Home რუბრიკები საზოგადოება მარინა ბერაძე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა თავის წევრ ქვეყანას მოუწოდებს, გარკვეული მედიკამენტები...

მარინა ბერაძე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა თავის წევრ ქვეყანას მოუწოდებს, გარკვეული მედიკამენტები ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი ან უფასო იყოს. ჩვენთან ეს მითითება არ სრულდება

944


რატომ არ ასრულებს საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს, როგორ მუშაობს ქვეყანაში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები და აქვს თუ არა მოსახლეობას საჭირო ინფორმაცია, _ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «წინააღმდეგობის მოძრაობის» მედიაომბუდსმენი, ასოციაციის «გვახსოვდეს ჰოპოკრატე» ხელმძღვანელი მარინა ბერაძე.

_ რა სახის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ფუნქციონირებს ამ დროისთვის ქვეყანაში და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია მას?

_ 2011 წელს ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 6 მილიონი ლარი, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. რა იქნება 2012 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხა ჯერ 5 მილიონი ლარით, შემდეგ კი 7 მილიონით შეამცირეს. როგორც ჩანს, სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები აქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მართალია, 2003 წლიდან 2011 წლამდე ჯანდაცვის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ თანხების განკარგვა არასწორად ხდებოდა, მოსახლეობის მდგომარეობას ეს მაინც არ ამსუბუქებდა.

2009 წლის იანვრიდან სამინისტროში გაუქმდა ადრე არსებული სახელმწიფო პროგრამები და შედეგად მოსახლეობის 42% სახელმწიფოს ხარჯზე პირველადი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების, ხოლო 75% სახელმწიფოს ხარჯზე გადაუდებელი დახმარების გარეშე დარჩა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, მოსახლეობას მიაწოდეს ე. წ. ხუთლარიანი დაზღვევა.ჩამოვთვლი ჯანდაცვის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამას, რომელთა გაუქმებამ მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე შედეგი გამოიღო. ესენია: ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, მოსახლეობის ურგენტული (ანუ გადაუდებელი) მომსახურების პროგრამა, ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა.

საყურადღებოა, რომ 2011 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპატარის შენახვის თანხები გაიზარდა 2 მილიონ 635 ათას 900 ლარით, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის ბიუჯეტი 5 მილიონ 167 ათას 500 ლარით შემცირდა. ამას გარდა, საინტერესოა, როგორ ფინანსდება ეს პროექტები. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით 5-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობა ვერ სარგებლობს. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ასაკობრივი ზღვარია დაწესებული, რაც დისკრიმინაციაა. მსოფლიომ მსგავსი მაგალითი არ იცის. მაგალითად, გაურკვეველია, რატომ ეკუთვნის ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსება 60 წლის და უფროს ადამიანს და 59 წლისას არა? ან, მაგალითად, 3 წლამდე ბავშვს თუ ეკუთვნის ოპერაციის დაფინანსება, 5 წლისას რატომ აღარ ეკუთვნის? მართალია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას აქვს ე. წ. სადაზღვევო პაკეტი უმწეოებისთვის, მაგრამ თავად ამ პროგრამებითაც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს, ვინაიდან ოფიციალურად ქვეყანაში უმწეო 1 მილიონ 800 ათასი კაცია, პროგრამაში კი მხოლოდ 900 ათასია რეგისტრირებული. უამრავი ადამიანი გვირეკავს, რომლებიც, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ პროგრამებიდან ამოიღეს.

საერთოდ, ამ პროგრამებში გარკვევა ძალიან რთულია. რომ წაიკითხოთ, გეკუთვნით თუ არა ჯანდაცვის პროგრამიდან დაფინანსება, ძალიან დაიბნევით. უამრავი ქვემდებარე აქტია, რომელთაც ადამიანი ვერ გაიგებს. მაგალითად, წერია, რომ ამ პროგრამების მთავარი მიზანი არის მიზნობრივი ჯგუფებისთვის ფინანსური გარანტიების შექმნა სამედიცინო მომსახურების მიზნით, ანუ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქართული სახელმწიფო ჯანდაცვა ყველას დასახმარებლად არ არის მოწოდებული, არამედ _ მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ამ კრიტერიუმებით შერჩევა კი არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარება. როგორც აწყობთ, ისე არჩევენ, ვინ უნდა დააფინანსონ.

