Home რუბრიკები საზოგადოება ჯემალ აჯიაშვილი: თითო სააკაშვილი ყველა ქვეყანაშია…

ჯემალ აჯიაშვილი: თითო სააკაშვილი ყველა ქვეყანაშია…

1492


ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალურ დირექტორს ჯემალ აჯიაშვილს მონუსხული ვუსმენდი. იგი ლაპარაკობდა სამოციანი წლების ირანზე, დღევანდელ ისრაელზე, ბიბლიაზე, პოეზიაზე… ვისაუბრეთ მის პოეტურ თარგმანებსა და ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ბრწყინვალე სონეტებზე. შემდეგ ისევ ირანს მივადექით, კერძოდ, ჯემალ აჯიაშვილის სპარსეთში მუშაობის პერიოდს _ თეირანსა და ისპაჰანში მის მოღვაწეობას.

«პატრონი დიდი საქართველოდან»

_ ირანში თარჯიმნად მუშაობისას ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა. ერთხელ გავიგე, რომ ჩემგორდანის მახლობლად ქართულწარწერიანი საფლავები იყო. მძღოლს წაყვანა ვთხოვე.

საღამოვდებოდა, ირანში კი უცებ ღამდება. ვაჩქარებდი მძღოლს… და მოხდა საშინელი ავარია: ოთხნი ვიყავით, ერთი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა, მე უვნებლად გადავრჩი. ბეწვზე. ერთი სიტყვით, ვერ ვნახეთ საფლავები. ალბათ, ღმერთს არ უნდოდა…

უზარმაზარი რიგები იდგა მაშინ საბჭოთა კავშირის საელჩოსთან _ ფერეიდნელი ქართველები სამშობლოში ჩამოსვლას ისწრაფოდნენ.

დიდი ტალღა იყო. ყოველ პარასკევს ჩამოდიოდნენ და მოსაკითხი ჩამოჰქონდათ ჩვენთან.

_ პარასკევობით?

_ ჯუმე _ პარასკევი, მუსლიმთა დასვენების დღეა; ებრაელებისთვის _ შაბათი; ქრისტიანებისთვის _ კვირა.

_ აწყობილი გვაქვს საათივით (ვიცინით).

_ ყურძენი ჩამოჰქონდათ.

_ აქვთ ვენახები?

_ კი. ყველაფერი აქვთ. «პატრონი, დიდი საქართველოდან არის პატრონი», _ იტყოდნენ ჩვენზე. პატრონებს გვეძახდნენ.ასეთი შემთხვევაც მახსოვს. ჩემგორდანთან შემომაღამდა.

_ ჩემგორდანი?

_ პატარა დაბასავითაა. მის ახლომახლო შენდებოდა უზარმაზარი ქალაქი _ არია-შაჰრ. შაჰი აშენებდა _ რეზა ფეჰლევი. «შაჰრ» სპარსულად ქალაქია, ე.ი. არიას ქალაქი. არია _ არიელები, მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს. ხშირად მიხდებოდა იქ ჩასვლა. ჰოდა ერთხელ შემომაღამდა. მანქანა მჭირდებოდა. შუაღამისას მივადექი ავტოსადგომს და მორიგე გავაღვიძე.

_ სადაური ხარო? _ მეკითხება.

_ შურავი, _ ვუპასუხე (შურავი საბჭოელს ნიშნავს).

_ ჩვენც შურავის გვეძახდნენ ავღანეთში, _ ჩავურთავ.

_ მიყურებს. შენ შურავის არ გავხარო, _ სპარსულად მეუბნება. _ საქართველოდან ვარ-მეთქი, ვუპასუხე სპარსულადვე. _ საქართველოდან ხარ, პატრონო?! _ გაიხარა მასპინძელმა. იმ წუთში გააღვიძა ვიღაცა, მომცა მანქანა და გამიშვა.

_ საბჭოთა კავშირი მაშინ ირანს აქტიურად ედგა მხარში.

