Home რუბრიკები საზოგადოება დაიჭირე, დააპატიმრე და მოკალი, ოღონდ შეინარჩუნე ძალაუფლება

დაიჭირე, დააპატიმრე და მოკალი, ოღონდ შეინარჩუნე ძალაუფლება

803


ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «სამოქალაქო ფრონტის» დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი.

_ ჯაბა, რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ თქვენს აქტიურ თანამებრძოლს, აკაკი დარასელიას სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორ წარიმართა გამოძიება მის საქმეზე და, თქვენი აზრით, ეს დაპატიმრება ხომ არ იყო ხელისუფლების მიერ თქვენი ერთგვარი გაფრთხილება?

_ დავიწყოთ იმით, თუ როგორ და რა ფორმით დააპატიმრეს აკაკი დარასელია: 7 ივლისს, ღამის 4 საათზე, «თავისუფალი საქართველოს» ოფისთან მას დახვდა ოთხი პოლიციელი, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა იგი და დაუყოვნებლივ გადაიყვანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებაში. შემდეგ მას ბრალად წაუყენეს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა (ანუ თითქოს ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ნარკოტიკი ე. წ. მეტაამფიტამინი) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გაუშვეს ორთვიან წინასწარ პატიმრობაზე.

პირველი დარღვევა, რაც აკაკი დარასელიას მიმართ დაკავების დროს განხორციელდა და რაც გარკვეულწილად მის უდანაშაულობასაც ამტკიცებს, იყო ის, რომ მას არ მიეცა საშუალება, დაერეკა ადვოკატთან. ამასთან, ჩხრეკის დროს მას არ მისცეს დამსწრე პირის ყოლის უფლება, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი.გარდა ამისა, იმ ორი თვის განმავლობაში, რაც აკაკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, თითქმის ყოველდღე მასთან პირადად შედიოდა პროკურორი ივანე კაკალია და პირდაპირ ეუბნებოდა: თუ ხელს მოაწერ აღიარებით ჩვენებას, მოგისჯით მხოლოდ ერთწლიან პატიმრობას ან საპროცესო შეთანხმებით გაგათავისუფლებთო. მოკლედ, ათასგვარი ბინძური მეთოდებითა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ცდილობდნენ მის დაყოლიებას, მაგრამ, როცა დარწმუნდნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, სააკაშვილის ჯიბის სასამართლომ მიიღო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს, აკაკი დარასელიას, რომელსაც ცხოვრებაში შეხება არ ჰქონია არანაირ ნარკოტიკთან, ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამით ჩვენს ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ სააკაშვილის რეჟიმი უკვე სიგიჟის უკანასკნელ სტადიაშია, პიკზე იმყოფება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას: არის თუ არა ეს ყველაფერი გაფრთხილება ჩვენთვის, მეტსაც გეტყვით: მეორე დღეს, როცა გავიგეთ, რომ აკაკი დააკავეს და ვცდილობდით, გაგვერკვია, რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს პირდაპირ უთხრა, ეს არ იქნება უკანასკნელი, თუ ჭკვიანად არ იქნებით, თქვენც იგივე მოგელითო, ანუ, რა თქმა უნდა, იყო გაფრთხილებაც, მუქარაც და ამით, ფაქტობრივად, მიგვანიშნეს, რომ, თუ ჩუმად არ ვიქნებით, ციხეში კიდევ უამრავი ადგილია და ხვალ და ზეგ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იქ აღმოჩნდეს…

_ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა საქმეების გამოძიების დროს უამრავი დარღვევა ფიქსირდება ხოლმე. აკაკი დარასელიას შემთხვევაში თუ იყო რამე მსგავსი ფაქტი იმის გარდა, რაც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ?

