Home რუბრიკები საზოგადოება ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე ხელს ადებს…

ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე ხელს ადებს…

1217


სპეცოპერაცია თუ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმის ლიკვიდაცია?

_ წინა ინტერვიუ სააკაშვილისთვის გაზეთის გამოსაცემად გრანტის თხოვნაზე გაწყვიტეთ… მოგცათ მიხეილმა გრანტი?

_ მე, პროფესორები: ოთარ გამყრელიძე და ზაურ ამილახვარი სააკაშვილს თავის ოფისში ვეახლეთ. ბატონ მიხეილს მაშინ პარლამენტთან ახლოს დიდებული ოფისი «დაეთრია» (რატომ არ ექნებოდა ამხელა ფულის პატრონს!). ბატონმა ოთარმა შეიცხადა კიდეც _ «ბიჭოს! ნახე, რა ოფისი გაუმართიაო!» ირგვლივ ყველაფერს ეტყობოდა, რომ გამალებული პარტიული მშენებლობა მიმდინარეობდა. ახალი თაობის კომკავშირლები საქმიანად ფუსფუსებდნენ. მისაღებში ბატონმა მიხეილმა ცოტა გვალოდინა და მერე ნანატრი შეხვედრაც შედგა. ხმაურიან პარტიის ლიდერს მშვიდად მოვახსენეთ გულის ნადები, იმანაც მოგვისმინა და გვითხრა: «ზუსტად ახლა ვაპირებ პატიული გაზეთის გამოცემას და შეგიძლიათ ჩვენს გაზეთში ითანამშრომლოთო». ჩვენც თავი დავღუნეთ და იმედგაცრუებულები წამოვედით. ქუჩაში ბატონმა ოთარმა შემაჩერა და მითხრა: «ზურაბ, ეგ კაცი ნათესავად მეკუთვნის, მაგრამ ჯობია, მაგისგან თავი შორს დავიჭიროთ, ქვეყანას კარგს არაფერს დამართებსო».

_ და თქვენ რა უპასუხეთ?

_ ცნობილ მეცნიერსა და უაღრესად სპეტაკ მამულიშვილს ტყუილიც კი დაეჯერება, მითუმეტეს უკვე არც მე ვიყავი დიდი წარმოდგენის სააკაშვილზე.

_ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პროცესი რომელი გქონიათ?

_ დაუფიქრებლად შემიძლია გითხრათ, რომ ეს გერმანიაში მოგებული სასამართლო პროცესია. ამ პროცესის სირთულე და მნიშვნელობა რამდენიმე გარემოებით იყო განპირობებული: ჯერ ერთი, ეს პროცესი უშუალოდ მე მეხებოდა. რაკი ჩემი ვექილები ჩემს საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ფაქტობრივად მე ვიყავი საკუთარი თავის ადვოკატი. მეორეც _ ჩემი მოწინააღმდეგე თავად გერმანიის სახელმწიფო იყო და მიგრაციის ფედერალური უწყების წარმომადგენელი თავგამოდებით იცავდა ჩვენს «პროდასავლელ» პრეზიდენტს და რევოლუციურ ხელისუფლებას.

_ როგორ?

_ მაგალითსაც მოგიყვანთ. სასამართლოს წარვუდგინე რამდენიმე გაზეთი, რომლებიც ბატონი მიხეილი ამაყად აცხადებს: «მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურებისა და ერთი წუთით ამას არ ვნანობ. ეს იყო ბანდა აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს… ჩემი ბრძანებით, ჩემი ვერტმფრენებიდან გახსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით… ეს იყო სწორი გადაწყვეტილება». საქმეში «ჩახედულმა» მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ამ არგუმენტთან დაკავშირებით განაცხადა (შემიძლია დოკუმენტურად დავადასტურო მისი მოსაზრება): ჯერ ერთი, ეგ გაზეთი საქვეყნოდ ცნობილი ოპოზიციური და ბულვარული პრესააო, სადაც უამრავ წარმოუდგენელ რამეს წერენო. მეორეც, აფრასიძეებს არავითარი კავშირი არ ჰქონიათ კალაძის საქმესთანო. მესამეც, აფრასიძეების კრიმინალური ოჯახის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა ამგვარი სახის ოპერაციის ჩატარებაო, ამიტომაც საქართველოს პრეზიდენტის ასეთ განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავო.მოსამართლეს პროცესზე პირდაპირ განვუცხადე: «ჩემი რევოლუციონერი პრეზიდენტისგან უკვე აღარაფერი მაოცებს, მე უფრო იმ სახელმწიფოს წარმომადგენლის პოზიცია გამკვირვებია, რომელ სახელმწიფოსაც უდიდესი პრეტენზია აქვს სამართლებრივ სახელმწიფოდ იწოდებოდეს-თქო».