_ დიდი მეტალურგიული ქარხანა შენდებოდა ისპაჰანთან. შაჰი რამდენიმეჯერ მოვიდა მშენებლობაზე. ფოლადის უზარმაზარ კორპორაციას, რომელიც, ფაქტობრივად, სახელმწიფო იყო სახელმწიფოში, ხელმძღვანელობდა შაჰთან დაახლოებული პირი, დოქტორი შეიბანი. ახლა, ალბათ, არცაა ცოცხალი: ეს დამთხვეულები რომ მოვიდნენ, არა მგონია დაენდოთ. მისი კორპორაციის ერთი სეგმენტი იყო მშენებარე მეტალურგიული კომბინატი.

ვუთარგმნიდი ამ დოქტორ შეიბანის რუსულიდან სპარსულად და პირუკუ. _ ამ ბიჭმა ასე კარგად სად ისწავლა რუსულიო?! _ გაუკვირდა დოქტორს ძალიან (ვიცინით).

სამი წელიწადი ვიმუშავე ირანში.

_ შაჰი რამდენიმეჯერ ჩამოვიდა მშენებლობაზეო, თქვით თქვენ, ბატონო ჯემალ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მონარქზე?

_ ევროპული, დახვეწილი ადამიანი ჩანდა. ჩამოსვლისთანავე ეფექტს ახდენდა იმით, რომ თვითონ მართავდა ვერტმფრენს. მანქანიდან ჩამოსვა მძღოლი, თვითონ მიუჯდა საჭეს. ეს მაშინ იშვიათობა იყო.

_ სააკაშვილი?..

_ გარკვეულწილად ალბათ კი… თითო სააკაშვილი ყველა ქვეყანაშია. მესამე ცოლი ჰყავდა მაშინ, რომელზეც ოცი წლით უფროსი იყო, განათლებული ქალბატონი წარჩინებული გვარიდან. პირველი ცოლი ეგვიპტელი პრინცესა გახლდათ, რომელიც, სხვათა შორის, შაჰის მესამე ცოლთან ერთად სწავლობდა სკოლაში. შაჰი მაშინ ახალგაზრდა კაცი იყო, დროსტარების მოყვარული. როგორც ამბობდნენ, წავიდა ის ქალი ეგვიპტეში და აღარ დაბრუნებულა. მეორე ცოლი _ ცნობილი სორეია იყო, ულამაზესი ქალი. შარშანწინ გარდაიცვალა. თბილისშიც არის ნამყოფი… შარიათის წესით, თუ ხუთი წელიწადი ცხოვრობს შაჰი ცოლთან და ტახტის მემკვიდრე არ იბადება, უნდა გაიყარონ. ამათ არ ეყოლათ. შაჰმა სთხოვა მეჯლისს 2 წლით ვადის გაგრძელება. გაუგრძელეს, მაგრამ _ უშედეგოდ. გაიყარნენ, სხვა გზა არ ჰქონდათ, თუმცა შაჰს ძალიან დაენანა. კულუარებში ყვებოდნენ, რომ სორეია წავიდა ჰოლივუდში, წაიღო შაჰის დიდძალი ქონება (უმდიდრესი კაცი იყო რეზა ფეჰლევი), გაჰყვა ვიღაც იტალიელ მილიონერს და მეცხრე თვეზე ეყოლათ ვაჟი. ამ ამბავმა თურმე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მესამე ცოლმა შაჰს ოთხი შვილი აჩუქა: პირველი ვაჟი იყო.

ირანში რომ ჩავედი, შაჰს ახლად მინიჭებული ჰქონდა ერთპიროვნული იმპერატორის ტიტული. ტრიუმფალური მსვლელობა მოეწყო, ზეიმი, რაკი ტახტის მემკვიდრე 7 წლის გახდა.

_ დღევანდელ ირანზე იტყვით რამეს?

