Home რუბრიკები სამართალი რა კავშირშია ქარჩავას დაკავება კოდუას ცოლისძმის დაპატიმრებასთან

რა კავშირშია ქარჩავას დაკავება კოდუას ცოლისძმის დაპატიმრებასთან

698


გასულ კვირას, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ბორჯომის რაიონული პოლიციის მიერ, დაკავებული იქნა 1957 წელს დაბადებული მერაბ ქარჩავა, რომელსაც ბრალად ედება ხარაგაულის რაიონის სოფელ მაქათუბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება – მარიხუანას უკანონოდ გასაღება. კულუარული ინფორმაციით, აღნიშნული დაკავება კრიმინალური პოლიციის შეფ ერეკლე კოდუას ცოლისძმისა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმის, მიშა ჟორჟოლიანისა და კიდევ სამი პირის დაკავების ფაქტს უკავშირდება, რომლებსაც რამდენიმე დღით ადრე ავტომობილში აღმოაჩნდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 750 გრამი მარიხუანა, რომელიც შეძენილია, სავარაუდოდ, 6 ათას ლარად.

როგორც ქართული მედია-საშუალებებიდან ხდება ცნობილი, ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სამართალდამცავთა ხელში – ის რამდენიმე დღის წინ, თბილისში დააკავეს. მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად, დააპატიმრეს ნიკა ზუბიტაშვილი „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი. დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა.დაკავებული მერაბ ქარჩავა გახლავთ ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, რომელმაც გასული წლის ბოლოს დატოვა თუ დაატოვებინეს „ქართული პარტიის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა – მას „ქართული პარტიის“ მთელი ადგილობრივი ოფისი აუჯანყდა და პარტიაში მარტო დატოვეს. ამ და სხვა ფაქტების გახმაურების გამო, ქარჩავა მედიას დაუპირისპირდა. მას მიაჩნდა, რომ ჟურნალისტები ხელისუფლების დავალებით ებრძოდნენ, თუმცა, იმას ვეღარ ხსნიდა, რატომ უნდა დაეკვეთა ხელისუფლებას მორჩილი ოპოზიციონერის „გაშავება“ მაშინ, როცა ქარჩავა აქციების დროს აქტივს ოფისის დაკეტვას თხოვდა, არ დაგვიჭირონო, ხოლო სხვა დროს, ოფისს ხელფასის გაცემის დღეს თუ გააღებდა. მთელი წლის მანძილზე ოპოზიციონერ ქარჩავას ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია, ბრიფინგსა და პრესკონფერენციას ხომ ჯვარი სწერია, თუ არ ჩავთვლით საგაზეთო წერილების განხილვისთვის მოწყობილ ბრიფინგებს.

მართალია, ის ჟურნალისტებს „ვერ იტანდა“, მაგრამ დღეს სწორედ ჩვენი დასაცავი ხდება _ მის ნაცნობ-მეგობრებში არავის სჯერა, რომ მერაბ ქარჩავა „ბარიგაა“ და წამალსა და „პლანს“ ასაღებდა. რაც შეეხება მის ნარკომანობას, მისი ნაცნობების თქმით, ეს საერთოდ გამორიცხულია – როგორც პოლიტიკურად მასთან დაპირისპირებული ყოფილი თანაპარტიელები აცხადებენ, შეუძლებელია ქარჩავა ნარკოტიკის მომხმარებელი იყოს, რადგან ბოლო დროს გული აწუხებდა და წნევის გაზომვა დღის მანძილზე რამდენჯერმე უხდებოდა: „გამორიცხულია, რომ მერაბი ნარკოტიკს მოიხმარდა. ასევე ვერ დავიჯერებთ, რომ მარიხუანას ყიდდა, თუმცა ვერც იმის მიზეზს ვხედავთ, თუ რატომ უნდა „გაეჩალიჩებინათ“ მისთვის ეს? როგორც ჩანს, რაღაც ინტრიგა იმალება ყოველივე ამის უკან“,– ამბობენ მისი ყოფილი თანამებრძოლები, – ქარჩავა სულ იმის შიშში იყო, არიქა, დაგვიჭერენო.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დაპატიმრების შიშით, ქარჩავამ, თურმე, თავმჯდომარის პოსტი თანაპარტიელს „გაუცვალა“– ქალი ხარ, შენ ვერაფერს მოგიძებნიან და წამალსაც ვერ ჩაგიდებენო (?!).