_ სხვა არგუმენტები რა ჰქონდათ თქვენ წინააღმდეგ?

_ ერთი ასეთი არგუმენტიც წარმომიდგინეს: კალაძეების ოჯახი ისე მადლიერია საქართველოს ხელისუფლების, რომ კახი კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელთან ერთად ბიზნესი წამოიწყოო და შენ ვისღა ინტერესებს იცავო.

_ და რა პასუხი გაეცით?

_ ვუთხარი: ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სიცოცხლესა და თავისუფლებას, ჩემი ოჯახის ინტერესებს ვიცავ;

72 წლის პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის ინტერესებს ვიცავ, რომელიც 4 წელია, სრულიად უდანაშაულოდ იხდის სასჯელს;

კალაძის საქმესთან დაკავშირებით დახოცილი 11 კაცის სიცოცხლის უფლებას ვიცავ;

ჩემი დაქუცმაცებული ქვეყნის ინტერესებს ვიცავ, სადაც უგნურ მმართველთა (სამწუხაროდ, არა მხოლოდ მათი) გამოისობით ძალადობა სახელისუფლო პოლიტიკად ქცეულა;

საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ ევროპულ ღირებულებებს ვიცავ, რომელთაც პრეზიდენტი სააკაშვილი გამუდმებით არღვევს და თანაც საჯაროდ გაჰყვირის: «მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურებისა და ერთი წუთით არ ვნანობ ამასო».

მართალი გითხრათ, საგონებელში ჩავვარდი, ისიც კი გავიფიქრე სააკაშვილისგან ამათ ბერლინის კედლის ერთ-ერთი დამანგრეველი შევარდნაძე არ დაიცვეს და მე ვინღა ვარ-მეთქი. უფალს დიდება, გერმანიაში კანონი საეჭვო პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით მართლაც დამარწმუნა, რომ გერმანია სამართლებრივი სახელმწიფოა.

_ მიგრაციის ფედერალურმა უწყებამ არ გაასაჩივრა?

_ საბედნიეროდ, არა. სხვათაშორის, ჩემი გერმანელი მეგობრები მეუბნებოდნენ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაგისაჩივრებენ, მაშინ ტრანსპარანტებით მოვალთ და მიგრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას გავმართავთო. ძალიან საინტერესო ხალხია გერმანელები: თუ მიგიღეს, გვერდითაც დაგიდგებიან და სიტყვასაც არ გატეხენ. ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მათგან, თუნდაც წესრიგი, კანონისადმი პატივისცემა და შრომისმოყვარეობა. გერმანიაში ვერ ნახავთ დანგრეულ, შელახულ ძველ ეკლესიას ან ისტორიული მნიშვნელობის შენობას. ის ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ, ომის დროს ინგლისის ავიაციამ მიწასთან გაასწორა. ომის შემდეგ გერმანელებმა ნანგრევებიდან აკრეფილი ქვებით ისევ ძველი ქალაქი აღადგინეს. აქ ყველაფერს ისტორიის ხიბლი დაჰკრავს. ჩვენთან კი რევოლუციონერებმა არა მარტო წარსულს გადაუსვეს ხაზი, არამედ ის თაობები დამარხეს ცოცხლად, ვის მხრებზეც უნდა იდგეს სახელმწიფო.

