Home რუბრიკები საზოგადოება ვახუშტი ფარცვანია: ნებისმიერ არჩევნებში ოპოზიცია ათით ნოლს წააგებს ხელისუფლებასთან

ვახუშტი ფარცვანია: ნებისმიერ არჩევნებში ოპოზიცია ათით ნოლს წააგებს ხელისუფლებასთან

658


მიმდინარე მოვლენების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მოძრაობა «სამშობლოს მაძიებლების» ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახუშტი ფარცვანია.

_ ბატონო ვახუშტი, თქვენ მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტები, რათა ყველაფერი არ კონტროლდებოდეს «ზემოდან» და მმართველობის ვერტიკალსა და ჰორიზონტალს შორის არსებობდეს სრული ჰარმონია. თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს ყველაფერი არსებულ პოლიტიკურ რეალობაში?

_ სანამ მიმართვაზე გადავიდოდეთ, უპრიანი იქნება, ორიოდე სიტყვით იმაზეც ვისაუბროთ, კონკრეტულად რამ განაპირობა ეს ყველაფერი.

მოგეხსენებათ, უკვე ოცი წელია, საქართველო ვერ გახდა სტაბილური ქვეყანა და დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვიყავით თუ არა მთელი ამ ხნის განმავლობაში რეალურად დამოუკიდებლები. დღეს კი, როცა მერამდენედ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიპეტიებში, ისევ ჩნდება უამრავი კითხვის ნიშანი, ისევ პრობლემებში ვართ ყელამდე ჩაფლული და გაუგებარია, როგორ, რანაირად უნდა წარმოჩინდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი და სუფთა სახეები, რომელთა მიმართაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ნდობით შეიძლება განეწყოს.

დღესდღეობით ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის წყალობით საზოგადოება არა თუ გარიყულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან, არამედ სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები ხალხს უკვე აღარც კი მოიაზრებენ ამ პროცესებში მონაწილე რამე სოციალურ სეგმენტად. მით უფრო, ამ ახალმა ე. წ. საარჩევნო კოდექსმა იმდენად დააქვეითა და უფუნქციო გახადა ადგილობრივი თვითმმართველობები, რომ ხალხი ფაქტობრივად ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით მოსწყდა ყოველგვარი მმართველობის სადავეებს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სოფლის თავკაცის, გამგებლის, მერისა თუ გუბერნატორის _ არავის საჯაროდ არჩევა არ ხდება და აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ადამიანები «ზემოდან» ინიშნებიან. მეტიც, ამ ახალი «სანაქებო» საარჩევნო კოდექსიდან საერთოდ ამოიღეს მაჟორიტარული პრინციპი, საინიციატივო ჯგუფს კი უფლება არ აქვს, რაიონის ან მხარის რჩეული წარმოადგინოს და კენჭი უყაროს კანდიდატად. აი, ასეთი დარღვევები დღეს უამრავია ზოგადად სისტემაში და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის სწორედ იმ ვითარებას, რომელშიც ხელისუფლებასთან მეტოქეობას, უბრალოდ, აზრი არ აქვს; ამიტომ ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მივმართეთ მოსახლეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს თვითმმართველობის ორგანოები…ამ მიმართვით ჩვენ რეგიონს რეალურად ვამზადებთ საარჩევნოდ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მხარეს, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთსაც, უნდა ჰყავდეს თავისი რჩეული კანდიდატები, ნდობით აღჭურვილი პირები როგორც ადგილობრივ, ისე სამთავრობო თანამდებობებისთვისაც. როგორ და რა მექანიზმებით უნდა იქნეს ეს ყველაფერი განხორციელებული, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ ოპოზიციურ პარტიებს და მათ შორის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგამოჩენილ ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ ჯერჯერობით მათი მხრიდან არანაირი ინტერესი და გამოხმაურება არ ყოფილა, როგორც იტყვიან, არსაიდან ხმა, არსით ძახილი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ინიციატივით მთელი რიგი პარტიებისა დაინტერესდებიან…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, რასაც თქვენ ამბობთ, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის რამდენად ხელსაყრელია, როგორ ფიქრობთ?

