Home რუბრიკები საზოგადოება «არავითარი სარეკლამო თანხა, გარდა 2500 ლარისა, ბიძინა ივანიშვილს ჩვენთვის არ გადმოურიცხავს»

«არავითარი სარეკლამო თანხა, გარდა 2500 ლარისა, ბიძინა ივანიშვილს ჩვენთვის არ გადმოურიცხავს»

801


«ალია ჰოლდინგის» წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარი არასამთავრობო ორგანიზაცია «სუფთა პოლიტიკის» წარმომადგენელ ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახმიანებული ფიასკოთი დამთავრდა. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ივანიშვილისა და «ალიას» ფინანსური კავშირები არ დასტურდება. ამ დღეებში «ალია ჰოლდინგის» წარმომადგენლები სახელისუფლო ტელევიზიებისა და ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. «ალია ჰოლდინგის» პასუხისმგებელი რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე ამ ბინძურ კამპანიას ხელისუფლების დაკვეთას უწოდებს. მისი თქმით, «მაესტროს» შემდეგ ხელისუფლებამ «ალიას» შეუტია და თავისუფალი მედიის დისკრედიტაცია სურს, რაც ხელისუფლებას, მისი აზრით, არ გამოუვა.

_ ბატონო დიმიტრი, «ალიას» წინააღმდეგ კომპრომატები «ალიადან» ერთი ჟურნალისტის წასვლის შემდეგ დაიწყო. რამდენად სამართლიანი იყო მისი პრეტენზიები და რა ხდება დღეს «ალიაში»?

_ დავიწყოთ იმით, რომ «ალიას» წინააღმდეგ ბრძოლა განცალკევებულად არ უნდა განვიხილოთ; ეს არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა, მაგრამ ცდილობენ, ისეთი წარმოდგენა შექმნან, რომ ეს ვითომ «ალიას» შიგნით შიდა დაპირისპირებაა. ეს არ არის სიმართლე, «ალია» მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა, ისიც იმ შენიშვნების გამო, რაც მას არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო მივეცით. სტატია მართლაც არ დაიბეჭდა იმიტომ, რომ ის იყო არაკვალიფიციურად შესრულებული. სეხნიაშვილის წასვლა არ ნიშნავს, რომ «ალიას» წამყვანი ჟურნალისტები ტოვებენ.

_ ამბობდნენ, რომ სხვა ჟურნალისტებიც წავიდნენ…

_ არავინ წასულა. ერთი ჟურნალისტის წასვლას «მიაბეს» სხვების წასვლის ჭორი _ დარეჯან მეფარიშვილის, დიტო ჩუბინიძისა და მათ შორის _ ჩემი. ამით უნდათ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს «ალიაში» რაღაც ხდება. ამ დროს კი, უბრალოდ, ერთი ჟურნალისტი წავიდა სამსახურიდან, რაც ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ამბობენ, რომ «ალიაში» არის შიდა დაპირისპირება და სასწაული ამბები ხდება._ მთავარი ბრალდება «ალიას» მიმართ იყო ის, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს მას. ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია «სუფთა პოლიტიკის» ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობდა, რასაც კარგად ახმიანებდნენ სახელისუფლო ტელევიზიებიც.

_ ეჭვი «ალიას» ივანიშვილთან ფინანსურ კავშირზე ზურაბ ჯაფარიძემ გამოთქვა და ამას მოჰყვა «იმედის», «რუსთავი 2»-ისა და პირველი არხის ინტერპრეტაციები. თუმცა ჯაფარიძის ეჭვები არ გამართლდა მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატის მონაცემები გამოქვეყნდა, მაგრამ იმის გამო, რომ ცილი დაგვწამეს, «ალიასთვის» ბოდიში არავის მოუხდია.

_ თუ იბეჭდებოდა «ალიაში» სარეკლამო მასალები, თუნდაც ივანიშვილის შეკვეთით?

_ ჩვენს გაზეთში გავიდა ერთადერთი რეკლამა, რომელიც მოიტანა ირაკლი ტრიპოლსკიმ. ეს იყო პრესკონფერენციის ანონსი, რომელიც გამოქვეყნდა «ქრონიკის» ნომერში და ის იყო 2500 ლარის ღირებულების. მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა «ქართული ოცნების» პრეზენტაციის რეკლამა, საახალწლო და საშობაო მილოცვა სხვადასხვა მედიასაშუალებაში განათავსა, რომლებთანაც სარეკლამო ურთიერთობაც კი არ ჰქონია.

