Home რუბრიკები საზოგადოება ქართული განათლების პანაშვიდი

ქართული განათლების პანაშვიდი

867


განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის სამომავლო შედეგებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილი.

_ ქალბატონო მანანა, ამასწინათ დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის, «იუნისეფის» მიერ ჩატარებული კვლევით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სადაც თურმე განათლების ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

_ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და განათლების შესახებ კანონის თანახმად, რომელზეც ჩვენც ვართ მიერთებული, განათლების ხელმისაწვდომობა, უპირველესად, იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა მოსწავლის სახლთან საგანმანათლებლო დაწესებულება, ანუ საუბარია იმაზე, რომ ბავშვს ათეულობით და ოცეულობით კილომეტრის გავლა არ უნდა უწევდეს სკოლაში მისასვლელად, რაც თავისთავად გარკვეულ პრობლემებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული…

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ რეფორმების შედეგად უკვე ათასზე მეტი სკოლაა დახურული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს პროცესი ახლაც ინტენსიურად გრძელდება, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობაა. მეტიც, ზამთრის პერიოდში, როცა ცუდი ამინდებია და გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს, ბავშვები, ფაქტობრივად, ვეღარ დადიან სკოლაში, რის გამოც აკადემიური მოსწრების დონე თითქმის ნულის ტოლია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სამი ფუნდამენტური პრინციპიდან, რომელთა დაცვის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, ესენია: განათლების მიღების უფლება, თანაბარი უფლება და ხელმისაწვდომობა, სამივე დარღვეულია და რეალურად გვაქვს ისეთი ვითარება, რომ თაობები წერა-კითხვის უცოდინარებად იზრდებიან; ერი კვდება, უვიცი, უწიგნური ახალგაზრდობა მოდის ქვეყანაში. ასე რომ, განათლების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, ათას ორასამდე სკოლა დაიხურა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. ასეთი რამ არ ახსოვს არა მარტო საქართველოს, საერთოდ პედაგოგიკის ისტორიას…_ ანუ თქვენ არ ენდობით გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მონაცემებს, რომელთა თანახმადაც საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა მაღალია?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ან ეს კვლევა ხელისუფლების დაკვეთით ჩატარდა და ამათ მილიონები გადაიხადეს, რომ დადებულიყო ის შედეგი, რაც დაიდო, ან, უბრალოდ, გაეროს ბავშვთა ფონდს მიაწოდეს იმდენად მცდარი ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაცია შეცდომაში შეიყვანეს. სხვანაირად შეუძლებელია მსგავსი შედეგი მიეღოთ, ვინაიდან, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, მოსწავლეთა სულ ცოტა სამოცდაათ-სამოცდათხუთმეტ პროცენტს დღეს, ელემენტარულად, სახელმძღვანელოზეც არ მიუწვდება ხელი. არაფერს ვამბობ რვეულსა და სხვა სასწავლო ინვენტარზე, რომლებიც მას აუცილებლად სჭირდება იმისთვის, რომ ისწავლოს და სრულყოფილი განათლება მიიღოს…

_ ოპოზიცია მუდმივად მანიპულირებს იმით, რომ ხელისუფლება პედაგოგებზე ზეწოლას ახდენს, რომ მათ ელექტორატად იყენებს და ა.შ. რამდენად ხშირად მოგმართავენ თქვენ განათლების ლიგის მასწავლებლები მსგავსი ფაქტების გამო?

_ შეიძლება ვიღაცამ გადაჭარბებაში ჩამომართვას, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ეს ხელისუფლება პირდაპირ ჩაფრენილია განათლების სისტემაზე. მეტიც, დაწყებული ბაგა-ბაღიდან, დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლებითა და სამეცნიერო სექტორით, ყველგან თითოეულ აღსაზრდელზე, მოსწავლესა თუ მასწავლებელზე თითო აგენტი მოდის. მოკლედ, სავსეა მთელი ეს სისტემა ჯაშუშებითა და ხელისუფლების შპიონაჟით. აბა, სხვა რა უნდა დავარქვათ იმას, რომ დესანტივით გადასხა ხელისუფლებამ სკოლებში მანდატურები და, ფაქტობრივად, ყველაფრის უფლება მისცა ამ ადამიანებს. არადა, ყველამ კარგად ვიცით, რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში _ წერენ «დანოსებს», უთვალთვალებენ როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს და მიაქვთ ამბავი, ვინ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, ვინ ვის რას ეტყვის, ვინ რა თვალით უყურებს ამ ხელისუფლებას და ა. შ. აი, ეს არის მათი ძირითადი დანიშნულება და ამისთვის შეგზავნა ხელისუფლებამ ეს ხალხი სასწავლებლებში. სხვა მიზანი ამ ინსტიტუტის შემოღებას, რასაც მანდატური ჰქვია, პრაქტიკულად არ აქვს, რადგან არანაირი აუცილებლობა ამისა ქვეყანაში არ არსებობდა და არც დღეს არსებობს.

