Home რუბრიკები სამართალი ქეთი ბექაური: წალენჯიხის პოლიციის უფროსმა დაკავებულ არქანიას 20 ღერი სიგარეტი მიაწვა იღლიაში

ქეთი ბექაური: წალენჯიხის პოლიციის უფროსმა დაკავებულ არქანიას 20 ღერი სიგარეტი მიაწვა იღლიაში

786


ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ ფაქტებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ქეთი ბექაური.

_ ქალბატონო ქეთი, მთელი ეს დღეები, რაც სააკაშვილი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა, თითქმის ყველა მისი გამოსვლა იწყებოდა იმის ხაზგასმით, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები სწრაფად ვითარდება, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია და ა.შ. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და, თქვენი აზრით, თავის მხრივ, ამერიკელი დიპლომატები როგორ აღიქვამენ ამ განცხადებებს?

_ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის «ნაციონალურ ამალასთან» ერთად კარდაკარ დაძრწის სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან და თავს იწონებს მათ წინაშე დემოკრატიით, რომელიც თურმე ყვავის ჩვენს ქვეყანაში, არ ნიშნავს, რომ მისი საქმე კარგადაა. პირიქით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება ისტერიკაშია და მას უკვე სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა ვიღაც უცხოელ დიპლომატებთან ხეტიალისა. მოგეხსენებათ, ახლა ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ საპრეზიდენტოც და ამათ უბრალოდ უნდათ, ბერკეტები შეინარჩუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შანსი აღარ რჩება, ამიტომ, ბუნებრივია, მან მუდმივად უნდა იძახოს, რომ ამ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები, რომ ვითარდება დემოკრატია, მოისპო კორუფცია და ა.შ., სინამდვილეში კი ყველამ კარგად ვიცით, რომ მისთვის სულ ერთია, აქ რა ხდება და საით მივყავართ ამ ყველაფერს.რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორ უყურებენ მას ამერიკელი და ზოგადად დასავლელი დიპლომატები, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე ეს რეჟიმი იმდენადაა გაშიფრული და გაშიშვლებული მსოფლიოს თვალში, იმდენად აშკარაა, რომ ამათ ხელში რამე დემოკრატიული პროცესების განვითარება გამორიცხულია, რაც უნდა ხშირად იმეოროს სააკაშვილმა მაღალი ტრიბუნებიდან, კონსტიტუციით აღიარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვიცავ და არიქა, მიმიღეთ ნატოშიო, ის უკვე ვერც ამერიკას მოატყუებს და ვერც ევროკავშირს. ამას ძალიან კარგად ხვდება თვითონ სააკაშვილიც და ამიტომაა დღეს ხელისუფლება ასეთ ისტერიკაში, მაგრამ თავისთავად ეს არ არის გამოსავალი, პირიქით, სწორედ ეს ისტერიკაა ის, რაც მოასწავებს ხელისუფლების პოლიტიკურ აღსასრულს და ძალიან მალე ჩვენ დავრწმუნდებით ამაში…

_ კონკრეტულად რაში ატყობთ ხელისუფლებას, რომ ისტერიკაშია?

_ რაშიც არ ეტყობა, იქედან დავიწყოთ. კაცი რომ სერიოზულად იტყვის, ათ წელიწადში ანაკლია შავი ზღვის საკვანძო ქალაქი უნდა გავხადოო, ის რა, არ არის ისტერიკაში?! რამდენი ასეთი სულელური განცხადება მოვისმინეთ. სხვათა შორის, ამასწინათ ვანო მერაბიშვილმა პოლიციის შენობა გახსნა გურიაში და ბავშვებს მიმართა, იმედი მაქვს, თქვენ აქ მოხვალთო, რა ფორმით მივლენ ეს ბავშვები იქ, ადვილი წარმოსადგენია; ისე, მართალი კი თქვა _ დადგება თუ არა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, ბევრ მათგანს მართლა მოუწევს იქ მისვლა. სხვა, აბა, რა უნდა ეგულისხმა მერაბიშვილს, პოლიციის განყოფილებაში რომ საექსკურსიოდ არ მიდიან, მოგეხსენებათ!..