_ ბატონო ზურაბ, თქვენ იყავით კალაძის ადვოკატი, ახლა კი ხართ პოლიტდევნილი და გერმანიაში ცხოვრობთ. რატომ დატოვეთ საქართველო და რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა თქვენზე?

_ ზეწოლები და ძალადობები თავდაპირველად პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის მიმართ განხორციელდა. გარკვეული პერიოდი მასთან კონტაქტს ვერიდებოდი და სრულიად დამოუკიდებლად ვაწარმოებდი კალაძის საქმეზე მუშაობას, მისმა თანამებრძოლებმა თითქმის ყველამ მიატოვა. სწორედ მაშინ განაცხადა სასოწარკვეთილმა პოლკოვნიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში: «ჩემი ბოლოდროინდელი დაკვირვებით, ერთ აღმაშფოთებელ დასკვნამდე მივედი. რაგინდ გასაოცარი იყოს, ქურდები ზნეობრივად უფრო მაღლა დგანან შს სამინისტროს ზოგიერთ კორუმპირებულ მაღალჩინოსანზე». 2006 წლის მარტში როცა ერთ-ერთმა გაზეთმა ჩემთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, მან აღფრთოვანებულმა მითხრა: «ბატონო ზურაბ, გმირი ის კი არა არის, ვინც უეცრად შექმნილ გარემოებაში ჩაიდენს უჩვეულო საქციელს, არამედ ის, ვისაც ნათლად აქვს გაცნობიერებული, თუ რა საშიშროება მოჰყვება მის ქმედებას, მაგრამ ღირსება აიძულებს, საბედისწერო ნაბიჯი გადადგას. შენ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, ვინაიდან თავიდანვე იცოდი, თუ რა საფრთხე ელოდა იმ ლოდის დამძრავს… მაშინ არ დაგიჯერე, თურმე მართალი ყოფილხარო».

დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრე ბატონი ბათუ გავაფრთხილე, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას აპირებდნენ, ვურჩიე, იქაურობას გარიდებოდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა. სამწუხაროდ, არც ამ შემთხვევაში დამიჯერა. მალე იგი დააპატიმრეს და სწორედ ის ბრალდება წამოჰკიდეს, რასაც სხვას იქეთ ედავებოდა.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია. საფუძვლად კი აი რა დაუდეს: აფრასიძეების მოსამსახურე მურავიოვი «გაპრესეს» და აიძულეს, ეთქვა, თითქოს ბათუ საღინაძე დაემუქრა და ათქმევინა ლევან კალაძე და მარიამ გოგინაშვილი აფრასიძეებთან იმყოფებოდნენო. შემდეგ ბათუ საღინაძის მოადგილე ვახტანგ ბიბილაია დაიჭირეს და აიძულეს, თავისუფლების სანაცვლოდ თავისი უფროსის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა. ამას დაუმატეს ახალი შეთითხნილი ბრალდება. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ბათუ საღინაძე ოჯახთან ერთად სპეცნაზმა სრულიად უკანონოდ გამოაძევა და მის ქონებას შს სამინისტრო თვითნებურად დაეპატრონა. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი გამომძიებელმა უკანონოდ მითვისებულ შენობაში ჩხრეკა ჩაატარა და იქ არარეგისტრირებული იარაღი «აღმოაჩინა». ამაზე დიდი ცინიზმი და კანონის აბუჩად აგდება ბევრისმნახველ ადვოკატსაც კი გააოცებს. თქვენ წარმოდგინეთ, უპატრონო რუსმა, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ 9-წლიანი პატიმრობა წამოჰკიდეს, სასამართლო პროცესზე ორჯერ შეცვალა ჩვენება და ბათუ საღინაძის წინააღმდეგ ჩვენების გამოძალვაში ირაკლი კოდუას უწყება და კონკრეტულად მისი მოადგილე დავით გოგიბერიძე ამხილა. ასე რომ, პოლკოვნიკის ზემოთ გამოთქმულ შეხედულებას საფუძველი გააჩნია. ეს უთვისტომო რუსი გაცილებით ზნეობრივი აღმოჩნდა, ვიდრე მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. სხვათა შორის, ერთი წლის შემდეგ იგივე გოგიბერიძე აიძულებდა ერთ-ერთ ბრალდებულს, ჩემ წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

_ და ვინ იყო ეს ბრალდებული?

