Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო მეზობლების მოძულე ქვეყნად ვერ იქცევა

საქართველო მეზობლების მოძულე ქვეყნად ვერ იქცევა

878


პოლიტიკა ბინძური საქმეა. როცა ეს სიბინძურე გავლენას ახდენს ხალხთა კულტურაზე, ხელოვნებასა და ენაზე, შეცდომაზე მეტია. საყვარელმა კომპოზიტორმა ვ აზარაშვილმა რუსული კლასიკური მუსიკის მიმართ საქართველოში დამოკიდებულებაზე გულისტკივილით ისაუბრა. მე კი საქართველოში რუსული ენის პრობლემებზე, მის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე მინდა გამოვხატო აღშფოთება.

ენა სამყაროს თავისებური მოდელია და მისი ხელყოფა დანაშაულზე მეტია. ეს აქსიომა ყველამ იცის და მაინც უახლოესი მეზობელი ხალხის ენის სწავლება შეიზღუდა სკოლებში, რაც ენობრივ აგრესიად მიმაჩნია. საქმე ისაა, რომ რუსული ენა არჩევით საგნად გამოცხადდა. მაგრამ მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ სასწავლო «ბადეში», ანუ სასწავლო პროგრამაში, რაც სკოლებისთვის სავალდებულოა, მხოლოდ მე-7 კლასიდან დაუშვა. ადრე სკოლებში რუსული ენა მე-4 კლასიდან ისწავლებოდა.

პოლიტიკური კარტების ხელოვნებასა და ენის შესწავლის საქმეში ბოროტად გამოყენება მიუღებელია. მე-7 კლასიდან რომ დაუწყებ მოსწავლეს ანბანის სწავლებას, იქიდან რაც გამოვა, დღესავით ცხადია. ეს მაშინ, როცა ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან მშობლიური ენის პარალელურად დაკანონდა.მშობლებზე უფრო იჭვნეული მოსწავლეები კითხულობენ: რატომ მოხდა, რომ ხელისუფლებამ შეზღუდა რუსული ენის სწავლება? თუ იგი არჩევითია, რად დაუწესეს განსაზღვრული ჩარჩოები?

ყველამ იცის, ყოვლადგაუმართლებელი ეს ქმედება ხელისუფლების დაკვეთით ხორციელდება. პოლიტიკური ელიტა ცდილობს, მენტალური რევოლუცია განახორციელოს. ეს სიძულვილის აშკარა გამოვლინებაა იმ ენისადმი, რომელსაც ევროპის ყველა ქვეყანაში საფუძვლიანად სწავლობენ, რადგან ამ ზესახელმწიფოს აქვს ულევი ენერგორესურსი, გასაღების დიდი ბაზარი, ევრაზიაში მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, სამხედრო თვალსაზრისით, ითვლება ატომურ სახელმწიფოდ. ამ ფონზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება «საქართველოში მომხდარ ლინგვინისტურ რევოლუციასა და ამის შედეგად რუსული გავლენის შემცირებაზე» საუბარი საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებაა. მათი განზრახვა ნათელია: მოსახლეობაზე მოახდინონ ენობრივი ფსიქოლოგიური ზეწოლა.

როცა კულტურის მინისტრი იტყვის: «დღეს საქართველოში რუსული ენის სწავლების არანაირი საჭიროება არ არსებობსო», მინდა შევახსენო პატივცემულ მინისტრს, რომ სწორედ კულტურას, ენასა და ლიტერატურას შეუძლია ყველაზე დაძაბულ მომენტში სასარგებლო დესპანის როლი ითამაშოს ქვეყნებს შორის.

რუსეთი, მისი ენა და კულტურა არ არის ხელწამოსაკრავი. თუ ჩვენს ხელისუფალს სძულს პუტინი, ეს არ ნიშნავს, ქართველმა ხალხმა გაწყვიტოს სულიერი და კულტურული ურთიერთობა დიდი შესაძლებლობის მქონე მეზობელთან. და საერთოდ, რა შუაშია ენის სწავლების შეზღუდვა? თავად ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ხომ იციან რუსული? თითქმის ყოველდღე ურთიერთობენ ამ ენაზე შუააზიელ ყაზახებთან, უზბეკებთან, ყირგიზებთან, ტაჯიკებთან, ევროპელ უკრაინელებთან თუ ბელარუსებთან… მეზობელ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. ვერ გამიგია მომავალმა თაობამ რატომ არ უნდა ისწავლოს რუსული ენა ჯეროვნად და რატომ უნდა შეეწიროს პუტინისა და სააკაშვილის დამოკიდებულებას?

