Home რუბრიკები ეკონომიკა «პრიხვატიზაციის» ფარული ხიბლი

«პრიხვატიზაციის» ფარული ხიბლი

1095


სახელმწიფო ქონების პრივატიზების ეკონომიკური და სოციალური შედეგები

I. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე არსებული ეკონომიკური სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება საწარმოო ძალების განვითარების დონით, მათი შესაბამისი წარმოებითი ურთიერთობებით (წარმოებით ურთიერთობათა სისტემის განმსაზღვრელი საკუთრების ფორმებით), ასევე ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის წესით. ამ ასპექტით ეკონომიკურ ლიტერატურაში ეკონომიკის სისტემები ასე კლასიფიცირდება:

1. წმინდა კაპიტალიზმი, ანუ თავისუფალი კონკურენციის კაპიტალიზმი;

2. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემა;

3. ტრადიციული, ანუ ადათ-წესებზე დამყარებული ეკონომიკური სისტემა;

4. საბაზრო ეკონომიკური სისტემა.

სინამდვილეში ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური სისტემები «წმინდა» სახით არ არსებობს და თითოეულის თავისებურება მხოლოდ ზოგადი ასპექტით გამოიხატება, საბოლოოდ ისინი დაიყვანება მხოლოდ ორი ტიპის დინამიკურ სისტემაზე:1. საბაზრო ეკონომიკური სისტემა;

2. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკური სისტემა.

ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის ცხოველმყოფელობის ერთ-ერთი ძირითადი და არსებითი მაჩვენებელია წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმები, რაც განსაზღვრავს მოცემული საზოგადოების განვითარების საერთო მიმართულებებს, მისი მოღვაწეობის სოციალურ შედეგებს.

ეკონომიკური სისტემის მიხედვით იცვლება არა მარტო წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმები, არამედ საკუთრების ობიექტები, აგრეთვე, საკუთრების სუბიექტები, ე.ი. მესაკუთრეებიც.

საკუთრების შესახებ მეცნიერული თეორია გამომდინარეობს იმ ისტორიული გამოცდილებით დადასტურებული დებულებებიდან, რომლის წარმოების საშუალებებზე არ არსებობს საკუთრების ერთი, საყოველთაო და ყველა ეკონომიკური სისტემისათვის სავალდებულო ფორმა. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაციის ცვლილებებთან ერთად იცვლება. ახალი ეკონომიკური სისტემის წარმოშობასთან ერთად საკუთრების ახალი ფორმები და სახეები ჩნდება და იგი არსებობს ამ საზოგადოებასთან ერთად, ვიდრე არ შეიცვლება მისი ახალი ორგანიზაცია, რაც უეჭველად უნდა იყოს საკუთრებითი ურთიერთობის შეცვლის შედეგი. ამრიგად, ეკონომიკური სისტემის შეცვლას აუცილებლად ემთხვევა წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმების შეცვლაც. ამას მოსდევს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ძირითადი ნიშნის შესაბამისი ცვლილებები.

წარმოების საშუალებებზე საკუთრების გაბატონებული ფორმა ყოველთვის შეხამებულია მწარმოებლური ძალების განვითარების გარკვეულ დონესთან და განასახიერებს ეკონომიკური სისტემის იმ ტიპს, რომელიც ისტორიულად მწარმოებლურ ძალთა განვითარების მოცემულ დონეს შეესაბამება. საკუთრებითი ურთიერთობები უშუალოდ გამოხატავენ ეკონომიკური სისტემის არსს. ასე ინასკვება მტკიცე კავშირურთიერთობა საკუთრებით ურთიერთობებს, როგორც ეკონომიკური სისტემის საფუძველსა, და მწარმოებლურ ძალებს შორის. ამ ნასკვის შინაგან მამოძრავებელ ელემენტს მწარმოებლური ძალები შეადგენს და ამ მიმართულებით ეს ძალები კაცობრიობის ისტორიის განვითარების ლოკომოტივად გვევლინება, მაგრამ მწარმოებლურ ძალთა განვითარების დონე დამოკიდებულია თვით ეკონომიკური სისტემის ისტორიულ ეტაპზე. საზოგადოების მწარმოებლური ძალები და საკუთრებითი ურთიერთობები საზოგადოებრივი წარმოების განვითარების მამოძრავებელი კომპონენტებია.

