Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

919


დიპლომატიური ორთაბრძოლები

დღეს უკვე მეორედ ვიწვევთ ჩვენს ერთგულ მკითხველებს დიდი საუბრისთვის იოსებ სტალინის შესახებ. ეს შეხვედრები, ისეთი პირი უჩანს, წლის ბოლომდე გასტანს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ უმთავრესი პრინციპი, რომელსაც ვუერთგულებთ, იქნება სიმართლე!

სიმართლე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ისე მალავს, როგორც კეისარი ცნობილი ფორმულით საკუთარი ცოლის ღალატს.

მაგრამ: იალტის კონფერენციის დროს ევროპის ომისშემდგომი ბედის ერთ პასაჟზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი სტალინს ეტყვის:

«ვისურვებდი, რომ პოლონეთის არჩევნები, როგორც კეისრის ცოლი, ეჭვებზე მაღლა იდგეს.

_ კეისრის ცოლზე, _ უპასუხებს სტალინი, _ ასე მხოლოდ ამბობდნენ. სინამდვილეში მას რაღაც ცოდვები ჰქონდა».

ხომ მიხვდით, რაზეც მიგანიშნებთ…

სურთ, სიცრუესა და ტყუილში გვაცხოვრონ.

ხალხის მოტყუება?!

მოდით, კიდევ ერთ პარალელს შემოგთავაზებთ, ბატონებო, და დასკვნის გაკეთება თქვენზე იყოს.

სტალინის პირადი თარჯიმანი ბერეჟკოვი, რომელიც ხრუშჩოვის პერიოდში ანტისტალინისტურ კამპანიაში აქტიურად იყო ჩაბმული, მაგრამ ისტორიული ფაქტების ობიექტურად გადმოცემის უნარი შერჩენილი ჰქონდა (ინტერპრეტაციაზე რა მოგახსენოთ!), ზუსტად აღადგენს სტალინის სიტყვებს, რომლებიც მან იმავე იალტაში ინგლისის პრემიერის _ ჩერჩილის სადღეგრძელოს საპასუხოდ წარმოთქვა:«კავშირში მყოფმა მოკავშირეებმა არ უნდა მოატყუონ ერთმანეთი. ეგებ ეს გულუბრყვილობაა? გამოცდილმა დიპლომატებმა შეიძლება თქვან: «ვითომ რატომ არ უნდა მოვატყუო ჩემი მოკავშირე?!» მაგრამ მე, როგორც გულუბრყვილო ადამიანს, მიმაჩნია, რომ უმჯობესია, არ მოვატყუო ჩემი მოკავშირე, თუნდაც სულელი იყოს. შეიძლება ჩვენი კავშირი ასე მტკიცეა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვატყუებთ ერთმანეთს, ან, იქნებ, იმიტომ, რომ არც ისე ადვილია ერთმანეთის მოტყუება?..»

მოკავშირეთა შორის ურთიერთობის მართალ პრინციპზე ლაპარაკობდა სტალინი.

ესენი საკუთარი ხალხის მოტყუებას ცდილობენ(?!).

სიგიჟეა!

ცნობისთვის: «პერესტროიკის» პერიოდში ბერეჟკოვი, რომელსაც ამ დროს საკმაოდ დამცხრალი ჰქონდა ანტისტალინური პათოსი, თბილისში ჩამოვიდა. ნუგზარ ფოფხაძის რჩევით, საქართველოს ტელევიზიაში მოვიწვიეთ. თენგიზ სულხანიშვილმა ჩაწერა მასთან ინტერვიუ, რომელშიც სტუმარმა სტალინის ზემოთ ციტირებული პასაჟი უცვლელად გაიმეორა.

სიმართლეს უერთგულებს-მეთქი «საქართველო და მსოფლიო» დაწყებულ ციკლში, ამიტომ მოგახსენეთ დღევანდელი პუბლიკაციის ამ შესავალში.