_ ეს პიროვნება ამჯერად პატიმრობაშია, ამიტომ არ მინდა მისი ვინაობა გავამჟღავნო; თავს შევიკავებ იმ პიროვნების დასახელებაზეც, ვინც ამ ფაქტის დამადასტურებელი აუდიოფირი გადმომცა.

_ ბატონო ზურაბ, რა როლს თამაშობდა ამ ყველაფერში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი?

_ თავად განსაჯეთ. ჩემ მიმართ წამოწყებული ზეწოლების თაობაზე «რეზონანსისთვის» მიცემულ ინტერვიუშიც აღვნიშნე. პირველი აშკარა მუქარა და წინააღმდეგობა სწორედ მინისტრის ნდობით აღჭურვილ გოგიბერიძისაგან წამოვიდა. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ კონსპირაციის პირობა დაირღვა, ამიტომაც, ბუნებრივია, ეს ამბავი მეორე დღესვე მოვახსენე მერაბიშვილს. ვუთხარი, რომ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისი სახელი დაერქმეოდა ლევან კალაძის გატაცების საქმის გახსნას, რომ ჩემს ინტერესში მხოლოდ გამოძიების წარმატებით დასრულება შედიოდა. შევთავაზე ჟურნალისტის ინფორმაციის გადამოწმება ყველა დაინტერესებული სამსახურის ხელმძღვანელების მონაწილეობით და, თუ ტყეში მართლაც იქნებოდა აფრასიძეების იარაღითა და ფულით სავსე ბუნკერი, იქვე კი კალაძის საფლავიც, მაშინ გვეცოდინებოდა, როგორ გადაგვედგა შემდეგი ნაბიჯი, და თუ იქ ვერაფერს აღმოვაჩენდით, მაშინ ნათელი იქნებოდა, რომ კალაძეებიდან 200 000 დოლარის წაღებას სხვა განზრახვა ედო საფუძვლად. მინისტრს ისიც ვუთხარი, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ იმის გარკვევა აუცილებლად მოგვიწევდა, თუ ვისი გადაწყვეტილებით ჩატარდა სვანეთის სპეცოპერაცია, რომელსაც ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოწმის ლიკვიდაცია მოჰყვა.

_ რომელი სამსახურები გყავდათ მხედველობაში?

_ ირაკლი კოდუასა და ლევან გვაზავას სამსახურები, ანუ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

_ და რა გითხრათ მინისტრმა მერაბიშვილმა?

_ როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე იმოქმედეო. მინისტრიდან როგორც კი გამოვედი, ნახევარ საათში გოგიბერიძეს დავურეკე და ვუთხარი, ბატონ ვანოსთან ყველაფერი შეთანხმებულია, სვანეთში ბუნკერის სანახავად უნდა წავიდე-თქო. გოგიბერიძემ პირდაპირ მომახალა: «შენთან შეხვედრის არავითარი სურვილი არ მაქვს და ისიც ძალიან კარგად ვიცი, როგორ დაინიშნე მაგ თანამდებობაზე, მალე ყველაფერი გაირკვევაო» და ტელეფონიც გამითიშა. გაოგნებულმა ისევ მინისტრს მივაკითხე, ის დაფიქრდა და მითხრა დაგიკავშირდებითო.

_ დაგიკავშირდათ ვინმე?

_ კი, რამდენიმე დღეში მართლაც დამირეკა კარლო კალაძემ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მომახალა _ ჩემს საქმეს უნდა ჩამოშორდეო. მივხვდი, რომ კარლოზე ძალიან მაგრად იმუშავეს და ჩემ საწინააღმდეგოდ განაწყვეს. იყო ასეთი შემთხვევაც. ერთხელ იმ ჟურნალისტს შევხვდი, ვინც ბუნკერისა და ლევან კალაძის საფლავის ჩვენებას მპირდებოდა, შეხვედრიდან ნახევარ საათში კარლო კალაძემ დამირეკა და გაბრაზებულმა მითხრა _ იმ საფლავში დაგმარხავ, მაგ ქალში როგორ გამცვალეო.