ამდენად, ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა, თითოეული ამ კომპონენტის შესწავლის საფუძველზე უნდა გაანალიზდეს. სხვა ეკონომიკურ სისტემებთან შედარებით საბაზრო სისტემების უპირატესობები მრავალი ასპექტით ვლინდება, რომელთა შორის უმთავრესია რესურსების ეფექტიანი გამოყენება და მეწარმეთა ეკონომიკური თავისუფლება. საბაზრო სისტემის პირობებში «უხილავი ხელი» ისეთნაირად მართავს პირად ინტერესებს, რომ არსებული რესურსების ხარჯზე საზოგადოებას უზრუნველყოფს სულ უფრო მეტი რაოდენობის საქონლით, ეს კი ნიშნავს მაქსიმალურ ეკონომიკურ ეფექტიანობას.

საბაზრო ეკონომიკამ პრაქტიკულად ცხადყო თავისი უპირატესობა ისეთი ამოცანების გადაწყვეტაში, როგორიცაა: წარმოებასა და მოხმარებას შორის ოპტიმალური კავშირის უზრუნველყოფა; დამოკიდებული მწარმოებლის სამეურნეო საქმიანობის შედეგების საზოგადოებრივი შეფასება; ფასების თავისუფალი ფუნქციონირება; ეკონომიკის სანაცია; კონკურენციის საყოველთაობა და სხვა ამის საფუძველზე საბაზრო ეკონომიკა წარმატებით წყვეტს დასაქმების, ეკონომიკური ზრდის, ფასების სტაბილურობის, ეკონომიკური თავისუფლების, ეკონომიკური უსაფრთხოების თანასწორობისა და ეფექტიანობის პრობლემებს.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ ნიშნავს საბაზრო სისტემის ყოვლისშემძლეობას. როგორც ეს პრაქტიკამ აჩვენა, საბაზრო ეკონომიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მაკროეკონომიკურ პროპორციულობას, სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს, სტრატეგიულ ინვესტიციებს, არასაბაზრო სექტორის მხარდაჭერას, სოციალური პრობლემების დაძლევას და სხვ.

საზოგადოებრივი სტრუქტურების განვითარების მსვლელობამ დაადასტურა რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის, კერძოდ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო მეურნეობის შექმნის მიზანშეწონილობა, ე.ი. ადმინისტრაციულ-დირექტიული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში მსოფლიო სოციალისტური სისტემა დაიშალა და განვითარებულ სოციალიზმად წოდებული ეკონომიკური სისტემა უარყოფილი იქნა. გაუქმდა წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივი საკუთრება და იგი განსახელმწიფოებრიობის ობიექტად გამოცხადდა. ე. წ. სოციალისტური ქვეყნების წინაშე წარმოჩნდა პრობლემა, თუ როგორ დაუბრუნდნენ ისინი უმტკივნეულოდ, შედარებით მოკლე დროში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური დანაკარგებით კაცობრიობის განვითარების ბუნებრივ-მაგისტრალურ გზას.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი უმეტესი რესპუბლიკების წინაშე დაისვა სახელმწიფოებრიობის აღდგენის, ხოლო ზოგიერთისთვის ახლადშექმნის საკითხი. ნიშანდობლივია, რომ ამ რევოლუციურ გარდაქმნებს ყოფილ მოკავშირეთა უმეტესობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. საზოგადოებამ ვერ გაიგო და არ იცოდა, რით დაეწყო, რა გაეკეთებინა, რათა თანმიმდევრობით გაეტარებინა ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი, რა პრიორიტეტები გამოეყო რეფორმების ჩატარებისას და სხვ. თუმცა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა უპირობოდ აღიარებდა და აღიარებს, რომ ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს შერეული საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი პრინციპები. ხოლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საბოლოო მიზანი სამოქალაქო საზოგადოება.

«განთავისუფლებული ქვეყნები», ბუნებრივია, აღმოჩნდნენ ე. წ. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის წინაშე, ისტორიულ პერიოდში, რომლის დროსაც უნდა განხორციელდეს ძირითადად ძველი ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი და ახლის შემადგენელი ნაწილების აქტივიზაცია.

ამ მოძრაობაში სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბუნებრივია, ჩაერთო საქართველოც, რომელმაც პრიორიტეტულ ამოცანად აღიარა ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნის აუცილებლობა.

საქართველო, ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ახორციელებს ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლას. საბაზრო ეკონომიკის კურსს ამჟამად ალტერნატივა არ აქვს, რადგან დღემდე ცნობილ ეკონომიკურ სისტემათა შორის იგი ყველაზე ეფექტიანია.

საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა ექვემდებარება მთელ რიგ ეკონომიკურ კანონზომიერებებს. მათ შორის უმთავრესია საკუთრების რადიკალური რეფორმა, რომლის მიზანიც არის საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად საკუთრებისა და მეურნეობრიობის მრავალფორმიანობის დამკვიდრება და მრავალწყობიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება, რაც წარმოუდგენელია სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების განხორციელების გარეშე.

