Home რუბრიკები საზოგადოება მურმან დუმბაძე: აჭარაში ისლამის რეანიმაცია სიკეთეს არ მოგვიტანს

მურმან დუმბაძე: აჭარაში ისლამის რეანიმაცია სიკეთეს არ მოგვიტანს

743


აჭარის ოპოზიციური გაერთიანების «ვემსახურები ხალხს» ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე უნდა ჩატარდეს, ხოლო თუკი ხელისუფლება მათ გაყალბებას მაინც გაბედავს, რევოლუცია გარდაუვალია. მურმან დუმბაძე ასევე გმობს თურქული ინტერესების გატარებას აჭარაში. მისი თქმით, ბოლო დროს ორასამდე მეჩეთი აშენდა, გაიხსნა არაერთი მედრესე, რაც წინააღმდეგობაშია ქართულ მართლმადიდებლურ ღირებულებებთან. დუმბაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებისა და აჭარის რეგიონული ხელისუფლების უსუსურობა აჭარის ხელახალ გამუსლიმანებას უწყობს ხელს, რაც დასაგმობია.

_ ბატონო მურმან, თქვენ დატოვეთ რესპუბლიკური პარტია, რა გახდა ამის მიზეზი? ამბობენ, რომ რესპუბლიკური პარტიიდან იმიტომ გაგრიცხეს, რომ თქვენ 26 მაისის მიტინგებს ესწრებოდით, რეალურად რა მოხდა?

_ რესპუბლიკური პარტია დავტოვე იმიტომ, რომ პოლიტიკურ ხელშეკრულებას, რომელიც, ოშკის ეკლესიის აღდგენის ნაცვლად, ბათუმში ოსმალეთის იმპერიის მიერ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ვეწინააღმდეგებოდი და პარტიამ მხარი არ ამიბა… როგორც აჭარის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი, წინააღმდეგი წავედი რესპუბლიკური პარტიის მოსაზრებების, რომ, თუ მეჩეთის მშენებლობის გასაპროტესტებლად მიტინგს ჩავატარებდი აჭარაში, მაშინ მოხდებოდა მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების დაპირისპირება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირიქით: მუსლიმანიც და ქრისტიანი მრევლიც ჩვენს მიტინგზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, რადგან ეს იყო ქართული საქმე.

_ საერთოდ მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგი ხართ?

_ არა, მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, არც მუსლიმების საწინააღმდეგო მაქვს რამე და კატეგორიულად ვგმობ აღმსარებლობის ნიადაგზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზეა დაფუძნებული და პრიორიტეტიც სწორედ ქრისტიანობას _ მართლმადიდებლობას უნდა ჰქონდეს…_ ბოლო დროს აჭარაში ბევრი მეჩეთი აშენდა, თქვენი აზრით, რატომ?

_ ვერ ვიტყვი, რომ მეჩეთები აშენდა და ამით აჭარა გამუსლიმანდა. საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლებაა და რომელი რელიგიაც სურთ, იმას აირჩევენ მოქალაქეები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული, რაც ისტორიულად ჩამოაყალიბა მართლმადიდებლობამ. ამდენად, ვთვლი, რომ ქართველი კაცი მართლმადიდებლად უნდა დაიბადოს და მოკვდეს. მუსლიმანური სარწმუნოება, როგორც ვიცით, ჩვენს რეგიონში შემოსულია ძალდატანებით და ახლა აჭარაში მაჰმადიანობის რეანიმაცია სიკეთეს არ მოგვიტანს.

_ მაინც ვინაა დღეს დაინტერესებული აჭარაში მუსლიმანური სარწმუნოების რეანიმაციით?

_ აჭარაში მაჰმადიანობის რეანიმაციით თურქული სახელმწიფო და ის ფსევდოლიბერალები ინტერესდებიან, რომლებიც ევროპისა თუ ამერიკის თვალში კეკლუცად იწონებენ თავს _ აი, როგორი რელიგიური თავისუფლების პატივისმცემელი ხალხი ვართო.

_ ვის გულისხმობთ ფსევდოლიბერალებში?

