Home რუბრიკები საზოგადოება ახალი საგანგებო სამსახურის მომსახურების გადასახადი ძალაში შევიდა

ახალი საგანგებო სამსახურის მომსახურების გადასახადი ძალაში შევიდა

767


მართალია, ახლადშექმნილი „112“-ის მომსახურება უფასო იქნება, სატელეფონო აბონენტებს ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადი დაერიცხებათ. მობილური კომპანიების აბონენტებს ამის შესახებ უკვე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობეს. „112“ გამოძახების საფასური ფიზიკური პირებისათვის 20 თეთრით, იურიდიული პირებისათვის კი 50 თეთრით მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სასწრაფო დახმარების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მომსახურება უფასო იქნება, გამოძახების ტარიფებს კი მერია არ განსაზღვრავს. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის თქმით, „112“ სამსახური ივნისის დასაწყისიდან ამოქმედდება.„საქართველო და მსოფლიო“ მობილურ კომპანიებს დაუკავშირდა. კომპანია „მაგთიკომში“ განგვიცხადეს, რომ ახალი გადასახადის დაწესებას მათ ახალი კანონი ავალდებულებს, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მათ დაუკითხავად შევიდა. კომპანია „ბილაინში“ განგვიმარტეს, თუ რატომ წესდება გადასახადები: „იმის გამო, რომ ახალი ერთიანი საგანგებო ნომერი შემოდის, რომლითაც შესაძლებელი ხდება როგორც სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო და საპატრულო სამსახურებით სარგებლობა, აბონენტებს, ვისაც თვეში 5 ლარზე მეტი იქნება შევსებული თვეში, მასზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, სასწრაფოდ ჩამოეჭრება აღნიშნული სამსახურის „112“-ის საფასური“, – განგვიცხადეს კომპანიაში.

კომპანია „ჯეოსელში“ აღნიშნეს, რომ „112“-ით სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება, თუკი აბონენტი ორმხრივად, ან ცალმხრივადაა გათიშული. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება „112“-ის გადასახადის დარიცხვა ახალი სამსახურის ამოქმედებამდე, ვერცერთ კომპანიაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალი სამსახურის „112“-ის მომსახურება ფასიანი 2012 წლის 1 იანვრიდან გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი“ მთავრობამ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.

გია მეფარიშვილი, სამართალმცოდნე : „რა თქმა უნდა, შსს თავად ითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ამ უწყებას კანონით აქვს უფლება ზოგიერთი ხასიათის მომსახურებისათვის მოქალაქეებს დაუწესოს შესაბამისი მოსაკრებელი. მაგალითად, იარაღის რეგისტრაციის, ავტომანქანის ნომრების და ა.შ. აქ არაფერი უჩვეულო არ არის და ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, მაგრამ თუ საუბარი მიდის მოქალაქის ვალდებულებაზე, გადაიხადოს მოსაკრებელი პოლიციის მომსახურებისათვის, თუ იგი იძულებულია დახმარების თხოვნით „112“ მიმართოს პოლიციას – ეს უკვე შეცდომა კი არა, რაღაც გაუგებრობაა. პოლიცია სახელმწიფო, შეიარაღებული, სამართალდაცვის ორგანიზაციაა, რომელიც მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ყოველგვარი მოსაკრებელის გარეშე ახორციელებს. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მოქალაქის უფლების დაცვა პოლიციის ვალდებულებაა და იგი არ შეიძლება, ფასიანი იყოს. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here