საკუთრების განსახელმწიფოებრიობა მეტწილად გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების გამოყვანას უშუალოდ სახელმწიფოებრივი მართვის სტრუქტურებიდან, მათ გარდაქმნას საკუთრების სხვა, არასახელმწიფო ფორმებზე დამყარებულ საწარმოებად და ეკონომიკაში ხელოვნური სახელმწიფო მონოპოლიის აღმოფხვრას. ამასთან, განსახელმწიფოებრიობა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო საწარმოებმა ახალ თვისებრიობაში განაგრძონ ფუნქციონირება.

ამდენად, გარდამავალი პერიოდის ყველაზე აქტუალურ კარდინალურ პრობლემას წარმოადგენს საკუთრების რადიკალური რეფორმა, მისი განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების განხორციელება.

განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების პროცესში გადამწყვეტი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. საჭიროა პრივატიზების პროცესის დამთავრება, ხოლო ამჟამად _ პრივატიზების დამამთავრებელ ეტაპზე ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების დემონოპოლიზაციისა და საკუთრების განსახელმწიფოებრიობის (პრივატიზების) პრობლემა ერთობ აქტუალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

II.პრივატიზების თავისებურებები

საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გეზი აიღო საბაზრო ეკონომიკური სისტემის შექმნისაკენ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა, ანუ პრივატიზება ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენდა და მას სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

ამდენად, მცდარია იმ ეკონომისტთა შეხედულებები, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ პრივატიზების პროცესს ჩვენს ქვეყანაში. ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს არა თვით პრივატიზება, როგორც ასეთი, არამედ მისი მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, თვითდინებით, შესაბამისი ეკონომიკური პირობების შეუქმნელად დაწყება და განხორციელება, როგორც ამას მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების მეოხებით ჰქონდა ადგილი საქართველოში.

პრივატიზება პოსტსაბჭოთა საქართველოში თავისი შინაარსით არსებითად განხორციელდა ტრადიციული სქემებისაგან განსხვავებით. ისე, როგორც საერთოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება და მისი მართვის ახალი ფორმები მსოფლიო ეკონომიკისათვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რამდენადაც ანალოგიურ მოვლენას მანამდე არც ერთი ქვეყნის პრაქტიკაში არ ჰქონია ადგილი.

საქართველოში იმ ქონების განსახელმწიფოებრიობა და კერძო საკუთრებაში გადაცემა მოხდა, რომელიც ათეული წლების მანძილზე იქმნებოდა საზოგადოების ყველა წევრის კოლექტიური შრომით. იგი საზოგადოებრივი საკუთრება იყო და, ფაქტობრივად, მთლიანად სახელმწიფო მონოპოლიას წარმოადგენდა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის სირთულეს განაპირობებდა ისიც, რომ უნდა შეცვლილიყო ქონების არა მარტო კონკრეტული მესაკუთრე, არამედ თვით პოლიტიკური წყობაც, მისი შესაბამისი საკუთრებითი ურთიერთობებით.

საქართველოში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო მეტად რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში.

ამ პროცესს დაემთხვა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს _ საბჭოთა კავშირის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გარდაქმნის უაღრესად მტკივნეული პროცესი, ძველი სამეურნეო კავშირების მოშლა და ამის საფუძველზე დაწყებული ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რამაც XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის დასაწყისისათვის ყველა პოსტსოციალისტური სახელმწიფო მოიცვა.

ქვეყნის სამრეწველო საწარმოთა უმრავლესობაში შეწყდა წარმოების პროცესი და დაიწყო უპატრონოდ მიტოვებული საწარმოების (ხშირად აქ დასაქმებულთა მიერ) მასობრივი გაძარცვა-განადგურება.

დამახასიათებელი გახდა სოციალური დაძაბულობის ზრდა, ეკონომიკური აქტივობის დაცემა, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის ზრდა, ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი, დაუძლეველი სირთულეების ქვეყნის გარეთ ანგარიშსწორების სფეროში, საკუთარი ვალუტის არარსებობის პირობებში ეროვნული კუპონის ჰიპერინფლაცია და საბჭოთა ფულის ნიშნების მძაფრი ნაკლებობა, სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტ. ყოველივე ეს თითქმის გადაუჭრელ სირთულეებს ქმნიდა ახალი რეფორმის გზაზე.

90-იანი წლების პირველ ნახევარში ქვეყანა ჩართული აღმოჩნდა ეთნოკონფლიქტებსა და სამოქალაქო ომში, ხელისუფლება შეიცვალა ძალისმიერი მეთოდებით, რამაც გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა და ურთიერთდაპირისპირება. ასეთ ვითარებაში რამდენადმე უყურადღებოდ დარჩა ახალი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შექმნისაკენ მიმართული რეფორმები, მათ შორის, პრივატიზების პროცესი.

