Home რუბრიკები საზოგადოება ერეკლე საღლიანი: სვანეთი დღეს არის თავლაფდასხმული და ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხყოფილი კუთხე საქართველოში

ერეკლე საღლიანი: სვანეთი დღეს არის თავლაფდასხმული და ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხყოფილი კუთხე საქართველოში

1310


ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოეტი ერეკლე საღლიანი.

_ ბატონო ერეკლე, სახელისუფლო პროპაგანდა უკვე იმხელა მასშტაბებს აღწევს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ რეჟიმის ქვეშ ყოფნა არა თუ 2013 წლამდე, კიდევ რამდენიმე ათეული წელი მოგვიწევს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს: გაქვთ თუ არა იმედი, რომ 2012 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება?

_ ზოგადად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, რა მოვლენებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს უფრო საკაცობრიო პრობლემაა. საკაცობრიოა იმდენად, რამდენადაც დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკას წარმართავს არა ზნეობრივი წეს-კანონები, არამედ ის, რაც უკვე ემყარება ყოველგვარი ხერხის გამოყენებას, ანუ, მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი გამოთქმა: «მიზანი ამართლებს საშუალებებს» და სწორედ ამ გზას მიჰყვებიან პოლიტიკოსები, მათთვის ყოველგვარი მიზანი ამართლებს საშუალებას, უბედურება კი ისაა, რომ ეს მიზანიც არ არის კეთილშობილური.

რაც შეეხება სახელისუფლო პროპაგანდას, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე სცილდება ყოველგვარ ზღვარს და დღითიდღე სულ უფრო აუტანელი ხდება, მაგრამ ამ ყველაფერსაც თავისი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი მარტო ხელისუფლებაში არ უნდა ვეძებოთ. მე მიმაჩნია, რომ მიზეზი, უწინარესად, ჩვენშია, ვინაიდან ის განწყობა, ხასიათი და მიდგომა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, თავისთავად ნიადაგს ამზადებს ავტორიტარული რეჟიმისთვის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მთავარი ის კი არ არის, სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი თუ ვინმე სხვა ადამიანი, მთავარია, თავბრუ არ დაგახვიოს ხელისუფლებამ და ხალხი არ იყოს მის მიერ მართული. აი, ამისთვის უნდა იბრძოდეს, უპირველესად, ღირსეული საზოგადოება და ეს უნდა იყოს ხალხის მთავარი მიზანი, თორემ, ქედი თუ მოიხარე, ჩათვალე, რომ უღელი უკვე მზად არის დასადგმელად!.._ ე. ი. თქვენ ფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ხალხშია, ვიდრე ხელისუფლებაში?

_ რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლებაშია პრობლემა, ესეც ხალხის პრობლემაა, ვინაიდან, ნუ დაგვავიწყდება, რომ, თავის მხრივ, ხელისუფლებაც სწორედ ხალხიდან მოდის… დღეს ერთი რამ, მე მგონი, ყველასთვის ცხადია: ამ გზას, რომელსაც ახლა ვადგავართ, ცვლილებებისკენ არ მივყავართ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ, საზოგადოება უნდა შევიცვალოთ. როგორ და რანაირად _ ამაზე უკვე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რათა ცვლილება იყოს საფუძვლიანი და, რაც მთავარია, საზოგადოების მიერ სწორად გაცნობიერებული…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დღევანდელი მოცემულობის პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა?

_ მოდით, ასე შევხედოთ საკითხს: აქვს თუ არა ჩვენში სააკაშვილის რეჟიმს საფუძველი? ვართ თუ არა ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილი? მე მარტო ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, სისტემა მაქვს, უწინარესად, მხედველობაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ჩვენი ცნობიერებითაც საბჭოთა რეჟიმის ტყვეობაში ვცხოვრობთ, ამიტომაცაა, ყოველგვარმა «იზმმა» ასე კარგად იხარა ჩვენს სინამდვილეში… სანამ ამ სენისგან არ გავთავისუფლდებით, ცვლილება ვერ მოხდება და, თუ მოხდება, დამერწმუნეთ, ეს არ იქნება ის ცვლილება, რომელიც ქვეყანას სჭირდება, პირიქით, ასეთი ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს უკან გადადგამული ნაბიჯი, რომელიც, ცხადია, ბევრად უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება სახელმწიფოსთვის.

