Home რუბრიკები პოლიტიკა ელისო ჩაფიძე: ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში

ელისო ჩაფიძე: ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში

629


ელისო ჩაფიძე, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე სახელმოხვეჭილი ჟურნალისტია, მებრძოლი და უშიშარი, პრინციპული და, რაღა თქმა უნდა, მაღალი რანგის პროფესიონალი. 2004 წელს ოსლოში საზეიმოდ მიენიჭა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება. მაგრამ დღეს, ყოფილი ჟურნალისტი ვარო, აცხადებს. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკაში წავიდა, მიიწვიეს, დათანხმდა _ «ქართული ოცნების» საინიციატივო ჯგუფის წევრია. ამაზე ვილაპარაკებთ. მაგრამ სად? ეგაა პრობლემა, რადგან «რეზონანსიდან» უკვე წამოსულია, «ქართული ოცნების» ახალ ოფისში, ერეკლეს მოედანზე თბილისის ბედნიერი მერია ნორმალურად მუშაობის არავითარ საშუალებას არ აძლევს ბიძინა ივანიშვილის გუნდში მოხმობილ ადამიანებს: სამშენებლო ნაგავი აღმართეს თანამედროვე მანერჰეიმის ზოლად, მუნიციპალური საკუთრების ხელშეუხებელ ზღუდედ _ ხელი არ ახლოთ, სასიკვდილოა! ამიტომ ვსხედვართ სპორტის სასახლესთან, «მაკდონალდსის» აივანზე და მაინცდამაინც ვერ ვიჯერებთ, რომ თებერვლის ბოლო კვირის ყინვა გატყდა და ხეში ჩადგა წყალი. ვსაუბრობთ «არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში» გაცილებით რთულ პოლიტიკურ პრობლემებზე ადამიანურ ჭრილში.

_ ძნელად დაემშვიდობა ელისო ჩაფიძე ნალოლიავებ პროფესიას…

_ ძალიან.

_ ჟურნალისტობაზე ადამიანი ხელს რომ აიღებს, ან დიდი მიზეზი აქვს, ან უფრო დიდი მიზანი… თუ «ერთი ნახვით შეყვარების» ბრალია?

_ ბოლო პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ის, რასაც ვაკეთებდი ან ვწერდი, პრაქტიკულად, შედეგის მომტანი არ იყო. ისე გამოდიოდა, რომ მე მხოლოდ საკუთარი სიმპათიებისა და სიამოვნებისთვის ვირჯებოდი. ეს ერთი.მეორე, _ ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება. ყოველთვის ვიცოდი, რომ არსებობს ასეთი ადამიანი, მეცენატი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და ვხუმრობდი, რომ მისგან არაფრით არ ვარ დავალებული, პირიქით _ იგი ერთადერთი მილიარდერია, რომელიც ჩემგან შეიძლება იყოს დავალებული, იმიტომ, რომ, როცა ვინმე მომმართავდა მისი ქველმოქმედების შესახებ მიმეწოდებინა ინფორმაცია, ან მადლობის გადახდა სურდა, ან პროტესტის გამოხატვა მისთვის შექმნილი პრობლემების გამო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვწერდი და ჩვენს მკითხველს ვატყობინებდი.

როცა მან პირველი განცხადება გააკეთა, პრესაზეც რომ ილაპარაკა, ბუნებრივია, დავიცავი ჩემი კოლეგები, თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ ჩემი კომენტარები დაამახინჯეს…

_ გულისხმობთ, როცა გამიჯნა…

_ დიახ, როცა გამიჯნა და თქვა, რომ ვიღაც არის სახელისუფლო, ვიღაც არის ოპოზიციური და, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიებიც კი ხელისუფლების ინტერესების გამტარებლებად მოიხსენია. კოლეგები დავიცავი, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ მივესალმები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას იმიტომ, რომ მას უყვარს თავისი ქვეყანა და კეთილი საქმეების კეთებას აპირებს. განვაცხადე, რომ არ ვეთანხმები მედიისადმი მის დამოკიდებულებას, თუმცა შეიძლება ყველა ჩვენგანს ჰქონდეს კრიტიკული აზრი ამა თუ იმ მედიასაშუალებაზე.

მე, როგორც უკვე პოლიტიკოსს, მომიწევს შევეგუო ჩემი კოლეგებისგან კრიტიკას, ხაფანგის დაგებას, ციტატის ამოგლეჯას და ა.შ., მაგრამ ასეთია თმენის ვალდებულება.

შემომთავაზეს ბიძინა ივანიშვილის მრჩევლობა, რასაც უყოყმანოდ დავთანხმდი. ბუნებრივია, რომ არანაირი საუბარი არ ყოფილა ანაზღაურებაზე, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ჩემი მოსაზრებები მიმეწოდებინა ამ ადამიანისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობისთვის. ამაზე უარს დედამიწის ზურგზე არავის ვეტყვი, მათ შორის, არც ახლანდელ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია, ჩემი რჩევა გაითვალისწინონ.

