Home რუბრიკები საზოგადოება ამომგდები ძალა «უნდათ, ვანდალი მეძახონ და უნდათ, სტენდალი _ მაინც ამოვთხრი!»

ამომგდები ძალა «უნდათ, ვანდალი მეძახონ და უნდათ, სტენდალი _ მაინც ამოვთხრი!»

1682


ერთხელ მეფე გიერონ მეორემ არქიმედეს უჩვეულო თხოვნით მიმართა. მან ოქრომჭედლებს სამეფო გვირგვინი დაუკვეთა და საჭირო ოქროც მისცა, მაგრამ მას ყურში ჩააწვეთეს, რომ ოქრომჭედლები ოქროს იპარავენ და დანაკლისს შენადნობში ვერცხლით ავსებენო. მეფემ არქიმედეს სთხოვა, გაერკვია სიმართლე და იმ დღიდან მეცნიერმა მოსვენება დაკარგა. სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ უნდა გაერკვია შენადნობში ოქროსა და ვერცხლის წილი. ჭამაც დაავიწყდა და სმაც, ის კი არა, აბანოშიც კი ავიწყდებოდა წასვლა. მეგობრებმა ძალით წაიყვანეს საზოგადოებრივ აბანოში და, როცა არქიმედე აბაზანაში ჩაწვა, გადმოღვრილმა წყალმა ამოახსნევინა ეს ამოცანა: იგი მიხვდა, რომ სითხეში ჩაძირული სხეულის მიერ გამოდევნილი წყლის მოცულობა მასში ჩაძირული სხეულის წონის ტოლია.

არქიმედემ შესძახა: «ევრიკა!» და შიშველი გაიქცა აბანოდან მეფესთან. მან იმავე წონის ოქრო ითხოვა, რა წონისაც ახლადდამზადებული გვირგვინი იყო. შემდეგ არქიმედემ ორი ჭურჭელი წყლით შეავსო და ერთში გვირგვინი ჩაძირა, მეორეში _ ოქრო. გადმოღვრილი წყლის მოცულობის შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გვირგვინი ოქროზე მძიმე იყო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ვერცხლის სიმკვრივე ოქროსაზე დაბალია. ასე დაამტკიცა არქიმედემ, რომ ოქრომჭედელმა ოქრო მოიპარა. ვინც არ იცის, ერთი ტონა ბამბა უფრო მძიმეა თუ ერთი ტონა რკინა, სტატიის კითხვას ნუღარ გააგრძელებს, მით უფრო, რომ იგი გაცილებით უფრო რთულ საკითხებს ეხება, ვიდრე არქიმედეს აწუხებდა.არქიმედეს აღმოჩენა, რომ სითხეში ჩაძირულ სხეულზე ამომგდები ძალა მოქმედებს, საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც მოქმედებს. ჯაბა იოსელიანი წყალში არა, მაგრამ დიდუბის პანთეონის მიწაშიც კი ამ ამომგდები ძალის ზემოქმედების ქვეშ არის. შობის წინა ღამეს, 6 იანვარს (დღე, როცა პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას დევნილობა დაიწყო) მის საფლავზე ნიჩაბი, სისხლიანი ფურცლები და 90-იანი წლების ფოტოები დატოვეს. მოგვიანებით მამაკაცმა, რომელმაც ინციდენტი საკუთარ თავზე აიღო, განაცხადა, რომ ჯაბა იოსელიანის მიმართ პირადი წყენა არ ჰქონია და ეს არ იყო პირადი ანგარიშსწორება. «უნდათ, ვანდალი მეძახონ და უნდათ, სტენდალი, ჯაბას მაინც ამოვთხრი,» _ განაცხადა მან.

