Home რუბრიკები პოლიტიკა რა ხდება «ქართულ ოცნებაში»

რა ხდება «ქართულ ოცნებაში»

578

ბიძინა ივანიშვილის კარზე მიმდინარე პროცესებმა ბოლოხანს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. შეძახილებმა გარემოცვის აქტიურობისა და თავად ლიდერის პასიურობის შესახებ თავად მის ყურამდეც მიაღწია და მანაც, საკმაოდ გაღიზიანებულმა, სატელევიზიო კომენტარში ბრძანა, რომ ის კაცი არ არის, ვისაც რაიმეში დაარწმუნებენ და რომ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს.

ეს გაღიზიანება არცთუ უსაფუძვლოა. პირადად ამ სტრიქონების ავტორსაც არაერთხელ უთქვამს და დაუწერია ამ და სხვა პრობლემებზე, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავი ადამიანი თუ ვერ შეამჩნევს. თანაც, აქ მხოლოდ რეგიონებში გასვლასა და ამომრჩეველთან შეხვედრაზე როდია საუბარი…

ივანიშვილს არ უნდა სწყინდეს, თუკი მის მიმართ კრიტიკა ან საყვედური გაისმის (ამის მიუღებელი ხელისუფლება ისედაც გვყავს, უკვე 8 წელია), საჯარო პოლიტიკაში მოსვლა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მზად უნდა იყო კრიტიკისთვის (ზოგჯერ დაუმსახურებლისთვისაც კი) და იმასაც, რომ ახალი როლი მას გაცილებით უფრო მეტ თმენის ვალდებულებას აკისრებს, ვიდრე ნებისმიერ, თუნდაც ძალიან მდიდარ ადამიანს.«ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ» _ ამ ფრაზას ბიძინა ივანიშვილიც იმეორებს და მისი მეუღლეც, თუმცა მის გამეორებას აზრი დაეკარგება, თუ ეს «ყველაფრისთვის» მზადყოფნა რეალურად არ გამჟღავნდება დროულ რეაგირებასა და სწორად მართულ პიარში. სამაგიეროდ, მუდმივ მზადყოფნაშია მმართველი პარტია და მისი მორჩილი მედიასაშუალებები. ისინი არც ერთ შეცდომას, არც ერთ მცირე წაფორხილებასაც კი არ უშვებენ ხელიდან; სახელისუფლო პიარის მანქანა მუშაობს. მისი გაცვეთილი ძრავისთვის მაღალხარისხიანი ზეთის ფუნქცია სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ შეასრულა.

ერთ-ერთი სახელისუფლო არხი, რომელიც ქართული ლიტერატურული კლასიკის კითხვით თავს არასოდეს იტკიებდა, მუშაობაში ისე გაერთო, რომ ივანიშვილის მიერ ნათქვამი ილიასა და ბარათაშვილის ციტატები ზედმიწევნით გადაამოწმა და შეცდომებიც «უპოვა». მერე რა, რომ ამ არხის მიერ ხოტბაშესხმული სააკაშვილი რუსთაველსა და ორბელიანს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ამით ხალხს აჩვენებენ, რომ ივანიშვილიც ისეთივეა, როგორიც მიშა!

როგორია «ქართული ოცნების» პიარი? პირველივე დარტყმა, რომელიც პრეზენტაციის დღეს სახელისუფლო მედიამ მიაყენა მოძრაობას, «შევარდნაძის სახეებზე» უნიჭო აპელირება იყო. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის გუნდის მხრიდან მოწინააღმდეგისთვის ადგილი მიეჩინათ და «შევარდნაძის სახეებზე» სწორედ მათ ბანაკში მიეთითებინათ (არადა, იქ ხომ თითქმის უკლებლივ ყველა სწორედ შევარდნაძის მიერ შექმნილი სახეა დღესაც!), «ქართულმა ოცნებამ» თავი იმით იმართლა, რომ ისინი თურმე დაუპატიჟებლად მისულან პრეზენტაციაზე(!).

თავის მართლება უკანასკნელი საქმეა. არავის საქმე არ არის (მით უფრო, უპრინციპობით განთქმული მმართველი გუნდისა), ვინ მივა საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა ივანიშვილის ბანაკში ორი მეგობარი პარტია იმასაც კი უწყვეტს ჯერ არშექმნილ პარტიას, ვინ იყოს მის რიგებში და ვინ _ არა. თავის მართლება და ხელისუფლების უკანონობაზე წუწუნი მთელი დეკემბრის განმავლობაში ახლდა «ქართულ ოცნებას», ინიციატივებითა და საჯარო გამოსვლებით კი სხვები იწონებდნენ თავს. არადა, «შევარდნაძის სახეებზე» საუბარს იქნებ ის ჯობდა, «სააკაშვილის სახეებზე» ესაუბრა მავანს? თუმცა, ეს არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილის მეგობარი ორი პარტია არც ისე დიდი ხნის წინ სწორედ «სააკაშვილის სახეებს» წარმოადგენდა.

