ მოახერხა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საკუთარი თანაგუნდელების დარწმუნება იმაში, რომ ვაშინგტონი ხელისუფლებაში მის დარჩენას მხარს დაუჭერს, არადა, ამ უკანასკნელებისთვის ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შუა საუკუნეების ევროპის მცირე ფეოდალებისთვის მათი სიუზერენის კურთხევა რომის პაპის მიერ; ნებისმიერი შეფერხება ან თუნდაც მცირედი ბუნდოვანება ამ საკითხში მათში ვასალური ფიცის გატეხვის დაუოკებელ სურვილს აღვივებდა.

ვიზიტმა ვაშინგტონში სააკაშვილს არ მოუტანა არაფერი ისეთი (ოვალურ კაბინეტში გადაღებული ფოტო «არ ითვლება»; ასეთი ჰოსნი მუბარაქსაც ჰქონდა, თანაც ბევრი), რისთვისაც ის სერიოზული პროპაგანდისტული დატვირთვის მიცემას შეძლებდა (ან ახლო მომავალში შეძლებს). მარტივად რომ ვთქვათ, მაისში მას არ მიეცემა შესაძლებლობა, განაცხადოს: «ჩიკაგოს სამიტზე ჩვენ მაპი მოგვანიჭეს», რადგან ბავშვმაც კი იცის, რომ ეს არ მოხდება, ხოლო «მაპზე უკეთესი მივიღეთ» ტიპის რიტორიკა წინასაარჩევნო კონტექსტში აღარ იმუშავებს; იგივე ეხება ამერიკულ შეიარაღებას და შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ის ჯერჯერობით არ არსებობს და, ცხადია, არც შედეგი მოაქვს. ელექტორატის უდიდეს ნაწილს კი თვალწინ არა მომავლის ბუნდოვანი სურათები უდგას, არამედ ის, რასაც საკუთარი თავის გარშემო ხედავს. მაგალითად იმას, რომ ქვეყანა დანაწევრებულია, ერთერთი მიზეზით იმიტომ, რომ «სტრატეგიულმა პარტნიორმა» 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დაცვა ვერ შეძლო; იმიტომ, რომ აშშ ქართული არმიისთვის ათიოდე ზომიერად დაჟანგულ STINGER ვერ იმეტებს; იმიტომ, რომ ავღანეთში სულ უფრო მეტი ქართველი სამხედრო იღუპება; იმიტომ, რომ, ამერიკელი პარტნიორების ყველა შელოცვის მიუხედავად, ქართული ეკონომიკა პირველი ჯგუფის ინვალიდს ჰგავს. ამ ჩამონათვალის გაგრძელება საკმაოდ დიდხანს შეიძლება. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ აშშ დიდი (და დიადი) ქვეყანაა, თუმცა, თუ სიტუაციას ჩვეულებრივი  ამომრჩევლის თვალით შევხედავთ, შეიძლება დაიბადოს მარტივი თანმდევი კითხვა: და ჩვენ ამით რა?

აქ ძალზე საინტერესო მომენტს მივუახლოვდით. სააკაშვილს დღეს ძალიან სჭირდება ვაშინგტონის მიერ მისი მხარდაჭერის და მისი ხელისუფლების პროამერიკული კურსის ეფექტურობის ნათელი დადასტურება, თუმცა ბარაკ ობამა მისთვის დახმარების აღმოჩენას, როგორც ჩანს, არ ჩქარობს. ხომ არ დგას ამის მიღმა სააკაშვილის რეჟიმთან დამშვიდობების სურვილი? თუ ეს, უბრალოდ, თამაშია და ვაშინგტონი მკაცრი, მიუკერძოებელი არბიტრის მანტიას ირგებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მხარს მაინც სააკაშვილს დაუჭერს? თუ სიმართლეს მეორე ვარაუდი შეესაბამება, მაშინ რატომ ნერვიულობენ ასე სააკაშვილის თანაგუნდელები? მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით ვერ მიიღეს ის სიგნალი ვაშინგტონიდან, რომელიც მომავალთან დაკავშირებით მათ ეჭვებს გაფანტავს. ხოლო თუ საქმე პირველ ვარიანტთან («სააკაშვილი _ ისტორიის სანაგვეზე») გვაქვს, ალბათ, იმაზე დაფიქრება ღირს, თუ რა დაუშავა ფიგურანტმა ძია სემს ასეთი. ის ხომ უაღრესად პროამერიკული ლიდერი იყო, ვაშინგტონი კი თავის დროზე მხარს გაცილებით ოდიოზურ დიქტატორებს უჭერდა და, სიმართლე რომ ვთქვათ, უცოდველი ამ მხრივ არც დღეს არის. დაუშვა თუ არა სააკაშვილმა ფატალური შეცდომა, რამაც უბიძგა ვაშინგტონს, ხელისუფლებიდან მის ჩამოცილებაზე დაფიქრებულიყო?

