Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ელანდება სააკაშვილს ვამპირები?

რატომ ელანდება სააკაშვილს ვამპირები?

994

ტელევიზორის ყურება ყველასთვის როდი შეიძლება; ადამიანის ფსიქიკა მაინც ფაქიზი რამ არის. «ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან,» _ ამ განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, მოგვცა შესაძლებლობა, თუნდაც ერთი წამით, დაგვენახა სამყარო ისეთი, როგორსაც თვითონ აღიქვამს. «ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა…,» _ ღაღადებდა საააკაშვილი. ჰიჩკოკის შემოქმედება მონაგონია, პოლანსკი ხომ საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. წარსულის უფსკრულიდან ამომავალი მონსტრები ავლაბრის რეზიდენციისკენ მიხოხავენ; კლაივ ბარკერი მარჯვენას მოიჭრიდა, ოღონდაც ამ სცენის გადაღების პატივი მისთვის დაეთმოთ.

ამ სულისშემძვრელ ფრაზას, როგორც ჩანს, ერთბაშად ორი ქვეტექსტი ჰქონდა. ერთ-ერთი, პრაქტიკულად, ზედაპირზე დევს. სააკაშვილის თანახმად, «პოლიტიკური წარსულის» აჩრდილებისთვის გზა «პოლიტიკურ რეალობისკენ» ჩახერგილია და, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მასში ყოფნის უფლება მხოლოდ «პოლიტიკური აწმყოს» ვამპირებს, მუმიებსა და შესაბამის ურჩხულებს აქვთ. მარტივად რომ ვთქათ, ამ პირამიდაში ამენჰოტეპი და ეხნატონი მე ვარო და აქ იმნჰოტეპი არ დავინახოო. მეორე ქვეტექსტი კი ერთობ შენიღბულია, თუმცა, ამავე დროს, გაცილებით საინტერესო: სააკაშვილი ცდილობს, მთავარი ოპონენტი ხრწნად წარსულს დაუკავშიროს, ხოლო საკუთარი თავი _ ნათელ მომავალს, რაც ტრივიალური ამოცანა სულაც არ არის, რადგან ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანას სწორედ სააკაშვილი მართავდა.საქართველოს უახლოესი წარსული შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ერთგვარი ლოდი, რომელიც ფსკერისკენ მასთან ასოცირებულ ნებისმიერ პოლიტიკოსს ჩაიყოლიებს. ის ისეთივე მძიმეა, როგორც იმ მშენებლების ხვედრი, რომლებმაც რამზეს II-ს «საუკუნის პროექტები» განახორციელეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სავარაუდოდ, ის მოიგებს, ვინც ყველაზე დამაჯერებლად დაუმტკიცებს საზოგადოებას, რომ მას ამ ტვირთისგან იხსნის.

თუ სააკაშვილი თავის კამპანიაში ძირითად აქცენტს «ვარდების რევოლუციიდან» ვიდრე დღემდე მიღწეულ შედეგებზე გააკეთებს, სავარაუდოდ, წააგებს, რადგან ამ წლებში დაგროვილი ნეგატიური ემოციები დადებითს ძალიან დიდი ალბათობით გადაწონის. აქ საუბარი იმაზე არ არის, რა იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უფრო მეტი _ კარგი თუ ცუდი; საკითხი ასე მარტივად არ დგას. ისტორიაში არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ უცხადებდა ამომრჩეველი უნდობლობას თითქმის იდეალურ ლიდერებს, რომელთაც ომიც მოგებული ჰქონდათ და ეკონომიკაც აყვავებული; დაღლილობა და წყენა ადრე თუ გვიან ნებისმიერ საზოგადოებაში გროვდება და მას წარსულისგან გათავისუფლების დაუოკებელი სურვილი უჩნდება.