ამ სიტუაციაში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმედითი საშუალება იყო ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე უსწრაფესი გადასვლა, რომლის განხორციელებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა _ პრივატიზება, სოციალიზმისათვის სრულიად უცხო საზოგადოების ახალი ნაწილის, კერძო მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბება, რომლის უნარზე, მოქმედების მასშტაბურობაზე სისხლხორცეულად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენება, საწარმოთა სიმძლავრეების ამოქმედება, მომსახურების სფეროსა და ვაჭრობის გამოცოცხლება, თვით ქვეყნის შიგნით არსებული სრული პოლიტიკური და სოციალური ვითარების გამო დაცარიელებული სახელმწიფო ხაზინის შევსება, მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილება.

მაშასადამე, ქვეყანაში 90-იანი წლების დასაწყისისათვის აშკარად გამოიკვეთა უპატრონოდ დარჩენილი სახელმწიფოებრივი ქონების დაჩქარებული პრივატიზების აუცილებლობა. შედგა საპრივატიზებო ობიექტებისა და ზარალიანი საწარმოების ნუსხა და გადაწყდა საპრივატიზებო ქონების გასხვისება: აუქციონის, პირდაპირი გაყიდვის, იჯარა-გამოსყიდვისა და საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ფორმით.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებულ იქნა დებულებები: «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით», «სახელმწიფო ქონების იჯარა _ გამოსყიდვის უფლებით» და «სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით», «პრივატიზებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ».

ამ დოკუმენტების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, არსებული საკანონმდებლო ბაზა სრულიადაც არ აღმოჩნდა საკმარისი ქვეყანაში პრივატიზების პროცესის მაღალორგანიზებულად და უხეში შეცდომების გარეშე ჩატარებისთვის.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული პრივატიზების განხორციელების მეცნიერულად დასაბუთებული ერთიანი გეგმა. ზემოთ ჩამოთვლილი კანონები არ ეფუძნებოდა იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც დაგროვილი იყო მთელ რიგ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში პრივატიზების განხორციელების სფეროში. ამ დოკუმენტებში სათანადოდ არ იყო გაშუქებული სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების არსი, პრივატიზების გამტარებელი ხელმძღვანელი ორგანოების ფუნქციები. არ იყო დაზუსტებული იმ დარგებისა და საწარმოების ჩამონათვალი, რომლებიც არ უნდა დაქვემდებარებოდა პრივატიზებას და ა.შ.

უხეში შეცდომა იქნა დაშვებული საბაზრო ეკონომიკისაკენ მიმავალი გზის ეკონომიკური სტრატეგიის არჩევაში. ვიჩქარეთ, სხვებს დავუჯერეთ, ბრმად გავიაზრეთ «შოკური თერაპიის» გზით საბაზრო ეკონომიკაზე დაუყოვნებლივი გადასვლის მეთოდი. უარვყავით საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობითი გადასვლის თეორია «გრადუალიზმი», არ გავითვალისწინეთ ის, რომ გარკვეულ პერიოდში საქართველოში სასარგებლო იქნებოდა სახელმწიფო კაპიტალიზმის ზოგიერთი გამოცდილების გამოყენება და ა. შ.

გამოუცდელობამ და უნიტარული ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ურთიერთობებზე «შოკური თერაპიის» მეთოდის გამოყენებით აჩქარებული გადასვლის ნიუანსებში გაურკვევლობამ თავისი უარყოფითი კვალი დაამჩნია ამ უაღრესად დიდმნიშვნელოვან ღონისძიებას.

ამიტომ იყო, რომ შემდგომ გზადაგზა, პრივატიზაციის პროცესის განხორციელების პარალელურად მუშავდებოდა და მტკიცდებოდა მთელი რიგი სამართლებრივი აქტებისა, დებულებებისა, მეთოდებისა, კანონებისა და ა. შ. ამ მიმართულებით გაწეული მუშაობა, აგრეთვე, ეყრდნობოდა მსოფლიო ბანკის, ევროგაერთიანების, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მითითებებს, რომლებიც ითვალისწინებდა მსოფლიო პრაქტიკას, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას. ამდენად, ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პრივატიზების პროცესზე, რამაც თავი იჩინა იმ დარღვევებისა და ნაკლოვანებების სახით, რომლებიც დაშვებულ იქნა ცალკეულ ეტაპებზე.

ამირან ჯიბუტი,
პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here