…რაც შეეხება პედაგოგების ელექტორატად გამოყენებას, ამ ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად დღეს, ფაქტობრივად, სასკოლო სისტემა საარჩევნო მანქანად გადაიქცა, საარჩევნო კომისიები თითქმის მთლიანად განათლების სისტემისგან კომპლექტდება. რაც შეეხება პედაგოგებზე ზეწოლას, მიმდინარეობს მასწავლებლების გამალებული დევნა პოლიტიკური ნიშნით.

ერთი შეხედვით, ფართო საზოგადოებისთვის ეს შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არის პროცესი, რომელიც დღითიდღე სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს, სულ უფრო პრობლემური ხდება და მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ, განათლების ლიგის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ პედაგოგს, თითოეულ მასწავლებელს, რომლის მიმართაც თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონდა რამე ზეწოლას ადგილი, არ გაჩუმდეს და საჯაროდ ისაუბროს ამ ყველაფერზე.

მხოლოდ ასე და ამ ფორმით მიგვაჩნია ჩვენ ბრძოლა შესაძლებლად და ამაში ვხედავთ გამოსავალს, თორემ რეჟიმის თავისებურება ხომ იცით? _ თავი თუ დაუხარე, ჩათვალე, რომ გადაგთელავს…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, ის შედეგი, რაც ამ რეფორმებს მოჰყვა, გაუცნობიერებული პოლიტიკის შედეგია თუ მიზანმიმართულად კეთდება ყველაფერი?

_ ამასთან დაკავშირებით თავის დროზე საკმაოდ ვრცელი ანალიზი გავაკეთე და პირდაპირ განვაცხადე, რომ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ქართველი ერის სასიცოცხლო უფლებების წინააღმდეგაა მიმართული.

ამ რეფორმის მთავარი დამახასიათებელი ტენდენცია ისაა, რომ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მაქსიმალურად დახურულია, ანუ ხალხს, ფაქტობრივად, ხელი აღარ მიუწვდება სისტემის შიდასამზარეულოზე და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, თუ რა რეფორმები განხორციელდა ამ სისტემაში, როცა ეს რეფორმები რეალურად უკვე ჩავლილია და შედეგიც სახეზეა. არადა, ეს შედეგი, მოგეხსენებათ, უმეტეს შემთხვევაში, იმდენად უარყოფითია, რომ, რბილად თუ ვიტყვით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

გარდა ამისა, თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, იქნება ეს სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი, მართავს «ნაცმოძრაობა», ყველა ჩატარებულ კონკურსზე შეინიშნება პარტიული ზეწოლა და ადამიანებიც თანამდებობებზე ინიშნებიან სწორედ პარტიული ნიშნით. მოკლედ, დიქტატი ამ სისტემაში იმდენად მძლავრი და გამოკვეთილია, რომ, ალბათ, ეს რეჟიმი არც ერთ სხვა მიმართულებით ასეთი მძლავრი არაა, ამიტომ, რასაც თქვენ მეკითხებით _ უვიცობის ბრალია ეს ყველაფერი თუ მიზანმიმართულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე _ მაგაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: არავითარი უვიცობა აქ არაფერ შუაშია, ეს არის კარგად გათვლილი, გაწერილი და აწონილ-დაწონილი გეგმა, რომლის მიზანია ქართული განათლების დანგრევა. დიდწილად, ეს უკვე განხორციელებულია და ახლა, როგორც ჩანს, შაშკინს ისღა დარჩენია, რომ საბოლოოდ დაასამაროს ეს სისტემა. ამისთვის ირჯება ეს ადამიანი და, თუ ასე, ამ ტენდენციით გაგრძელდება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, მათი საბოლოო მიზანიც ისევე იქნება მიღწეული და ხორცშესხმული, როგორც დანარჩენ სხვა შემთხვევებში მიაღწია ამ ხელისუფლებამ დასახულ მიზანს.

