თბილისის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო 2006 წელს, სანდრო კვიტაშვილის მინისტრობისას, 12 მილიონ ლარად გაიყიდა. მაშინვე დიდი ამბავი ატყდა, რომ აქ ევროპული თანამედროვე ტიპის სუპერკლინიკა გაიხსნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საავადმყოფოს შეძენა «ავერსს» სურდა, მაგრამ 48000 კვ.მ ფართობის 14-სართულიანი, მრავალფლიგელიანი შენობა 7700 კვ.მ მიწის ფართობით უცხოელებს მიჰყიდეს.
ინვესტორმა, მართალია, ამერიკიდან ცნობილი ქართველი პროფესორი ნიკოლოზ ყიფშიძეც ჩამოიყვანა და კლინიკას უთავკაცა, მაგრამ პირობა არ შეასრულა _ იქ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. პაციენტს მდგომარეობიდან გამოიყვანენ, დიაგნოზს დაუსვამენ და, მაქსიმუმ, 2-3 დღეში შინ ან სხვა კლინიკაში წერენ. მკურნალობის პროცესი იქ არ მიმდინარეობს და არც ვინმე ფიქრობს, რომ ამ მიზნით ის დარჩენილი 13 სართული აითვისოს, რომელიც ამჟამად გაუგებარი მიზნებისთვის არის «დარეზერვებული».
რატომ არ ითვისებენ იმ დარჩენილ 13 სართულს უცხოელი ინვესტორები? რატომ არღვევენ პრივატიზებით განსაზღვრულ პირობებს? რატომ იხდიან საშაროდ თავს, როცა იციან, ამ ხელისუფლებასთან ხუმრობა არ შეიძლება? ანდა, რატომ მუშაობს ერთი ფლიგელის მხოლოდ 3-4 სართული?ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» საკმაოდ დამაჯერებელი ინფორმაციები მოაწოდეს. ითქვა, რომ, როცა რესპუბლიკური საავადმყოფო გაიყიდა, მალევე დადგა დღის წესრიგში მისი მხოლოდ მცირე ნაწილის რეაბილიტაციის საკითხი და ეს თემა, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ჩვენი ინფორმაციით, თუ ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამერიკა ღიად ჩაება ირანთან ომში, მაშინ რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეცემათ ამერიკელ ჯარისკაცებს როგორც შუალედური სამხედრო ჰოსპიტალი. დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცები ამ კლინიკაში იმკურნალებენ, ანუ საქართველო ნატო-ირანის კონფლიქტში პირდაპირ იქნება ჩართული, რაც ერთი ორად ზრდის რისკს, რომ თბილისი ირანული რაკეტების სამიზნედ იქცეს. ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტმა ახმადინეჯადმა ღიად განაცხადა: თუ რომელიმე სახელმწიფო შესაძლო კონფლიქტში ღიად ან არაპირდაპირ ჩაერევა, ირანი მის ქმედებას აღიქვამს როგორც მტრული სახელმწიფოს ნაბიჯს და პასუხიც ადეკვატური იქნებაო. არც ის არის გამორიცხული, ნატომ ირანის დასაბომბად, რისი დიდი შანსიც არსებობს, ქართული სამხედრო აეროდრომები გამოიყენოს, მაგრამ ეს რადიკალურად ვერ შეცვლის ქართულ-ირანულ დამოკიდებულებას _ ნატოსა და აშშ-ის «მეგობრები», რა ხანია, ისედაც ვართ.