_ უმდიდრესი კულტურის ქვეყანაა, იმდენად ძლიერია იქ კულტურული ტრადიციები, რომ პარალელურად იმისა, რაც დღეს ხდება, დარწმუნებული ვარ, სხვა, გამჭოლი პროცესებიც მიმდინარეობს. ფუნდამენტალიზმი, რა თქმა უნდა, მძლავრობს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გარდამავალი ეტაპია. მე რატომღაც ოპტიმისტურად ვაფასებ ვითარებას. ასე ვარ განწყობილი იმიტომ, რომ კულტურა ადრე თუ გვიან მაინც თავისას იზამს, საუკუნეებში გამოტარებული კულტურა! ჩემს იქ ყოფნაში ირანის სამეფოს 25 საუკუნის იუბილე გადაიხადეს. 1971 წელს გაიმართა ეს გრანდიოზული ზეიმი პერსეპოლისთან, სპარსელები მას თახთე ჯამშიდს უწოდებენ. სპარსეთის მეფე კიროს დიდი, იგივეQქორუში, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც გულქველი მეფე, ლამის მესია, ვინც დიდი სიკეთე მოუტანა ებრაელებს _ ბაბილონიდან განდევნილი ებრაელობა კიროსის ბრძანებით დაუბრუნდა იერუსალიმს. ისრაელის დღევანდელ ქალაქებში არის კიროსის ქუჩები… ახლა, როცა ასეთი დაპირისპირებაა ირანსა და ისრაელს შორის, სინანულით ვფიქრობთ იმ გამოუყენებელ რეზერვებზე, იმ დიდ ისტორიულ წანამძღვრებზე, რაც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია. თავის დროზე უფრო ინტენსიურად რომ წარმართულიყო ამ ხალხების კულტურულ-კონფესიური დიალოგი, მათი ურთიერთგადაძახილი, შესაძლოა, სიტუაცია ასეთ ჩიხში არ მოქცეულიყო. კულტურას, თუნდაც გარკვეულწილად, შეეძლო თავისი სიტყვა ეთქვა.

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ამ გეოპოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ფაქტორი ფრიად მნიშვნელოვანია…

ჰოდა, იმ ზეიმზე შაჰი და დედოფალი წარსდგნენ კიროს დიდის აკლდამის წინაშე. შაჰმა სიტყვით მიმართა სამეფოს დამაარსებელს და ეს მიმართვა მთავრდებოდა სიტყვებით: «ასუდე ხაბ ქე მა ბიდარიმ!» _ «იძინე მშვიდად, რამეთუ ჩვენ ვფხიზლობთ!»

_ ეს სიფრთხილე სიმშვიდით არ დამთავრდა.

_ დიახ, მოვიდა ხომეინი.

ლაშონ ჰაკოდეშ _ წმინდა ენა

სპეციალობა _ სპარსული ენა და ლიტერატურა. თარგმნა კიდეც სპარსული კლასიკის ნიმუშები, მაგრამ მისმა ნიჭმა, მისმა პოეტურმა ფრაზამ ფრთები განსაკუთრებული სილაღით ანდალუსიის ებრაელი პოეტების, შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის თარგმანებში გაშალა.

დღეს ამაზე ვისაუბრებთ, თორემ მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა მსოფლიო ლიტერატურაზეა განვრცობილი _ ძველეგვიპტური საგალობლები, დავით მეფის ფსალმუნები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს სონეტები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, რილკეს, ნელი ზაქსის, მაიაკოვსკის, მანდელშტამის, პასტერნაკისა და სხვათა ლექსები.

_ ვინ გასწავლათ, ბატონო ჯემალ, ძველებრაული?

_ ეს ენა _ ლაშონ ჰაკოდეში, წმინდა ენად წოდებული, ყოველდღიურ სამეტყველო პრაქტიკაში არ იხმარებოდა. ძველი დიდებიდან ებრაელებს მხოლოდ ერთადერთი სიმდიდრე დარჩათ _ ბიბლია, «ჯიბის სამშობლო,» როგორც მას ჰაინრიჰ ჰაინემ უწოდა. ამ ენამ წმინდა ენის სტატუსი შეიძინა, რომელსაც დევნილი ებრაელობა დედამიწის ზურგზე თავისი მოგზაურობის დროს თან დაატარებდა. მუსლიმთა წინასწარმეტყველი მუჰამედი ებრაელებს «წიგნის ხალხად» მოიხსენიებს, არაბულად _ აჰლუ ქითაბ.

ბიბლიის ენა ღვთაებასთან გასანდობი ენაა. გრიგოლ რობაქიძე «გველის პერანგში» ირუბაქ ირუბაქიძეს რომ ახასიათებს, წერს: «ღმერთებს მარტო ჰებრაულით თუ დაელაპარაკები». იგი ორადორ შემთხვევაში იხმარებოდა: ლოცვაში _ ღვთისმსახურებასა და პოეზიაში.