_ ისე, არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკეთებს? იქნებ სწორედ ამ პროცესის ნაწილია ისიც, რომ სააკაშვილი დღეში ორ თუ სამ პოლიციის შენობას ან საავადმყოფოს ხსნის ერთდროულად…

_ რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ყველაფერი პიარკამპანიის ნაწილია, მაგრამ პიარსაც ხომ უნდა ჰქონდეს გარკვეული ფორმა და რაღაც ჩარჩოები?! შეიძლება ყველაფერზე ლენტები ჭიმო და ეს ჩვენი გამარჯვებააო, იძახო?! ახლახან ერთი ჩემი კოლეგა მიყვებოდა, რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილმა ლაგოდეხში საავადმყოფო რომ გახსნა, გურჯაანიდან სასწრაფოდ გადმოუყვანიათ ავადმყოფი, ვიღაც პენსიონერი კაცი ამათ დასახვედრად. მედპერსონალს ავადმყოფის საკაციდან საწოლში გადაყვანა ძლივს მოუსწრია, რომ პრეზიდენტის ესკორტიც მისულა. კაცი ყვიროდა თურმე: «სად მიგყავართ, ხალხო, კარგად ვარ, დამანებეთ თავიო», მაგრამ ვინ დაუგდო ყური. აი, ესაა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, მაგრამ ადრე შეიძლება გასდიოდა მსგავსი ოინები ხელისუფლებას, დღეს კი ასეთი იაფფასიანი პიარით ვერავის მოატყუებს. ეს ქვეყანა ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის ნათესავია, ასე რომ, რაც უნდა გამალებით იმუშაოს ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანამ, შეუძლებელია, დამალო ის, რაც ყველამ იცის და ხალხს შავი თეთრად მოაჩვენო…

_ დასაწყისში თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი ვეღარ მოატყუებს ვერც ამერიკას და ვერც ევროკავშირსო. გამოდის, რომ მას უკვე აღარ აქვს დასავლეთის მხარდაჭერა და, თუ ასეა, მაშინ რას ეყრდნობა დღესდღეობით ეს ხელისუფლება?

_ სააკაშვილის ერთადერთი დასაყრდენი დღეს ის ლობისტური კომპანიებია, რომლებსაც ჩვენი ჯიბეებიდან მილიონებს უხდის იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივად აპიარონ. ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, იქიდან ამ ხელისუფლებას, უკვე დიდი ხანია, ტკბილი სიტყვა აღარ მოუსმენია. პირიქით, ბარაკ ობამამ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ საქართველომ უნდა ჩაატაროს ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ წავიდა ის დრო, როცა ხელისუფლება კარუსელებს ატრიალებდა და მერე ამერიკა შედეგებს «უპრავებდა»; ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის დღეები უკვე დათვლილია, მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება და, თუ ვინმე გრძნობს დღეს ამ ყველაფრის მოახლოებას, პირველ რიგში, ეს სწორედ სააკაშვილია…

_ დავუბრუნდეთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ციხეებშია, თქვენთვის თუა ცნობილი რაიმე კონკრეტული შემთხვევა პატიმრის ცემასთან ან მისდამი არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით?

_ მარტო იმ პატიმრების სახელებისა და გვარების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომელთა მიმართაც მუდმივად ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ერთი საგაზეთო ინტერვიუ შეიძლება არც ეყოს. გავიხსენოთ თუნდაც გიორგი ოქროპირიძის შემთხვევა. ეს ადამიანი ციხის ადმინისტრაციამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდა და წარმოიდგინეთ, იქაც კი გრძელდებოდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება. ეს ხდებოდა გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ცნობილია როგორც მსჯავრდებულთა სასაკლაო. იქვე სცემეს და სასტიკად აწამეს ფსიქიურად დაავადებული პატიმარი ტარიელ საყვარელიძე. ასეთი ფაქტები უამრავია…

შეიძლება გსმენიათ კიდეც, არის ასეთი პატიმარი, რეზო ხარძიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ სტრასბურგში შეიტანა საჩივარი; ანალოგიური მიზეზის გამო სცემეს ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ მსჯავრდებულ ილო მუკბანიანსაც, შე მოღალატევ, შენს ქვეყანას სადღაც უცხოეთში როგორ უჩივლეო.

რაც ყველაზე ამაზრზენი და შემაძრწუნებელია, ამ ყველაფერს ხშირად პირადად ხელმძღვანელობს ხოლმე მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი. სხვათა შორის, ეს ადამიანი ბაჩო ახალაიას უახლოესი მეგობარია და მასაც, ალბათ, ისევე, როგორც ციხეების სხვა ლიდერებს, მალე გადაიყვანს თავდაცვის სამინისტროში…

_ პირადად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თუ ყოფილა ფიზიკური ან რამე სხვა სახის ზემოქმედების შემთხვევა?