კულუარული ინფორმაციებით, 30 იანვარს აშშ-ში ობამა-სააკაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანთან ომში ქართული სამხედრო რესურსების გამოყენების პერსპექტივა იქნება. შესაძლოა, ორი პრეზიდენტის განსჯის საგანი არ გახდეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და მისი გადაცემა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის, მაგრამ დაბალ დონეზე ამაზეც იქნება საუბარი. მით უფრო, აშშ-თან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, 4 წელია, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, ნატოს სამხედრო ოპერაციებში _ ერაყსა და ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცები სისტემატიურად მონაწილეობენ და ამ ხელშეკრულების საფუძველზე თუ ამ საავადმყოფოს დროებით გადაცემა და, შესაძლოა, მსოფლიო ომში ჩათრევაც მოგვთხოვეს, არ გაგვიკვირდეს. ჩვენი ხელისუფლება კი დიდი სიხარულით დათანხმდება ამ ვარიანტს. სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნაკლებად ადარდებს ქვეყნისა და ხალხის პერსპექტივა, ის სანაცვლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს მიიღებს, მიშა ობამასთან სურათს გადაიღებს და ამას წინასაარჩევნოდ გამოიყენებენ.
იმის საფუძველს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გაუგებარი მიზნებისთვის, სავარაუდოდ კი, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ჰოსპიტლად გამოყენებისთვის არის დაკონსერვებული, იძლევა ისიც, რომ ამ უზარმაზარი შენობის 13 სართული ღამით სრულ უკუნეთშია, ანუ იქ არც პაციენტები უწევთ და არც სამედიცინო პროცედურები ხორციელდება. ფაქტობრივად, კლინიკა გაუქმებულია: იქ არც ერთი განყოფილება არ მოქმედებს, არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს (თუ არ ჩავთვლით «ემერჯენსს»). თუ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას იქ იჯარით ჰქონდა ფართი და სამედიცინო-სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, 2 წელია, ისინიც გაიყვანეს, და აგერ უკვე 3-4 თვეა, რაც სრულიად გაასუფთავეს 13 სართული. ყოფილი თანამშრომლები და კარისკაცები ლაპარაკობენ, რომ აქ ხშირად დადიან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უცნობი პირები, უცნაური ინსტრუმენტებითა და ხელსაწყოებით. დაცვის სამსახური არ ადასტურებს, რომ მათ შორის უცხოელებიც არიან, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ხალხმრავლობა და ფორიაქი ამერიკა-ირანის დაძაბულობის ფონზე გააქტიურდა. იმასაც ადასტურებენ, რომ ის ხელსაწყოები, რომლებიც ამ უცხო ადამიანების ხელში უნახავთ, სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებისა უნდა იყოს, რადგან მსგავსი რამ ქართველი არასამხედრო მედიკოსების ხელში არასოდეს უნახავთ.
ვაჟა-ფშაველას პროსპექტის მხრიდან «ემერჯენსი», როგორც იტყვიან, მტერს უბრმავებს თვალს, ნუცუბიძის ქუჩის მხრიდან _ მოყვარეს: ჩაბნელებული 13 სართული ავად, საეჭვოდ გამოიყურება. დამაჯერებელი ვერსიაა, რომ ამ საავადმყოფოს ირან-ამერიკის კონფლიქტისას ამერიკელები გამოიყენებენ და ამ კონფლიქტში ჩაგვითრევენ. ამ ეჭვს ისიც ადასტურებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სრულიად ცარიელ შენობას იცავენ, ამბობენ, რომ მათ 1 თებერვლიდან სხვა ობიექტებზე გადაიყვანენ სამუშაოდ და ამ შენობას სამთავრობო დაცვის სხვა სამსახურს გადასცენ სამეთვალყურეოდ. არ არის გამორიცხული, ეს ან ამერიკული, ან ქართულ-ამერიკული სპეცსამსახური იყოს. «სამთავრობო დაცვის ბიჭები», სხვათა შორის, იმაზეც ლაპარაკობენ, რომ მალე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს სუპერთანამედროვედ აღჭურვავენ, უახლესი და არნახული სამედიცინო ტექნოლოგიებით და ეს იქნება ამერიკული სამხედრო-სამედიცინო ტექნოლოგიები, თუმცა ამაზე ლაპარაკის უფლება არ აქვთ. ამ ბიჭებმა აშკარად იმაზე მეტი იციან, ვიდრე ლაპარაკობენ, მაგრამ კანონი და უფროსობა არ აძლევთ მეტის თქმის უფლებას _ მითუმეტეს, ესენიც სპეცსამსახურებს წარმოადგენენ.