გასულ წელს ეროვნულ გამოცდაზე უცხო ენის სტატუსით რუსული ენა ბევრმა აბიტურიენტმა ჩააბარა, ამან დიდი ხელისუფალი გააცოფა და, ეტყობა, გასცა განკარგულება რუსული ენის სწავლების შეზღუდვა-შემცირებისა. ამ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას მოჰყვა მეორე, ასევე არასასურველი შედეგი, შემცირდა საათობრივი განაკვეთი სკოლებში და, შესაბამისად, _ პედაგოგთა გათავისუფლება სამსახურიდან. სკოლებიდან უშვებენ პედაგოგთა დიდ არმიას, მათ შორის სერთიფიცირებულ რუსულენოვან მასწავლებლებს, რადგან, თუ საათობრივი განაკვეთი არ იარსებებს, არც პედაგოგი დასაქმდება, გინდ აკადემიკოსი იყოს იგი.

დანაშაულად მიმაჩნია კლასიკოსების: პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის, დოსტოევსკისა და სხვათა ბიოგრაფიებისა და შედევრების ამოღება სასწავლო პროგრამიდან, თანამედროვე მწერლების: პასტერნაკის, ევტუშენკოს, ბლოკის, ახმადულინას ნაღვაწთა დამალვა და მათ სანაცვლოდ, შედარებით ნაკლებპოპულარულ შემოქმედთა ნაწარმოებების შეთავაზება. ეს ქართველი მოსწავლეების უფლებების უხეში შელახვაა, რადგან ნებისმიერი კულტურული ერისთვის რუსული მწერლობის მონაპოვარი შეუცვლელი განძია.

სკოლებში რუსული ენის სწავლების შეზღუდვამ გამოიწვია რეპეტიტორებთან ახალგაზრდების მოზღვავება. უფრო გაძლიერდა სწრაფვა და ინტერესი ხელოვნურად გაჩენილი ბარიერის დასაძლევად. ხალხი ბრძენია, მან იცის, რომ პოლიტიკოსების პირად დამოკიდებულებაზე აგებულ უმსგავსობას დაედება ზღვარი. ვიღაცების ამბიციებზე არ იქნება დამოკიდებული ორი მეზობელი ხალხის ბედი. ეს ის პროცესია, რომელიც დროებითია და დაღმართს მუდამ აღმართი მოსდევს.

ერი მუდამ იმისთვის უნდა ემზადებოდეს, აღმართს შეუდგეს, რადგან აღმართს მივყავართ მწვერვალისაკენ, ზეცისკენ, მზისკენ, ესაა მიზანი და ამოცანა.

მჯერა, ჭეშმარიტება იპოვის თავის გზა-სავალს, ხალხი მოეჭიდება იმ ჯაჭვს, რომელიც ორი ერის კულტურულ მემკვიდრეობას გადაარჩენს. არ მოკვდება ურთიერთლტოლვა, კულტურისა და მეცნიერებისადმი, როგორც ერთიანი მსოფლიოს ცივილიზაციის საინტერესო ნაწილისადმი. ამის მოტივაცია იყო, არის და კვლავაც უფრო გაიზრდება. ქართველი ერის გონებრივი მიხვედრილობა და შესაძლებლობა ამაღლდება გარდაუვალ რეალობამდე და დროებით ხელშემშლელ ფაქტორებს სამართლიანობის ქარიშხალი დალეწავს.

ხშირად ვფიქრობ: ის, რაც მოხდა, იქნებ ჩვენი ბრალია, იქნებ ჩვენ დავუშვით უხეში შეცდომა, ვერ შევძელით ისე მოქმედება, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოახერხეს, ნაკლები მსხვერპლის გაღებით.

დაძაბული ურთიერთობა მუშტის პოლიტიკით არ გამოსწორდება. ხომ უნდა ვიცოდეთ, სად და რაში უნდა ვიყოთ პრინციპულები? ხალხი და მათი ენა რა შუაშია? შევეცადოთ, მდგომარეობის უკიდურესი გამწვავებით ჩიხში არ მოვექცეთ. ჩვენს კულტურულ ურთიერთობაში რესურსი არსებობს და ამ საქმეში აჩქარება დაუშვებელია.

ამ პუბლიკაციის მომზადებისას გამახსენდა ერთი ანეგდოტი: «ციყვმა ტყეში ნახა დაგდებული არღანი. იცის, არღანი სასიამოვნო ხმას გამოსცემს, მიახტა და სახელურს დაუწყო ტრიალი, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! საშინელი ხრიალი გადმოიფრქვა, ყურის წამღები და დამთრგუნველი. ციყვი არ ეშვება და სახელურს ატრიალებს და ატრიალებს. ხმაურით შეწუხებული მტრედი მიფრინდა ციყვთან და ურჩია: თავი დაანებე, რასაც აკეთებ, უმეცრებააო. არ დაუჯერა ციყვმა, სახელური ატრიალა და ატრიალა, იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს სასურველ მელოდიას გავიგონებო… მაშინ მტრედმა შესძახა: შეჩერდი, ბრიყვო, ვერ ამჩნევ, სახელურს უკუღმა ატრიალებო?!».

