Home რუბრიკები საზოგადოება დაცენტრილი საქართველო, ანუ მადლობა ამხანაგ სააკაშვილს ჩვენი ბედნიერი ღიმილისთვის!

დაცენტრილი საქართველო, ანუ მადლობა ამხანაგ სააკაშვილს ჩვენი ბედნიერი ღიმილისთვის!

707


ბათუმის, ქუთაისის, ანაკლიის, კახეთის, სვანეთისა და ლაზიკის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ახლა უკვე ახალციხე გამოაცხადა «საქართველოს მთავარ ცენტრად და სიამაყედ». უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ზესტაფონში ჩასვლისას «ზესტაფონი ყველაზე მაგარია», კახეთში ყოფნისას კახეთია «ყველაზე ნამდვილი საქართველო», ბათუმი «ნიცასა და კანზე უკეთესია», ანაკლია «უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრია (თან «პიცუნდასაც» სჯობია)», ახლა კი «ახალციხე უნდა გახდეს საქართველოს მთავარი ცენტრი და სიამაყე».

მოსახლეობასთან შეხვედრისას მან ახალციხის ისტორიულ წარსულზეც ისაუბრა. კერძოდ, როგორ აღწერა მან ეს წარსული, საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ ზოგადი შეფასებით, უკანასკნელი 800 წელი მისთვის რომ უქმად არის დაკარგული, ეს კი დაადასტურა (სტილი დაცულია): «ბოლო ეპოქა იყო აქ თამარის ეპოქა. გუშინ სამების ეკლესიაში პატრიარქმა დამათვალიერებინა «საქართველოს იმედის» ხატი. ახალი ხატი გაკეთდა, უზარმაზარია, ძალიან კარგად არის გაკეთებული და მე ვესაუბრებოდი ჩვენს მეუფეს, ნიკოლოზს და მან მითხრა, რომ იცით, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ასეთი ხატი ახლა გაკეთდა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან დიდი გაჭირვება და უბედურებაა, მაგრამ გავიხსენოთ, როდის კეთდებოდა ბოლოს საქართველოში ასეთი ხატები, როდის იყო საქართველოში ასეთი აღმშენებლობა, როდის იყო ასეთი პირობები შექმნილი იმ პირობებში, როცა მტერი ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა.ქართველ ხალხს ნიჭი სხვა საუკუნეებში არ ჰქონდა? ჰქონდა. რატომ არ კეთდებოდა, რატომ არ შენდებოდა? როდის იყო ბოლოს, როცა ეს კეთდებოდა? ეს იყო საქართველოს ოქროს ხანაში, ეს იყო დავითის და თამარის დროს და მე მინდა გკითხოთ, როგორც ხალხს, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ეს ეპოქები, როდისმე, თამარის ეპოქის შემდეგ ყოფილა თუ არა ახალციხეში და აქ, გარშემო, ასეთი აღმშენებლობა, როგორც არის დაწყებული დღეს.

თუ ასეა, მე მინდა დაადასტუროთ, რომ ნამდვილად, ჩვენს ეპოქაში იქმნება ის, რაც არ შექმნილა რვა საუკუნის განმავლობაში და ამას ვქმნით ჩვენ. ამას თქვენ აკეთებთ, ამას არ აკეთებს ვინმე ცალკე აღებული მეფე, მით უმეტეს, მეფე აღარ არსებობს. დღეს ეს არის ხალხის მიერ გასაკეთებელი და დღეს ხალხი კოლექტიურ დავით აღმაშენებლად არის ქცეული», _ განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის მოსახლეობას (უკაცრავად, «კოლექტიურ დავით აღმაშენებელს»).

კოლექტიური დავით აღმაშენებელი კი, ალბათ, იდგა და ფიქრობდა, თუ რატომ ვერ გრძნობს დღევანდელ «ოქროს ხანას», რატომ ვერ მიდის საავადმყოფოში სამკურნალოდ, რატომ უჭირს თავის გატანა ამ «აღმშენებლობის ქვეყანაში»? «ცალკე აღებული მეფე» კი კვლავ თავის ქებას განაგრძობდა: «დღეს ისეთი საავადმყოფო გავხსენით, რომელზე ადრე ვერც კი ვიოცნებებდით». ბატონო პრეზიდენტო, ვერც ახლა ვოცნებობთ, ისეთი ძვირია! «საქართველოში ყველაფერი კეთდება ხალხის სახელით. ახლა გადავწყვიტეთ, ბიბლიოთეკები ვაშენოთ. პირველი ბიბლიოთეკა აქ აშენდება. აწი საავადმყოფოების ნაცვლად კრიტიკოს პოლიტიკოსებს ჩვენი აშენებული ბიბლიოთეკების გახსნას ამოვუყვან ყელში». მთავარი ხომ არც ბიბლიოთეკაა და არც საავადმყოფო; მთავარია, სააკაშვილმა ოპოზიციას «ამოუყვანოს ყელში».

«ახალციხე, ჩვენი გადაწყვეტილებით, უნდა გახდეს საქართველოს მთავარი ცენტრი და სიამაყე.