«ალიაში» რეკლამები ყოველთვის დაიბეჭდება. ჩვენთვის სულერთია, ივანიშვილი მოიტანს რეკლამას, სააკაშვილი თუ ედპ. ჩვენ ყველა პარტიის რეკლამას დავბეჭდავთ. ეს კანონმდებლობით აკრძალული არ არის, ნებისმიერ რეკლამას განვათავსებთ, არც გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ნარკოტიკების რეკლამის განთავსებაზე უარს ვიტყვით, არც სიგარეტის რეკლამას დავბეჭდავთ პირველ გვერდზე, რადგან აკრძალულია.

დღესაც რომ მოიტანოს ივანიშვილმა «ალიაში» რეკლამა, უფლება არ გვაქვს, უარი ვუთხრათ. რეკლამის განთავსება დანაშაული არ არის არც ერთ მედიასაშუალებაში.

_ მაშ, რატომ მოჰყვა ამდენი აურზაური თქვენთან დაბეჭდილ რეკლამას?

_ ეს სახელისუფლო ტელევიზიების მიერ აგორებული შავი პიარი იყო, მათ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. არადა, საგადასახადო სამსახურს აქვს ყველა დოკუმენტაცია «ალიას» შემოსავლების თაობაზე. საბანკო ანგარიშს ხელისუფლება აკონტროლებს. თუკი საუბარი შავ ფულზეა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია; რომ ჰქონოდა, დღეს ამ ინტერვიუსაც ვერ მოგცემდით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ გეტყვით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ჰოლდინგთან სარეკლამო ხელშეკრულებაც კი არ გაუფორმებია. არავითარი სარეკლამო თანხა, გარდა 2500 ლარისა, ბიძინა ივანიშვილს ჩვენთვის არ გადმოურიცხავს.

მიუხედავად ამისა, «სუფთა პოლიტიკის» ლიდერს გაუჩნდა ეჭვი, რომ «ალიამ» შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის მიმართ განწყობა _ მოუკლო მის კრიტიკას.

_ თუმცა ეს ეჭვი ტელევიზიებმა სულ სხვა კონტექსტში გააჟღერეს…

_ გააჟღერეს ცოტა რბილად არის ნათქვამი. ტელევიზიებმა: «რუსთავი 2»-მა, პირველმა არხმა და «იმედმა» «ალია ჰოლდინგი» ბიძინა ივანიშვილთან ფინანსურ კავშირში დაგვადანაშაულეს. ჩვენი ერთადერთი არგუმენტი ტრიპოლსკის მიერ «ალიაში» განთავსებული რეკლამის გადარიცხვის ფურცელია, რომელიც გამოვაქვეყნეთ კიდეც. სახელისუფლო ტელევიზიებმა ამის შესახებ კი განაცხადეს, რომ «ალიამ» აღიარა ფინანსური კავშირი ივანიშვილთანო.

თურმე 2500 ლარის სანაცვლოდ ჩვენ მოვუკელით ივანიშვილის კრიტიკას და გადავედით მის ქებაზე. აღმოჩნდა, რომ თურმე «სუფთა პოლიტიკის» ლიდერი არ კითხულობს, არც «ალიას» და არც «ქრონიკას». ზურაბ ჯაფარიძემ ეს შეფასებები გააკეთა ჩვენი ყოფილი ჟურნალისტის _ ეკა სეხნიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჯაფარიძეს არც ჩვენი გაზეთების პირველი გვერდებისა და სათაურებისთვის გადაუხედავს. აქედან გამომდინარე, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ჩვენი ჰოლდინგის მიმართ. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში «ალია» არ არის დაფიქსირებული, სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით. კიდევ ვიმეორებ, რომ, თუ პოლიტიკოსები, თუნდაც «ნაციონალები», ფულს ხარჯავენ სატელევიზიო თუ საგაზეთო რეკლამებში, ამაში ცუდი არაფერია.

