Home რუბრიკები სამართალი პროკურატურა სოფიო ნიკოლაშვილის დაპატიმრებას ითხოვს

პროკურატურა სოფიო ნიკოლაშვილის დაპატიმრებას ითხოვს

772

კახეთის საოლქო პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, სოფიო ნიკოლაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ სოფიო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გუშინ მიმართა. პროცესი გუშინვე იყო დანიშნული, თუმცა მოულოდნელად გადაიდო. მანდატურის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდება და შუამდგომლობას 3 თებერვალს განიხილავს.სოფიო ნიკოლაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს, მაგრამ გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოფიციალურად დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ასეთი განმარტება გააკეთა. ის ამბობს, რომ მას არ ჰქონია განზრახვა, გიორგი სიბაშვილი მოეკლა“,- განაცხადა მაგული ღვალაძემ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სოფიო ნიკოლაშვილი სამართალდამცავებმა 31 იანვარს დააკავეს. ინციდენტი საღამოს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, სოფიო ნიკოლაშვილმა წინასწარი განზრახვით საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა მამამისზე, დავით ნიკოლაშვილზე რეგისტრირებული „ტანფულიოს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მოეკლა გიორგი გოჩას ძე სიბაშვილი. მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის დროს გიორგი სიბაშვილი შეეცადა ნიკოლაშვილისთვის იარაღის წართმევას, რა დროსაც იარაღიდან მოხდა გასროლა, თუმცა გასროლის შედეგად გიორგი სიბაშვილი არ დაშავებულა. ინციდენტის შემდეგ პოლიციაში სოფიო ნიკოლაშვილი გიორგი სიბაშვილმა სამართალდამცავებს გადასცა.

გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცე–გუბერნატორია.

სოფიო ნიკოლაშვილი 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ „კახეთის ხმა“-ში მუშაობდა.

ის დავით ნიკოლაშვილის შვილია. დავით ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების” მხარდამჭერია, მანამდე ის „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. დავით ნიკოლაშვილი შვილის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here