საუკეთესო რეფორმატორებიც კი, ადრე თუ გვიან, ფეხს ვეღარ უწყობენ საზოგადოებას, რომელიც მათივე რეფორმების შედეგად განვითარდა, წინ წავიდა და განსხვავებული მოთხოვნები გაუჩნდა. რაღა ვთქვათ იმ ვითარებაზე, როდესაც ომი წაგებულია, ეკონომიკას დედა აღარ ჰყავს, ხოლო ფინანსებს მამა ან თუნდაც მამინაცვალი? ყველაფერი ისე იდეალურად რომც ყოფილიყო, როგორც ამას სახელისუფლო პროპაგანდა გვისახავს, იმის განცდა, რომ რაღაც ციკლი საქართველოს ისტორიაში დასრულდა და ახლა ახალი უნდა დაიწყოს, ნებისმიერ შემთხვევაში დომინანტური იქნებოდა. ეს, ალბათ, ისტორიის კანონი ან, თუ გნებავთ, მისივე პარადოქსია.

ბიძინა ივანიშვილის პლუსი ამ კონტექსტში ისაა, რომ ამ ფრიად ტრავმატულ წარსულთან არანაირად არ ასოცირდება, სააკაშვილი კი პირიქით, მასში ყელამდეა ჩაფლული და ახლა, როგორც ბარონმა მიუნჰაუზენმა საკუთარი თავი ამ ჭაობიდან თმებით უნდა ამოათრიოს, ხოლო ოპონენტი, შესაბამისად, ჩაძიროს. ის, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტს ილაპარაკებს იმაზე, თუ რა კეთდება დღეს და გაკეთდება ახლო მომავალში და სულ უფრო ნაკლებს იმაზე, თუ რას მიღწია ბოლო 8 წლის განმავლობაში, რადგან ეს, დიდი ალბათობით, ამ პერიოდთან დაკავშირებული ნეგატიურის გახსენებას, ან ოპონენტების მიერ მის შეხსენებას გამოიწვევს (მაგალითი: ჩვენ პოლიციის წარმატებული რეფორმა ჩავატარეთ. პასუხი: თქვენ უდანაშაულო ადამიანები დახოცეთ და მშვიდობიან დემონსტრანტებს სადისტურად გაუსწორდით. მსგავსი დიალოგი შეიძლება ნებისმიერ თემას მივუსადაგოთ). სააკაშვილი კი მოკლებულია შესაძლებლობას, ოპონენტს ასე ესაუბროს, რადგან მის პირისპირ ამჯერად არა შევარდნაძე, არამედ ივანიშვილი დგას. არადა, ეს სტილი სააკაშვილს იმდენად შესისხლხორცებული აქვს, რომ, ლუთერის თქმის არ იყოს, «სხვაგვარად არ ძალუძს». დაპირისპირება «ბნელ წარსულთან» სააკაშვილის იმიჯის ღერძია, მისი ამოცლა მთელ კონსტრუქციას შლის.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ სააკაშვილი მოწადინებულია მომავალთან დაკავშირებულ იმედებსა და ოცნებებს ჩაეჭიდოს, ხოლო ივანიშვილი, წარსულს დაუკავშიროს და რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს, ის «შევარდნაძედ» წარმოაჩინოს; მეტიც, _ წარსულის აჩრდილებისა და ვამპირების მბრძანებლად, საურონად, სარუმანად და დრაკულად ერთ ფლაკონში და მისი ფიგურა იმ ირაციონალურ შიშს მიაბას, რომელიც ქვეცნობიერის სიღრმეში იმალება.

ერთადერთი პერიოდი წარსულიდან, რომელსაც ის საკუთარ თავს «უტოვებს», დავითისა და თამარის ეპოქაა. სააკაშვილის მცდელობები, საკუთარი თავი «ოქროს ხანასთან» ერთ კონტექსტში ახსენოს, ხშირად ძალზე კომიკურად გამოიყურება, თუმცა ამის მიღმა, სავარაუდოდ, პიროვნული, უაღრესად ჩახლართული ფსიქოლოგიური მოტივი (თუ კომპლექსი) დგას და ვერც ერთი კონსულტანტი ამ თემას სააკაშვილს დღის წესრიგიდან ვერ ამოაგდებინებს.

