Home რუბრიკები პოლიტიკა Ребята, давайте жить дружно!

Ребята, давайте жить дружно!

640

ეს ბოლო კვირაა, ქართული მედიის მთავარი სალაპარაკო თემა, რუსეთის ახლანდელი პრემიერის (მარტიდან უეჭველად პრეზიდენტის) ვლადიმერ პუტინის მოულოდნელი მიმართვაა ქართველი ხალხისადმი და არა მომავალი და მითუმეტეს ახლანდელი ხელისუფლებისადმი.

რატომ მოულოდნელი? იმიტომ, რომ რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც არავის უხსენებია საქართველო, ვლადიმერ პუტინმა, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე; უფრო სწორად, ამ ურთიერთობების პრაქტიკულად არარსებობაზე…

პუტინის მიმართვის, ჩემის აზრით, გულწრფელი პათოსი თითქმის თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მმართველი წრის, ანუ ე. წ. მიშნაცებისთვის, ასევე რესპუბლიკელების თამადობით იმ ოპოზიციისათვისაც, ვინც წლეულსვე აპირებს არჩევნების გზით ხელისუფლების ჩანაცვლებას. დიახ, ჩანაცვლებას, რადგან ჩანაცვლებასა და შეცვლას, როგორც დიდი შოთა იტყოდა, «შუა უზის დიდი მზღვარი» და რაზეც სულ უფრო ხშირად საუბრობს ქართველი საზოგადოების გონიერი, ანალიზის უნარის მქონე ნაწილი.მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს…

მიშნაცებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აკუნა მინაშვილებისა და ნუგზარ წინკლაურების პირით, ამ ყველაფერს პუტინის მორიგი აღიარებითი ჩვენება უწოდეს იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი (პირველ აღიარებად ხომ დიმიტრი მედვედევის «ჩვენება» ითვლება).

ხოლო «ბიძინაჩვენის» ოპოზიციაში განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინეს და ეს მიმართვა, პუტინის წინასაარჩევნო პიარს მიაწერეს მხოლოდ. თუმცა ყასიდად ისიც აღინიშნა, რომ, ნატოსკენ სწრაფვასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო, მაგრამ ერთი მეორეს გამორიცხავს. არადა, ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნაა არა «დალაგება» (დალაგება ოთახის გამიგია, აი, «უბორკას» რომ ეძახიან), არამედ იმ კეთილმეზობლური, უფრო მეტიც, ყოფით დონეზე რუს-ქართველთა შორის უაღრესად თბილი, მეგობრული (და არა მარტო ე.წ. შემოქმედებით ელიტებს შორის) ურთიერთობების აღდგენაა! რასაც, რუსი ერის სავსებით ლეგიტიმური თუ არა, გასაგები და ახსნადი იმპერიული მიდრეკილებების მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ ჩვენი ძველები!

«ვინც ერთხელ უკვე გაიკვლია გზა რუსეთისკენ და პუტინს ხელი ჩამოართვა» _ პალიკო კუბლაშვილის ამ «სხარტ» ნიშნისმოგებას თუ გავიხსენებთ, რომელიც ხშირად ტრიალებს «მაესტროს» სარეკლამო რგოლში (ვისაც უგებს ნიშნს, არც ეგ არის საიდუმლო) და წინამდებარე წერილის თემას მივუსადაგებთ, ჩვენმა წინაპრებმა ამ 200 წლის წინათ გაიკვლიეს გზა რუსეთისკენ და იმ გზებით მატერიალური თუ სულიერი ფასეულობების შემოზიდვა დაიწყეს გაპარტახებულ-დაქცეულ საქართველოში.

და თუ როგორი დაქცეული იყო იმჟამინდელი საქართველო, დიდი ილიას ციტატებს მოვიყვან მისი ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიდან «ასის წლის წინათ», რომელიც 1899 წელს დაწერა და რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის ას წლისთავს მიუძღვნა:

… «დასუსტებული საქართველო, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით «რკინის კარი შეეხსნა», უფრო კარღია შეექმნა და ადვილი საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტერს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი, ხმალამოღერებულნი თავს ადგნენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას, მუქარაზე უთვლიდნენ… «, რადგანაც «…ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში _ ერთი იყო…»

მიშნაცებს კი, ილიას სურათები მხოლოდ ანტურაჟად სჭირდებათ კაბინეტებში, მის ნააზრევთან კი მწყრალად გახლავან. იქამდეც კი, რომ მიხეილ მაღალს ამას წინათ გადატრიალება მოუხდენია ქართულ ისტორიოგრაფიაშიც («ც» იმიტომ, რომ მანამდეც ბევრი რამ გადაუტრიალებია, არქიტექტურა და ა. შ.), როცა გიორგიევსკის ტრაქტატისთვის საქართველოს პირველი ოკუპაცია უწოდებია.