რუსთაველი რომ ამბობს _ საღმრთო საღმრთოდ გასაგონიო, ასეთი იყო მათთვის პოეზიის ენა. მასში იყო ჩავანებული «რუახ ელოჰიმ» _ სული უფლისა.

_ ეს არ არის იდიში.

_ არა, რა თქმა უნდა. იდიში შუა საუკუნეებში გერმანული ენის ბაზაზე შეიქმნა, ყოფითი ენა, ვტცნტხრჯდსქ ზპსრ, რომელიც თავისთავად დიდი კულტურის მატარებელია.

ლაშონ ჰაკოდეშით ლოცულობდნენ ქართველი ებრაელები.

ტრადიცია იყო ასეთი: ხუთი წლის რომ გახდებოდა ბავშვი, მოიწვევდნენ რჯულის მოძღვარს და ასწავლიდნენ ამ ენას. რაბინი ან რაბინზე დაბალი რანგის მოძღვარი დადიოდა ოჯახებში და ასწავლიდა ამ ენას. მიყვებოდა რაბინი საინტერესო ისტორიებს ბიბლიიდან _ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, როგორ დაამარცხა დავითმა გოლიათი და ა. შ. თან ნელ-ნელა მაპარებდა ამ ენას. ასე «შემიშხაპუნეს» ეს ენა, რომელსაც მეტწილად სულიერების მოძღვრები ფლობდნენ.

ლაშონ ჰაკოდეშზე შეიქმნა ძველი ებრაული პოეზია, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ბიბლიაზე ორიენტირებული ლიტერატურა, ეს იყო სინთეზი დიდი ანდალუსიური კულტურისა. ესპანეთი მაშინ მუსლიმური ქვეყანა იყო. ე.ი. ბიბლიური სულისკვეთება და მუსლიმური აღმოსავლეთის დიდი კულტურული ნაკადი, ნილოსის ნაპირებიდან დაძრული _ მათი ურთიერთშერწყმა და შეზავება, მაგრამ დომინანტური მაინც ებრაულია. დამეხმარა სპარსულის ცოდნა და ის არაბულიც, რომელსაც უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ.

_ ეს პოეზია როგორ შემოვიდა თქვენში? ამას ხომ არ გასწავლიდნენ…

_ არა, ამას არავინ მასწავლიდა. ეს პოეზია იყო «ტერა ინკოგნიტო» _ ჩვენში არავინ იცოდა მისი არსებობა. განა იმიტომ, რომ დიდი პოეტები არ იყვნენ. ჰაინრიჰ ჰაინე მათ ბრწყინვალე თანავარსკვლავედს უწოდებს. მაგრამ თვით ბედმა ებრაელებისამ განსაზღვრა, რომ ვერ ჩაჯდა ევროპულ ლიტერატურულ პროცესებში, განცალკევებით არსებობდა. ისრაელის სახელმწიფოებრიობა რომ აღდგა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოებში მოექცა.

ჩემი მეგობარი იცხაკ დავიდი, პოლიგლოტი, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს, ადრე კი ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გახლდათ, აღმოსავლელი ებრაელების საკითხებში მისი მრჩეველი, ყოველთვის დიდი და მდიდარი ინფორმაციის მატარებელი იყო.

ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, შინ რომ ვეწვიე (თბილისის ებრაულ უბანში ცხოვრობდა), წამიკითხა ამ პოეზიის ნიმუშები. მომეწონა და ვთარგმნე. მაშინ ჟურნალი «ხომლი» ახალი დაარსებული იყო. მივუტანე ბატონ ვახტანგ ჭელიძეს და მან მეორე ნომერშივე «ხეთქა!»

ძალიან ვუმადლი ვახტანგ ჭელიძეს, რადგან ახალგაზრდულ წლებში, როცა არ იცი, საით მიდიხარ, როგორ მიდიხარ, მითუმეტეს, როცა ეკონომიურად მაგრად ვერ დგახარ, გამომიქვეყნა ეს ერთიც და შემდეგ _ მეტი და მეტი, წამახალისა და წელში გამმართა. კარგი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა… და წავიდა და წავიდა.

_ პირველი წიგნი როდის გამოეცით?