«საქართველო და მსოფლიომ» დააპირა, დაკავშირებოდა საქართველოს თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების შესაბამის სამსახურებს, რათა ეკითხა _ მართლა აპირებდა თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ნატოსა და ამერიკისთვის გადაცემას საქართველოს ხელისუფლება? მაგრამ საკითხი იმდენად ზესაიდუმლო და ზესახელმწიფოებრივია, უაზრობად ჩავთვალეთ ამის გაკეთება. ამ სამინისტროების მედიასთან ურთიერთობის სამსახურების არც ერთ ჩინოვნიკს ამ საქმის დეტალების შესახებ, ცხადია, წარმოდგენა არ იქნებათ.
ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს, კონფლიქტი ირანთან მშვიდობიანად გადაიჭრება და ნატო ირანთან სამხედრო ოპერაციებში არ ჩაერევაო. აბა, რას მივაწეროთ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განვითარებული საეჭვო და ფორსირებული ქმედებები? ვის დავუჯეროთ _ რასმუსენს? თუ დაველოდოთ, როდის გადაიბარებენ აშშ-ს თუ ნატოს ჯარები რესპუბლიკურ საავადმყოფოს და როდის «გადააწყობენ» სამხედრო საავადმყოფოდ?
«საქართველო და მსოფლიო» ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას დაუკავშირდა.
_ ბატონო გიორგი, ჩვენი ინფორმაციით, თუ ამერიკა-ირანს შორის ომი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ამერიკელებს, ზოგადად, ნატოს ალიანსს გადასცეს, რაც ამ ომში საქართველოს არაპირდაპირი ჩათრევის ტოლფასია.
_ ანალოგიური ინფორმაცია ჩვენც გაგვაჩნია და ახლა ამ ინფორმაციას ვამოწმებთ. ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს სააკაშვილმა და არამარტო რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ყველა საავადმყოფოს გადასცემს ამერიკელებს და ნებისმიერ ომში ჩაითრევს ქვეყანას. ეს ე. წ. 150 საავადმყოფოს პროექტი რომ მიმდინარეობს და სააკაშვილი დღეში თითო საავადმყოფოს ხსნის, ეს «საავდმყოფოების ციებ-ცხელება» ირან-ამერიკის მოსალოდნელ ომს ემსახურება და, ცხადია, ამერიკელი ჯარისკაცების მომსახურებას.
_ ანუ საქართველო არაპირდაპირ, მაგრამ მაინც იქნება ჩართული ამ ომში. პრინციპში, ნატოს საბრძოლო კოალიციის წევრები რა ფორმით გავხდებით, ირანისთვის სულ ერთია _ მას ლეგიტიმური უფლება ეძლევა, დაბომბოს საქართველოს ტერიტორია.
_ დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა და სააკაშვილი და მისი ბანდა მზად არიან, ნებისმიერ ომში ჩაითრიონ საქართველო, ოღონდ თანამდებობები არ დაკარგონ. შესაძლოა, ჩვენი სამხედრო აეროდრომების გამოყენების უფლებაც მისცენ, ამაზეც წავლენ.
_ ნატოს გენერალური მდივანი ირწმუნება _ ირანთან ომი არ იქნებაო.
_ მოვლენები საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, პროცესი დაწყებულია და მერე ისეთ ჩიხში შევა, რასმუსენს რომც სურდეს, ვეღარ გამოიყვანს. თან ამ რანგის პოლიტიკოსებს სჩვევიათ, მშვიდობაზე ილაპარაკონ და საწინააღმდეგო აკეთონ.
_ ჩვენ რა გვეშველება, თუ ომში ჩათრეულნი აღმოვჩნდით?
_ ამ უბედურებს რომ გადავურჩეთ, დროზე უნდა გავყაროთ ეს ნაცბანდა!
ლევან ჯავახიშვილი