Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკა კურტანიძე: როცა დიქტატორი უკონტროლო ხდება, მას ანადგურებენ

ლუკა კურტანიძე: როცა დიქტატორი უკონტროლო ხდება, მას ანადგურებენ

646


ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «სახალხო კრების» სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე. _ ბატონო ლუკა, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2012-13 წლებში საქართველომ უნდა ჩაატაროს ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები, ბევრს ენიშნა როგორც ვაშინგტონის ღია და მკაფიო მითითება «ნაცმოძრაობისთვის». შესაბამისად, ამ განცხადების მერე, ალბათ, უფრო მეტია იმის მოლოდინიც, რომ მომავალი არჩევნები არსებულ ვითარებას ძირეულად შეცვლის. თქვენი აზრით, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა რამდენად იძლევა ამის საფუძველს?

_ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო თავის გადარჩენის მცდელობა; საქმე ისაა, რომ ამ რეჟიმს უკვე ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში დასაყრდენის სახით აღარ დარჩა მინიმალური რესურსიც კი, მის გამალებულ პიარსა და პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლო არხებიდან გვესმის, არანაირი შედეგი არ მოაქვს, ამიტომ ქულების დასაწერად მას მხოლოდ ის გზა აქვს დარჩენილი, რომ დასავლეთში გავლენიან პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან იპოზიოროს. როგორ მოქმედებს საბოლოოდ ეს ყველაფერი მის რეიტინზე, სხვა საკითხია და ამას ჩვენ ძალიან მალე ნათლად დავინახავთ არჩევნებზე, ერთი რამ კი ამთავითვე ცხადია, როცა მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერი პირდაპირ მიგითითებს, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროო, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენი საქმე მთლად კარგად ვერ არის.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იმ დიპლომატებმა, რომლებიც აქ გარკვეულ ინფორმაციებს აგროვებენ, მერწმუნეთ, ძალიან კარგად იციან, საქართველოში რა ხდება; მეტიც, ისინი ბევრად უფრო დეტალურად იცნობენ აქ მიმდინარე პროცესებს, ვიდრე ჩვენი ოპოზიციური სპექტრის საკმაოდ დიდი ნაწილი და, მით უფრო, საზოგადოება. აქედან გამომდინარე, რაც უნდა ხშირ-ხშირად იმეოროს სააკაშვილმა დასავლეთში, დემოკრატიას ვაშენებ და უკვე არნახულ წარმატებებს მივაღწიეთო, მისი გამოსვლები რჩება ცარიელ სიტყვებად, რომელთაც მხოლოდ მისივე პროპაგანდისტული ტელევიზიები თუ გამოიყენებენ სიუჟეტის ასაწყობად, თორემ სხვა არანაირი სასიკეთო შედეგი და ცვლილება ამას მათთვის არ მოაქვს…

_ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ამერიკას არ აინტერესებს, საქართველოში რა ხდება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ჩვენი საგარეოპოლიტიკრი კურსი და ა.შ. თქვენი აზრით, ბარაკ ობამას განცხადებამ საპირისპირო დაამტკიცა?

_ იმ აზრს, რომ ამერიკა არ ერევა ჩვენს შიდაპროცესებში და სააკაშვილს რაღაც ექსკლუზიური უფლებები აქვს ვაშინგტონიდან მიღებული, გარკვეული საფუძველი ნამდვილად გააჩნია, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს სისხლიანი დარბევები, დაპატიმრებები და გვახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა მაშინ ამერიკის ელჩი ჯონ ბასი, რომლის პირიდანაც ერთი კრიტიკული განცხადებაც კი ვერ მოვისმინეთ ხელისუფლების მისამართით; როგორც ჩანს, ის დრო ნამდვილად წარსულს ჩაბარდა, რადგან ის, რაც დღეს აქ ხდება, უკვე არანაირ ნორმებსა და ჩარჩოებში არ ჯდება. შეიძლება ითქვას, ამ ხელისუფლებამ პირწმინდად მიაღწია იმას, რომ თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, რომელიც თავის დროზე მისი უპირველესი მოკავშირე იყო, უკვე ვეღარ მალავს და ალამაზებს აქ არსებულ მდგომარეობას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ბარაკ ობამას განცხადება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, სააკაშვილისთვის იყო მკაფიო მითითება და მეტიც, დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავდა თითის დაქნევას, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ რეჟიმის რღვევისა და საბოლოოდ არჩევნების გზით, მშვიდობიანად გასტუმრების პროცესში.

_ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, რაც უნდა მკაფიოდ მიუთითონ სააკაშვილს დასავლეთიდან, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაატაროს ამ ხელისუფლების პირობებში, მითუმეტეს, მოქმედი საარჩევნო კოდექსით, რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი?

_ ჩვენდა სამწუხაროდ, ამ რეჟიმმა უკვე იმხელა მასშტაბებს მიაღწია, იმდენად აუტანელი და პრობლემური გახდა ეს ხელისუფლება, რომ არა მგონია, ევროკავშირიც და ამერიკაც გულხელდაკრეფილი დააკვირდეს იმას, თუ 2012-13 წლებში როგორ დაატრიალებს «ნაცმოძრაობა» კარუსელებს. საერთოდ, ყველაფერს თავისი ფორმა და ზღვარი უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ავტორიტარულ რეჟიმსაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთი დიქტატორებიც კი, როგორიც დღეს აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებშია, გარკვეულ დონეზე კონტროლდებიან, ხოლო, როცა დიქტატორი უკონტროლო ხდება, მას, უბრალოდ, ანადგურებენ. ასე დაემართა მუბარაქს, ბენ ალის, კადაფის და ასე დაამთავრებს მომავალშიც ყველა ის რეჟიმი, რომელიც გარკვეულ პრინციპებს არ დაიცავს, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის გამოსავალი, ჩვენთვის მთავარია, ქვეყნის სათავეში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არამარტო გარე ძალებისთვის იქნება მისაღები, არამედ ისეთი, რომელიც, პირველ რიგში, ხალხის ინტერესებს დაიცავს. ეს უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოსავალი წერტილი, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ხალხმა თითი არ გაანძრია და უფრო მეტად არ იაქტიურა, ასეთი ხელმძღვანელობა შემთხვევით ციდან ნამდვილად არ ჩამოგვივარდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვიმყოფებით ოცდაოთხსაათიან საბრძოლო რეჟიმში, ამიტომ არჩევნები საზოგადოებამ არჩევნებამდე უნდა მოიგოს, თორემ საარჩევნო ყუთთან რომ მივალთ, ჩათვალე, რომ იმ დროს უკვე ხელისუფლებას მისაღები პირწმინდად ექნება მიღებული.

_ არჩევნების არჩევნებამდე მოგებაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ საერთოდ, ნებისმიერ ბრძოლას წინ უძღვის ხოლმე ფსიქოლოგიური ომი, რომელიც შემდეგ უკვე ამ ბრძოლის ბედსაც განაპირობებს. ჩვენ სწორედ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, ანუ სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნებამდე უნდა გადატყდეს წელში და ამისთვის მას საზოგადოებამ ხელიდან უნდა გამოსტაცოს ის ძირითადი ბერკეტები, რაზეც ეს რეჟიმია დამყარებული. ესენია: სასამართლო, პოლიცია, მედია, დაფინანსების წყაროები და ა.შ. სხვანაირად არჩევნების გზით ამ ხელისუფლებას ძვრასაც ვერ უზამს საზოგადოება, რაშიც დღემდე არაერთხელ დავრწმუნდით.

_ ყველა ის უწყება, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ხელისუფლების უშუალო თანამზრახველია, ამიტომ «ნაცმოძრაობის» პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ავტომატურად ნიშნავს მისი ხელქვეითი მოსამართლის, ბიზნესმენისა თუ რიგითი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც. ასეთ პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ მათი გამიჯვნა ხელისუფლებისგან და საზოგადოების მხარეზე გადმოყვანა?

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჟურნალისტები იქნებიან ესენი, მოსამართლეები, ძალოვანები თუ ვითომ ოპოზიციის წარმომადგენლები, ზოგადად, მეორე ეშელონის ხალხი, ანუ შემსრულებლები მყავს მხედველობაში, კარგად უნდა ხედავდნენ და აცნობიერებდნენ, რა ხდება მსოფლიოში. ის მოვლენები, რომლებიც ეგვიპტესა და ლიბიაში განვითარდა, ჭკუის სასწავლებელია, ვინაიდან ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რეჟიმის თავგასულობას, რომელიც ადრე თუ გვიან საზოგადოების აფეთქებას იწვევს; აქედან გამომდინარე, ხელისუფლების სამსახურში მყოფმა ადამიანებმა რეალურად უნდა იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რა ჯობია მათთვის: დარჩნენ რეჟიმის ხელქვეითებად და ემსახურონ მას თუ, სანამ დროა, გაემიჯნონ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ნუ შესწირავენ თავს ერთი ადამიანის პირად ინტერესებს, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას, ეს დაგვჭირდეს და ამ ხელისუფლების მოშორება ძალისმიერი მეთოდებით მოხდეს, მაშინ, პირველ რიგში, ამას სწორედ ისინი შეეწირებიან…

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ის, რაც ლიბიასა და ეგვიპტეში მოხდა, შეიძლება აქაც განმეორდეს?

_ ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდეს, მაგრამ სწორედ ეგვიპტე და ლიბიაა იმის ნათელი მაგალითი, თუ რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს ქვეყანაში, როცა ავტორიტარული რეჟიმი ყოველგვარ ზღვარს გადადის. რაღაც ეტაპამდე საზოგადოება ყოველთვის ითმენს და ეგუება უსამართლობას, მაგრამ გარკვეული ზღვარის შემდეგ ამ ყველაფერს აქვს გარდატეხის მომენტი; ჩვენთან ჯერ ეს მომენტი არ დამდგარა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, თუ ქვეყანა არ გათავისუფლდა რეჟიმისგან და ადამიანებმა არ იგრძნეს ის, რომ ძალმომრეობა მმართველი კლანისგან ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, მერწმუნეთ, აქ შეიძლება ისეთი საშინელება მოხდეს, რომ ეგვიპტე და ლიბია მონაგონი იქნება…

_ დასასრულს, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზეც გკითხავთ. გასულ კვირას საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები საპატრიარქოს გვერდის ავლით მიმდინარეობდა. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე და საერთოდ, როგორ უყურებთ კიდევ ერთი მეჩეთის აშენების იდეას ბათუმში, რომელიც ეკონომიკურად უკვე ისედაც დაპყრობილი აქვთ თურქ ინვესტორებს?

_ მარტო ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან საპატრიარქოს ჩაურევლად, ჩუმად და, ფაქტობრივად, ფარულად მიმდინარეობდა, უკვე ცხადყოფს, რა ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და მე არ მინდა, ზედმეტად უხეში საუბარი გამომივიდეს, მაგრამ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, ამ მეჩეთის მშენებლობა თუ რა მიზანს ემსახურება… აჭარა ისედაც პრობლემური რეგიონია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკურად ის უკვე სხვა სახელმწიფოზე _ თურქეთზეა მიბმული და მიერთებული, ამიტომ ამ ფონზე იქ კიდევ რაღაც ხელოვნური ბარიერების შექმნა უცხო ცივილიზაციის უფრო მეტად დამკვიდრებით, ნიშნავს, რომ შენ ამ რეგიონს მიზანმიმართულად კარგავ და ასხვისებ. სხვა ახსნა ამ ფაქტს, უბრალოდ, არ აქვს, ვინაიდან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აჭარაში მეჩეთები ისედაც ბევრია და არანაირი აუცილებლობა, რომ იქ კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს, არ არსებობს…

_ თქვენი აზრით, რა პრობლემებს გამოიწვევს აზიზიეს მეჩეთის აშენება აჭარაში?

_ აჭარაში უკვე არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები და ხელისუფლება მათზე თვალს ხუჭავს, ხოლო აზიზიეს მეჩეთს რაც შეეხება, ამხელა რელიგიური კომპლექსი რომ იქ აშენდება, ჩათვალეთ, რომ ის რეგიონი უკვე აღარ იქნება საქართველო. ამას არ ვამბობ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, არამედ ვამბობ, როგორც რიგითი მოქალაქე და ქართველი;

როცა ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთი ბაზილიკური, მცირე სალოცავი აშენდეს თურქეთის ტერიტორიაზე და იქ წირვა-ლოცვა აღევლინოს, რატომაა საქართველო ყველას ხელწამოსაკრავი?! რატომაა ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის მეორე და მესამე პლანზე გადაწეული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?! აი, სწორედ ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება გვღუპავს, მაგრამ ეს არ არის სხვა სახელმწიფოს ბრალი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, რომელიც ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ ყიდის და ასხვისებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს; დღეს ანალოგიური რამ ხდება აჭარაში, სადაც თურქეთის მხრიდან მიმდინარეობს გამალებული ეკონომიკური ანექსირება და მერწმუნეთ, თუ ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა არ შეიცვალა, სულ მალე იქ ქართული დროშა აღარ იფრიალებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here