ინტერვიუში მან ცოცხალ ჯაბა იოსელიანთან ზუგდიდში შეხვედრაც გაიხსენა და მის ნათესავებს რჩევაც მისცა: «ჯაბა იოსელიანი ქვეყნის ყველაზე დიდი მოღალატეა საქართველოს ისტორიაში, თანაც _ ყველაზე დიდი ცინიკოსი. მოღალატეებს კი სასტიკად უნდა გავუსწორდეთ _ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. რანაირად შეიძლება იძიო შური მკვდარზე? მხოლოდ იმით, რომ მისი ცხედარი ამოთხარო და ხალხს შეახსენო, რომ მისი ადგილი არც ერთ პანთეონში არ არის. ადგნენ ნათესავები, გადაიტანონ საგვარეულო სასაფლაოზე და ვინც იქ მივიდეს, ჩემდათავად… დარაჯადაც დავუდგები სრულიად უფასოდ…»

«მაინც ამოვთხრი» სულაც არ არის ამ ვინმე მერაბის მიგნება. ეს ფორმულა ნოდარ წულეისკირის ნაწარმოებმა წარმოშვა. მის მიხედვით გადაღებული «მონანიება» ამოთხრის ყველაზე ამაზრზენ ფორმულამდე დადის: ქეთევან ბარათელის დაწყებულ საქმეს თავად ვარლამ არავიძის შვილი ასრულებს და საკუთარ მამას საფლავიდან აგდებს.

არქიმედე ამ ამომგდებ ძალას არ გულისხმობდა, თუმცა აღმოჩენა თავისი გზით იწყებს სიარულს და აღმომჩენს აღარაფერს ეკითხება. რატომ ამუშავდა «ამომგდები ძალა» ამდენი წლის შემდეგ, უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი, რომ ჯაბა იოსელიანის ამოთხრის იდეის ავტორი და ინიციატორი, არც მეტი და არც ნაკლები, გაეროში საქართველოს ელჩის, განათლების ყოფილი მინისტრის, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, სოროსის ფონდის საქართველოს განყოფილების ყოფილი დირექტორის – კახა ლომაიას მამა იყო. ამ ინიციატივას კახა ლომაია კინაღამ შეეწირა _ ყოფილმა «მხედრიონელმა», აწ კი ჰალსტუხიანმა კულტურის მინისტრმა კინაღამ მოკლა და ურჩია, მამაშენი გააჩერეო!

ასე იყო თუ ისე, ბორის ლომაიას, ტერორისტული ორგანიზაციების ენაზე რომ ვთქვათ, «საკუთარ თავზე ეს ვანდალური აქტი არ აუღია», ხოლო ვინც «აიღო», ის ჯერ გერმანიაში გაემგზავრა და შემდეგ იქიდან აღიარა ჩადენილი. თუ საქმეს მსვლელობა მიეცა, არ არის გამორიცხული, ვანდალიზმის «საკუთარ თავზე ამღები» გერმანიიდან გამოადეპორტონ, რაც არქიმედეს ამომგდები ძალის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება.

1994 წელს ჯაბა იოსელიანს საქართველოს პარლამენტში უთქვამს: «თქვენ იკითხეთ, «პარაშასთან» რომ იჯდებით, თორემ მე «ფორთოჩკასთან» ადგილი გარანტირებული მაქვსო»! თუმცა დიდუბის პანთეონი არც კამერაა და, მით უფრო, არც «ფორთოჩკა». ჯაბას გული უგრძნობდა, რომ გუშინდელი მეგობარი მალე კამერაში შეაბრუნებდა და, ალბათ, ეს ტირადაც ამან ათქმევინა, მაგრამ იმას კი ნადვილად ვერ იფიქრებდა, რომ ის მეგობარი სიკვდილის შემდეგ პირდაპირ დიდუბის პანთეონში გაამწესებდა. ეს კი ის მეგობარია, რომელმაც დააზუსტა – ჯაბა კია ჩემი მეგობარი, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ მე ვარ მისი მეგობარიო!