მაგალითისთვის განვიხილოთ ოთხი პროგრამა, რომლებიც ნამდვილად არ არის მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, ასეთია ინფექციური დაავადებების მართვა. ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება თანაგადახდის პრინციპის გამოყენებით. 18 წლამდე პირებისთვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 20%-ს. 80% პროგრამის ხარჯზე იფარება. 18-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქების თანაგადახდის წილი შეადგენს 50%-ს, ხოლო, 60 წლის და უფრო მეტი ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი შეადგენს 30%-ს და, როდესაც ადამიანს აინტერესებს ინფექციური დაავადებების დაფინანსება ხდება თუ არა ქვეყანაში, ხელისუფლების წარმომადგენელი ეტყვის, რომ ხდება, ოპოზიციის წარმომადგენელი ეტყვის, რომ არ ხდება, ანუ თან ხდება და თან არა, მაგრამ მოსახლეობა სათანადო ინფორმაციას არ ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, ხელისუფლების პიარია. გაპიარებულია რომელიმე კლინიკა, სადაზღვევო კომპანია, რაც მოსახლეობისთვის არაფრის მომცემი არ არის.

რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, მუნიციპალური სკრინინგის პროგრამა დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების მიერ, სანდრა რულოვსის სკრინინგის ცენტრიც მუშაობს, მაგრამ ეს პროგრამებიც ეკუთვნით მხოლოდ 40-45 წლის ზემოთ მყოფ პირებს, მანამდე კი მკურნალობა ფასიანია. პროგრამის მიზანია, 18 წლამდე და 60 წლის ზემოთ ასაკის ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ისმის კითხვა: რა უნდა ქნან სხვებმა? გამოდის, რომ მხოლოდ პაციენტის ჯიბიდან არის თანხა გადასახდელი და სტატისტიკურად, 85% საკუთარი ჯიბიდან იხდის მკურნალობის თანხას, ხოლო თუ თანხა არ აქვს, განწირულია. ამიტომაცაა, რომ ქალაქში ბევრი შემთხვევაა, როცა სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის გამო ოჯახი უსახლკაროდ დარჩენილა. ეს არის ტრაგედია.

გულის ქირურგიული პროგრამაც 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს ეკუთვნით. ისევ ისმის კითხვა: სხვებმა რა ქნან? არადა, ბოლო წლებში დაავადება «გაახალგაზრდავდა». გამოდის, რომ ახალგაზრდები სრულიად დაუცველები არიან.

საყურადღებოა, რომ რეფერალური მომსახურების პროგრამის «ა» პუნქტში წერია, რომ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და, რაც საინტერესოა, საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას. გამოდის, რომ სტიქიური უბედურებისა თუ კატასტროფის დროს დაზარალებული ადამიანები მიიღებენ თუ არა სამედიცინო მომსახურებას, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს სტიქიურად და არანაირი შერჩევის კრიტერიუმი არ არსებობს, რატომ უნდა დაფინანსდეს, მაგალითად, პეტრე და პავლე არა.

საინტერესოა, რომ «ბ» პუნქტის მიხედვით ხდება საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა, მათი ოჯახის წევრთა გეგმიური სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. ხომ კარგად არიან დაცულები? მათ ხელფასებიც მაღალი აქვთ, დაზღვევაც და რეფერალური პროგრამაც უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ჩვენ გვეყოლება ჯანმრთელი ხელისუფლება და ავადმყოფი მოსახლეობა ან საერთოდ აღარ გვეყოლება.

მოსახლეობის ურგენტული მომსახურება _ ესეც მხოლოდ 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის. არადა, ამ დროს ოპერაცია ან მკურნალობა სასწრაფოა და, თუ მკურნალობა დაგვიანდა, პაციენტი ან დაიღუპება, ან დაინვალიდდება.

