Home რუბრიკები სამართალი ლია მუხაშავრია: მივმართავ ყველა პატიმარს _ ნუ ხართ ჩუმად!

ლია მუხაშავრია: მივმართავ ყველა პატიმარს _ ნუ ხართ ჩუმად!

740


პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და ზოგადად, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია «ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის» ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.

_ ქალბატონო ლია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო დროს ხდება, უკვე საქართველოს მასშტაბებს გასცდა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებში აისახა. განსაკუთრებით ეს ეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, რაზეც ჩვენი და უცხოელი უფლებადამცველებიც მუდმივად საუბრობენ. თქვენ რა მონაცემები გაქვთ, რა კუთხით ირღვევა ჩვენთან ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები?

_ სამწუხაროდ, დღეს საქართველო მთლიანად დაემსგავსა ერთ დიდ საპყრობილეს და ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ დარჩა არც ერთი სფერო, რომელშიც რეჟიმმა არ შეაღწია, მაგრამ ყველაზე მეტად სადაც იგრძნობა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სასჯელაღსრულებითი სისტემა. მეტიც, უკვე იმდენად თვალშისაცემია ამ სისტემის უფუნქციობა, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო. ეს აისახება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებში, როგორიცაა «ჰუმან რაიტს ვოტჩი»; თომას ჰამერბერგმა საგანგებოდ აღნიშნა ამის შესახებ, და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი სირცხვილი.ადამიანის უფლებები ყველგან ირღვევა, ყველაზე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი ხშირია ასეთი შემთხვევები, მაგრამ იქ, უბრალოდ, წარმოუდგენელია, დაირღვეს კანონი, მითუმეტეს, შეილახოს ადამიანის უფლებები და ეს ფაქტი დარჩეს გამოუძიებელი, ანუ დაუსჯელობის პრეცედენტი არ იქმნება. ჩვენთან, სამწუხაროდ, პირიქითაა _ დასჯის პრეცედენტი არ არსებობს, ამიტომ იგივე ის პროკურორი, პოლიციელი თუ ციხის რიგითი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულს უდიერად ეპყრობა, თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და, ბუნებრივია, დანაშაულს თავისუფლად სჩადის.

ეს არის შედეგი, ანუ რეალობა, რომელიც გვაქვს. რაც შეეხება მიზეზს, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავი და თავი ყველა იმ უბედურებისა, რაც ციხეებში ხდება, არის სასამართლო სისტემა. მოგეხსენებათ, ხელისუფლების ეს შტო, რომელიც უნდა იყოს სამართლიანობის სიმბოლო და გარანტი ქვეყანაში, დღეს, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, მოქალაქე, რომელიც ხდება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ვერ იცავს თავის უფლებებს და ვერ აღწევს სამართალს. პირიქით, საზოგადოებაში არის შიში, რომ, თუ ვიჩივლებ ან მივმართავ რომელიმე უფლებადამცველ ორგანიზაციას, ამით შეიძლება საქმე კიდევ უფრო გავართულოო. ამიტომ უამრავი ადამიანი ვიცი, რომელთა მიმართაც კანონი უხეშად დაირღვა, მაგრამ ხმას ვერ იღებენ იმის გამო, რომ ეშინიათ, უარესი არ დაემართოთ. აი, სწორედ ამას უნდა ებრძოლოს ჩვენი საზოგადოება. სასამართლო სისტემა უნდა გახდეს თავისუფალი და, თუ ამას მივაღწევთ, ვერც ერთი თანამდებობის პირი, რიგითი პოლიციელი იქნება ეს თუ მაღალ პოსტზე მყოფი ჩინოვნიკი, ვერ გაბედავს, გადააბიჯოს კანონს, როგორც დღეს ხდება და, სამწუხაროდ, არავის უკვირს იმიტომ, რომ საზოგადოებაც თითქმის მიეჩვია ამ ყველაფერს…

_ სააკაშვილი ვაშინგტონში ამასწინანდელი ვიზიტისას მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია. თუ ესაა ჩვენი ყველაზე პრობლემური მიმართულება, რატომ მაინცდამაინც ამაზე ცდილობს ხელისუფლება პიარის აწყობას? დასავლეთისთვის ხომ ისედაც ნათელია, რა მდგომარეობა გვაქვს?

_ ამერიკას და მით უფრო ევროპას ვეღარ მოატყუებს ეს ხელისუფლება. ამიტომ სააკაშვილის ის გამოსვლები, რომლებზეც მან ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, ჩემი აზრით, ერთგვარ თავის მართლებას უფრო ჰგავდა, ვიდრე პიარს. სხვათა შორის, მას წამოსცდა კიდეც ვაშინგტონში, რომ მან, როგორც რევოლუციით მოსულმა ახალგაზრდა რეფორმატორმა, ჯერ აქცენტი გააკეთა ქვეყნის აღმშენებლობაზე, კორუფციის აღმოფხვრაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი დემოკრატიის დამყარებაზე. ამით სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დემოკრატიული პროცესებისათვის მას ჯერ არ მოუცლია და, შესაბამისად, არცაა ქვეყანაში არანაირი ნიშანი დემოკრატიისა; სხვა შინაარსის განცხადებებს ის, უბრალოდ, ვერც გააკეთებდა დასავლელი ლიდერების წინაშე, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ამ ვიზიტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა «ჰუმან რაიტს ვოტჩის» ანგარიში, რომელშიც პირდაპირ, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა…

_ დავუბრუნდეთ ციხეებში არსებულ მდგომარეობას. თითქმის ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა მსჯავრდებულებთან, ძირითადად რა მიზეზით მოგმართავენ ხოლმე ისინი, როგორც უფლებადამცველს?