_ რა მოხდა, რამ გააცოფა ასე?

_ მართალი გითხრა, მისგან ეს არ გამკვირვებია.

_ რატომ!?

_ იმიტომ, რომ ვიცოდი, რა მისი ემოციური ბუნების შესახებ, საქმის ირგვლივ მას ყველაფერს არ ვეუბნებოდი. კარლო კალაძემ, მაგალითად, არ იცოდა ჟურნალისტის ინფორმაცია აფრასიძეების ბუნკერისა და სავარაუდო საფლავის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. სამაგიეროდ, კახი კალაძეს ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებდი. ამ ამბის მერე სასწრაფოდ დავურეკე კახას იტალიაში, მოკლედ ავუხსენი ყველაფერი და ისიც ვუთხარი, თქვენი გულისთვის, იცი, რამხელა რისკზე მივდივარ და თუ შენც მამაშენივით ფიქრობ, მაშინ ახლავე ვწერ განცხადებას, მერაბიშვილის თანაშემწეობა ჩემს პირად ინტერესში არ შედის-თქო. კახამ მითხრა, ძალიან გთხოვ, ამას ნუ იზამ, ჩემს ჩამოსვლას დაელოდე და ყველაფერს გავარკვევო.

_ მოდი ისევ კარლო კალაძეს დავუბრუნდეთ. რაში გამოიხატებოდა კარლო კალაძის ემოციური ბუნება?

_ გითხარით, კარლო კალაძე ძალიან ემოციური კაცია, თავსდატეხილმა ტრაგედიამ გონება აურია და ხშირად დახვეწილი არამზადები თავის ჭკუაზეც ატარებდნენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ლევან კალაძის გატაცებიდან რამდენიმე კვირაში გამტაცებლები, რომლებიც სისტემატურად უკავშირდებოდნენ კარლო კალაძეს და გატაცებულის მათთან ყოფნის უტყუარ მტკიცებულებებსაც უგზავნიდნენ, 65 ათასი დოლარის აღებას დათანხმდნენ და, შესაბამისად, ხობის ოპერაციაც დაიგემა. დამნაშავეები დარწმუნებული იყვნენ, ფულს რომ აიღებდნენ და არც არაფერს ერიდებოდნენ. მაგალითად, როცა კარლო კალაძემ ხობის ტყეში შესვლაზე უარი განაცხადა, მაშინ მათ სრულიად უსაფრთხო ობიექტზე _ პირველი მაისის ბაქანზე შესთავაზეს ფულის მიტანა. აი ამ დროს მიიღო ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება, ოპერაცია შეეწყვიტათ. რა უნდა გამხდარიყო ამ შემთხვევაში ოპერაციის შეწყვეტის მიზეზი? კარლოს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა თუნდაც იმიტომ, რომ გამტაცებლებს ფული აინტერესებდათ და არა კარლო კალაძე. ფული დანომრილი იყო, კარლოს მანქანაში ორი პოლიციელი ეჯდა და ოპერატივნიკების არმიაც ახლდა თან. დატოვებდა ფულს ბატონი კარლო ღია ობიექტზე და, რა თქმა უნდა, საქმეც წარმატებით დაგვირგვინდებოდა, მაგრამ, როგორც გითხარით, გაისმა ზემოდან ბრძანება და ოპერაციაც შეწყდა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ბატონმა კარლომ დამნაშავეების პირობები არ დაიცვა. დამნაშავეები აფრთხილებდნენ, ფული ისე მოიტანე, კუდი არ მოაყოლო, თორემ თავს დაიღუპავო. ანდა პოლიციამ უკვე მოახდინა დამნაშავეთა გაშიფვრა, მათ სამხილებლად საჭირო მასალის მოპოვება და ოპერაცია შეწყვიტა. სხვა არგუმენტით მათი საქციელის ახსნა ძნელია. ამ ოპერაციის შემდეგ დამნაშავეები მიჩუმდნენ, მაგრამ კარლოს ახლობელი ლეჟავა დაუკავშირდა და უთხრა, ეგ შენი პოლიცია არაფრის მაქნისია, ამ საქმეს ისევ «შავები» თუ მოუვლიანო. ლეჟავამ კალაძეებს ვინმე კაზინოში მომუშავე ხუნდაძე შეახვედრა და იმანაც აქტიური «მოღვაწეობა» გააჩაღა ქურდულ სამყაროსთან.