ჩვენ დავიწყეთ ახალციხის ციხის განახლება. ამ დრომდე დაგროვილი გამოცდილებით ჩვენ ავაშენებთ ახალ ახალციხეს», _ განაცხადა პრეზიდენტმა. გაურკვეველი რჩება, რა იგულისხმა მან ახალციხის ციხეში _ ისტორიული ძეგლი თუ ციხე პირდაპირი გაგებით (ანუ საპატიმრო დაწესებულება), დანამდვილებით ცნობილია ერთი რამ: სააკაშვილი ახალციხის ახალ ციხეს აშენებს.

ახალი ციხე კი საჭიროა, რადგან ჯერაც ბევრი გვყავს მტერი და არაკეთილმოსურნე. «ჩვენ მაინც ავაშენებთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღიზიანებთ ჩვენი შუშის სასახლეები, მათ არ მოსწონთ ჩვენი გაკეთებული გზები, მათ არ მოსწონთ ჩვენი გაკეთებული თბილისის შუშის ხიდი, ან სხვა ლამაზი შენობები. რატომ, იცით? როცა ეს ყველაფერი შენდება ბევრად უკეთესად, ვიდრე იმ იმპერიაში, რომელსაც ისინი ემონებიან, რომლის ფეხსაცმლის ლოკვაშია მათი ყველაზე საუკეთესო პირის გემო,

მერე ვეღარ იტყვიან, რომ უნდა დავბრუნდეთ უკან, იმათ საფარქვეშ იმიტომ, რომ საქართველოს უფრო უკეთესად შესძლებია, საქართველო უფრო მიმზიდველი შეიძლება რომ ყოფილიყო, საქართველოს სხვანაირად შესძლებია ყველაფრის გაკეთება, ამიტომ ჩვენ არასდროს ჩამოვწევთ ჩვენს ხუთჯვრიან დროშას. ჩვენ არასდროს არ დავიცლებით ენერგიისაგან და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებისთვის და ჩვენ არასდროს შევაჩერებთ თქვენთან ერთად აღმშენებლობას», – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პირის გემო ვის რაში აქვს, ეს ცალკე და დიდი საკითხია, მაგრამ დროშებს, «გაკეთებულ» ხატებს და ციხეებს რაც შეეხება, სააკაშვილს იმაზეც ეკუთვნის მადლობა, რომ ამ ჩამონათვალის გარდა, სამშობიაროებსა და საზოგადოებრივ ტუალეტებსაც შუშისგან არ გვიშენებს. გასული საუკუნის 60–იან წლებში, როცა ევროპა «მინის ბუმმა» მოიცვა, ფრანგებმა კომედია გადაიღეს, რომელშიც სააკაშვილივით ჭკვიანი ქალაქის მერი სწორედ მინის საპირფარეშოს ხსნის. ასე რომ, სენი, რომელიც ფრანგებმა 50 წლის წინ მოიხადეს, საქართველოს ახლა წამოეწია «ოლვეის ულტრასა» და «გამჭვირვალე პოლიციის» სახით.

ვიდრე ბიძინა ივანიშვილის გუნდი სიმშვიდეშია გარინდული, სააკაშვილი ყოველდღე ახალ-ახალ ობიექტებს ხსნის და სიტყვაწყლიანობს. დიღომში სკვერის სკამებზეც კი წითელი ლენტებია შებმული და გამჭრელს ელის, ხოლო ფრაქცია «ერთობა სამართლიანობისთვის» წევრი თამაზ დიასამიძე მომავალი საპარლამენტო არჩევნების კანონიერ კონსტიტუციურ ვადაში _ 2012 წლის მაისში და პრეზიდენტის _ 2013 წლის იანვარში ჩატარებას ითხოვს. 2006 წლის 27 დეკემბრის საკონსტიტუციო ცვლილებით დადგინდა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღად ერთდროულად გამოცხადდა 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერი. პარლამენტი თვითნებურად ცდილობდა ვადის 7-9 თვით გახანგრძლივებას, მაგრამ მოსახლეობამ პლებისციტზე არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირა მხარი.

პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის ახალი ვადები კონსტიტუციაში უნდა ასახულიყო. «2010 წლის 15 ოქტომბერს პარლამენტმა არჩევნების ვადების ძველი ნორმა პლებისციტამდე ჩანაწერი აღადგინა, რითაც ვადა გაუგრძელდა პრეზიდენტსაც. პარლამენტს ვადა მომავალი წლის მაისში ეწურება, მაგრამ დადგენილია ოქტომბერი და ე.ი. მას 6 თვით, პრეზიდენტს კი 10 თვით უგრძელდება ვადა, რადგან მისი უფლებამოსილება 2012 წლის ინვარში იწურება», _ მიაჩნია დიასამიძეს.