მახსოვს, ნაომარი უფროსი თაობის წარმომადგენლები მიყვებოდნენ, გერმანიასთან სისხლისმღვრელი ომის მიუხედავად, თავში არავის მოსვლია სისულელე, რომ სკოლებში შეეზღუდათ გერმანული ენის სწავლებაო.

არ ვარ პოლიტიკოსი და ამ საქმეში დილეტანტი გახლავარ. არც რუსეთში მიცხოვრია და არც არავინ მყავს ახლობელთაგან იქ, მაგრამ როგორც მოქალაქეს, მაწვალებს ფიქრი: საზოგადოებისთვის მეტად საჭირო რუსული ენა რად უნდა შეიზღუდოს?

ხალხნო, ჩვენ რა ეშმაკი გვეცა? ერთი კაცის, თუნდაც ერთი პარტიის ახირების გამო, მართლმადიდებელი ქვეყნის ენას ტაბუ უნდა დაუწესდეს? გონიერმა ერმა არ უნდა დაუშვას სიბრიყვე, რადგან წინ, გვერდი-გვერდ ცხოვრების საუკუნოვანი გზა გვიძევს.

ხელისუფლებამ ერის სახელით ნარის გლეჯა უნდა შეწყვიტოს. თვალი არ უნდა დახუჭოს იმაზე, რომ ქართველთა დიდი არმია ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში. იქიდან შემოსული ფულები ამსუბუქებს ჩვენს დუხჭირ ყოფას. იქ, ქართველ ხელოვნების მოღვაწეებს ვარსკვლავებს უხსნიან, უმაღლეს პრემიებს ანიჭებენ, თანამდებობებს უთმობენ. ქართული დიასპორა ელოდება ჟამს, როცა დათბება ურთიერთობა უახლოეს მეზობელთან. მათ იციან, სულიერი და კულტურული თანამშრომლობის კრიზისი ახალი დროის მსხვერპლია.

მჯერა, ქართველთა გონიერება გადასწონის და სკოლებში რეფორმის სახელით გაუგებარი და მიუღებელი ქმედებები გამოსწორდება. პოლიტიკა არ ითამაშებს გადამწყვეტ როლს ორი ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებში. ისტორიული კანონზომიერება არ შეეწირება ხელოვნურად დაგებულ ხაფანგს.

ინგლისური ენის საჭიროებაზე არავინ დავობს, მაგრამ იმით გამართლება, რომ ის საერთაშორისო საურთიერთო ენააა და ქედი მოვიხაროთ, მიზანშეუწონელია.

ესაა ოკეანისგაღმელთა მზაკვრული ხერხი და საშუალება, ამით განახორციელოს მსოფლიო გლობალიზება-გაერთიანების დოქტრინა, მიზნის მისაღწევად ენობრივ აგრესიას არ ერიდება.

დედაენასთან ერთად პირველი კლასიდან ინგლისურის სწავლების შემოღება მომავალში გვიქადის იმას, რაც 60 ქვეყანაში მოხდა. იმ საშინელების გააზრებაც მზარავს. მისი გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ დედაენა შეილახება. დახეთ, რა ცბიერება მოიფიქრა ხელისუფლებამ: მასწავლებლებს, რომლებიც ინგლისურს ისწავლიან, ხელფასზე დანამატი ექნებათ, უცხოეთიდან ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოჰყავთ… ერთი სიტყვით, ყოველი მხრიდან უტევენ დედაენას, სარეკლამო წარწერებიდან, ტელეგადაცემებიდან, პრესის ფურცლებიდან. ეს ყოველივე კი ქმნის რეალურ საფრთხეს.

ხელისუფლებამ, აშშ-ის მიბაძვით, ყველა რელიგია თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, რატომ არ შეიძლება ენების შესწავლისადმი თავისუფალი მიდგომა დაკანონდეს? ან რატომ უნდა ისწავლებოდეს ინგლისური მშობლიურ ენასთან ერთად პირველი კლასიდან და რუსული მხოლოდ მე-7 კლასიდან? სად არის აქ სამართლიანობა და დემოკრატიულობა დაცული? სკოლა ბინძური პოლიტიკის ნაწილად არ უნდა ვაქციოთ.

ბორის დავითაია,

მწერალი,

აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურიატი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here