ბობოქარი ან იუზეფი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სტალინს მოუწია აქტიური დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩატარება გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, იტალიის ხელმძღვანელებთან. ამ კონტაქტებში მონაწილეობდნენ არა იმდენად მთავრობათა მეთაურები, რამდენადაც ამ ქვეყნების ლიდერები, ხელმძღვანელები, რომლებსაც სახელმწიფოების ურთიერთობის საკითხებში ჭიპი ჰქონდათ მოჭრილი.

ამ თვალსაზრისით, იუზეფ პილსუდსკი განსაკუთრებით გამორჩეული ფიგურა იყო. 1918 წელს მასთან პოლონეთის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელები მივიდნენ და მიმართეს:

_ ამხანაგო პილსუდსკი!

_ ბატონებო, მე თქვენი «ამხანაგი» არ ვარ. ჩვენ ოდესღაც ერთად ჩავსხედით წითელ ტრამვაიში, მაგრამ იქიდან ჩამოვედი გაჩერებაზე «პოლონეთის დამოუკიდებლობა». ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, მაგრამ მომმართეთ, თუ შეიძლება, «პან» («ბატონო»).

იოზეფ პილსუდსკი 1867 წელს დაიბადა ქალაქ ჟულევში, იყო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი და ზიზღით აივსო ამ იმპერიისადმი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში. ეს გრძნობა მას პოლონეთის სიყვარულთან ერთად მთელი ცხოვრება თან გაჰყვა, რუსოფობია მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო _ გამოკვეთილი, გამონაკლისის გარეშე. შამაგიეროდ, მისი სოციალურ-პოლიტიკური ორიენტაცია ფრიად ბუნდოვანი იყო და უპრინციპობით გამოირჩეოდა. ამასთან, არც გაბედულება აკლდა, არც თავისთავადობა.

ერთი დეტალი მისი ბიოგრაფიიდან ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. ერთხელ, როცა იგი სტამბაში აწყობდა სტატიას «თავისუფალი სიტყვის ზეიმი», თავს პოლიცია დაადგა. დააპატიმრეს და ვარშავაში, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ციხეში მოათავსეს, სადაც მას ზედამხედველობდა კაპიტანი დენიკინი: პოლონეთის მომავალ მარშალს თვალყურს ადევნებდა მომავალი თეთრგვარდიელი გენერალი.

პირველი მსოფლიო ომის დროს პილსუდსკი ავსტრიელებს ასი ათასი პოლონელი მოხალისის გამოყვანას დაჰპირდა, მაგრამ ამის მეათასედის შეგროვებაც ვერ მოახერხა.

1916 წლის ნოემბერში პოლონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება მისი აქტიურობის შედეგადაც მოხდა. მომდევნო წელს რუსეთის დროებითმა მთავრობამ ცნო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა. გერმანიის სარდლობა მას, როგორც რუსეთის ჯაშუშს(!), აპატიმრებს და მაგდებურგის ციხეში გამოკეტავს. პილსუდსკი თავისდაუნებურად პოლიტპატიმრის სტატუსს იღებს და გერმანიის იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლისა და სოციალ-რევოლუციონერის შარავანდედით იმოსება. და თუ (მიაქციეთ ყურადღება!) სრული საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ სტალინი ჩავთვალოთ «ადამიანად, რომელმაც თავისი თავი შექმნა», პილსუდსკი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ომებისა და რევოლუციების თავნება ეპოქამ გამოძერწა.

1918 წელს გერმანიის რევოლუციის ფონზე იგი საზეიმოდ გაათავისუფლეს ციხიდან, პოლონეთში კი მიიღეს როგორც ეროვნული გმირი და სახელმწიფოს დროებით ხელმძღვანელად, სახალხო ბელადად გამოაცხადეს.

