Home რუბრიკები საზოგადოება პრეზიდენტს პალმა გაუხმა!

პრეზიდენტს პალმა გაუხმა!

921


«ინვესტორებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით აქ, ანაკლიაში!» _ საზოგადოების დიდ ნაწილს, ალბათ, კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის ეს ომახიანი მოწოდება, რომელიც «ნაცმოძრაობის ბელადმა» 2010 წლის 30 ნოემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე წარმოთქვა. იმ დღიდან მოყოლებული ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა გეომეტრიული პროგრესიით გვარწმუნებს, რომ მალე ანაკლია კანისა და ნიცის კონკურენტი გახდება, მეტიც, ერთ-ერთ გამოსვლაში სააკაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ 2015 წლისთვის აქ ოთხასი ათას ტურისტს ველოდებითო.

«ნაცმოძრაობა» რომ ისტერიკის პიკშია და მისი ბელადისგან უკვე არაფრის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება, დიდი ხანია, ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ, ბუნებრივია, არც არასდროს მჯეროდა იმ უტოპიის, რომ ანაკლია ოდესმე კანს ან ნიცას შეიძლებოდა დამსგავსებოდა, მაგრამ იმან, რაც რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში ყოფნისას საკუთარი თვალით ვიხილე, ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ფოტოები, რომლებსაც ამავე გვერდზე ხედავთ, სწორედ ანაკლიაში გადავიღე და, სიმართლე გითხრათ, კარგა ხანს ვყოყმანობდი მათ გამოქვეყნებაზე, რადგან სანახაობა, რომელიც იქ დამხვდა, ნამდვილად გულსაკლავია. გადათხრილ-ატალახებული ქუჩები, გამხმარი პალმები (სხვათა შორის, სააკაშვილის ბებიით მოხიბლულმა არაბმა შეიხმა ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანმა რომ უძღვნა საქართველოს მაგრამ გაუგებარ მიზეზთა გამო, თითქოს არაბეთის ნოსტალგია შეეყარათო, ერთიანად გახმნენ), დანაგვიანებული შადრევნები და ნესტისგან დაობებული შენობები _ აი, რას იხილავთ დღეს იქ რეალურად, სადაც გახსოვთ, ალბათ, შარშან, 22 აგვისტოს, სააკაშვილმა გრანდიოზული კონცერტი გამართა და ნაპირს გაღმა მყოფ აფხაზებს ნიშნის მოგებით მიმართა, არ გინდოდათ ჩვენთან, ჭამეთ გერკულესი და «გოროხის» ფაფაო.
უბედურება ისაა, რომ ამ ბუტაფორიული «ქალაქის» მშენებლობა სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს კოლოსალური თანხა უჯდება. 16,5 მილიონი ევრო, საქართველომ მარტო ანაკლიის საკურორტო ინფრასტრუქტურის დამპროექტებელ არქიტექტურულ კომპანია CMD ingenieros-ს უნდა გადაუხადოს.

ძნელი მისახვედრი არც ისაა, რომ საბოლოოდ ამ ყველაფერმა მოსახლეობის კისერზე უნდა გადაიაროს, ვინაიდან, ამთავითვე ცხადია, მშენებლობისთვის საჭირო თანხებს ადრე თუ გვიან სწორედ მოსახლეობის ჯიბიდან ამოკრეფენ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღევანდელი ანაკლია, რომელიც თურმე კანსა და ნიცას სადაცაა ჯიბეში ჩაისვამს, რადიაციული კატასტროფის შედეგად მიტოვებულ ზონას _ პრიპიატის, ან ფუკუშიმას შემოგარენს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე საკურორტოს. ასე რომ, 2015 წლისთვის საქართველოს 400 ათასი ტურისტის ნაცვლად ორჯერ 400 ათასი მხვეტავ-მუშახელი შეიძლება დასჭირდეს, რადგან ყველა ის ნარგავ-ნაგებობა, რომელიც სააკაშვილმა ასე ერთბაშად წამოჭიმა მის მიერვე დაარსებულ «ქალაქში», იმ დროისთვის ბიოლოგიური დაბინძურების კერად იქცევა…

ჯაბა ჟვანია

P.S. რამდენიმე ხნის წინ ანაკლიის პორტის პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა სპარტაკ ერაგიამ რადიო «კომერსანტთან» ინტერვიუში განაცხადა: «მშენებლობის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი როტერდამის, სინგაპურისა და შანხაის პორტების მოცულობის იქნება და ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს.» ხვდებით ეს რას ნიშნავს? _ ევრაზიის ბედიც ანაკლიაში წყდება, კიდევ არ გჯერათ, რომ, «რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ..»?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here