როცა დამოუკიდებელ მედიაში ფინანსები შედის, ეს არის ნებისმიერი მედიის გაძლიერება _ «მაესტრო» იქნება ეს თუ «კავკასია». რეკლამა არის მედიასაშუალებების, გაზეთების არსებობის ერთ-ერთი წყარო, ხოლო ტელევიზიებისთვის _ ერთადერთი.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიებისა და ჯაფარიძის ეჭვი არ დადასტურდა, მათ მაინც არ წაიღეს უკან თავიანთი ნათქვამი.

_ «ალიას» წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგ ხომ არ დაწყებულა, რაც «ალიაში» ერთი ქალბატონის წერილი დაიბეჭდა, რომელიც პრეზიდენტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა?

_ «ალიაში» დაიბეჭდა სტატია, სადაც კონკრეტული ქალბატონი პრეზიდენტ სააკაშვილს სექსუალურ ძალადობაში ამხელდა. სტატია გამოქვეყნდა ხუთშაბათის ნომერში და იმავე დღეს გაიმართა არსამთავრობო ორგანიზაცია «სუფთა პოლიტიკის» ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის პრესკონფერენცია და «ალია» ივანიშვილთან ფინანსურ კავშირში დაადანაშაულა. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ყოფილი ჟურნალისტის _ ეკა სეხნიაშვილის განცხადება, რომ «ალია» სტატიას არ უბეჭდავდა, რომელშიც ივანიშვილს აკრიტიკებდა. გადახედეთ ჩვენს გაზეთს და მიხვდებით, რომ არიან რესპონდენტები, რომლებიც ივანიშვილში მხსნელს ხედავენ, და არიან რესპონდენტები, რომლებიც ივანიშვილზე ცუდს ლაპარაკობენ და მის პოლიტიკას არასწორად მიიჩნევენ. ორივე მიმართულების სტატიებს ვბეჭდავთ, რათა დაცული იქნას ობიექტურობა. ეკა სეხნიაშვილმა მოიტანა სტატია, რომელიც იყო არაკვალიფიციური და თანაც უკვე გამოქვეყნებული, ის მოითხოვდა, კვლავ დაგვებეჭდა.

ფაქტია, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა სტატიის დაბეჭდვას და ჩვენი არგუმენტირებული უარის შემდეგ, როდესაც მას კონკრეტული შენიშვნები მივეცით, განაწყენდა და წავიდა. ალბათ, არც ჩემი და არც თქვენი ყველა სტატია არ დაბეჭდილა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. რედაქტორს თავისი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი სტატია მკითხველზეა ორიენტირებული და ის საინტერესო უნდა იყოს. როდესაც ჟურნალისტს აძლევ სტატიაზე შენიშვნას, ეს რატომ უნდა განიხილებოდეს რეპრესიად? ბევრი ჩემი მასალაც არ დაბეჭდილა, როცა ჟურნალისტად ვმუშაობდი. სეხნიაშვილი იმიტომ განაწყენდა, რომ მას ბანკმა «ქართუმ» ძველი ვალის დაბრუნება მოსთხოვა. სანამ სეხნიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მანამდე ეს ვალი გაყინული იყო.

მას შემდეგ, რაც სეხნიაშვილსა და ივანიშვილის ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბა, მოსთხოვეს ამ ვალის გადახდა. ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ამბავს: გასაგებია, რომ ბანკი «ქართუ» ბიძინა ივანიშვილისაა, მაგრამ არ მესმის, სეხნიაშვილის სტატია რატომ უნდა განვიხილოთ ივანიშვილის კომპრომატად?

სხვათა შორის, პირადად მე სახელისუფლო კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკიდან მქონდა აღებული ვალი, შემექმნა პრობლემები გადახდის თვალსაზრისით, ამის შემდეგ დამაკისრეს ჯარიმები, საურავები და საბოლოო ჯამში ორჯერ მეტი გადავიხადე. ახლა გამოვიდე და ვთქვა, რომ მე, «ალიას» რედაქტორს, დიმიტრი ტიკარაძეს ხელისუფლება მებრძვის და ბანკიდან გამოტანილი ვალის გამო დამაკისრა ჯარიმები-თქო? ეს იყო ხელისუფლების მიერ მიზანმიმართული კამპანია-თქო? რამდენად სერიოზული განცხადება იქნება ეს ჩემი მხრიდან?

