Home რუბრიკები სამართალი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი «ამერიკული დემოკრატიის» წინააღმდეგ

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი «ამერიკული დემოკრატიის» წინააღმდეგ

738


ათი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის ამერიკა თავისუფლების ქვეყანა

(ქვეყნდება უმნიშვნელო შემოკლებით)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშებს სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, რომლებშიც ლაპარაკია ამ დარგში შემზღუდავ კანონებსა და ნორმატიულ აქტებზე. რა ხდება ამ თვალსაზრისით საკუთრივ ამერიკაში? ამ საკითხს განიხილავს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამოქალაქო უფლებათა პროფესორი ჯონათან ტერლი.

10 წლის განმავლობაში, 2001 წლის 11 სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყანა ყოველმხრივ ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს თავისი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გაფართოების სახელით. ამის ყველაზე ბოლო მაგალითია შარშან, 31 დეკემბერს ხელმოწერილი კანონი, რომლის ძალითაც შეიძლება საკუთარი მოქალაქეები უვადოდ ჰყავდეთ დაპატიმრებული.

ყველა ახალი უფლებამოსილება, რომელთაც ვაშინგტონი ითვისებს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. უფლებამოსილებათა ასეთი მოზაიკა ჩვენს ქვეყანას, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივად მაინც ავტორიტარულ სახელმწიფოდ წარმოგვიდგენს.

ამერიკელები თავიანთ ერს თავისუფლების მსოფლიო სიმბოლოდ მიიჩნევენ, ხოლო ისეთ ქვეყნებს, როგორიც კუბა და ჩინეთია _ არათავისუფალ ქვეყნებად. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ სანახევროდ ვართ მართალი, რადგან შეერთებულ შტატებს დღეს ამგვარ რეჟიმებთან გაცილებით მეტი აქვთ საერთო, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.ამგვარი სახელმწიფოების მთავრობებს აქვთ გაზრდილი უფლებამოსილებანი ადამიანის უფლებების არაფრად ჩასაგდებად, ხოლო მოქალაქეებს მათი დასაცავი უმნიშვნელო შესაძლებლობებიღა დარჩათ. არადა, სწორედ ეს არის ის პრობლემები, რომლებიც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას ახალი კანონების მიღებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ობამამ, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა პრეზიდენტმა ბუშმა, განაცხადა, რომ აქვს უფლება, გასცეს ბრძანება ნებისმიერი ადამიანის მოკვლის, რომელიც ტერორისტად ან ტერორისტის ხელშემწყობად არის მიჩნეული. შარშან მან მოიწონა აშშ-ის მოქალაქის, ანვარ ალ-ავლაკისა და სხვათა მკვლელობა აღნიშნული უფლებიდან გამომდინარე. გასულ თვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პრეზიდენტის უფლებაა, გასცეს ბრძანება ნებისმიერი იმ ადამიანის მოკვლის შესახებ, ვისაც ტერორისტებთან დაკავშირებულად მიიჩნევს (არადა, ისეთ ქვეყნებს, როგორიც ნიგერია, ირანი და სირიაა, რეგულარულად აკრიტიკებენ სახელმწიფო მტრების სასამართლოს განაჩენის გარეშე დახვრეტის გამო).

უვადო პატიმრობა

კანონის თანახმად, რომელსაც წინა თვეში მოაწერეს ხელი, ტერორიზმში დადანაშაულებული ადამიანები სამხედრო ხელისუფლებას აჰყავს პატიმრობაში; პრეზიდენტსაც აქვს უფლება, გაურკვეველი დროით დააკავოს ტერორიზმში ეჭვმიტანილი დადანაშაულებული მოქალაქენი. მართალია, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს დებულება არსებული კანონის მხოლოდ კოდიფიცირებას ახდენს, ექსპერტები კი ფართოდ განიხილავენ ამ საკითხს, მაგრამ ადმინისტრაცია მაინც თავისაზე დგას და გამოდის ამ უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების წინააღმდეგ. მთავრობა მოქალაქეებისთვის საკუთარი უფლებების სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას ეწინააღმდეგება.

თვითნებური სამართალი

ამიერიდან პრეზიდენტი გადაწყვეტს, სად უნდა განიხილონ მოქალაქის საქმე _ ფედერალურ სასამართლოში თუ სამხედრო ტრიბუნალში. ბუშმა 2001 წელს განიმტკიცა ამის უფლება. ობამა აგრძელებს მის პრაქტიკას.

არასანქცირებული ჩხრეკა

პრეზიდენტს შეუძლია თვალთვალის ორგანიზება, ახალი უფლებამოსილებით შეუძლია აიძულოს დაწესებულებები და უწყებები, გასცენ ინფორმაცია მოქალაქეთა ფინანსების, მათი ნაცნობებისა და კავშირ-ურთიერთობის საშუალებათა შესახებ. ასეთი უფლებამოსილება ბუშმა მიიღო 2001 წელს «პატრიოტის აქტიდან» გამომდინარე, ობამამ კი გააფართოა უფლებამოსილება 2011 წელს, ამჟამად კი ჩხრეკის ჩატარება შესაძლებელია ყველგან და ყველაფრის _ საქმიანი დოკუმენტაციიდან დაწყებული, ბიბლიოთეკის თქვენს სააბონენტო ბარათში ჩანაწერებით დამთავრებული. მთავრობას შეუძლია გამოიყენოს «უშიშროების ეროვნული წერილები» _ ჩხრეკის საგანგებო რეჟიმი, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროს უფლებას აძლევს, აიძულოს ბანკები, გაშიფრონ ინფორმაცია მათი კლიენტების ანგარიშების შესახებ, ასევე, სატელეფონო კომპანიები, ინტერნეტ-პროვაიდერები, სხვა კომპანიები _ ნებისმიერი მასალები წარუდგინონ გამოძიებას მოთხოვნისთანავე. ნიშანდობლივია, რომ ასეთ მოთხოვნას არ სჭირდება დასაბუთება, ხოლო ორგანიზაციები ვალდებული არიან, საიდუმლოდ შეინახონ ინფორმაცია ამგვარი ცნობების გაცემის თაობაზე.