«დაკარგული თაობა», განარკომანებული ბიჭები (იმ პერიოდში კიდევ ერთი ზედწოდება რომ მიიღეს – «საქართველოს სიყვარულში გაბოზებული ბიჭები»!), უამრავი დაღუპული და დასახიჩრებული _ ფიზიკურად და სულიერად, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რასაც დღემდე არ აპატიებს მას სამეგრელო. თავმოყვარე მეგრელი არასოდეს მოყვება იმას, რაც მაშინ დარჩელსა თუ წალენჯიხაში ხდებოდა. ყველაზე მსუბუქი და ენით სათქმელი ის არის, რომ ჰეროინის ერთი დოზისთვის ჭირისუფლის თვალწინ მიცვალებულისთვის კბილზე გადაკრული ოქრო ბრტყელტუჩათი ამოუღიათ!

ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ იცის გამოთქმა «ქვეყნის ამომგდები», თუმცა მას არქიმედეს ამომგდებ ძალასთან არაფერი აქვს საერთო. პირიქით: ქვეყნის ამომგდები არქიმედეს ან, ზოგადად, ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. იგი ქვეყანას ვერა, მაგრამ საკუთარ თავს უთუოდ ამოაგდებს ქვეყნისა და ერის ცოცხალი ცნობიერებიდან. აქედან კი ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ იმქვეყნიდანაც ამოგაგდონ.

დარჩელის გადაწვისა და შინაური საქონლის დახვრეტის ამორძალმა – «თეთრმა მაგნოლიამაც» «ფორთოჩკასთან» მოიხადა სასჯელი, ხოლო სახლკარდამწვარი დარჩელელები ციხიდან მის გამოსვლამდე ამაოდ ელოდნენ მთავრობის დახმარებას. ახლა ზუგდიდში «თეთრ მაგნოლიას» წითელი ვარდები ჩაენაცვლა და ცენტრალურ ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით უსწორდება დაუმორჩილებელი მეგრელების შინაურ საქონელს.

ყოფილი მხედრიონელი საქართველოს ახალი, რევოლუციური ჰიმნის ავტორად იქცა, მაგრამ სერგეი მიხალკოვის ცენზი ვერ შეიძინა და დროგამოშვებით სხვადასხვა ოპოზიციურ თავყრილობაზე «ატუსოვკებს».

საძმოების გადარჩენილი წევრები, ამომგდები ძალის წყალობით, ახლა სააკაშვილის ფრთებქვეშ შეყუჟულან და ნისკარტს ბოცო წიკლაურსა და ეკა ხერხეულიძეს უხახუნებენ. თავად ამომგდებ მეორე (იგივე შადრევან პირველი) კი რურუასა და ბოკერიას იდეოლოგიით განაგრძობს დარჩე(ნი)ლი საქართველოს ამოგდებას!

ბიძინა ივანიშვილის მომხრეებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ სამეგრელოში სააკაშვილს მომხრეები ჰყოლია. მათ წინაც ბევრი აღმოჩენა ელოდებათ, ოღონდ ერთს ვერ ითვალისწინებენ: მეგრელი ზრდილი და საზრიანია, იგი პირში არასოდეს გეტყვის იმას, რის გაგონებაც არ გსურს, ან რითაც დროზე ადრე გაგაფრთხილებს. ჯაბას საფლავის მთხრელი ასე იგონებს ზუგდიდში მასთან შეხვედრას:

«ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ გარდაცვლილს ვებრძვი. მას სიცოცხლეშიც ვებრძოდი, როგორც შემეძლო. ფიზიკურ ბრძოლასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას არ ვგულისხმობ: როცა ზუგდიდში ჩამოვიდა, ერთადერთი ვიყავი, ვინც პირში უთხრა სიმართლე. ეს გამგეობის წინ მოხდა 1993 წელს, როცა ზუგდიდში პირველი გამგებელი და კომენდანტი დანიშნეს. როცა გავიგე, რომ ზუგდიდში ჯაბა უნდა ჩამოსულიყო, ჩემი ნათესავის 5 წლის თამამი ბიჭი «შეგირდად ავიყვანე» და ერთი კვირის განმავლობაში ვავარჯიშებდი, როგორ უნდა დაეძახა «ჯაბა, ჯაბა!». ვივარაუდე, რომ, როცა გაიგონებდა ბავშვის ხმას, მოვიდოდა და ჩემთვის მთავარი ეს იყო. მართლაც, ჯაბას ჩამოსვლის დღე ზუგდიდში ყველამ გაიგო და ხალხი ბლომად შეიკრიბა გამგეობის შესასვლელთან. გაჩერდა ნივა, გადმოხტნენ ბიჭები, შემოარტყეს ჯაბას რკალი და მიდიან გამგეობის შესასვლელისკენ. ბიჭი კისერზე მყავდა შესმული და ვუთხარი, აბა, დაუძახე-მეთქი. ბავშვმა მაშინვე წკრიალა ხმით დასჭექა: «ჯაბა! ჯაბა!». ეს მეხის გავარდნასავით იყო _ ზუგდიდში ჯაბას სახელის სკანდირება. ხალხი აჩოჩქოლდა.