_ თუ ხელსაყრელი არ არის და თუ არ აწყობთ, მაშინ ტიტული ოპოზიცია შეიცვალონ და პოზიციაში ჩაეწერონ. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, ვის აძლევს ხმას და ვის არა. მე მგონი, ამაში მიუღებელი არაფერია…

_ თქვენ თქვით, რომ თქვენი ინიციატივის მთავარი მიზანია, რეგიონი საარჩევნოდ მოამზადოთ. თქვენი აზრით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის პირობებში, რამდენად დიდი შანსი აქვს ოპოზიციურ სპექტრს, რომ მომავალ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს.

_ ის, რომ ეს არჩევნები არაფრით განსხვავებული არ იქნება წინა არჩევნებისგან და სააკაშვილის რეჟიმი ისევ შეეცდება შედეგების გაყალბებას, ჩემი აზრით, გარდაუვალია, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იქნება, თუ ოპოზიცია შეძლებს კონსოლიდირებას, შეჯერებას და თითოეული პარტია თუ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტი იმოქმედებს ერთმანეთთან კოორდინირებულად. ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომ, მიმაჩნია, რომ მიუხედავად ოპოზიციური სპექტრის სიჭრელისა და იდეოლოგიური განსხვავებისა, პარტიებმა უნდა შეძლონ გაერთიანება და ერთიანი ფრონტის შექმნა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უამისოდ ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას აზრი არ აქვს…

_ კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის ერთიანობა, როცა პარტიების უმეტესობას მთელ რიგ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან თითქმის კარდინალურად განსხვავებული ხედვები აქვს?

_ ერთიანობას როცა ვამბობ, არ ვგულისხმობ, რომ მთლიანად ოპოზიცია ერთ პოლიტიკურ სუბიექტად უნდა იქცეს. აქ, უბრალოდ, საუბარია ერთგვარ კოალიციაზე, ალიანსზე და ერთიანი ფრონტის შექმნაზე არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. თუ ეს მოხერხდება, მერე შეიძლება ვისაუბროთ რაიმე შედეგსა და წარმატებაზე, თუ არა და, არ მინდა ერთი და იგივე ცხრაჯერ გავიმეორო, მაგრამ ამ მოცემულობითა და მდგომარეობით, რაც დღეს გვაქვს, ნებისმიერ არჩევნებში ოპოზიცია ათით ნოლს წააგებს ხელისუფლებასთან. ეს გარდაუვალია და, სამწუხაროდ, თუ რამე არ შეიცვალა, ამაში ძალიან მალე დავრწმუნდებით.

_ თქვენი აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკური რეალობა მათთვის წამგებიანია?

_ სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრის საკმაოდ დიდი ნაწილი 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იმდენად გატყდა, რომ ფარ-ხმალი დაყარა და გარკვეულწილად შეეგუა კიდეც მითს ხელისუფლების უძლეველობის შესახებ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით ჩვენი ოპოზიცია სრულიად ინდიფერენტულია და არა თუ ფუნქციას ვერ ასრულებს, არამედ, ნებით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების უკანონო ქმედებებსაც ზედმიწევნით «აპრავებს». თავის მხრივ, ასეთი ოპოზიციისგან, ცხადია, იმას არ უნდა ველოდოთ, რომ მომავალში რამიე მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს, ამიტომაც ვამბობ: უნდა მოხდეს ძალთა კონსოლიდაცია და იქნებ ერთიანობით მივაღწიოთ იმას, რასაც ცალ-ცალკე, არაერთი მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დღემდე ვერა და ვერ მივაღწიეთ.

_ დასასრულ, ისევ თქვენს მიმართვაზე გკითხავთ: რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ კი ოპოზიცია მას არ გამოეხმაურება?

_ ეს მიმართვა არის მხოლოდ და მხოლოდ ინიციატივა და, ბუნებრივია, ჩვენ იმპერატიული ტონით საუბარს ვერ დავიწყებთ. ასე რომ, ვისაც უნდა და ვისთვისაც ეს იდეა მისაღებია, ის შემოგვიერთდება.

ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, დავუძახოთ ყველა ოპოზიციურად მოაზროვნე სუბიექტს და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ხოლო ვინც არ გამოეხმაურება ამ დაძახილს, მიმაჩნია, რომ ის იქნება თვითლუსტრირებული ძალა საზოგადოების თვალში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here