_ და ამ მოღვაწეობას ისინი უსასყიდლოდ ახორციელებდნენ?

_ ლეჟავამ კალაძეებს სახარჯოდ 2000 დოლარი გამოართვა და არც ისინი მჯდარან გულხელდაკრეფილები, ვიღაცებს ხვდებოდნენ. ლეჟავა იმასაც კი ეუბნებოდა კარლო კალაძეს, რომ ამ საქმეში ტარიელ ონიანიც ჩავრთეთ და, თუ გინდა, ამის თაობაზე ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს თავად შეეხმიანეო. შუამავლები კალაძეების ნაბიჯსაც ზედმიწევნით აკონტროლებდნენ და რამდენიმეჯერ მიანიშნეს, შეთანხმების პირობები ირღვევაო. ერთხელაც პოლიციასთან თანამშრომლობაში მხილებულმა კარლო კალაძემ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლეჟავამ აცნობა, ტელეფონები ისმინება და პირადად მე საქმეს ჩამომაშორესო, ნერვებმა უმტყუნა, ლეჟავა სცემა და მოკვლითაც დაემუქრა. დაზარალებულმა ლეჟავამ ამ ძალადობრივი ფაქტის გამო განცხადებით მიმართა სამართალდამცველებს. არც კარლო კალაძე დარჩა ვალში და მისი საჩივრის საფუძველზე მავანი იძულებული გახდა, გაშიფრული თანმშრომლები ხუნდაძე და ლეჟავა თაღლითობის ბრალდებით დაეპატიმრებინა. აი ასე ჩაშაილა მეორე მცდელობა, კალაძეებისაგან როგორმე ფული დაეცანცლათ და, რაც მთავარია, დაიბლოკა მათი ინფორმაციების გადამოწმების შესაძლებლობაც.

_ იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, კიდევ რაში გამოიხატებოდა ხუნდაძისა და ლეჟავას მხრიდან კალაძეების მხილება?

_ ამ კუთხით განსაკუთრებით ხუნდაძე იყო დეტალურად ინფორმირებული. მაგალითად, იგი პირდაპირ ეუბნებოდა კალაძეებს, აი თქვენ გუშინ მინისტრის მოადგილე კახა ბაკურაძეს შეხვდითო. კალაძეები უარობდნენ, რას ამბობთ, ჩვენ პირობებს როგორ დავარღვევთო. არადა, ეს სრული ჭეშმარიტება იყო. მეტი დამაჯერებლობისთვის ხუნდაძე მათი თანდასწრებით რამდენიმეჯერ ტელეფონით ესაუბრა სამინისტროს მნიშვნელოვან პერსონებს და შს სამინისტროს იმდროინდელ ხელმძღვანელ კახა თარგამაძესთან დაახლოებულ პირებს. უფრო მეტიც, მან პირდაპირ უთხრა კალაძეებს, ჩვენ შავებთანაც კარგად ვართ და წითლებთანაცო.

_ კალაძეებს რომ სამართალდამცავების გარეშე დამნაშავეებისათვის ფული გადაეცათ, ბიჭს დააბრუნებდნენ?