ჯაბამ მიიხედ-მოიხედა, ბავშვს თვალი მოჰკრა და მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა. ხალხიც შეგროვდა. ჯაბა რომ მოგვიახლოვდა, იღიმებოდა, მე კი ბავშვი უკვე მკერდზე მყავდა მიხუტებული. ახლოს რომ დავინახე, მზად ვიყავი, ყელში ვწვდომოდი, მაგრამ მაშინვე ჩამავლებდნენ და გადავიფიქრე. გაღიმებულმა იოსელიანმა თქვა: «ლაო, პატალა? როგორ ხარ?» და ლოყაზე ხელი მოუთათუნა, მაგრამ ბავშვმა ხელი აუკრა და მე ჩამეხუტა. «ბატონო ჯაბა, ბავშვმაც კი იცის, რომ თქვენ მკვლელი ხართ!» _ ვუთხარი ხმის კანკალით. ჯაბა თავდაპირველად გაშრა და სახეზე განრისხება გამოეხატა, მაგრამ იქვე უცხოელები იღებდნენ ამ ყველაფერს კამერით და მიხვდა, რომ სიტუაციის გამწვავებაზე ვერ წავიდოდა. მან გაიცინა და ხმამაღლა თქვა: «მკვლელი არა ვარ, ბიძია, ეს იარაღი სათამაშოა, ნუ გეშინია!» _ ნაძალადევი სიცილით თქვა მან და ბავშვს ზურგზე ხელი მოუთათუნა, მერე კი ისევ გამგეობის შესასვლელისკენ შეტრიალდა სიტყვებით: «წავედით, დაგვაგვიანდა». ამ ფაქტს ზუგდიდში უამრავი თვითმხილველი ჰყავდა… მერე ჩვენ იქედან გავიპარეთ, ხალხმა დაგვფარა და გაგვაცილა»…

არც ამ სტრიქონების ავტორია ვანდალი და არც ჯაბა იოსელიანი – სტენდალი, თუმცა ერთსაც და მეორესაც რაღაც საერთო ვანდალთანაც აქვთ და სტენდალთანაც. ყოველ შემთხვევაში, სტენდალის ფერები _ წითელი (უფრო სისხლისფერი), შავი და თეთრი საქართველოს უახლეს ისტორიას მაინც შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა სამფეროვანი ეროვნული დროშის ნაცვლად ჯვაროსნების დროშა გადააფარა ქვეყანას. მის ხელისუფლებაში დასამარხებიც და ამოსათხრელებიც ბლომად არიან. არქიმედეს კანონი კი მოქმედებს. ამიტომ, როცა მკვდრებს თხრიან, ცოცხლებს გეშინოდეთ!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. მინდოდა გავიგო რომ რატომ საქართველოში ჯაბას ეგრე ჰხედვენ?ეს მინდოდა გავიგო რომ ჯაბა ბატონი ზვიად გამსახურდიასთან როგორ ყოფილა?იმისთან ერთ გზაში ყოფილა თუ არა?ეს რომ საქართველოშო ჯაბას ერთ მოღალატედ ჰხედვენ?.ალბათ მე ქართველი ვარ მაგრამ საქართველოში არავცოცხლობ და ქართული ენა კარგად არვიცი ის არი რომ თქვენ კითხავყე.თ უ პასუხი მამცეთ მადლობელი ვიქნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here