_ მთავარ პრობლემას, რაც მსჯავრდებულის ციხეში შესვლის წუთიდანვე ხვდება და უქმნის გაუსაძლის პირობებს, წარმოადგენს ციხის გადატვირთულობა, რომლის გადაჭრაც დღემდე ვერ ხერხდება. არის საკნები, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე მოდის დაახლოებით სამი-ოთხი პატიმარი და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანებს, უბრალოდ, ჰაერი არ აქვთ, რომ ნორმალურად ისუნთქონ. გარდა ამისა, თავის მხრივ, ეს გადატვირთულობა იწვევს სხვა არანაკლებ მძიმე პრობლემებსაც, ვთქვათ, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელება პატიმრებში, ჰიგიენური პირობების არარსებობა და, ვინაიდან ადმინისტრაცია ამ პრობლემებს ვერ უმკლავდება, მსჯავრდებულებში რომ რამე უკმაყოფილებამ არ იფეთქოს, ხდება მათი დატერორება მუდმივად, ანუ პერიოდულად ტარდება ე. წ. სადამსჯელო ოპერაციები და აბსოლუტურად უმიზეზოდ განურჩევლად ყველას სცემენ. არის შემთხვევები, როცა სწორედ ასეთი მოპყრობის გამო პატიმარი აღმოჩნდება საავადმყოფოში; რას აკეთებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სასჯელაღსრულების სამინისტრო, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ამ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა, რომ ებრძვის ე. წ. შავ სამყაროს, მაგრამ საპყრობილეების შიგნით მან რეალურად ვერ ჩაანაცვლა ისეთი არაოფიციალური, ფორმალური კონტროლის მექანიზმი, როგორიც იყო სწორედ ეს «შავი სამყარო». ამიტომაც მიმართავს ციხის ადმინისტრაცია დატერორების პოლიტიკას და ამიტომ ჰყავს დღეს საქართველოს ამდენი ნაცემი და დასახიჩრებული პატიმარი. არაფერს ვამბობ დაავადებულ მსჯავრდებულებზე, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება…

_ პატიმრების უმეტესობა ვერ ბედავს თავის პრობლემებზე საჯაროდ საუბარს. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულები რამდენად ახერხებენ ამას? თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ წამების ან არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტები?

_ სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები იმდენია, რომ ზოგჯერ უფლებადამცველები ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ყველა მათგანზე რეაგირებას. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტების უმეტესობა გაუხმაურებელი რჩება, ვინაიდან თვითონ მსჯავრდებულების მოთხოვნაა, რომ მათ შესახებ ღიად არ ვისაუბროთ. მათ უნდათ, რომ დავეხმაროთ იურიდიულად, მივმართოთ სხვადასხვა შესაბამის ორგანიზაციას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სურთ ფაქტის გამჟღავნება; აქედან გამომდინარე, ჩვენც, უფლებადამცველები და ადვოკატები, შეზღუდულები ვართ და ვერ ვახერხებთ სრულყოფილად მუშაობას.

რაც შეეხება წამების კონკრეტულ შემთხვევებს, ერთადერთი პატიმარი, რომელმაც ბოლო დროს გაბედა და დაუფარავად ისაუბრა ამ თემაზე, იყო გლდანის მერვე საპყრობილის მსჯავრდებული კახა ბარათაშვილი; სხვათა შორის, ამის გამო ეს ადამიანი აღმოჩნდა საშინელ წნეხში და იმდენად გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს მას, რომ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ის არ გაჩუმდა და ამხილა ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობდნენ მის წამებაში. ეს იყო სამაგალითო ფაქტი და მინდა მივმართო ყველა პატიმარს, რომლის მიმართაც რაიმე მსგავსი ზემოქმედება ხორციელდება, რომ ნუ ხართ ჩუმად. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არანაირი სასიკეთო შედეგი ამას მათთვის არ მოაქვს, პირიქით, რაც უფრო მორჩილია მსჯავრდებული და თავს უხრის უსამართლობას, მით უფრო მკაცრია რეჟიმი მის მიმართ და ეს ბუნებრივიცაა…

_ როცა პატიმრები გთხოვენ, მოახდინოთ რეაგირება მათ მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევის ფაქტზე, რა ბერკეტები გაქვთ ამისთვის?

_ გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი შესაბამისი უწყება, როგორც წესი, მსგავს ფაქტებზე საერთოდ არ რეაგირებს ხოლმე, პრევენციის ზომები მაქსიმალურად შეზღუდულია. მეტიც, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს ვინმესთვის განცხადებით მიმართვას, იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ფაქტობრივად გახდა მონსტრი, რომლის უკანონო ქმედებები უკვე ცნობილია მთელი ევროპის მასშტაბით. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლება, რაც დრო გადის, სულ უფრო მიდრეკილია დიქტატურისკენ, ამიტომ გასაკვირი, ალბათ, არც არაფერია იმაში, რომ პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ამიტომაა თვალსაჩინო ისიც, რომ ამ სისტემაში ყოველდღე, ყოველ წუთს ირღვევა ადამიანის უფლებები. რიგითი მოქალაქე ვერ ახერხებს თავის დაცვას იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა არ არსებობს. სხვათა შორის, ამას ვერ გამოასწორებს ვერც კარგი მინისტრი, ვინაიდან მარტო მინისტრის დონეზე არ დგას ეს პრობლემა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ყველაზე ცუდი მინისტრი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ უცხოური ორგანიზაციებიც და მათ დასკვნებსა და ანგარიშებში ეს ყველაფერი ნათლადაა ასახული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here