ამ ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელგუჯა ჩხაიძე დააკავეს. მიუხედავად იმისა, იგი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილეობდა, არავინ სჯეროდა, რომ მას თუ ავტომატი ექნებოდა, კვერცხის მაგივრად ტყვიებისმდებელი ქათმები ხომ საერთოდ სასაცილო თემად იქცა. თუმცა ჩხაიძის შემთხვევაში, თუ ავტომატისა და მჭიდის ჩადება ლოგიკური იყო, რადგან იგი აქტიური ოპოზიციონერია და ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს, რატომ დასჭირდებოდა ხელისუფლებას ანალოგიური რამ ჩუმი ქარჩავასთვის „გაეჩალიჩებინა“, ამოუხსნელ გამოცანად რჩება!

როგორც გავარკვიეთ, ქარჩავას ოჯახს არასდროს ეტყობოდა, რომ დიდი შემოსავლები ჰქონდა (მოგეხსენებათ, ნარკოტიკის გასაღებაში დიდ ფულს შოულობენ), თუმცა, არც იმდენად უჭირდა, 55 წლის კაცი ასეთ რისკზე წასულიყო. ბოლოს და ბოლოს, როგორც გვითხრეს, მისი სიძე _ ქალიშვილის ქმარი, ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობს და თავადაც პარტიული საქმიანობიდან ჰქონდა შემოსავლები. ზოგადადაც, ქარჩავა იმდენად ფრთხილი ადამიანია, საეჭვოა, ასეთ რისკზე წასულიყო. თან როგორც ოპოზიციონერი, მუდმივ კონტროლზე იქნებოდა და ეცოდინებოდა, თუ „ბარიგობას“დაიწყებდა, აუცილებლად „გაებმებოდა“.

მაშინ ვის დასჭირდა ჩუმი ოპოზიციონერის დაჭერა? თან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არც ერთ სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებში გახმაურებულა ეს ფაქტი – აი, ნახეთ, ოპოზიციონერს რამდენი ნარკოტიკი აღმოუჩინესო.

მერაბ ქარჩავა ბოლო დროს ხშირად ჩნდებოდა „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო (ივანიშვილის დაცვაშია მისი სიძე), ქარჩავა აქტიურად განიხილებოდა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელად.

„გურია ნიუსისთვის“ ცნობილია კიდევ ორი ფაქტი, რომელსაც მერაბ ქარჩავას წარსულთან აკავშირებდნენ: წლების წინ, ქალაქის გამგეობის ბუღალტერსა და მოლარეს ბანკიდან გამოტანილი თანხა გასტაცეს. მაშინ ქარჩავა გამგეობაში მუშაობდა და ეჭვმიტანილთა შორის, მისი პერსონაც დასახელდა, თუმცა, ბრალი არავის დამტკიცებია. წესით, ქარჩავა ყაჩაღობაში არ მონაწილეობდა, რადგან, ამ შემთხვევაში, აქამდეც დაიჭერენდნენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ამ ფაქტით ის „დავერბოვკებულიც“ ჰყავდათ. კიდევ ერთი სკანდალი არეულობის წლებს უკავშირდება – ქარჩავა მაშინ ქალაქის მერი იყო და მისი კაბინეტიდან, მაგიდის ქვემოდან კრიმინალებმა გაჭრეს კედელი, ჩააღწიეს პირველ სართულზე და პირწმინდად გაქურდეს ლანჩხუთში იმ დროისთვის ერთადერთი საკომისიო მაღაზია „სალომე“. თუმცა ამ შემთხვევაში, იგი არავის დაუდანაშაულებია.

კულუარებში ერთადერთი ვარაუდი ვრცელდება _ თუ ქარჩავა ნამდვილად მონაწილეობდა ამ საქმეში და არ „გაუჩალიჩეს“, მაშინ მას უცილობლად ჰყავდა სახელისუფლო ლობი, მაგრამ ახლა ნანუკა ჟორჟოლიანის ძმის გახმაურებულ საქმეზე მისი გაწირვა დასჭირდათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here