თავდაჯერებულმა პილსუდსკიმ, რომელსაც აკვიატებული ჰქონდა დიადი რეჩ-პოსპოლიტას იდეა, კიევის წინააღმდეგ გაილაშქრა. მისი რწმენით, პოლონეთის სახელმწიფო ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე უნდა გადაშლილიყო და მოეცვა ლიტვის, ბელორუსიისა და უკრაინის ტერიტორიები. «ბელორუსია, ლიტვა, უკრაინა ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველია,» _ აცხადებდა იგი.

ალბათ, ძნელი არ არის პილსუდსკის ამ პოზიციისა და ჰიტლერის დამპყრობლური პოლიტიკის მსგავსების დაფიქსირება _ «სასიცოცხლო სივრცის» მიტაცება საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ.

როგორც ვთქვით, პილსუდსკი შეიჭრა უკრაინაში. ხელთ იგდო კიევი. ზუსტად ამ დროს ყირიმიდან ბარონმა ვრანგელმა დაძრა თავისი შეიარაღებული ძალები პოლონეთის არმიასთან შესაერთებლად.

კომინტერნის მეორე კონგრესის მოწოდების საპასუხოდ, დასავლეთ ევროპის მუშები ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის მხარდასაჭერად დაირაზმნენ _ საბოტირებდნენ პოლონეთისადმი თავიანთი მთავრობების სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას. პილსუდსკი თავისდაუნებურად მსოფლიო რევოლუციური ხანძრის გამჩაღებლის როლში მოგვევლინა!

ივლისში დაიწყო წითელი არმიის დასავლეთის ფრონტის ჯარების, რომელთაც ტუხაჩევსკი სარდლობდა, შეტევა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როცა წითელი არმია შეტევის ტალღაზე პოლონეთში შეიჭრა და ვარშავას აღებით დაემუქრა. მაშინ იფეთქა პოლონელთა ნაციონალიზმმა და პატრიოტიზმმა, ისინი აღსდგნენ სამშობლოს დასაცავად და ტუხაჩევსკის შეტევა სრული კრახით დასრულდა: 25 ათასი წითელარმიელი ტყვედ ჩავარდა და თითქმის ყველა ან დახვრიტეს, ან ავადმყოფობის და გაუსაძლისი პირობების გამო გარდაიცვალა (შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ კატინის ტრაგედიასთან, რომელსაც ანტისტალინელები შინსახკომს აბრალებენ. _ ა.ს.).

სამოქალაქო ომისა და უცხოეთის ინტერვენციის დასკვნითი ფაზის ეს ეპიზოდი უაღრესად ყურადსაღები გახდა. სტალინმა, როგორც ეროვნული საკითხის სპეციალისტმა, სრულად გაითვითცნობიერა, თუ რაოდენ საშიშია ქვეყანაში ძალადობრივი გზით სასურველი ხელისუფლების დამყარება საზოგადოებრივი აზრისა და ეროვნული თვითშეგნების გაუთვალისწინებლად, მხოლოდ კლასობრივი სოლიდარობის საფუძველზე და მის იმედად. ეროვნული კონსოლიდაცია ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერზე უფრო მტკიცე შეიძლება აღმოჩნდეს (მკითხველი უთუოდ გაიხსენებს, რომ 1941-1945 წლების ომის დროს, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში სტალინმა მასობრივი პროპაგანდის აქცენტი სწორედ ეროვნულ თვითშეგნებაზე გადაიტანა და, ამასთან, მოკავშირედ მოიხმო ერის კონსოლიდაციის ისეთი ყოვლისმომცველი ფენომენი, როგორიც მართლმადიდებლობაა. _ ა.ს.).

პილსუდსკი, როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, ცხოვრობდა «პოლონეთისთვის, ომისთვის, დიდებისთვის», მის პოლიტიკაში გრძნობები პრინციპებს სჭარბობდა.