_ მათ, ვინც მხარს უჭერს მეჩეთების მშენებლობას. სხვათა შორის, «ნაციონალური მოძრაობის» მოსაზრებები გაახმიანა რესპუბლიკურმა პარტიამ. მე მათ ვუთხარი, რომ აჭარის მოსახლეობის პოზიციები ჩემთვის კარგადაა ცნობილი და მე ამ საქმეში უნდა მენდოთ-მეთქი. მე ვიცი მუსლიმანი ქართველების პოზიცია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას მეჩეთის აშენების თაობაზე. ქართველი მუსლიმანი ამბობს, რომ, თუ მეჩეთის დადგმა არის საჭირო, ჩვენ მას საკუთარი სახსრებით ავაშენებთო. ასე რომ, თუ თურქეთი ბათუმში მეჩეთს ააშენებს, ეს იქნება იმის გამეორება, როდესაც მე-18 საუკუნეში ოსმალეთის იმპერია ბატონობდა აჭარაში და მეჩეთებს აშენებდა. ამ ხელშეკრულების მიღმა პოლიტიკის გარდა არაფერი დგას.

_ ბოლო დროს რამდენი მეჩეთი აშენდა აჭარაში და, თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელი იყო მათი აშენება?

_ აჭარაში დღეს 200-მდე მეჩეთი ფუნქციონირებს, მე ამის გაკონტროლება არ შემიძლია და ვერც ხელისუფლება გააკონტროლებს ამას. ვისაც სჭირდება, ააშენოს და ილოცოს, თუ ამაში პოლიტიკური ხელი ურევია, კონსტიტუციურად იკრძალება რელიგიური ნიშნით მოსყიდვა და საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა ებრძოლოს ამგვარ ფაქტებს.

_ როგორც გვითხრეს, გაიხსნა მუსლიმთა სასულიერო სკოლები, მედრესები, არის ამის აუცილებლობა?

_ მაქვს ინფორმაცია, რომ მართლაც გაიხსნა ამგვარი სკოლები, მედრესები, საქართველოში, რომ ამ მიმართულებით თურქული ფული შემოედინება. საქართველოს უშიშროება ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უნდა ატერორებდეს, არამედ ამაგვარ ფაქტებს უნდა სწავლობდეს. ვიმეორებ, რომ ადამიანებს აქვთ აღმსარებლობის თავისუფლება, მაგრამ ზოგადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქართველისთვის, საქართველოს შემაერთებელი და შემკვრელი მართლმადიდებლური სარწმუნოებაა. განსხვავებულობა რელიგიური ფაქტორის გამო წარმატების მომტანი არ არის ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ აჭარლებს ხელახლა ახვევენ თავს მუსლიმანობას?

_ რა თქმა უნდა, თურქეთის სახელმწიფო ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც რეგიონული ლიდერის პოზიცია უჭირავს და სურს, შავიზღვისპირა და მთელი არაბეთის ტერიტორიებზე კონტროლი დაამყაროს. საუბარია არა პან-ისლამიზმზე, არამედ პან-თურქიზმზე. ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს თურქეთის ხელისუფლება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ნიჭიერი ახალგაზრდების თურქეთში წაყვანას, რათა იქ უფასოდ მისცეს მათ სასულიერო განათლება. ეს არის თურქეთისა და არაბეთის პოლიტიკური ინტერესები. ამის საწინააღმდეგოდ კი საჭიროა საკანონმდებლო დონეზე დაწესდეს შეზღუდვები. თურქეთი 80-მილიონიანი ქვეყანაა, ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა კი _ გაჭირვებული და ჩამორჩენილი. ამიტომ შესაძლოა, ნიჭიერი ადამიანები პროვოკაციას აჰყვნენ. ქართულ სახელმწიფოს რომ სხვა ღირებულებები აქვს, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად და საჯაროდ, რათა ეს ადამიანები არ მოექცნენ უცხო ქვეყნის რელიგიური აღმსარებლობის მონობაში.

_ ბიძინა ივანიშვილს ხომ არ შეხვედრიხართ, ხომ არ ფიქრობთ მასთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე?