ამაზე თურმეობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ თავად არ მომისმენია მსგავსი რამ და მიშიკოს ამ «აღმოჩენაზე» რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეშფოთებული კომენტარი წავიკითხე სოციალურ ქსელში _ ეტყობა, ამას ქართველ ბავშვებს ასწავლიან სკოლებში, რაც საშიშიაო.

და მეც არანაკლებ შევშინდი და შევშფოთდი, რადგანაც შეიძლება სულ მოკლე ხანში უკანასკნელი დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორეს ძეგლის აღების მოწმენიც გავხდეთ თელავში! პატარა კახის, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის მთავარი შემოქმედის და რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის თანამონაწილისა.

როგორც ჩვენში იტყვიან, რა, ჭკუა დაუშლით თუ თანამდებობა?

თუ დიდიან-პატარიანად გამოვალთ ქუჩაში და არ დავანებებთ ჩვენი ისტორიის ხელყოფას?

ისე, როგორც არ დავანებეთ დავით აღმაშენებელი თბილისსა თუ ქუთაისში და გორში _ იოსებ სტალინი…

მაგრამ, მგონი, კალამი გამექცა და მთავარს დავუბრუნდეთ, ანუ რა აღიარა ამისთანა ჯერ დიმიტრი მედვედევმა და ახლა ვლადიმერ პუტინმა?

რა აღიარებითი ფაღარათი დაეწყოთ მიშნაცებს, რომ ყველა ერთად და ცალცალკე, ვითომ ნიშნს უგებენ პუტინს _ ამათ, რუსთხელმწიფე ფოცხოელ თუ გალელ კოჭოიაში ხომ არ ერევათ, «აღიარა, აღიარაო», რომ გაჰყვირიან?

რა აღიარება და ჩვენება უნდა იმას, რომ, თუ ცხვირში მოგვხვდა რუსეთის სახელმწიფოსგან, სწორედ ჩვენი ახირებული «ნატო-ნატოს» ძახილის გამო. დახედეთ რუკას და დაინახავთ, რომ დაწყებული ბალტიის და გაგრძელებული აღმოსავლეთ ევროპის ახლადგამოჩეკილი ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებით, რუსეთი, პრაქტიკულად, ალყაში მოექცა ე. წ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზებით თუ რაკეტსაწინააღმდეგო რადარებით.

მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ვიწრო ზოლიღა დარჩა და აქაც, თუ რაიმე სახით შემოაღწია ნატოს ინფრასტრუქტურამ, რუსეთის სრული ალყა სახეზე იქნება.

იმ ზღაპრების, რომ ჩვენს რეგიონში აშშ-ის აქტივობა მხოლოდ ირანული საფრთხის გამოა, აღარავის სჯერა და ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ მოსკოვის იძულებითი კონტრაქტივობები, აგვისტოს ომის ჩათვლით, რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან ამ შემთხვევაში ელემენტალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდებოდა და, თუ საჭირო გახდა, მომავალშიც მოხდება.

ან პუტინ-მედვედევის «აღიარებითი ჩვენებები» სად იყო, როდესაც აგვისტოს ომამდე კარგა ხნით ადრე არაორაზროვნად მიგვანიშნა _ არ გინდივართ ქართველებს რუსები? კი, ბატონო, მაგრამ რუსეთის სამტროდ ამერიკასაც ნუ შემოუშვებთ, ნეიტრალიტეტი გამოაცხადეთო. მაშინ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც ერთხმად მასხრად აიგდეს რუსეთის ეს შემოთავაზება…

ახლაც დაახლოებით იგივე ხდება _ ირან-აშშ-ის (ალბათ, ისრაელისაც) მოსალოდნელი და, ბევრის აზრით, გარდაუვალი სამხედრო დაპირისპირების წინ ვლადიმერ პუტინის «აღიარებითი ჩვენება» სხვა არაფერია, თუ არა კეთილისმსურველის გაფრთხილება, რადგან რუსეთს ამა თუ იმ ფორმით მოუწევს რეაგირება მის სამხრეთ საზღვრებთან მიმდინარე, რბილად რომ ვთქვათ, ცხელ კონფლიქტზე და გვაფრთხილებს, ირანის ან სულაც რუსეთის იძულებით სამიზნედ ნუ იქცევითო ქართველები.

ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილის ოპოზიციის რესპუბლიკური ფრთა კი ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, შეხმატკბილებულად აფიქსირებენ, რომ, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველომ გონიერი და ბუნებრივი ნეიტრალიტეტის გზა კი არ უნდა აირჩიოს, არამედ უგუნურად უნდა დაიჭიროს «სტრატეგიული პარტნიორის», აშშ-ის მხარე.

საერთოდ კი, რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობას ზოლად გასდევს უმადურობის განცდა. 200 წლის წინ ამერ-იმერ საქართველოს, ზრდასრული მამაკაცებით, ანუ მეომრებით ერთი პაიჭაძის სახელობის სტადიონის შევსებაც კი გაუჭირდებოდა. ჩვენს მოსისხლე და ამომგდებ ირან-ოსმალეთთან რუსეთის მრავალი ომის შედეგად წართმეული ტერიტორიების შემოერთების, ანუ ქართულ კულტურულ სივრცეში დაბრუნების და ფიზიკური გადაშენების პირას მყოფი ერის 5 მილიონამდე გამრავლების შემდეგ, მოღონიერებულ-გამრავლებული რომ განაცხადებ _ ნატოსთან მირჩევნია, თანაც ირან-ოსმალეთთან უვიზო მიმოსვლა უნდა მქონდეს და ნატოს ბაზები უნდა გავხსნაო, მაინცდამაინც მადლიერი კაცის საქციელს არ ჰგავს.

ეს, როგორც მინიმუმ, ისტორიული უმადურობა!!!

და ბოლოს, ისევ დიდი ილია:

… «ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომებისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის. უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ».

ამაზე კარგად ვინ და როგორ შეიძლება თქვას, ლიბერასტო ურწმუნო თომებო? თუ ფიქრობთ, როცა დიდი ილია ამ სტრიქონებს წერდა, არაფერი სმენოდა ბაგრატიონთა გაუქმებული სამეფო ტახტის, გადაღებილი ფრესკების, გაუქმებული ავტოკეფალიის, რუსი ეგზარხოსების, ეგზეკუციების შესახებ და კიდევ რაც ვიწვნიეთ ქართველებმა რუსეთის იმპერიაში?

ვიცი, ახლა სსრკ-საც შემახსენებენ «უდიდესი ბოროტების» სახით, მაგრამ ბოლშევიკებსაც ხომ ახლდა სიკეთეები?! _ თუნდაც ქართული კულტურის, ლიტერატურის, კინოს, მეცნიერების არნახული რენესანსის სახით. აღარაფერს ვამბობ პრაქტიკულად უფასო კომუნალურ მომსახურებაზე, მედიცინაზე, გაზსა და შუქზე.

სხვათა შორის, სწორედ ქართველმა სტალინმა გაშიფრა თავის დროზე ბოლშევიკებში მსოფლიო მასონების აგენტები ტროცკისტი სიონისტების სახით და მათი განადგურებით შეაჩერა მიშნაცებისა და მათი პატრონებისთვის სანატრელად ქცეული რუსეთის ჩამოშლა.

ახლა კი ხრუშჩოვ-გორბაჩოვ-ელცინს გადარჩენილ რუსეთს მხსნელად ვლადიმერ პუტინი და, ზოგადად, ახალი რუსების თაობა მოევლინა და, გვინდა თუ არა, ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ.
სწორად გავიგოთ პუტინის «მორიგი აღიარება», რაც წერილის სათაურშივე მივანიშნე ცნობილი რუსული მულტსერიალიდან «კოტ ლეოპოლდის» რეფრენად ქცეული რეპლიკით: «Ребята, давайте жить дружно!

», რაც იმის მინიშნებაა, რომ, ქართველებო, რაც იყო, იყო, მოდით, ამიერიდან მაინც ძველებურად, მეგობრულად ვიცხოვროთ, ყველაფერს მოევლება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებსაცო!

ჩვენც იმ თაგუნებივით კატას ნუ გამოვთხრით, რომელიც ლეოპოლდივით კეთილი არ იქნება, რომ უწყინარ წკიპურტებს დაგვაჯეროს…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here