სტალინი ყოველთვის თოკავდა საკუთარ ემოციებს, ეფუძნებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გონიერებასა და პრინციპებს, რომელთა ერთგულიც რჩებოდა ყოველთვის. იგი არა მარტო პოლიტიკური მოღვაწე იყო, არამედ _ მოაზროვნე. პილსუდსკისგან განსხვავებით, იგი არ განახორციელებდა ცრუ მანევრებს, არ ღალატობდა თავის პოლიტიკურ მრწამსს მიმდინარე სიტუაციის სასარგებლოდ და ტაქტიკური წარმატების მისაღწევად.

მოკლედ, 1920 წელს პოლონეთის თავდასხმა საბჭოთა რუსეთზე, ისევე, როგორც წითელი არმიის შეჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე კრახით დამთავრდა. ისტორიის ეს მონაკვეთი კარგი მასწავლებელი გამოდგა მათთვის, ვინც მომდევნო წლებში იმდროინდელი გაკვეთილები გაითვალისწინეს.

პილსუდსკი მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. იგი აიტაცა ევროპის ოციანი-ორმოციანი წლების დიქტატორული რეჟიმების ტალღამ: 1925 წელს ალბანეთის პრეზიდენტი აღჭურვეს საგანგებო უფლებებით; 1926 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ: პოლონეთში _ იუზეფ პილსუდსკი, პორტუგალიაში _ გენერალი ანტონიუ ოსკარ დი ფრაგოზუ კარმონა. იმავე წლის ბოლოს ლიტვაში დამყარდა ნაციონალისტების დიქტატურა ანასტას სმეტონას მეთაურობით; 1933 წლის მაისში ავსტრიაში გაიმარჯვეს ფაშისტებმა ენგელბერტ დოლფუსის ხელმძღვანელობით. ერთი წლის თავზე ესტონეთში ფაქტობრივი დიქტატორი გახდა კონსტანტინ პიასტი, ლატვიაში _ კარლის ულმანისი. შემდეგ დადგა ჯერი იოანის მეტაკსასისა საბერძნეთში, კაროლ მეორისა _ რუმინეთში. 1930 წლის მეორე ნახევარში, ფაქტობრივად, სტალინის ერთმმართველობა ჩამოყალიბდა.

დიქტატორები ხდებიან: ფრანკო _ ესპანეთში, მუსოლინი _ იტალიაში, ჰიტლერი _ გერმანიაში.

ამ მოვლენის ანალიზი შორს წაგვიყვანს, აღვნიშნოთ მხოლოდ, რომ სსრ კავშირში ჩამოყალიბებული დიქტატურა, ბურჟუაზიული დიქტატურისგან განსხვავებით, იყო მოსახლეობის დიდი ნაწილის დიქტატურა, ანუ პროლეტარიატის დიქტატურა.

ომამდელ პერიოდში საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის ურთიერთობა მკვეთრად უარყოფითი იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რათა პოლონეთთან თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერისთვის მიეღწიათ.

ეს პაქტი 1932 წელს გაფორმდა.

პოლონეთის ანტისაბჭოთა პოლიტიკა

1930-იანი წლების დასაწყისიდან სტალინი უშუალოდ ჩაუდგა სათავეში საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას. ანალიტიკოსები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ სტალინის თვალსაზრისით, პოლონეთის პოზიცია გადამწყვეტი იყო საბჭოთა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის _ პოლონეთის მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა დასავლეთის ანტისაბჭოთა საომარი აქცია.

პოლონეთთან თავდაუსხმელობის პაქტის დადებამ სერიოზულად შეაშფოთა გერმანელები. სტალინი იძულებული გახდა, დაემშვიდებინა ისინი: «ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ პოლონეთის გარანტები და არასოდეს გავხდებით ასეთები, ისევე, როგორც პოლონეთი არ იყო და არასოდეს იქნება ჩვენი საზღვრების გარანტი. ჩვენი მეგობრული ურთიერთობა გერმანიასთან რჩება ისეთივე, როგორიც აქამდე იყო. ასეთია ჩემი მტკიცე რწმენა».