_ პირადად ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივარ, მაგრამ ზოგადად ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში დადებითად შევაფასე. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტია დავტოვე, ვფიქრობ, დავაარსო «ქართული ოცნების» ოფისი აჭარაში. ივანიშვილი არის რეალური ძალა, მაგრამ მას უნდა დავეხმაროთ, ჩემი ოპოზიციური გამოცდილება მინდა მოვახმარო ივანიშვილს, მაგრამ მას მხარს ვუჭერ მხოლოდ ერთი პირობით _ უნდა შექმნას დიდი ოპოზიციური გაერთიანება. მხოლოდ რესპუბლიკური პარტია და ალასანიას პარტია არ არის საკმარისი ძალა იმისათვის, რომ ივანიშვილმა საქართველოს მასშტაბით შეძლოს არჩევნების მოგება და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა. ერთადერთი გზა ხელისუფლებამდე ის არის ფართო კოალიციური გაერთიანება. მერწმუნეთ, გაერთიანება აუცილებელია და ამბიციები გვერდზე უნდა გადაიდოს.

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დარჩნენ ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანების მიღმა, უნდა შემოვირიგოთ, საჭიროა დიდი შერიგება, თუ გვინდა, გავიმარჯვოთ.

_ ძალიან ძნელია რეგიონებში არჩევნების მოგება, «ნაციონალური მოძრაობა» უკვე აწარმოებს საარჩევნო კამპანიას და აქვს ადმინისტრაციული რესურსი…

_ ჩვენ გვყავს ხალხი ყველა სოფელში, რაიონში. ამდენად, ჩვენი მოძრაობის ივანიშვილთან გაერთიანების შემთხვევაში, აჭარის რეგიონული მოძრაობისა და ივანიშვილის მომხრეები გაერთიანდებიან და ჩვენ აჭარაში არჩევნებს მოვიგებთ. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, თუ როდის დაინიშნება არჩევნები, ამიტომ ძალიან გვაგვიანდება. სააკაშვილმა მოგვიგო პირველი სამი თვე, ყოველ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილი მიდის და საავადმყოფოებს ხსნის ქედაში, შუახევში და 2 ათასამდე მხარდამჭერი მიჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა გავიდეთ დედაქალაქიდან რეგიონებში. მხოლოდ ოფისებში კი არ უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, არამედ ჩავატაროთ მიტინგი ბათუმში, თბილისში და ყველგან, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

_ თუკი არჩევნები გაყალბდება, მაშინ გამორიცხავთ ქუჩის აქციებს?

_ არჩევნების პარალელურად აუცილებელია ქუჩის საპროტესტო აქციები, რადგან ქუჩის აქციების გარეშე შედეგს ვერ დავდებთ. მის გარეშე რაიმე წარმატების მოპოვება გამორიცხულია. მაშინ, როდესაც ადამიანს ჩამოართმევენ მოქალაქეობას, როდესაც ანგარიშზე შემოსულ თანხებს უყადაღებენ, თავს ესხმიან და ავიწროებენ «ქართუ» ბანკს და ამ დროს ჩვენ ხმას არ ვიღებთ, სააკაშვილის ხელისუფლება თავს გადის. ქუჩის აქციებმა და 26 მაისმა პოლიტიკური პროცესი გააცოცხლა. რა თქმა უნდა, ქედს ვიხრი 26 მაისს დაღუპულების წინაშე, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლებოდა მოყოლილიყო იმ უბედურებაში, მაგრამ ფაქტია, რომ 26 მაისმა ქვეცნობიერად გააჩინა ბიძინა ივანიშვილი. როცა ივანიშვილმა პირველი წერილი გამოაქვეყნა, 26 მაისი სამჯერ ახსენა, სწორედ 26 მაისის შემდეგ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება, რომ მოსულიყო პოლიტიკაში. თუკი არჩევნები არ ჩატარდება საპროტესტო აქციების ფონზე, ხელისუფლება მათ აუცილებლად გააყალბებს. საჭიროა 20-50-ათასიანი მიტინგების ჩატარება, რომ ვაჩვენოთ საზოგადოების კონსოლიდირება სააკაშვილის წინააღმდეგ. თუკი სააკაშვილი ამ პროტესტის ფონზე მაინც გაბედავს და გააყალბებს არჩევნებს, მან უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც კონსტიტუცია არ კრძალავს…

_ ანუ ისევ რევოლუცია?!

_ თუკი არჩევანი ამჯერადაც აღარ დაგვიტოვეს, თუკი ამჯერადაც ჩვენი ხმები სათვალავში არ მიიღეს, მაშინ პროტესტითა და ქუჩის აქციებით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება. თქვენ, თუ გინდათ, ამას რევოლუცია დაარქვით.

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here