_ აკაკის საქმემ პირველ ინსტანციაში სამი მოსამართლის ხელში გაიარა და ბოლოს ეს საქმე ანდერძად ერგო ნაირა გიგიტაშვილს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ხორცი შეასხა «ნაცმოძრაობის» იდეას ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ და გახსოვთ, ალბათ, 2007 წლის 19 მარტს თოთხმეტი წლის გიორგი ზერეკიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ ქალბატონმა, რომელიც ცნობილია როგორც სააკაშვილის ხელის მოსამართლე, აკაკი დარასელიას შემთხვევაშიც იმოქმედა ანალოგიურად, არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა, არ დაჰკითხა ის ადამიანები, რომლებიც იმ საღამოს იმყოფებოდნენ აკაკისთან ერთად და გამოიტანა ის განაჩენი, რომელიც აწყობდათ მის ზურგს უკან მდგომ ხელისუფლების ჩინოვნიკებს. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი, ცხადია, მოულოდნელობა არ ყოფილა, ვინაიდან ამ რეჟიმის წყალობით, დიდი ხანია, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ეს სისტემა უკვე მთლიანად იქცა «ნაცმოძრაობის» დანამატად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, შევეგუოთ სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს და ჩვენი რამდენი თანამებრძოლიც არ უნდა აღმოჩნდეს ციხეში, მათ შორის მეც, ჩვენი ბრძოლა უსათუოდ გაგრძელდება…

_ ბრძოლა ახსენეთ და აკაკი დარასელიასთვის განაჩენის გამოტანის დღეს სასამართლოს შენობასთან სულ რამდენიმე ადამიანი იყავით შეკრებილი. რატომ უფრო მეტმა თქვენმა თანამებრძოლმა ან რიგითმა მოქალაქემ არ გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება?

_ თავის დროზე, როცა სააკაშვილის ჯალათებმა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, მეგონა, მინიმუმ ნახევარი თბილისი მაინც ფეხზე დადგებოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასი და ორასი კაცის გამოყვანაც კი პრობლემა იყო. ეს არის ზოგადად ქართველი ხალხის, ერისა და საზოგადოების პრობლემა, _ არ ვიცით ჩვენი უფლებების ფასი და ვერ ვიცავთ ამ უფლებებს. აი, ესაა პრობლემა და ამით გვჯობნის ჩვენ რეალურად ეს ხელისუფლება, თორემ საზოგადოება რომ ერთიანი იყოს და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ ესოდენ სანატრელი არ გვქონდეს, მერწმუნეთ, ეს რეჟიმი იმის მეასედსაც ვერ გაგვიბედავდა, რასაც დღეს გვიბედავს და გასდის კიდეც ყველაფერი.

_ ისე, სოლიდარობის დეფიციტი პოლიტიკურ სპექტრშიც საკმაოდ თვალში საცემია. არ მეთანხმებით?

_ გეთანხმები და ამიტომაც ვამბობ, რომ ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც დღესაა ჩვენს ქვეყანაში, დამღუპველია. არ შეიძლება, საზოგადოების დაყოფა, რაღაც ერთპიროვნულ ძალად ჩამოყალიბებისკენ მუდმივად ქაჩვა და იმის მტკიცება, რომ მე ვარ პოლიტიკური სპექტრის ბირთვი, ცენტრი და ა. შ. ეს იწვევს პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსვას, დაქსაქსულობა კიდევ ყოველთვის მიმართულია დამარცხებისკენ; ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს თუ ვინმეს მართლა სურს, წარმოჩინდეს სერიოზულ ძალად და მიაღწიოს რამე დადებით შედეგს, უპირველესი მისი ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალური კონსოლიდაცია და ერთ ბირთვად, ცენტრად ჩამოყალიბება. სხვანაირად მე პირადად, შეუძლებლად მიმაჩნია არსებული რეჟიმის შეცვლა, ვინაიდან ამ ხელისუფლებასთან უკვე აღარ ჭრის არანაირი ბრძოლის წესები. მისი ერთადერთი პრინციპია, დაიჭირე, დააპატიმრე და მოკალი, ოღონდ შეინარჩუნე ძალაუფლება…