_ საზოგადოების შეცვლა ახსენეთ და დღესდღეობით რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. იქ, ფაქტობრივად, მოსახლეობა სრულიად მოწყვეტილია მიმდინარე პროცესებს. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, საზოგადოება სწორად აცნობიერებდეს იმას, რაც ქვეყანაში რეალურად ხდება?

_ ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ინფორმაციის არარსებობას, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რომლითაც ვიღაც ვიღაცეებმა გამართლება მოუძებნეს თავიანთ სისუსტეს და დაუდევრობას. მე პირადად წინა პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოვშორდი მაშინ, როცა დავინახე, რომ რეგიონები მთლიანად მიუგდეს ხელისუფლებას; არ ვიცი, მიზანმიმართულად თუ უნებლიედ, მაგრამ ამას ხელს უწყობდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, ვინაიდან არც არჩევნების დროს და არც შემდეგ მათი უმეტესობა პრაქტიკულად თბილისის ფარგლებს არ გასცდენია. შედეგიც, ბუნებრივია, სახეზეა _ სამწუხაროდ, დღეს რეგიონების უმრავლესობას ხელისუფლება აკონტროლებს და გასაკვირი ამაში არაფერია…

_ ალბათ, დამეთანხმებით, რომ სვანეთი ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, რომელიც ხელისუფლებას პირდაპირ კლანჭებში ჰყავს მოქცეული, თუმცა ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, იქ ვინმეს რამე გაეპროტესტებინოს ან უკმაყოფილება გამოეთქვას. რით ახსნით ასეთ მდუმარებას ქვეყნის იმ კუთხეში, რომლის გაჩუმებაც თავის დროზე თვით მეფის რუსეთმაც, მოგვიანებით კი კომუნისტურმა სისტემამაც ვერ შეძლეს?

_ მართალი ხართ, მიუხედავად ხელისუფლების აღვირახსნილობისა, დღემდე არანაირი პროტესტი სვანეთში არ დაგვინახავს და ვერც დავინახავთ, იმიტომ, რომ სვანეთის მოსახლეობა დღეს, ფაქტობრივად, დაშლილია… ჩადით მესტიაში და ნახეთ, იქ რა ხდება, ვერც იცნობთ, ისეა დამახინჯებული: ცენტრში, რომელიც იყო სალოცავი ადგილი და სალოცავად მისულ ხალხის თავშესაყარი, ვიღაც ტვინნაღრძობმა ადამიანმა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, ტურისტებს ველოდებითო, იმას კი არ ფიქრობენ, ისტორული სიძველის ფონზე თანამედროვეობის სიმახინჯეს რომ აღმართავ, ტურისტს კი არა, ადგილობრივს შეიძლება შესძულდეს იქაურობა.

სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინათ გერმანელი კაცი იყო იქ ჩასული და რომ ჩამოვიდა, თავის თბილისელ მეგობრებს უთხრა, წადით, ნახეთ სვანეთი, სანამ დაუმახინჯებიათო. აი, ასეთ მდგომარეობაშია დღეს ეს კუთხე და ამ ყველაფრის ფონზე, მე მგონი, არ უნდა გვიკვირდეს, თუ იქაურ მოსახლეობას, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოს, პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატვის ძალა აღარ შესწევს. საუბედუროდ, ხელისუფლების პოლიტიკამ დიდი ხანია, ეს ძალა საბოლოოდ გამოაცალა სრულიად საქართველოს და, ბუნებრივია, მათ შორის სვანეთსაც. ამ ხელისუფლებას გააჩნია ხალხის დათრგუნვის დიდი უნარი და იყენებს კიდევაც.