მაგალითად, ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის მკურნალობა უფასოა, მაგრამ ტუბერკულოზის პროგრამით რომ ისარგებლო, ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ ეს დაავადება გაქვს. ანკეტა უნდა გახსნა, 60 ლარი გადაიხადო, შემდეგ სხვადასხვა გამოკვლევა უნდა ჩაიტარო საკუთარი ფინანსებით და ექიმის ზედამხედველობით. ეს ყველფერი კი ფასიანია და ამის საშუალება ბევრს არ აქვს, რადგან ხშირად სოციალური პირობებია ამ დაავადების გამომწვევი, ტუბერკულოზი ღარიბების დაავადებად ითვლება, ამიტომ ხშირად დაგვიანებულია, როცა ექიმს აკითხავენ.

_ თქვენ აღნიშნეთ, მოსახლეობას სათანადო ინფორმაცია არ აქვსო. სამკურნალო დაწესებულებებშიც არ ეუბნებიან პაციენტს, რა დაფინანსება ეკუთვნის?

_ არ ეუბნებიან. საავადმყოფოში თანხის გადახდა, ხომ იცით, როგორც ხდება? ვთქვათ, ხართ დაზღვეული, უნდა უმტკიცოთ სადაზღვევო აგენტს, რომ ნამდვილად ავად ხართ და მკურნალობა გჭირდებათ. ის ეცდება, დაგიმტკიცოთ, რომ თანხა არ გეკუთვნით.

_ რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, რამდენად მისაღები ფასებია საქართველოში?

_ მედიკამენტების ფასები სამ-ოთხჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო არ ერევა ფასწარმოქმნის პროცესში. ეს არის ლიბერტარიანული მიდგომა, რაც მედიცინაში, ჩემი აზრით, მიუღებელია. თავისუფალი ბაზარი ვერ დაარეგულირებს ფასებს, მაშინ, როდესაც კანონმდებლობაში დიდი ხარვეზებია. გამიჯნული არ არის საცალო და საბითუმო ფასები, რაც მონოპოლისტებს შესაძლებლობას აძლევს, თავად დაადგინონ ფასები და მთავარი «მოთამაშეებიც» ბაზარზე თავად იყვნენ.

ამას გარდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა თავის წევრ ქვეყანას მოუწოდებს, გარკვეული მედიკამენტები (ასეთი კი, დაახლოებით 350 დასახელების მედიკამენტია) იყოს ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი ან უფასო.

ჩვენთან ეს მითითება არ სრულდება.

არადა, ეს მედიკამენტები არის სიცოცხლისთვის აუცილებელი, ანუ «ჯენერიკები». არსებობს ზედა ზღვარი, რომლის ზემოთ ფასის მომატება აღნიშნულ მედიკამენტებზე არ შეიძლება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეს მითითება შეასრულოს, მაგრამ ჩვენთან ეს არ სრულდება და ეს მედიკამენტები ჩვეულებრივ იყიდება. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნა და ფარმაცევტული კომპანიები, რასაც უნდა, იმას აკეთებენ.

მედიცინა მეცნიერებაა და არა ბიზნესი. ჩვენთან კი პირიქით _ მედიცინა ბიზნესად იქცა. მთელი ჩვენი სამედიცინო მომსახურება კერძო სადაზღვევო კომპანიების იმედზეა. ხოლო ვისაც დაზღვევა აქვს, ხშირად ისიც ვერ სარგებლობს, ვინაიდან, დაგიმტკიცებენ, რომ არ გეკუთვნის დაზღვევა. პაციენტს არ აძლევენ ექიმისა და სამკურნალო დაწესებულების არჩევის საშუალებას, რაც მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. აუცილებელია, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად არსებობდეს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია ან სისტემა, როგორც დანარჩენ მსოფლიოშია. ჩვენს ნათქვამს ადასტურებს კონტროლის პალატის მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანიების მუშაობა დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს.

_ თქვენ ორგანიზაციას ხელმძღვანელობთ, თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, მაგალითად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის და რა პასუხი მიგიღიათ მათგან?

_ პრესის საშუალებით ვეხმიანებით მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ დროს ხვდებიან გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, მაგრამ რისთვის და რას აკეთებენ, აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან მოსახლეობა რეალურ დახმარებას მაინც ვერ იღებს.

ესაუბრა

შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here