_ 1979-ში დაიბეჭდა… მაშინ ჭირდა ებრაული, მეტადრე _ ბიბლიაზე ორიენტირებული ლიტერატურის შოვნა.

ნისან ბაბალიკაშვილი, ცნობილი რაბინის შვილი, თავადაც ცნობილი მეცნიერი, ჩემი მეგობარი, დამეხმარა. ისრაელთან კარგი კავშირი ჰქონდა და მიშოვა შუა საუკუნეების ებრაელი პოეტების ოთხტომეული. მეტი წილი იქიდან ვთარგმნე.

79-ის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოიცა.

_ გამოდის, რომ ენას თქვენ თვითონ დაეუფლეთ. თვითნასწავლი არა, მაგრამ რაღაც ამგვარი, არა?

_ ჰო. მერე და მერე კი თანამედროვე ენაც ავითვისე. ისევეა, როგორც ძველი ქართული ახალ ქართულთან. ვინმე რომ მოვიდეს და «შუშანიკის» ენით დაგველაპარაკოს, ამგვარი სხვაობაა.

_ შუშანიკის ენა კი არა…

_ ჩვეულებრივი ქართულით რომ ელაპარაკები ხალხს, ის უკვირთ დღეს. გოიმობის ნიშანია, ან უარესი.

_ გოიმი უგნურ არაებრაელს ნიშნავს, მგონი.

_ კი, ნიშნავს. უბედურებაა, რომ ტელე და რადიოდიქტორები ქართულ სიტყვებს ინგლისური პრონონსით უქცევენ. აი, გოიმობა ეგაა, პროვინციალიზმი.

ნებისმიერი კულტურა თავისთავად დიდი მოვლენაა. მაგრამ, შე დალოცვილო, ამოდენა ზურგი გაქვს შენი ქვეყნის კულტურის… გალაკტიონს რომ აქვს, ხომ გახსოვთ: «მაინც ვრჩებით ქართველებად, თუ არ გაგვაესკიმოსეს».

_ ჩვენ თვითონ «ვესკიმოსდებით»?

_ ღმერთმა ნუ ქნას!.. თითოეული კულტურა, ვიმეორებ, უზარმაზარი განძია. უნდა იცნობდე. აუცილებლად! კაცმა თუ სხვა ერის კულტურა იცის, იმ ერის მტერი არასოდეს გახდება. მეც ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კულტურული ფასეულობები გადმოვიტანო ქართულად _ მუსლიმური იქნება ეს, ქრისტიანული თუ ებრაული. ყველა ერთმანეთს ავსებს.

კულტურული კარჩაკეტილობა, ფუნდამენტალიზმი

_ არც მინდა, ეს ტერმინი ვიხმარო, საშინელეებაა. ყველა კულტურა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ფასეულია თავისთავად. ქართული კულტურის ჰეგემონია ყოველთვის იგრძნობოდა. არავინ დამძრახავს, თუ ვიტყვი, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ან ეკონომიკური გიგანტი, დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქების ბედნიერ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ კულტურული ჰეგემონია მაინც გვქონდა, საბჭოთა პერიოდშიც _ ნებისმიერ დარგში. როცა ამ ყველაფერს ძალიან დაბალი რანგის მასკულტურა ენაცვლება, სრულიად გაუგებარია!

«ო, ენავ ჩემო…»

_ ბატონო ჯემალ, თქვენი შემოქმედების, ასე ვთქვათ, «ებრაული შემადგენელი» გავარკვიეთ, მაგრამ ქართული? ეს საოცარი ქართული საიდან შემოვიდა თქვენში? ვერ წარმომიდგენია, რომ თარგმანზე მუშაობისას ლექსიკონების გალავანში იყოთ ჩაკეტილი და საჭირო სიტყვებს მის სათოფურებში პოულობდეთ.

_ ლექსიკონებით შეკოწიწებულ ნათარგმნს, ბოდიში მომიხდია, ნაფტალინის სუნი ასდის.