_ ისე, საინტერესოა, მოსახლეობაში რამდენად არის პროტესტი და როგორ უყურებს დღეს სვანეთი ამ ხელისუფლების მოქმედებებს…

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სვანეთი დღეს არის თავლაფდასხმული და ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხყოფილი კუთხე საქართველოში, მაგრამ, საუბედუროდ, საზოგადოება იმდენად სუსტია, იმდენად დაუძლურებული და ხელჩაქნეულია ხალხი, რომ პროტესტის თავი არავის არაქვს. ეს ძალიან კარგად იცის, თავის მხრივ, ხელისუფლებამაც და ამიტომ ბედავს დღეს ისეთ რაღაცებს, რაც, თქვენი თქმისა არ იყოს, თავის დროზე კომუნისტებს არ გაუკეთებიათ; მხოლოდ ერთია, რაც უნდა თავის ნებაზე იყოს ხელისუფლება მიშვებული, სანამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? ადრე თუ გვიან ხომ ყველაფერი მთავრდება?! დარწმუნებული ვარ, როცა იქნება, ეს რეჟიმი ძალიან სამარცხვინოდ დაასრულებს თავის არსებობას და, სიმართლე გითხრათ, იმისიც მეშინია, ეს ყველაფერი ისეთი ფორმით არ მოხდეს, რომ საბოლოოდ ყველაზე მეტად ჩვენ აღმოვჩნდეთ დაზარალებული _ ქართველი ხალხი…

_ მაინც როგორ წარმოგიდგენიათ ამ რეჟიმის დასასრული _ არჩევნების გზით?

_ ზოგადად ისეთ ავტორიტარულ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, არჩევნებს ყოველთვის იგებს ის, ვინც ატარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი უნდა ვიჯდეთ, პირიქით, ასეთ დროს საზოგადოება ათმაგად აქტიური გახდეს, რათა ხელისუფლება მუდმივად განიცდიდეს წნეხს, რაც მას საშუალებას არ მისცემს, ჩაიდინოს უკანონობა.

დღესდღეობით ეს რეჟიმი არა თუ არანაირ წნეხს არ განიცდის, არამედ იმდენად თავისნებაზეა მიშვებული, რომ, შეიძლება ითქვას, მას უკვე მობეზრდა კიდეც ასეთი უსაზღვრო თავისუფლება. გახსოვთ, ალბათ, ერთხელ წამოსცდა სააკაშვილს, ოპოზიციაში რომ ვიყო, ხელისუფლებას ოცდაოთხ საათში დავამხობდიო და ამით მან პრაქტიკულად დასცინა იმ ფსევდოოპოზიციას, რომელიც ვერანაირ ამინდს ვერ ქმნის პოლიტიკაში.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, უწინარესად, სწორედ ასეთი ფსევდოძალების ეპოქა უნდა დასრულდეს ჩვენს სინამდვილეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს გავცდებით კამათს: ვინ ჭეშმარიტი ძალაა და ვინ _ არაჭეშმარიტი. სარგებელს კი რეალურად ვერავინ ნახავს ამ ვითარებიდან, გარდა ხელისუფლებისა, რომლისთვისაც ნებისმიერი დაბნეულობა და გაურკვევლობა საზოგადოებაში ნიშნავს იმას, რომ მმართველი ძალა ძალაუფლებას უფრო და უფრო მეტი ხნით ინარჩუნებს…

რაც შეეხება თავისუფლებას, ის არ უნდა აგვერიოს აღვირახსნილობაში. ვაჟა-ფშაველა ნატრობდა, რომ უფალს მისთვის მიეცა ნიჭი მოყვასის თანაგრძნობისა და თანალმობისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო ის თავისუფალი. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მოკლებულია ამგვარ თავისუფლებას. დღეს მსოფლიოში კვლავ მიდის ბრძოლა გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. საქართველო, თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო უკვე მოექცა ძალმომრე ქვეყნების ინტერესების სფეროში. არსებობის შენარჩუნების მიზნით საჭიროა არა უმისამართო, არამედ გონებასთან შეწონილი პოლიტიკა. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: ადამიანს ბევრი რამ მიეტევება, მაგრამ არა უსასრულოდ!

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here