_ ზუსტად ახლა მე ვიცავ მსჯავრდებულ ლაშა არქანიას, რომელიც ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებს წესიერად. ეს ადამიანი გახლავთ ბიძაშვილი იმ მალხაზ არქანიასი, რომლის მიმართაც, შეიძლება გახსოვთ კიდეც, გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის მეოთხე დაწესებულებაში. სხვათა შორის, ამ საქმეში მონაწილეობდა მეგის ქარდავაც…

ლაშა არქანია 2010 წლის 14 ივლისს დააკავეს და, სანამ განყოფილებაში მიიყვანდნენ, წალენჯიხის პოლიციის უფროსმა სოსო აბაშიძემ მას ერთი კოლოფი სიგარეტი მიაწვა იღლიაში. შემდეგ იგი გადაიყვანეს იზოლატორში და იქ უკვე მის მიმართ გამოყენებულ იქნა ფიზიკური ზემოქმედების ისეთი ფორმები, რომ არ ვიცი, საერთოდ როგორ გადარჩა ეს ადამიანი ცოცხალი. ასეთი ფაქტები უამრავია და უარესებიც ხდება, მაგრამ ხელისუფლება საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს. შესაბამისად, ჩვენთვის, უფლებადამცველებისთვისაც კი არ არის ბოლომდე ცნობილი, რა ხდება რეალურად ციხეებში; თავის მხრივ, მსჯავრდებულები ისე არიან დაშინებულნი, რომ ხმის ამოღებას ვერ გაბედავენ…

_ ყველა ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ რომელიმე შესაბამის უწყებას თუ მიმართეთ რეაგირებისთვის?

_ ფაქტობრივად, არ დარჩენილა უწყება თუ ორგანიზაცია, მე რომ განცხადებით არ მიმემართოს და ბოლოს თვით ზურაბ ადეიშვილის სახელზეც შევიტანე საჩივარი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც ერთ საქმეზე არათუ გამოძიება არ დაწყებულა, საერთოდ დაზარალებულადაც არ ცნეს ეს ნაცემ-ნაგვემი პატიმრები. მაგალითად, ლაშა არქანიას შემთხვევაში შვიდი პიროვნება იყო დასახელებული, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, პირიქით, ეს ადამიანები დააწინაურეს და ბევრი მათგანი დღეს საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზეა დანიშნული…

_ თქვენი აზრით, როცა შეიცვლება ხელისუფლება, უნდა დადგეს თუ არა ყველა იმ თანამდებობის პირის, მათ შორის მოსამართლეებისა და პროკურორების, პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებსაც რაიმე წვლილი მიუძღვით თქვენ მიერ ჩამოთვლილი უკანონო განაჩენების გამოტანაში?

_ როცა დადგება დრო, ანუ როცა ქვეყანაში მოვა ნორმალური ხელისუფლება და გვექნება სამართლიანი სასამართლო, სათითაოდ, კარდაკარ უნდა ჩამოუარონ ხელისუფლების ყურმოჭრილ ყველა პროკურორს, მოსამართლეს, გამომძიებელსა თუ სხვა თანამდებობებზე მომუშავე პირებს და კანონის ფარგლებში ყველა მათგანი უნდა გაასამართლონ.

დღეს საქართველოში, სტატისტიკურად, ყოველ მეხუთე ოჯახს ჰყავს პატიმარი, პროცენტულად თუ ავიღებთ, ყოველი ასი განაჩენიდან 99 უსამართლოა, საპყრობილეებში ორ კვადრატულ მეტრზე მოდის დაახლოებით ათი-თხუთმეტი პატიმარი და ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ადამიანების დამსახურება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საერთოდ საუბარიც კი არ უნდა იყოს იმაზე, არის თუ არა ეს ხალხი დასასჯელი; ცხადია, ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს, ვინაიდან სხვანაირად შეუძლებელია ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება. მე პირადად ხმამაღლა ვამბობ, რომ ვებრძვი ყველას და ყოველთვის ვიქნები ყველა იმ თანამდებობის პირის მტერი, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ადამიანის უფლებებს. ვიმეორებ, ეს ეხება ყველას, დაწყებული რეჟიმის რიგითი მსახურიდან, დამთავრებული უმაღლეს თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკებით, რომელთა მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებებიც ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here