პოლიტიკაში წასვლის შემოთავაზება შარშან, დეკემბრის ბოლოს მივიღე. პრინციპულად, ეს ჩემთვის მისაღები იყო. მეგონა, რომ ეს მოხდებოდა მარტ-აპრილში და, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვჩქარობდი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას.

_ თქვენ თავს იყავით მინდობილი?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა ბატონ ბიძინასთან პირადი შეხვედრები. რამდენჯერმე შევხვდი. პირველ შეხვედრაზე ვუთხარი: თქვენ კი მეპატიჟებით პოლიტიკაში, მაგრამ მე ჩემი სახელისა და გვარის და ერთოთახიანი ბინის გარდა არაფერი გამაჩნია, და როგორ უნდა ვიყო-მეთქი თქვენი თანამებრძოლი? მივიღე გასაოცარი პასუხი.

საერთოდ ძალიან ცუდად მესმის, რას ნიშნავს მილიონერი, მილიარდერი, ვის რამდენი აქვს და ა.შ. ჩვენთვის 1000 ლარიც უკვე ძალიან ბევრია (იცინის). ჰოდა, მან ასე მიპასუხა: მილიარდერები საერთოდ არ არიან საინტერესო ადამიანები, შენ ხომ იცი, ელისო, ეს აფორიზმი: «თუ შენი თავი თან გახლავს, ღარიბად არ იხსენები».

მასთან შეხვედრების შედეგად დავინახე, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც არაფერს გპირდება, განსაკუთრებულ ილუზიებს არ გიქმნის და რეალურად აპირებს ბევრი კარგი საქმის გაკეთებას.

_ თქვენ რა შესთავაზეთ?

_ თუ ჩვენ მოვალთ-მეთქი ხელისუფლებაში, თუ კი არა, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჯანდაცვის პროგრამები, განათლება, რომელიც უმთავრესია, რადგან უდიდეს პრობლემად უდგას საქართველოს, სახელმწიფომ მოსახლეობისთვის უნდა განახორციელოს.

მან მითხრა, რომ ამას ერთი კომპონენტით უნდა დავუმატოთ _ სოფლის მეურნეობა. თუ გლეხი არ დაამუშავებს მიწას, თუ წარმოება არ განვითარდება, თუ პროდუქცია საქართველოში არ შეიქმნება, მთელი ჩემი ქონება რომც დავარიგო, მდგომარეობა მაინც არ გამოსწორდება, რადგან ეს ფული ბოლოს და ბოლოს დაიხარჯება. ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაიდოსო, უწინარეს ყოვლისა.

ბატონ ბიძინას ესმის, რომ საქართველოს ბიუჯეტში შექმნილია ძალიან რთული მდგომარეობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გარეშე რაიმე გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მან მითხრა, რომ აბსოლუტურად მეთანხმება, მაგრამ არ უნდა გავცეთ ამასთან დაკავშირებით დაპირებები. ადამიანებმა რეალურად უნდა იგრძნონ ის სიკეთე, რომელსაც ახალი ხელისუფლების მოსვლით მიიღებენ.

ასეთი არაპოპულისტური დამოკიდებულება ძალიან მომეწონა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ეჭვიანი ვარ, ნაკლებად მჯეროდა, რომ შევხვდებოდი ადამიანს, რომელიც ომში პირველი წავა, თვითონ, თავისით, თანამებრძოლის ყველა ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს და ჩვენ ვიქნებით მის ზურგს უკან.

_ წინ არ გადაეფარებით?

_ წინაც გადავეფარები და დავდგები, სადაც საჭიროა. მაგრამ ვამბობ აზრობრივი თვალსაზრისით: იგი არის წინამძღოლის ტიპი და მე შემიძლია ვაღიარო მისი უპირატესობა.

_ მოკლედ, მიხვედით გუნდში.

_ ასე იოლად არა. თანხმობა რომ განვაცხადე, მას შემდეგაც ბევრი ვიფიქრე, გამოცხადების წინა დღეებში განსაკუთრებით ვნერვიულობდი, ვაიმე, ღმერთო, სად მივდივარ! ეს ხომ პოლიტიკაა, ინტრიგებია და მე ხომ არაფერი არ გამეგება ამ ყველაფრისა და ა. შ. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი: ხომ არ დავრეკო და ვუთხრა, რომ ჟურნალისტიკაში დარჩენა გადავწყვიტე?

მაგრამ ეს უკვე გადალახული ეტაპია.