_ ჯაბა, შენ თქვი, რომ არსებული პოლიტიკური რეალობა დამღუპველია, თუმცა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი 2012-13 წლების არჩევნებს იმედით შეჰყურებს…

_ ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ, სანამ სააკაშვილი იქნება ხელისუფლების სათავეში, ცნება _ არჩევნები საერთოდ უნდა დავივიწყოთ, რადგან ამ გზით ასი წელი ვერაფერს მივაღწევთ. არჩევნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საბაბად, ანუ იმისთვის, რომ დაანახო ცივილიზებული სამყაროს _ მიშა აყალბებს შედეგებს და სხვა გამოსავალი, გარდა ქუჩაში გასვლისა, არ გვაქვს. აი, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ გაგვიწიონ ანგარიში და მოგვაქციოს ყურადღება დასავლეთმა, თორემ სხვანაირად, მერწმუნეთ, არავის არაფერში ვჭირდებით და არავინ ჩვენი პრობლემების გამო აუტკივარ თავს არ აიტკივებს.

_ ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მომავალი არჩევნებისგან არაფერს ელი?

_ ნამდვილად არა, ვინაიდან ჯერჯერობით მიმდინარე პროცესებში კარგსა და საიმედოს ვერაფერს ვხედავ. ერთადერთი, რაც აშკარაა, ის არის, რომ ხალხს სჯერა, ბიძინა ჩამოაგდებს მიშას, იმას კი არავინ ფიქრობს, რომ ეს ბიძინა, ბოლოს და ბოლოს, ჯადოქარი არ არის, რომელიც ჯოხს აიქნევს და ერთ წამში გააქრობს ხელისუფლებას. ვერ გააქრობს: ჯერ ერთი _ იმიტომ, რომ ესენი უკვე ყველაფერზე არიან წამსვლელები და მეორეც _ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა თუ არ იქნება, ივანიშვილი კი არა, ვახტანგ გორგასალიც რომ გაცოცხლდეს, ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება.

_ მოკლედ, როგორც გატყობთ, თქვენთვის ივანიშვილის სტრატეგია მიუღებელია.

_ მიუღებელი, ცოტა არ იყოს, კატეგორიული ნათქვამია. მე ვიტყოდი, რომ კი, რა თქმა უნდა, კარგია პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენა, მაგრამ მას კონკრეტიკა აკლია, ეს აშკარაა. მე ბრმად ვერავის გავყვები, აქამდე სადაც ვყოფილვარ, ვიცოდი ჩემი ადგილი და დანიშნულება; ისეთ რაღაცას ხელს არასოდეს მოვკიდებ, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. მარჯვენის მოქნევა კიდევ შემიძლია, კაცო, და დამაცადეთ-მეთქი, ამას ვამბობ, მეტს კი არაფერს…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ, როგორც ამ შემთხვევაში რიგით მოქალაქეს, როგორ და რა გზით მიგაჩნიათ ყველაზე რეალურად ხელისუფლების შეცვლა?

_ ერთადერთ რეალურ გამოსავალს ვხედავ სამოქალაქო და პოლიტიკურ ერთობაში და რა სტრატეგიასაც შემდეგ ეს ერთობა დახვეწავს, ჩემთვის მისაღებია. მე ვერ მივემხრობი იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც იჩემებენ, მე ვარ მთავარი და ჩემ გარშემო უნდა დაირაზმოს ყველაო; მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, ამიტომ მინდა, სამოქალაქო და პოლიტიკური ერთობა და ამ პოლიტიკურმა ერთობამ უნდა აიღოს შემდეგ პასუხისმგებლობა სისხლზეც, გამარჯვებაზეც, დამარცხებაზეც, პრობლემებზეც და ზოგადად ყველაფერზე, ყველა დაბრკოლებაზე, რაც დღეს გვაქვს და რაც წარმოიშვება მომავალში. სხვანაირად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის იქნება დაქსაქსული და ასეთ პირობებში ვერასოდეს შევძლებთ, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ არსებულ რეჟიმს, თვითმპყრობელობას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო სახიფათო ხდება და თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here