აქვს თუ არა ამ სტრატეგიას პერსპექტივა? შეძლებს თუ არა სააკაშვილი, ივანიშვილს «წარსულის ტვირთი» აჰკიდოს? ერთი შეხედვით, ეს აბსურდია, რადგან ივანიშვილი ამ ტვირთისგან აპრიორი თავისუფალია და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენიდან დღემდე საზოგადოების ფრიად მოცულობით ნაწილში სწორედ «ახალი ფურცლიდან დაწყებასთან» ასოცირდება. თუმცა არის ამ სიტუაციაში ორიოდე ნიუანსი, რომლებიც დაკვირვებას საჭიროებს.

ერთი შეხედვით, ხელისუფლების შეტევებს ივანიშვილის წინააღმდეგ ისტერიულობის სიჭარბე და ინტელექტის მწვავე უკმარისობა ახასიათებს. ივანიშვილისთვის გზის გადაღობვის მიზნით, კანონმდებლობის მრავალჯერადი გაუპატიურება მმართველ ძალას, როგორც უცხოელი პარტნიორების, ისე ქართული საზოგადოების თვალში, ქულებს აკარგვინებს. ბრალდებები, რომელთაც სახელისუფლო პროპაგანდა ავრცელებს, მათი ავტორების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მზარდი ეჭვების გაჩენის გარდა, სხვა თვალშისაცემ ეფექტს არ იწვევს. თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია და თითოეული ასეთი ეპიზოდისგან ივანიშვილი პოლიტიკურ დანაკარგზე გაცილებით მეტ სარგებელს იღებს (მაგალითი: მოქალაქეობასთან დაკავშირებული ეპოპეა). შეტევებს იურიდიულ, საფინანსო და საინფორმაციო ფრონტზე ის ასე თუ ისე წარმატებით უმკლავდება, მაგრამ შესაძლოა, სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავიც და ტუტანხამონის მუმიაც.

ხელისუფლება უტევს, ივანიშვილი იგერიებს; ხელისუფლება ისევ უტევს, ივანიშვილი ისევ იგერიებს, თანაც საკმაოდ ეფექტურად, თუმცა მთავარი აქ სულ სხვა რამ არის: ვინ არის პროაქტიური და ვინ რეაგირების რეჟიმში გადასული. ხელისუფლების გაუთავებელი გამოხდომები, მთელი ეს თითქოსდა სულელური «ზერგ-რაში», როგორც მას «სტარკრაფტის» მოყვარულები უწოდებენ, სინამდვილეში ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ამკვიდრებს ორი დაპირისპირებული ძალის ისეთი ქცევის მოდელს, რომელშიც ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის.

ამასთანავე, ივანიშვილის ბანაკში უხვად არიან წარმოდგენილნი მოღვაწეები, რომელთაც უინიციატივობა ახასიათებთ. მათი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობა წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ რეაგირებით შემოიფარგლებოდა, ხოლო სააკაშვილის ესა თუ ის ნაბიჯი მათ გეგმებზე განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენდა. ეს არ იყო რაღაც თანდაყოლილი ნაკლოვანების შედეგი, უბრალოდ, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება განუზომლად დიდ რესურსს ფლობდა, სხვაგვარი მოქმედება შეუძლებელი იყო. მათ, როგორც 1941-42 წლების ანტიჰიტლერული კოალიციის სამხედროებს, ეხერხებათ თავდაცვა და მცირე კონტრშეტევების განხორციელება, მაგრამ არ იციან (ან დაავიწყდათ), რა არის სტრატეგიული წინსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რესურსი და საზოგადოების დღევანდელი განწყობა მასშტაბური, პროაქტიური მოქმედების, «ფრთების გაშლის» შესაძლებლობას აძლევთ, პრინციპული ხასიათის ფსიქოლოგიური გარდატეხა მათ ღრმადპატივცემულ თავებში ჯერ არ მომხდარა და შეიძლება არც მოხდეს, რაც მკვეთრად უარყოფით შედეგებს მოასწავებს.