_ მთლად ასეც არ არის, ამ შემთხვევაში ბევრ ფაქტორს აქვს არსებითი მნიშვნელობა. რა მიზანს ისახავდა გამტაცებელი: მხოლოდ ანგარებას თუ სხვა განზრახვა ჰქონდა? მძევლის დაბრუნების შემთხვევაში, ხომ არ ემუქრებოდა მათ საშიშროება და ა.შ. მე თქვენ გატაცების სხვა მაგალითსაც მოგიყვანთ, სადაც ფულის გადაცემას უფრო სავალალო შედეგი მოყვა. პარალელურად ამ საქმესაც ვაწარმოებდი.

_ რომელი გატაცება გაქვთ მხედველობაში?

_ ლევან კალაძის გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის მაისში, წყნეთიდან 14 წლის მარიამ გოგინაშვილი გაიტაცეს. მარიამის მამა თამაზ გოგინაშვილი პოლიციის პოლკოვნიკი იყო, დამნაშავეთა სამყაროსთან გადახლართულ სამართალდამცავებსაც კარგად იცნობდა და წინ კალაძის გატაცების მაგალითიც ედო. ამიტომ გამწარებული მამა სასწრაფოდ დაყაბულდა დამნაშავეებს და დაპირებისამებრ 70 ათასი დოლარი თითქმის ქალაქის ცენტრში დათქმულ ადგილზე გადასცა (დაუგდო). დამნაშავეებმა ფული აიღეს, მაგრამ ბავშვი არავის დაუბრუნებია. მიუხედავად სხვადასხვა შედეგისა, ამ ორი საქმიდან საინტერესო დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. კალაძეების შემთხვევაში ფულის გადაცემას პოლიცია აკონტროლებდა და ამიტომ ფულის გადაცემა არ მოხდა. გოგინაშვილის შემთხვევაში ფულის გადაცემას ოფიციალურად პოლიცია არ აკონტროლებდა და დამნაშავეებმაც უპრობლემოდ აიღეს ფული და მიიმალნენ. ე.ი. ორივე შემთხვევაში დამნაშავეებმა იცოდნენ (ინფორმირებულები იყვნენ), როდის უნდა აეღოთ ფული და როდის არა. მოგვიანებით ზუსტად ასე მოხდა კალაძეების შემთხვევაშიც. როცა კალაძეები მიხვდნენ, უფრო სწორედ მიახვედრეს, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა შედეგს არ მოგიტანთ და ფული მათ გარეშე უნდა გადმოგვცეთო, შედეგმაც არ დააყოვნა და დამნაშავეებმა ფული უპრობლემოდ აიღეს. არის კიდევ სხვა მომენტებიც. მაგალითად, ორივე შემთხვევაში დამნაშავეების მოძრაობის მარშუტი თითქმის იდენტური იყო და ფაქტებსაც თითქმის ერთსა და იმავე ადგილებზე დებდნენ.

_ ბოლო ბოლო, ვინ არის ამ ფულების ამღები?

_ აი მაგის გარკვევას რომ შევეცადეთ მე და ბათუ საღინაძე, ამიტომაც მოვყევით იმ მძიმე ლოდის ქვეშ.

_ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე რა როლს თამაშობდა ამ საქმეში?

_ ბატონი გიორგი ბარამიძე უშუალოდ მონაწილეობდა აფრასიძეების სპეცოპერაციაში. მან ზუსტად იცის, სად, რომელ კაბინეტში გადაწყდა და დაიგეგმა ეს სისხლიანი ოპერაცია, თუმცა ყველაფერი ნათელია, ამ დანაშაულებრივ «სამხედრო ოპერაციაზე» პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბატონმა სააკაშვილმა. უფრო მეტიც, «ვარდების რევოლუციის» წლისთავზე, მოსახლეობას «ბუკლეტები» დაურიგეს. მასში რევოლუციის 7 დიდი მონაპოავრი იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ერთ-ერთი აფრასიძეების სპეცოპერაცია გახლდათ. ხედავთ როგორმა თავბრუდამხვევმა «წარმატებებმა» გადაადგმევინეს ნაბიჯი ჩვენს «ყოვლისშემძლე» პრეზიდენტს, რუსეთის არმიას შერკინებოდა? ეს ყველაფერი სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.