ანალოგიური სიტუაციაა ამ შემთხვევაში სეხნიაშვილთან დაკავშირებით _ მისი მომზადებული სტატია პრესაში უკვე დაბეჭდილი იყო, «რეალ-ტი-ვი»-მაც გააშუქა და ჩვენ ვიქნებოდით მესამე, ვინც ამას გამოაქვეყნებდა.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ «რეალ-ტი-ვი»-ს სასამართლოში უნდა უჩივლოთ. რა მიზეზით?

_ «რეალ-ტი-ვი»-ს წინააღმდეგ უკვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, რადგანაც «ალია» შეკვეთილი სტატიების დაბეჭდვაში დაადანაშაულა. ასევე ჩვენ ვამზადებთ სარჩელს «რუსთავი 2»-ის, პირველი არხისა და «იმედის» წინააღმდეგ «ალიას» მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გამო. ზურაბ ჯაფარიძე უარყოფს, რომ ეთქვას, _ «ალიას» ბიძინა ივანიშვილი აფინანსებსო. მისი თქმით, ის მხოლოდ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას მოითხოვდა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ტელევიზიებმა მისი ნათქვამის ინტერპრეტირება მოახდინეს. ტელევიზიები კი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ «ალიას» ივანიშვილი აფინანსებსო. მას შემდეგ, რაც გამოვაქვეყნეთ ტრიპოლსკის მიერ 2500 ლარის სარეკლამო თანხის გადარიცხვის ფურცელი, ტელევიზიებმა ასეთი კომენტარი მოაყოლეს ამას, რომ «ალიამ» აღიარა ფინანსური კავშირები ბიძინა ივანიშვილთანო. ტელევიზიებმა მიზანმიმართულად და არაობიექტურად დაგვადანაშაულეს ივანიშვილთან ფინანსურ კავშირში.

ამიტომ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, სამივე არხის წინააღმდეგ შევიტანთ სარჩელს. «რეალ-ტი-ვი»-ს წინააღმდეგ უკვე შევიტანეთ.

_ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შეიტანთ სარჩელს?

_ აუცილებლად, თუ ჯაფარიძე უარყოფს იმას, რაც თქვა, და აცხადებს, რომ ტელევიზიებმა მისი ნათქვამის ინტერპრეტირება მოახდინეს, და ამას დაამტკიცებს, მაშინ ტელევიზიები აგებენ პასუხს.

_ დღევანდელი სასამართლოს იმედი გაქვთ?

_ რა თქმა უნდა, _ არა, მაგრამ ამით ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. თუ სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ პრეტენზია გვექნება სასამართლოს მიმართ.

_ ის, რაც «ალიას» მიმართ განხორციელდა, თვლით, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფალი პრესის წინააღმდეგ?

_ თუ აქამდე პრესა არ აღელვებდა ხელისუფლებას, დღეს პრესა მას საშიშროებას უქმნის, ამიტომ ებრძვის თავისუფალ პრესას: ჯერ ჯიხურების აღებით დაიწყო, შემდეგ _ მედიის შიდა დაპირისპირებაზე გადავიდა. მალე გამოჩნდება, ვინ ვინ არის. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას სჭირდება არეულობის შეტანა დამოუკიდებელ მედიაში, მათში უნდობლობის გაჩენა, არეულობა და შიდა დაპირისპირება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ჩემსა და გიორგი ბრეგვაძეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და მე გამაგდეს სამსახურიდან, რაც მტკნარი სიცრუეა. «ალია» მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თავდაცვისა და პარალელურად თავდასხმის რეჟიმშიც, რადგან ველოდებით დეზინფორმაციებს, შესაძლოა, ჟურნალისტებიც დაგვიპირისპირონ. ჩვენ ხელისუფლების ნებისმიერ შემოტევას მოვიგერიებთ და დავუპირისპირდებით ერთად. ტელევიზიები ხშირად აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს, რაც სიცრუეა.

ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ კომენტარს, რათა შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება, მაგრამ, სამწუხაროდ, ტელევიზიები ფაქტებს დამახინჯებულად გადასცემენ, რაც სახელისუფლო შეკვეთაა და სხვა არაფერი.

ესაუბრა ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here