_ მოკლედ რომ შევაფასოთ, თქვენი აზრით, რა იყო განათლების რეფორმის კრახის ძირითადი მიზეზები?

_ ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, ეს რეფორმა თავიდან ბოლომდე იყო არასწორად დაგეგმილი და იმთავითვე ჩანდა, რომ არანაირი დადებითი შედეგი მას ქვეყნისთვის არ ექნებოდა. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისას, ე.წ. რეფორმატორებმა არასწორად განსაზღვრეს სწავლისა და სწავლების ძირითადი ამოცანები, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების საფუძვლები, საგნობრივი სტანდარტები, პროგრამები და სახელმძღვანელოები. ასევე არასწორად დაიგეგმა სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდიკის ძირითადი მიმართულებები, სავალდებულო თუ არჩევითი საგნები და მათი სწავლების საკითხი საფეხურების მიხედვით.

ამასთან, მოსწავლეთა შეფასების სისტემა არის ყოვლად გაუმჭვირვალე, არ იძლევა არანაირი ობიექტური შეფასების საშუალებას და გარდა იმისა, რომ უხეშად არღვევს მოსწავლის უფლებებს, აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სტანდარტებთან, რომელთაც საერთაშორისო და ევროსტანდარტები ჰქვია. მოკლედ, როგორც გითხარით, მთელი ეს ე.წ. რეფორმების ტალღები იქნა იმდენად არასწორად, არაადეკვატურად და, მე ვიტყოდი, რაღაც მახინჯი ფორმით დაგეგმილი, რომ, როცა შეცდომებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია კრახის ძირითად მიზეზად ერთი რომელიმე ეტაპი დავასახელოთ. თვითონ რეფორმა იყო კრახი ჯერ კიდევ იდეის, ჩანაფიქრის დონეზე. ასე რომ, ვინც უნდა ყოფილიყო ამ რეფორმის სათავეში, შედეგი მაინც იქნებოდა ის, რაც უკვე მივიღეთ, _ დანგრეული განათლების სისტემა, დახურული სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები თუ აკადემიები, რომელთა დახურვაც და მოსპობაც ამ ხელისუფლებამ, სხვათა შორის, ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო…

_ დასაწყისში თქვენ თქვით, რომ მთელი ეს რეფორმები მიზანმიმართულად ხორციელდება, რათა განათლების სისტემა დაინგრეს. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი, თუ რეფორმები თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა?

_ სამწუხაროდ, ეს რეფორმა უკვე მისულია თავის ლოგიკურ დასასრულამდე, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს მის სავალალო შედეგებს. არადა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე აფრიკის ქვეყნების დონეზე ვართ განათლების მიხედვით და მეტიც, წინა წლებში ჩატარებული ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქართველო მუდმივად მეორე ან მესამე ადგილზეა ბოლოდან, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხიც და ხელმისაწვდომობაც აქ უკვე კატასტროფულად დაბალია.

რა შეიძლება მოხდეს ამაზე უარესი, ვერ წარმომიდგენია, თუმცა ერთი რამ ფაქტია: ის მიზანმიმართული ნგრევა და სულიერების მოსპობა, რომელიც გაშმაგებით დაიწყო ამ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე, გრძელდება და, როგორც ჩანს, სანამ ქვეყანაში კიდევ რამე დარჩა დასანგრევი, სანამ მთლიანად ამ სისტემას საფლავს არ გაუთხრიან და სამუდამოდ არ დაასამარებენ, ეს დამანგრეველი პროცესი გაგრძელდება.

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. es aucilebelia mati nashierebisatvis, kveyanashi ara konkurentunariani garemo roca didi archevani ara gakvs, vis chaabaro sapasuxismgeblo sakme. klasebad yofen xelovnurad, ganatlebis didi gadasaxadic amas emsaxureba. tviton nebismier diploms yiduloben, da sulac ar adardebt rom saganze mxolod yurmokruli ganatleba akvt…

  2. es aucilebelia mati nashierebisatvis, kveyanashi ara konkurentunariani garemo roca didi archevani ara gakvs, vis chaabaro sapasuxismgeblo sakme. klasebad yofen xelovnurad, ganatlebis didi gadasaxadic amas emsaxureba. tviton nebismier diploms yiduloben, da sulac ar adardebt rom saganze mxolod yurmokruli ganatleba akvt…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here