დეპუტატის შეფასებით, აუცილებელია კონსტიტუციაში დროულად შეიცვალოს უკანონო ნორმები და არჩევნები კანონიერ ვადებში ჩატარდეს. დიასამიძე აღნიშნული მოთხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ლიდერს. მისი თქმით, კონსტიტუციის კანონიერ ფარგლებში მოქცევა თვენახევარშია შესაძლებელი. ისევე, როგორც 2008 წელს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი საპარლამენტო მოდელი სააკაშვილმა სათავისოდ გამოიყენა და 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით პრემიერ-მინისტრის სავარძელი მოიმზადა, ახლაც, ოპოზიციის მოთხოვნით, «ხალხის აზრს შეისმენს» და არჩევნებს მაისში ჩაატარებს.

«ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს გამოვიდა ჩემთვისაო», – ამაზეა ზუსტად ნათქვამი. ჩვენი ოპოზიცია ამ რეჟიმში მოქმედებს: სწორედ იმას მოითხოვს ხოლმე, რაც ასე ძალიან სჭირდება სააკაშვილს. მოითხოვს და რომ შეუსრულებენ, მერე გაოცებული უყურებს საკუთარი მოთხოვნის შედეგებს. სააკაშვილი კი მთელ საქართველოს არის მოდებული და ხან ვაუჩერებს არიგებს, ხანაც მშობიარეებს ეუბნება მადლობას. «მადლობა, რომ დროზე გააჩინეთ ბავშვი,» _ ესეც მისი ერთ-ერთი «შედევრალური» გამონათქვამია, თითქოს მშობიარობის დრო ან იმ ქალზე იყო დამოკიდებული, ან სააკაშვილზე. ფორუმებზე მასხრობის მსურველს რა გამოლევს და აკი გამოეპასუხენ კიდეც: «აბა, ის იყო კაი, შევარდნაძის დროს 10-11 თვე რომ სჭირდებოდა ბავშვის გაჩენას? აცალეთ ამ კაცს და 5 თვემდე დაიყვანს პროცესს»!

თუმცა სააკაშვილს თვით მშობიარემ აჯობა და უპასუხა: «მადლობა თქვენო»! მემატიანე დუმს იმაზე, თუ რა წვლილი მიუძღვოდა ბავშვის «დროზე გაჩენაში» სააკაშვილს, მაგრამ ამირანის შესახებ ქართული თქმულების არ იყოს, იმ ბავშვმა, რომ წამოიზრდება, შეიძლება დედას ძუძუზე კბილი დააჭიროს, მითხარი, მამაჩემი ვინ არისო! ბოლო დროს ძუძუს და კბილის თემატიკა საქართველოში აქტუალურია. რას იზამ, ზოგი ძუძუს ლოკავს და ზოგი ფეხსაცმელს, ზოგისთვის კი უფასო სასადილოა სანატრელი.

საკუთარ დაბადების დღეს სააკაშვილი სწორედ ამგვარ ადამიანებს შეხვდა ბათუმის სათნოების სახლში. ხელცარიელი როდი მივიდა, უცხოელი მეგობრების ნაჩუქარი ხიზილალა და ესპანური ყველი მიუტანა. ვიდრე დელიკატესებით უმასპინძლდებოდა, როგორც ჩანს, შენიშნა, რომ მოხუცებს უსახსრობასა და უჭმელობასთან ერთად, უკბილობაც აწუხებთ და იქვე მოიფიქრა ახალი ინიციატივა _ «ღიმილიანი საქართველო».

«ის ადამიანები, რომლებიც სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობენ და ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღვრიცხოთ. მათთვის გამოვყოფთ თანხას, რათა სტომატოლოგიური პრობლემები მოვუგვაროთ. მინდა ყველა ასაკოვანი ადამიანი იღიმებოდეს… ახალმა პროგრამამ «ღიმილიანი საქართველო» ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოიცვას», – ბრძანა ჯანსაღი კბილების მქონე სააკაშვილმა. იმდენ ხალხში კი არავინ მოიძებნა, რომ ეთქვა: კბილების ჩასმას ის სჯობს, რომ საპროტესტო აქციაზე გამოსულ ხანდაზმულებს საკუთარი კბილები სააღლუმე რუსთაველზე არ დაატოვებინო. ისე კი, ხიზილალას და ესპანურ ყველს უკბილოდაც გასინჯავდა კაცი.

ამირანი, რომელიც დედის ძუძუზე კბილის დაჭერას ვერ გადააჩვია სააკაშვილმა, ბორჯომში გაასახლეს. ბორჯომი ჯერ არ არის რეგიონული ცენტრი, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში (თუნდაც, თუ მართლაც მაისში ჩაატარებენ), საქართველოში კიდევ არაერთი ცენტრის გახსნას უნდა ველოდეთ. საქარველოში ყველგან ცენტრი იქნება, თბილისის გარდა. ითვლება, რომ თბილისელებს კბილები აქვთ. მხოლოდ შალვა რამიშვილს აკლია ერთი კბილი და იმასაც პრინციპული პოზიციის გამო არ იკეთებს. მაგანაც, ვინმეს თითზე (ან ძუძუზე) არ უკბინოს! ჩვენ კი სულ მალე ერთხმად შევძახებთ: «მადლობა ამხანაგ სააკაშვილს ჩვენი ბედნიერი ღიმილისთვის»!

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here