პან პილსუდსკის თავისებური წარმოდგენა ჰქონდა დიპლომატიაზე საბჭოთა კავშირის მიმართ. იგი მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავებას ვარშავის ბერლინთან დაახლოების სტიმულატორად მიიჩნევდა. საბჭოთა კავშირი მისთვის მტრული სახელმწიფო რჩებოდა. სტალინი კი გერმანიის აგრესიული მისწრაფებებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იყო დაინტერესებული, იღვწოდა საიმისოდ, რომ იძულებული გაეხადა, ეძება მშვიდობიანი გზები პირველი მსოფლიო ომის შედეგად გაჩენილი პრობლემების გადასაწყვეტად. პილსუდსკი კი იმ პოზიციაზე იდგა, რომელიც ადოლფ ჰიტლერის ნაციონალისტური მუშათა პარტიის მისწრაფებებთან უნისონირებდა. ეს დაადასტურა პან უიზეფმა, როცა 1934 წელს ხელი მოაწერა პოლონეთ-გერმანიის ანტისაბჭოთა შეთანხმებას. პოლონეთი იმდენად დაუახლოვდა ჰიტლერს, რომ ერთა ლიგაში გერმანიის ინტერესების დაცვა თავს იდო მას შემდეგ, რაც 1933 წელს გერმანია ამ საერთაშორისო გაერთიანებიდან დემონსტრაციულად გამოვიდა.

ამასობაში სსრკ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ლიტვინოვმა წამოაყენა წინადადება მესამე რაიხის წინააღმდეგ დასავლეთთან დასაახლოებლად აღმოსავლეთის პაქტის შექმნის შესახებ, რომელიც გააერთიანებდა საბჭოთა კავშირს, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და ფინეთს, ანუ აღმოსავლეთ ევროპის მთელ რეგიონს. ამ პაქტისთვის მხარი უნდა დაეჭირა საფრანგეთსა და ინგლისს.

მაგრამ პოლონეთი ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა და მოითხოვა აღნიშნულ პაქტში თავისი მეგობარი გერმანიის უცილობელი ჩართვა. პილსუდსკიმ ამ გაერთიანებაში რუმინეთის მიღებაც მოითხოვა, მაგრამ ამ პრეტენზიების გათვალისწინება დაარღვევდა აღნიშნული გაერთიანების ანტიჰიტლერულ მიმართულებას, ძალა გამოეცლებოდა მის იდეას და მკვეთრად გააუარესებდა საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობას იტალიასთან.

სტალინმა ამოიცნო პილსუდსკის ჩანაფიქრი და გააუვნებლა მისი მოქმედება. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიტულესკუს საბჭოთა ბელადმა შესთავაზა, ხელი მოეწერა რუმინეთ-პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ოქმისთვის აღმოსავლეთის პაქტში რუმინეთის შეუსვლელად. ამით სტალინმა მიაღწია იმას, რომ კარგა ხანს არსებულმა რუმინეთ-პოლონეთის სამხედრო კავშირმა საგრძნობლად დაკარგა ანტისაბჭოთა მიმართულება, ხოლო რუმინეთმა თავი ანება პაქტში გაერთიანების მცდელობას.

პილსუდსკი შეეცადა, აღმოსავლეთის პაქტის საპირწონედ შეექმნა პოლონეთის კავშირი ლატვიასთან და ესტონეთთან, მაგრამ ესტონეთის პრესაც კი აღნიშნავდა, რომ, აღმოსავლეთის პაქტისგან განსხვავებით, ამ სამი სახელმწიფოს კავშირი უკიდურესად უძალო იქნებოდა და ვერ უზრუნველყოფდა მათი საზღვრების ხელუხლებლობას. სტალინმა, რომელიც დაეყრდნო კაუნასის, ლიტვის მაშინდელი დედაქალაქის, მხარდაჭერას (ლიტვა პოლონეთის საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი), მოსკოვში მიიწვია ლატვიისა და ესტონეთის მინისტრები და დაარწმუნა ისინი, არ მიეღოთ პოლონეთის შეთავაზება.