მეგრულ გარემოში ვიზრდებოდი და მეგრულად ავიდგი ენა. შინ ქართულად ვმეტყველებდით. ზოგჯერ მამაჩემი და დედაჩემიც ისეთ სიტყვებს ხმარობდნენ, რომ არ მესმოდა მათი მნიშვნელობა, მაგრამ მერიდებოდა ამის სახალხოდ აღიარება, იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეს იყო ებრაულის რაღაც დანაშრევები _ უცხო სხეული, რომელიც ენას ანაგვიანებდა. მაგრამ, როცა შემდეგ უნივერსიტეტში ვისწავლე ძველი ქართული, დიალექტოლოგია, აღმოვაჩინე, რომ ქართული სიტყვები იყო. ებრაელები ცხოვრების სპეციფიკური წესის გამო ჰერმეტულად ინახავდნენ თავიანთ ცოდნას. საქართველოში თითქმის სამიათასწლოვანი ცხოვრების მანძილზე ბევრი ისეთი სიტყვა შემოინახეს, რაც «პრაქტიკულ ქართულში» დიდი ხნის ამოღებულია ხმარებიდან.

ეს ერთი.

მეორე. რაბინი ბიბლიას მასწავლიდა ებრაულად და ქართულად. ოღონდ როგორი ქართულით, იცით? ჩემთვის უცნაური იყო ის ქართული _ ხუთი წლის ბიჭს მასწავლიდნენ ძველი ქართულით ნათარგმნ ბიბლიას, რომელსაც ქართველი ებრაელები «თავსილს» უწოდებენ. თავის დროზე ებრაული სჯულის მოძღვრები ბიბლიას ქართულად ისე თარგმნიდნენ, რომ იგი გასაგები ყოფილიყო მრევლისთვის. ეს მრევლი შემოსულია მცხეთაში 2600 წლის წინათ. სავარაუდოა, რომ 200 წლის შემდეგ ბიბლიური ენა პრაქტიკულად უკვე დავიწყებული ჰქონდათ და წმინდა ტექსტები თავიანთი ლიტურგიკული წესების აღსასრულებლად ქართულად თარგმნეს. მაგრამ რაკი ბიბლიის ნებისმიერი სიტყვის შეცვლა მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა, ძველი ქართულით ნათარგმანები დააკანონეს და ასე მოდიოდა და მოდიოდა თაობიდან თაობაში.

როცა კუმრანის მიდამოებში ჩანაწერები იპოვეს, 1947 წელს, ფასდაუდებელი გრაგნილები…

_ კუმრანი თუ ყუმრანი?

_ ქართულად ყუმრანი. თუმცა თუ არაბულ არტიკულაციას მოვიშველიებთ, კუმრანი უფრო მართებულია. «ყამარ,» «კამარ» მთვარეს ნიშნავს. კამარაც აქედან მოდის. მთვარის კულტი იყო იმ მიდამოებში და იქიდან წამოვიდა _ კუმრანი… ჰოდა, ის, 2000 წლის წინანდელი ჩანაწერები თანამედროვე ტექსტს ისე დაემთხვა, რომ სიტყვა არ იყო შეცვლილი.

ეს ძველი ქართულით ნათარგმნიც ამ პრინციპითაა შემორჩენილი…

სიტყვამ მოიტანა და ქართულის შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა სკოლაში. ჟიული შარტავა ჩემთან ერთად სწავლობდა და ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.

შემდეგ _ უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურა…

სიტყვის ხმარებისას ალღოც გჭირდება, თორემ არაჩვეულებრივი «ლექსიკური ერთეული» შეიძლება ისე უადგილოდ გამოიყენო, რომ მკვდრადშობილი აღმოჩნდეს. ისეთ კონტექსტში უნდა ჩასვა, რომ ქმედითი იყოს. ზოგჯერ დაახვავებენ სიტყვებს _ თვალის მომჭრელია, მაგრამ ისეთ გარემოშია მოქცეული, რომ არაფრის მთქმელია.

_ თქვენი თარგმანები თავისუფალი თარგმანია თუ დედანთან მიახლოებული?

_ თვითონ ლექსი გიკარნახებს, როგორ მიუდგე. არის ისეთი, რომელიც კანონიკასავით მკაცრია, მაგალითად, ფსალმუნები, არის ისეთი, რომელმაც დღევანდელ ლიტარუტურულ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა, მოითხოვს _ მოახდინე ჩემი ვარირება, რათა ცოცხალი ვიყო, არ მოვკვდეო. არ გააკეთებ ასე და მართლაც ჩაკვდება და, ხშირად მითქვამს, ქრესტომათიულ კუბოებში ასვენია.