_ მალე 6 წელი გახდება, რაც ბათუ საღინაძე სასჯელს იხდის, თქვენ კი მის საქმეს აწარმოებთ სტრასბურგში. რა პერსპექტივა აქვს საქმეს?

_ აფხაზეთიდან დევნილმა პოლკოვნიკმა ბათუ საღინაძემ თავისი მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ამ ფონზე განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მისი უკანონოდ და ცინიკურად დასჯა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც უცხადესად ააშკარავებს დამნაშავე ხელისუფალთა სახეს, მათი მმართველობის სტილს. უბრალო ადამიანებს ზოგჯერ ვერ მოსთხოვ, ობიქტურად შეფასოს ესა თუ ის მოვლენა, ვინაიდან ისინი ხშირად თავსმოხვეული საინფორმაციო ველის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. აღშფოთებას უფრო კომპეტენტური ექსპერტებისა და ორგანიზაციების სირაქლემას პოზა იწვევს. მხედველობაში მაქვს გარემოება, როცა მავანი არაჯანსაღი პოლიტიკური ინტერესების გამო თვალს ხუჭავს საქართველოში გამეფებულ უკანონობაზე და ცდილობს, მიჩქმალოს იგი. ასეთ დროს გეუფლება განცდა, რომ დასავლეთს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის ფორპოსტია, ყველაფერი წესრიგში არა აქვს. ზოგჯერაც ეჭვი მაწვალებს, რომ აქაც ორმაგი სტანდარტები ბოგინობენ და საყოველთაოდ აღიარებული ევროპული ქარტია მხოლოდ ფარატინა ქაღალდია.

_ რას ეფუძნება თქვენი ეჭვი?

_ ამის საფუძველს მაძლევს პირადი გამოცდილება და განსაკუთრებით ბათუ საღინაძის საქმე. 2010 წლის 27 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მართალია, ბათუ საღინაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გვერდი აუარა უმთავრესი საკითხის განხილვას. კერძოდ, არის თუ არა ბათუ საღინაძე პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და უდანაშაულოდ მსჯავრდებული? უფრო მეტიც, მხოლოდ სტრასბურგში ჩასვლის შემდეგ გავარკვიე, რომ ბათუ საღინაძის მესამე უმთავრესი საჩივარი, რომელიც მის უკანონო მსჯავრდებას ეხება, განუხილველად არის დატოვებული, ანუ საქმე დახურულია. ამის შესახებ კი არც პატიმრობაში მყოფმა პოლკოვნიკმა და არც მისმა ადვოკატებმა არაფერი იცოდნენ.

_ ჩვენს ხელისუფლებას სტრასბურგშიც ჰყავს თავისი ლობისტები?.

_ ამ ამბავმა მეც დიდი ეჭვი გამიჩინა. ამგვარი ფარული თუ აშკარა მხარდაჭერით წახალისებული საქართველოს ხელისუფლება არად დაგიდევს თვით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავს არიდებს მის აღსრულებას. მხედველობაში მაქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ბათუ საღინაძის ოჯახის ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, მდგომარეობა კი საგანგაშოა. უდანაშაულო პოლკოვნიკს ჩვენმა «სამართლის ქურუმებმა» 7 წელი მიუსაჯეს, თითქმის 6 წელია, იგი ციხეშია გამომწყვდეული. ბათუ საღინაძე მალე 74 წლის გახდება, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, ხელისუფლება კი გაუტეხელი პოლკოვნიკის უმოწყალო დასჯას კვლავაც განაგრძობს. ორიოდე კვირის წინ საჩივრით მივმართე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. მოუთმენლად ველი პასუხს.

_ მას ხომ თუნდაც ასაკის გამო ეკუთვნის ვადაზე ადრე განთავისუფლება?

_ მრავალი გარემოებაა იმისათვის, რომ იგი გაათავისუფლონ, მაგრამ დაჟინებით მოითხოვენ, არარსებული დანაშაული აღიაროს. სამაგიეროდ, გირგვლიანის მკვლელები ჩვენმა «დემოკრატმა» პრეზიდენტმა, კარგა ხანია, შეიწყალა. აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე.

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here