უახლოეს წარსულთან ასოცირების და, შესაბამისად, ამომრჩევლის ნდობის დაკარგვის თვალსაზრისით, იმდენად საშიში არა შევარდნაძის დროინდელი ფიგურები არიან (თუმცა არც უამისობაა), რამდენადაც ის პოლიტიკოსები, რომლებიც «ვარდების რევოლუციის» შემდგომ პერიოდთან, მის დომინანტურ იდეოლოგიასა და რიტორიკასთან ასოცირდებიან. აქ საუბარია «გაუმჯობესებულ მიშებზე» ოპოზიციის რიგებიდან, ისინი თითქმის იმავე კურსს გვთავაზობენ, რომელსაც სააკაშვილი 2003-ში, ოღონდაც გვპირდებიან, რომ კარგად მოიქცევიან. გამორიცხული არაა, რომ ეს აფერხებს საზოგადოებაში სიახლის, ალტერნატივის განცდის ფორმირებას და, პარადოქსულად, ხელს უწყობს იმას, რომ ახალი ძალა სააკაშვილის მმართველობის მძიმე გამოცდილებას და მასში დაბუდებულ «პოლიტიკურ ვამპირებს» (პოზიცია-ოპოზიციიდან) დაუკავშირდეს. ვამპირების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კი, ენ რაისის რომანებს თუ დავუჯერებთ, სხვისი სისხლის სმაა, დაუსრულებელი ცხოვრება სხვის ხარჯზე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

დღეს არაერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ეჭიდავება საკუთარ თავს იმის გამო, რომ იმ შემთხვევაში, თუ (პირობითად) «ივანიშვილის პარტია» არჩევნებზე რესპუბლიკელებთან და ალასანიასთან ერთად გავა, ხმის მიცემა ამ ორი უკანასკნელისთვისაც მოუწევს, რადგან მათ, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ ენდობა, სააკაშვილის რეჟიმის ორგანულ ნაწილად აღიქვამს და ეს ნაბიჯი შეიძლება მხოლოდ «ნაცმოძრაობის წინააღმდეგ» და «ივანიშვილის ხათრით» გადადგას. ხვალ ეს მოქალაქეები, რომლებიც სააკაშვილს ხმას ცოცხალი თავით არ მისცემენ, შეიძლება კიდევ უფრო დაითრგუნონ და, საბოლოოდ, არჩევნებზე არ მივიდნენ, რაც წყალს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან შეიძლება ალტერნატიული ბლოკის შექმნა გახდეს, რომელიც სააკაშვილის შეურიგებელი მოწინააღმდეგე და ივანიშვილის მოკავშირე იქნება, თუმცა «გაუმჯობესებული მიშებისგან» განსხვავებულ პლატფორმაზე იდგება (კონსერვატიზმი, ჯანსაღი ნაციონალიზმი), შედარებით რადიკალურ რიტორიკას მიმართავს, ხოლო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პროტესტის ერთგვარი დეტონატორის როლს შეასრულებს. ეს ნაბიჯი, ერთი შეხედვით, ოპოზიციური ამომრჩევლების საყოველთაო მობილიზებისა და ხელისუფლების ზურგში «მეორე ფრონტის» გახსნის შესაძლებლობს იძლევა. თუმცა ამ სტრატეგიას მნიშვნელოვანი რისკებიც უკავშირდება, რომელთა შორის, ალბათ, ივანიშვილის მოკავშირეების შესაძლო ურთიერთდაპირისპირებისა და არაკოორდინირებული მოქმედების საფრთხე უნდა გამოვყოთ. საინტერესო კია, უღირს თუ რა ივანიშვილს ამ გზით წასვლა?!

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here