_ ლიტერატურული კრიტიკა როგორ აფასებდა თქვენს შემოქმედებას?

_ ძალიან თბილად. ბევრი დაიწერა.

_ თქვენი პირველი თარგმანები, როგორც თქვით, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიბეჭდა.

_ დიახ, უნივერსიტეტის გაზეთსა და «პირველ სხივში» _ 1964-66 წლებში.

_ ეს ის პერიოდია, როცა, რბილად რომ ვთქვა, ისრაელი არ შედიოდა საბჭოთა კავშირის მეგობართა წრეში, ე. ი. ძალაში იყო საბჭოური იდეოლოგიური წნეხი, თავისი გაყინული დოგმებითა და ცენზურით. რით შეგიძლიათ ახსნათ ლიბერალიზმი, რომელიც თქვენ მიმართ გამოიჩინეს?

_ საქართველოს განსაკუთრებულობით, რითაც ყოველთვის ვიყავით გამორჩეული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და იმ პრიორიტეტულობით, რომელზეც უკვე ვილაპარაკე.

_ დღეს ბევრგან გაიგონებთ, რომ დასავლეთისკენ, კერძოდ, ამერიკისკენ ფანჯარა იმ წლებში სრულიად დახშული იყო.

_ მე მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც 1979 წლით თარიღდება. იმ წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ნუგზარ ფოფხაძე, ტელევიზიის ლიტერატურული გადაცემების მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა სოსო პაიჭაძე. მაშინ მომზადდა და ეთერში გავიდა თითქმის საათიანი გადაცემა ჩემ მიერ თარგმნილ შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიაზე.

_ მახსოვს. ეს მოხდა «პერესტროიკამდე» 5-6 წლით ადრე.

_ აი, რას წერდა თავის წამყვან სტატიაში გაზეთი «ნიუ იორკ ტაიმსი» გადაცემიდან ორი კვირის შემდეგ (კითხულობს):

«1979 წლის გაუგონარი ტელესანახაობა საბჭოთა კავშირის ისტორიაში.

ეს იყო 50-წუთიანი ტელეპროგრამა შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიაზე. საჩვენებელი დრო საგანგებოდ იყო შერჩეული _ საღამო, როცა ყველაზე მეტი მაყურებელი უზის ტელეეკრანებს. მთელი გადაცემა გამსჭვალული იყო ებრაული კულტურის, რელიგიისა და ეროვნული ტრადიციების მიმართ უაღრესი პატივისცემითა და სიმპათიით. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ საქართველოს ლოკალურ არხზე, რაც მიუთითებს საქართველოს ებრაელთა განსხვავებულ მდგომარეობაზე…»

(«ნიუ იორკ ტაიმსი», 1979 წელი, 17 დეკემბერი).

აქ ორი ფაქტორია გამოსაყოფი. პირველი _ ქართული ტრადიციული დამოკიდებულება ზოგადად ებრაული ფენომენისადმი. მეორე: არა მგონია, რომ უკანასკნელი როლი ითამაშა ლიტერატურულმა დონემაც (ამას ვამბობ ყალბი თავმდაბლობის გარეშე].

წიგნის გამოცემის ფაქტი ცნობილმა რუსმა ლიტერატორებმა ასე შეაფასეს: фантастика! რუსულადაც იყო ამ პოეტების ლექსები თარგმნილი… 30 წელიწადი იდო მოსკოვის საგამომცემლო უჯრაში. ბოლოს და ბოლოს, ჩემი წიგნის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, როგორც იქნა, გამოქვეყნდა, მაგრამ არა რუსეთში, არამედ ისრაელში… ვერ ვიტყვი, რომ დიდი ლიტერატურული მოვლენა იყო. ფაქტი ის არის, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველად საქართველოში გამოიცა.

_ ისრაელში როგორ შეაფასეს?

_ 1998 წელს ისრაელის აწ განსვენებულმა პრეზიდენტმა ეზერ ვაიცმანმა მომანიჭა მთავრობის ჯილდო _ ე.წ. «ღირსების სიგელი.»

_ ახლა რას თარგმნით?

_ ახლა უფრო ჩემს ლექსებზე ვმუშაობ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here