Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: «1937 წელს გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 9 პროცენტი იყო, დღეს 0,2...

ლალი აფციაური: «1937 წელს გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 9 პროცენტი იყო, დღეს 0,2 პროცენტია»

1836


ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ზოგადად, ადამიანის უფლების დაცულობის კუთხით ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ლალი აფციაური.

_ ქალბატონო ლალი, Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ 2012 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, საქართველოს ერთი თავი ეთმობა და მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გასული წლის განმავლობაში აქ ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დოკუმენტი?

_ დავიწყოთ იმით, რომ Human Rights Watch-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია მსოფლიოში და მის მიერ მომზადებულ ნებისმიერ დოკუმენტს ყოველთვის დიდი რეზონანსი აქვს ხოლმე საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ მნიშვნელობაზე როცა ვსაუბრობთ, უწინარესად, უნდა გამოვიდეთ შედეგიდან – ჩვენს შემთხვევაში, მე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები და მათ იმდენად სასაცილო შეფასებები გააკეთეს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აქ რამე შედეგზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, ცხადია, თავისთავად მისასალმებელია, როცა ასეთი დოკუმენტი იდება, მაგრამ, მეორეს მხრივ, იმის მოლოდინი ნურავის ექნება, რომ ამ ანგარიშის გამო ხელისუფლება დაფიქრდება და რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის. ეს ტენდენცია ნამდვილად არ შეიმჩნევა. პირიქით, რაც დრო გადის, ჩვენი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება ტიპური რეჟიმისთვის დამახასიათებელ სისტემას და, თუ ადრე ამას მოსახლეობის რაღაც ნაწილი გრძნობდა, დღეს ეს უკვე ყველა სფეროში იგრძნობა, რასთანაც საზოგადოებას, რიგით ადამიანებს შეხება აქვთ…_ გამოდის, რომ საბოლოო ჯამში, ეს ანგარიში ჩვენთვის არაფერს ნიშავს?

_ ვიმეორებ, გააჩნია, რა თვალსაზრისით ვიტყვით: შედეგის მხრივ, ეს დოკუმენტი არის მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდი, ვინაიდან მსგავსი დოკუმენტები აქამდეც არაერთი გვინახავს და რეალურად შედეგი გვაქვს ნული.

_ ორი კვირის წინ ციხეების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო _ პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. არ გეჩვენებათ, რომ ადრინდელთან შედარებით, ბოლო დროს ხშირად გვიხსენიებენ უარყოფით კონტექსტში საერთაშორისო ასპარეზზე?

_ სამწუხაროდ, ესაა ჩვენი რეალობა და ამიტომ დღეს საერთაშორისო დონეზე ისე შეგველახა იმიჯი, რომ, რაც უნდა ვიძახოთ, მშენებარე დემოკრატიის ქვეყანა ვართო, როგორც ცივილიზებულ ერს, კარგა ხანს, ალბათ, აღარ შემოგვხედავს დანარჩენი მსოფლიო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ იმ ავადსახსენებელი «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ქვეყანაში გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა ისე შემცირდა, რომ 0,2%-მდე ჩამოვიდა, თანაც ესენი გამამართლებელ განაჩენს ეძახიან იმას, თუ მსჯავრდებულს რამდენიმე ბრალდებიდან ერთ-ერთს მოუხსნიან და სასჯელს შეუმსუბუქებენ, ანუ ამათი ლოგიკითა და კანონმდებლობით, სრული გამამართლებელი განაჩენი ბუნებაში არ არსებობს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა საქართველოს ისტორიის არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა. თვით 1937 წელსაც კი, როცა საბჭოთა კავშირში გამალებული რეპრესიები მძვინვარებდა, მსგავსი რამ არ ხდებოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მაშინ გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა 9%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება პატიმართა რაოდენობას, ოფიციალური მონაცემებით, მოგეხსენებათ, 25 ათასამდე მსჯავრდებულია დღე საქართველოში და სწორედ ეს ციფრია დასახელებული იმავე ციხეების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც, მაგრამ მოდით, მარტივი ლოგიკით ვიმსჯელოთ: 18 მოქმედი ციხეა ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით და 18-ვე იმდენად გადატვირთულია, პატიმრებს მონაცვლეობით ძინავთ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 2500 მსჯავრდებული მაინცაა თითოეულ ციხეში. ახლა გადაამრავლეთ ეს ციფრი 18-ზე და ნახავთ, რომ, სულ ცოტა, 40-45 ათასი პატიმარი ჰყავს დღეს საქართველოს. ეს, იცით, რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირველ ადგილზე კი არ უნდა ვიყოთ პატიმართა რაოდენობის მიხედვით, არამედ უკვე გინესის წიგნში ვართ შესაყვანი. ეს უნდა იქნეს აღიარებული, როგორც უნიკალური შემთხვევა, პრეცედენტი, რომლის მსგავსიც ჯერ არ იცის ცივილიზებულმა სამყარომ. აი, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ და რატომ უკვირს ვინმეს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად გვაკრიტიკებენ, მათ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი სურათი _ აქ რა ხდება რეალურად, თორემ კრიტიკასა და შეფასებებს მერე ნახავდით.

_ უფლებადამცველები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ პატიმარებს სისტემატურად ეპყრობიან არაადამიანურად, თუმცა მათი უმეტესობა ერიდება ამ პატიმრების ვინაობის დასახელებას. თქვენ თუ იცით კონკრეტული შემთხვევა, როცა მსჯავრდებული აწამეს ან მასზე რაიმე სხვა სახის ზემოქმედება მოახდინეს?