ისევ ამერიკის აღმოჩენა მოგვიწევს

სააკაშვილის მთავარი, სტრატეგიული ხასიათის შეცდომა, სავარაუდოდ, შემდეგი სიტყვების მიღმა დგას: «ჩვენთვის სასიამოვნო მოვლენა გახდა, რომ საქართველო აშშის შიდა პოლიტიკის ნაწილად იქცა. პარტიები ერთმანეთს ჩვენთვის მხარდაჭერის გამოხატვაში ეჯიბრებიან» (ეს განცხადება სააკაშვილმა Berliner Zeitungთან საუბარში 2010 წლის ივნისში გააკეთა).

აშშ-ის ორივე პარტიასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში დასაძრახი არაფერია, ვაშინგტონელი ლობისტების აქტიურ გამოყენებას კი ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო ცდილობს, თუმცა თავის მოწადინებაში _ აშშ-ის პოლიტიკურ «დღის წესრიგში» ქართული პრობლემატიკის ინტეგრირება მოახდინოს _ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნია ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლებოდა.

სააკაშვილის მმართველობის წლებში საქართველოს პრაქტიკულად ყველა ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ მთავარ, ხშირ შემთხვევაში კი ერთადერთ მიზნად ისახავდა: ვაშინგტონის მოწონების დამსახურებას. მაგრამ ნელ-ნელა მოკრძალებული ბონუსების (მაგ. ეკონომიკური და ფინანსური დახმარების გაზრდა) მიღების სურვილი გაცილებით ამბიციურმა ფანტაზიებმა შეცვალა, რომელსაც სააკაშვილის ზოგიერთი ამერიკელი მეგობარი ასაზრდოებდა (აშშ-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის პროვოცირება, «გადატვირთვის» ჩაძირვა და ა. შ.) და რეჟიმის პოლიტიკაში შანტაჟის აშკარა ნიშნები გაჩნდა. რამდენად რაციონალურია, ბარაკ ობამა დაჯდეს და დაელოდოს, თუ როდის მიიყვანს «ნეოკონების» იდეებით და სკამის დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილი საქმეს ახალ კავკასიურ ომამდე? დღევანდელი მცირე დისკომფორტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს საკითხზე რესპუბლიკელების კრიტიკის გამო განიცდის, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს. ეს მოლოდინი ვინმემ შეიძლება ერთობ პესიმისტურად ჩათვალოს, თუმცა 2008-ში განვითარებული მოვლენები გადაჭარბებული ოპტიმიზმის საფუძველს, ალბათ, არ გვაძლევს.

როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, საზოგადოებას იმაზე დაფიქრება მოუწევს, თუ რა ფუნდამენტს დაეფუძნება საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აშშთან მომავალში, რომელიც დღევანდელი ისტერიული შანტაჟისგან, ყოვლად სამარცხვინო მაამებლობისგან და ეროვნული ინტერესების მუდმივი უგულებელყოფისგან აშკარად გათავისუფლებას საჭიროებს, რადგან ეს სირთულეებს ორივე მხარეს _ ქართველებსაც და ამერიკელებსაც უქმნის.

 შესაბამისად, საჭირო გახდება ჯანსაღი, რეალისტური პრინციპების ფორმულირება, რომლითაც შტატებთან თანამშრომლობის პროცესში ვიხელმძღვანელებთ, რაც ტრივიალური ამოცანა სულაც არ არის, რადგან ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here