აშკარად დავინახე, რომ ახალ ამპლუაში გაცილებით მეტი რამის გაკეთებას შევძლებ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რედაქციაში თავიანთი პრობლემებით მოდიოდნენ. ვწერდი, როგორ არ ვწერდი. მაგრამ მათ სჭირდებათ მეტი, ვიდრე მხოლოდ ამ პრობლემებზე წერა. თუმცა სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. მაგრამ რას ვფიქრობ, იცით? პოლიტიკაში ჩემი წასვლა ერთგვარი გამოწვევაც არის: ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე ჟურნალისტიკაში. შემიძლია თუ არა სხვა სფეროში, სხვა საქმიანობაშიც მოვსინჯო ჩემი ძალა?! ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, პოლიტიკურ ინტრიგებში არ და ვერ ჩავებმები, ჩვენს გუნდში, იმედი მაქვს, ეს არც არის შესაძლებელი. ვინ რომელ პარტიაში იქნება, სიაში ვის რომელ ადგილზე ჩაწერენ, ამაზე ვაჭრობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან საერთო საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომლის სარეალიზაციოდ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ შეკავშირებულნი.

ძალიან მიხარია, რომ ამ დღეებში ისეთი ადამიანები მიკავშირდებიან, რომლებიც, შესაძლოა, ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ ცუდად არიან განწყობილნი, პროტესტის გრძნობაც კი აქვთ, მაგრამ მაინც წარმატებას გვისურვებენ.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ფეისბუკით დამიკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილი და წარმატება მისურვა.

_ მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინასგან კომპლიმენტები არ მოუსმენია?

_ დიახ. მაგრამ მე არანაირად არ ვეცდები, ბატონ ბიძინას რომელიმე პოლიტიკოსი ან ნებისმიერი ადამიანი დავუპირისპირო. პირიქით, დაძაბულობის შემთხვევაში, როგორც ქალი, ჩავდგები შუაში და თეთრი მანდილით დავამშვიდებ სიტუაციას.

_ შალვა ნათელაშვილის შემთხვევაშიც?

_ ჩემი მოკრძალებული სურვილია, მოვუწოდო ყველა ძალას, ჩვენი ურთიერთ «შემკობის» ტერმინოლოგია უფრო ცივილიზებული გახადონ. სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მივმართავთ ერთმანეთს, რომ შემდეგ გვიჭირს ერთმანეთთან შეხვედრა და ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა.

ბატონი შალვასი მიკვირს, რადგან მე მას ვიცნობ, პატივს ვცემ როგორც პიროვნებას, ვთვლი, რომ ლეიბორისტულ პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მათი იდეები შრომის კოდექსთან, ადამიანის შრომის უფლებებთან, მათი პრაქტიკული საქმიანობა გადასახადებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ბატონი შალვა თავისი მხარდამჭერების წყალობით ჩვენთან ერთად იქნება მომავალ პარლამენტში და კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ.

_ რომელ სფეროში აპირებთ მოღვაწეობას?

_ ნებისმიერში, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი საერთო საქმისთვის _ დაგეგმილი მაქვს, ვიბრძოლო მედიის უფლებებისთვის, რათა ჩვენმა გუნდმა მოახერხოს დატყვევებული ქართული მედიის, განსაკუთრებით, ტელევიზიების გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხსნა ხელისუფლების კონტროლისგან. ვიცით, რომ მომავალი ხელისუფლება ვიქნებით ჩვენ და გვინდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იმუშაონ თავისუფალმა ჟურნალისტებმა. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, გვინდა, რომ მათი მფლობელები, ფინანსური შემოსავლები იყოს გამჭვირვალე და ა.შ.

_ თქვენი ეს მოსაზრებები ბატონ ბიძინას გააცანით?

_ დიახ! მისი ინიციატივაც და სურვილიცაა, რომ მე მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშაო. მედიასთან ურთიერთობის ჯგუფთან, რომელშიც კომპეტენტური ადამიანები არიან გაერთიანებული, ვთანხმდებით ურთიერთობის ფორმებზე.

ეს ერთი სფერო. მეორე სფერო ადამიანის უფლებებია, სადაც არასამთავროებთან ერთად განვაგრძობ თანამშრომლობას.

ამისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი. ვხედავდი, რომ კანონპროექტების შეთავაზებით, საპროტესტო აქციების გამართვით და ასე შემდეგ გარკვეულ შედეგებს კი ვაღწევდით, მაგრამ ახლა მინდა, რომ გამარჯვება, ლოკალური კი არა, მთელი ქვეყნისთვის იყოს.

როგორც ვატყობ, ხელისუფლებაში მყოფთაგან ბევრს გაცლა უნდა, მაგრამ ვერ მიდის. ჩვენ გვინდა, რომ ამ სისტემის ნანგრევებში ძალიან ცოტა ადამიანი მოჰყვეს.

_ ერთი შეკითხვა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ სატელევიზიო საუბარში ამ თემას გაკვრით შეეხეთ: არის რუსეთი ჩვენი პირველი მტერი?

_ არ ვარ მომხრე, რომ რომელიმე ქვეყანა მტრად გამოცხადდეს და საგარეო პოლიტიკა ამის შესაბამისად წარიმართოს. მე იმის მომხრე ვარ, რომ ყველა ქვეყანასთან ნორმალური, დაბალანსებული ურთიერთობა გვქონდეს, ამას უნდა ვესწრაფოდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა სულ მალე მოიხსნება, თუმცა ამისთვის თავაუღებელი მუშაობა დაგვჭირდება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here