_ პატიმართა სულ ცოტა 80-90 პროცენტი ციხეში შესვლის პირველივე წუთიდან ხვდება გაუსაძლის პირობებში და იმდენად დამამცირებელ, არაადამიანურ გარემოში იმყოფება, რომ ხშირ შემთხვევაში ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. წარმოიდგინეთ ათი დღის განმავლობაში ჰყავთ მარტო კარანტინში, სადაც არც საწოლია, არც პირსაბანი, არც ჯაგრისი და სხვა საჭირო ნივთები. გარდა ამისა, იმის გამო, რომ, ვთქვათ, ვიღაცამ ხმამაღლა გაიცინა ან რადიო ჩართო ცოტა ხმამაღლა. უცებ შეიძლება ბადრაგი შემოვარდეს და თავზე გადაგამტვრიოს ყველაფერი. ასეთი ფაქტები უამრავია და იყო შემთხვევა, როცა პატიმარი სასტიკად ცემეს იმის გამოც, რომ მეორე პატიმარს ჩურჩულით ელაპარაკებოდა, რაც კართან მდგომ ასინეთა-ბადრაგს კარგად არ ესმოდა.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, შემიძლია გავიხსენო ერთი განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, როცა მსჯავრდებული უჩა გოდელაძე გლდანის მეშვიდე საპყრობილეში ცემისა და წამების შედეგად იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ადამიანი 2010 წლის სექტემბერში დააკავეს ბათუმში, 18 სექტემბერს ჩატარდა სასამართლო პროცესი და იმავე დღეს წამოიყვანეს თბილისში. მეორე დღეს, ანუ 19-ში იგი უკვე მოხვდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა და ფოტომასალა, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ მას, ფაქტობრივად, მთელ სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, წამების ნიშნები და ე. წ. ელექტროშოკის კვალი (ნაჩხვლეტები); მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ საქმით დღემდე არავინ დაინტერესებულა. მეტიც, საუბარიც კი არ ყოფილა იმაზე, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. არადა, ძალიან მარტივად შეიძლებოდა იმ ადამიანების ვინაობის დადგენა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მსჯავრდებულის წამებაში.

_ პირადად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის მიმართ თუ ყოფილა მსგავსი ფაქტები?

_ უამრავი მსგავსი შემთხვევა მქონია და, ფაქტობრივად, არც ერთი მათგანი არ დამიტოვებია ისე, რომ არ გამეხმაურებინა. ამასწინათ ჩემი ერთ-ერთი პატიმარი, გაიოზ ზვიადაძე დამხვდა ნაცემი გლდანის მეშვიდე საპყრობილეში და წარმოიდგინეთ, ადამიანი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მელაპარაკებოდა, გვერდზე ვარდებოდა. აი ასეთ პირობებში უწევს ყოფნა თითოეულ მსჯავრდებულს და არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ხალხს დღეს ყველაზე მეტი ყურადღება სჭირდება; საზოგადოების დიდმა ნაწილმა კიდევ არ იცის, რა ხდება რეალურად ციხეებში. ამიტომ, პირველ რიგში, თვითონ მსჯავრდებულებმაც უნდა იაქტიურონ. მინდა, მათი ოჯახების გასაგონად ვთქვა, რომ სიჩუმითა და პირში წყლის ჩაგუბებით კარგს ვერაფერს მიიღებენ. პირიქით, დუმილი ამ ხელისუფლებისთვის არის წაქეზება და ამის შედეგს, სამწუხაროდ, უკვე ვიმკით კიდეც იმ ათასობით მსჯავრდებულის სახით, რომლებიც, კაცმა არ იცის, იქიდან ცოცხლები გამოვლენ თუ არა.

_ ადვოკატების უმეტესობა ერიდება ხოლმე იმ პატიმრების ვინაობის დასახელებას, რომელთაც აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ამით მსჯავრდებულს უფრო მეტი პრობლემები შეიძლება შეექმნას.

_ პირველი, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულებს ვეუბნები ხოლმე, ისაა, რომ, თუ ისინი უარს იტყვიან მათ მიმართ განხორციელებული რაიმე წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გახმაურებაზე, მე მათ აღარ დავიცავ. ეს არის ჩემი პრინციპი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყველა ის ადვოკატი თუ უფლებადამცველი, რომლებიც, მსჯავრდებულის უსაფრთხოების მიზნით, მსგავს ფაქტს არ ახმაურებს, ნებით თუ უნებლიეთ, უკვე თანამონაწილეა ამ ყველაფრისა.

დასაწყისშიც გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოების მხრიდან სწორედ ასეთი შემგუებლური დამოკიდებულების გამო დღეს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე ისეა შელახული, როგორც არასდროს; გაგეცინებათ, მაგრამ, ევროპაში რომ ჩავდივარ, ტაქსის მძღოლიც კი, როცა ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, პირში ჰალსტუხს იდებს და მეჭყანება. აი, ასე გვაქვს დღეს ჩვენ მსოფლიოში სახელი გატეხილი. ასე რომ, ერთი 50 წელი მაინც ნორმალური თვალით არავინ შემოგვხედავს და ასეთ ქვეყანაში, მგონი, ყველაზე მეტად სწორედ უფლებადამცველს არ აქვს იმის უფლება, რომ ჩუმად იყოს…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here