პილსუდსკი, რომელიც საბჭოთა კავშირის იზოლაციის კურსის ერთგული რჩებოდა, ცდილობდა, ერთა ლიგაში სსრკ შესვლა დაებრკოლებინა. მაგრამ სტალინმა შეძლო საფრანგეთის მეშვეობით დაეძლია ეს წინაღობა და იმ დროის უპირველეს საერთაშორისო ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოების უმრავლესობის მხარდაჭერა მოეპოვებინა.

პან პილსუდსკი არ ცხრებოდა და ანტისაბჭოთა გამოხდომებს ერთმანეთის მიყოლებით აწყობდა, რითაც ბერლინზე თავის ორიენტაციას უფრო და უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. 1935 წელს პოლონელმა დიქტატორმა სანადიროდ მიიწვია ნაცი #2 გერმან გერინგი. მაგრამ როცა გერინგმა შესთავაზა მასპინძელს უკრაინაზე გალაშქრება, ხანდაზმული მარშლისგან ასეთი პასუხი მიიღო: პოლონეთი დაინტერესებულია მშვიდობიანი ურთიერთობით საბჭოთა კავშირთან, რომელთანაც ათასი კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს.

რით იყო ნაკარნახევი ეს პასუხი? შესაძლოა, საფრანგეთთან, რომელიც მოსკოვის მოკავშირე იყო, ურთიერთობის გართულების თავიდან აცილების ან გერმანიასთან მოლაპარაკების მაქსიმალურად მომგებიანი პირობების მოსაპოვებლად. ასე იყო თუ ისე, გამორიცხული არ არის, ამ მანევრით სურდა, მოედუნებინა სტალინის სიფხიზლე. საბჭოთა ლიდერმა კი გადაწყვიტა, რომ პილსუდსკის სიტყვები თავისი ქვეყნის დასავლეთის საზღვრების გასაძლიერებლად გამოეყენებინა. მარტში ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრად იდენთან მოლაპარაკების დროს სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა მთავრობის საგარეოპოლიტიკური კურსი, რომელიც აღიარებს პოლონეთის ტერიტორიის ხელუხლებლობას, ურყევია. იდენმა ეს ინფორმაცია მიაწოდა პილსუდსკის, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ ისურვა, შეერბილებინა თავისი ანტისაბჭოთა პოზიცია.

«წონასწორობის დაცვის» პოლიტიკა გრძელდებოდა. როგორი იქნებოდა მისი შემდგომი პერიპეტიები, არავინ იცის, რადგან 1935 წლის მაისში პილსუდსკი გარდაიცვალა. გერმანიის ვერმახტის გაძლიერების კვალზე მისი ლაციცი დასავლეთის პარტნიორთან სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, საბჭოთა კავშირის მიმართ მტრული განწყობილება კი სულ უფრო მყარდებოდა. ეს კი პოლონეთის ლიდერს ბეც პოლიტიკოსად წარმოაჩენდა. იგი ცდებოდა, როცა ევროპულ «დასავლურ ცივილიზაციას» უპირისპირებდა აღმოსავლურს, რომელსაც ბურჟუაზიული პროპაგანდა ბარბაროსულად მიიჩნევდა. არადა, სწორედ მრისხანე და დაუნდობელი ბარბაროსები დაესხნენ პოლონეთს დასავლეთიდან, დაიპყრეს იგი და აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. ეს ქვეყანა კი გაათავისუფლა საბჭოთა კავშირმა, რომელსაც სტალინი ედგა სათავეში. მაგრამ ამ შედეგს პილსუდსკი ვერ მოესწრო.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here