საიდუმლო მონაცემები

ამჟამად მთავრობა რეგულარულად გამოიყენებს გასაიდუმლოებულ მტკიცებულებას პირთა დასაკავებლად, ასევე _ ფედერალურ სასამართლოებსა და სამხედრო ტრიბუნალებში. ამას გარდა, აიძულებს, ჩაშალონ საქმეები შეერთებული შტატების წინააღმდეგ უბრალო განცხადებით, რომ აღნიშნული შემთხვევის განხილვა მთავრობას აიძულებს, გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რაც ზიანს მიაყენებს ეროვნულ უშიშროებას. ასეთ განცხადებებს ფედერალური სასამართლოები უმეტესად უკრიტიკოდ ითვალისწინებენ. გასაიდუმლოებულია იურიდიული დასკვნებიც, რომლებიც საფუძვლად ედება ობამას მთავრობის სამოქმედო ღონისძიებებს.

მსოფლიო მოითხოვდა იმ ადამიანების დასჯას, ვინც დაახრჩო ტერორიზმში ეჭვმიტანილები ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, მაგრამ 2009 წელს ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უფლებას არავის მისცემს, დაჰკითხონ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, აღძრან სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ ამგვარი მოქმედების გამო.

საიდუმლო სასამართლო

მთავრობამ გაიფართოა უფლებები საიდუმლო სასამართლოს გამოსაყენებლად იმ საქმეების განხილვისას, რომლებიც დაკავშირებულია უცხოელი აგენტების თვალთვალთან, რისთვისაც განავრცო საფუძვლების სია, რომლებითაც გაიცემა საიდუმლო ორდერები. 2011 წელს ობამამ კვლავ შეიტანა დამატებანი აღნიშნულ უფლებამოსილებაში, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც უფლებას იძლევა, საიდუმლოდ გაჩხრიკონ ადამიანები, რომლებიც არ არიან გარკვეული ტერორისტული ჯგუფების წევრები.

სასამართლო ძიების იმუნიტეტი

ობამას ადმინისტრაცია, ბუშის ადმინისტრაციის მსგავსად, განახორციელებს იმ კომპანიების ხელშეუხებლობის პოლიტიკას, რომლებიც მას ეხმარებიან მოქალაქეთა არასანქცირებულ თვალთვალში, ბლოკავენ მოქალაქეთა მცდელობას, დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

მოქალაქეთა მუდმივი თვალთვალი

ობამას ადმინისტრაცია წარმატებით იცავდა GPS-ის გამოყენების უფლებას მიზნობრივი მოქალაქეების ნებისმიერი მოძრაობის თვალთვალის საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილების ან შესაბამისი ანგარიშის უქონლად.

საგანგებო გადაცემა

მთავრობას ახლა უკვე აქვს უფლება, სხვა ქვეყნებს გადასცეს მოქალაქეები, ან არამოქალაქეები «საგანგებო გადაცემის» სახელწოდებით ცნობილი სისტემის საფუძველზე, რომლის გამოყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და პაკისტანი, დაგმობილი იყო.

ეს ახალი კანონები გაჩნდა უშიშროების მზარდი სისტემის დაფინანსების კვალზე სახელმწიფო და ფედერალურ დონეებზე, მათ შორის, ახალი სათვალთვალო კამერების, უშიშროების ათიათასობით თანამშრომლისა და ანტიტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიის ზრდის პარალელურად.

ზოგიერთი პოლიტიკოსი მხრებს იჩეჩავს და აცხადებს, რომ ასეთი ფართო უფლებები მხოლოდ პასუხია ცხოვრებაზე, რომელშიც ვტრიალებთ. აი, ერთი დამახასიათებელი გამონათქვამი: «სიტყვის თავისუფლება შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით» (სენატორი ლინდსი გრემი).

პოლიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი უფლებამოსილებანი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საქმე ის არის, როგორ გამოიყენებ მათ. ასეთია ლიბერალების დამახასიათებელი რეაქცია, რომელთაც არ შეუძლიათ ისევე გაკიცხონ ობამა, როგორც თავის დროზე აკრიტიკებდნენ ბუშს.

მაგრამ ქვეყნის ავტორიტარობა განისაზღვრება ავტორიტარული უფლებამოსილების არა მხოლოდ გამოყენებით, არამედ გამოყენების შესაძლებლობით საერთოდ.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ შევქმენით მთავრობა, რომლისაც ეშინოდათ ჩვენი ქვეყნის შემქმნელებს: მთავრობა ფართო, უმეტესად, არაკონტროლირებადი უფლებამოსილებით და იმ იმედით, რომ მას გონივრულად გამოიყენებენ.

ჯონათან ტერლი,

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის პროფესორი

www.washingtonpost.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here