მდიდარი ადამიანის პოლიტიკაში გამოჩენას რომ სწორედ ფულის თემის პედალირება მოჰყვებოდა, ამაში მოულოდნელი არაფერი იყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის საქმე არ არის, ვის რამდენს მისცემს ქველმოქმედი ივანიშვილი, მაგრამ პოლიტიკაში მოსული ადამიანის მიერ გაცემული თანხები სხვა საზომით იზომება. ხელისუფლების დრაკონული შეზღუდვები არა მაქვს მხედველობაში. მათზე თვით ჯონ ბასმა ისაუბრა. მთავარი ის არის, რომ ეს თემა კვლავ პიარისთვის გამოიყენეს და არცთუ უშედეგოდ. ვერც მედიასაშუალებებზე გაცემული თანხების გამოქვეყნებამ მოახდინა კარგი ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილი საკუთარ ტელევიზიას ქმნის. არც ის არის მნიშვნელოვანი, რომ 2-ათასიან ლიცენზიაში მან 2 მილიონი გადაიხადა და არც ის, რომ ის ისეთივე საკაბელო არხი უნდა იყოს, როგორიც «მაესტრო». ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ ახალ არხზე წამყვანად «რეალ ტვ»-ის ყოფილი წამყვანი მიიწვიეს! ჩვენში დარჩეს, რა არის გასაკვირი, დონაძის ტელევიზიის «სახე» მისაღები იყოს «ქართული ოცნებისთვის», თუკი ვანო მერაბიშვილის პოლიციის რეფორმა ბიძინა ივანიშვილისთვის უაღრესად მისაღებია? საზოგადოებისთვის კი ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები. ამავე დროს, ირკვევა, რომ ადრე გაკეთებული განცხადების საპირისპიროდ, როცა ივანიშვილი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილ ჟურნალისტებს სამმაგ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, ახლა მიწვეულ ჟურნალისტებს იმავე ხელფასს ჰპირდებიან, როგორსაც დღეს არცთუ მდიდარ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტები იღებენ.

არც ის არის თვალისთვის შეუმჩნეველი, რომ უამრავი ის პიროვნება, რომელიც დღემდე ყველა გრანტს იღებდა, ახლა ივანიშვილის გრანტზე «გადაჯდა», ხოლო მათ, ვისაც ფონდებს ახლოს არ აკარებდნენ, ახლა ივანიშვილთან არ უშვებენ. «ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ», _ ეს ფრაზა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ერთგვარ სლოგანად ჩამოყალიბდა. «ქართული ოცნების» ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც აცხადებს:

«როცა პოლიტიკურ საქმიანობას იწყებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩვენც მზად ვართ და ვიცით, რომ ბევრი სიურპრიზი გველოდება. ოღონდ, რითი ვართ მზად და რა შემხვედრ ნაბიჯებს გადავდგამთ, ყველაფერს ვერ გავამხელთ, მაგრამ მინდა ყველა, ვინც მხარს ჩვენ გვიჭერს, დავაიმედო, რომ ხელისუფლების საცოდავი მეთოდები აზარტში გვაგდებს და გვიბიძგებს, რომ ჩვენი ფანტაზია გამოვამჟღავნოთ და მიშას დავუპირისპიროთ».

საზოგადოდ, აზარტი პოლიტიკაში კარგი მრჩეველი არ არის, არც დიპლომატიაში, სხვათა შორის. მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ირაკლი ალასანია (სიძე-ცოლისდა არიან) მაღალკვალიფიციურ დიპლომატად მოიხსენიებს, იმდენად შევიდა აზარტში, რომ «ქართული ოცნების» ოფისში მეგობრად მისული არაერთი ადამიანი «დიპლომატიურად» მტრად მოიკიდა.

ივანიშვილი გარემოცვის თემას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს, თუმცა, ალბათ, როცა ამ საკითხში საზოგადოების უმეტესი ნაწილი ერთსულოვანია, დაფიქრება სულაც არ იქნებოდა ურიგო. შევარდნაძეს 30 წელი დასჭირდა პირველი პირის თანამდებობაზე, რომ ბოლოს მისი მისამართით ეთქვათ: «გარემოცვა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებსო». სააკაშვილს საამისოდ 5 წელი ეყო. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულა, მაგრამ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ გარემოცვა მას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს, უკვე დაიწყო.

ამ ეჭვს ვერანაირად ვერ აქარწყლებს ივანიშვილის გადაწყვეტილება, პარტიას სათავეში საკუთარი მეუღლე ჩაუყენოს. სახელისუფლო ექსპერტებმა ამას უმალ მოუძებნეს ახსნა: «ივანიშვილი არავის ენდობა», «ის ეჭვიანი კაცია» და ა.შ. სინამდვილეში აქ უფრო ღრმა ქვეტექსტებია. კლანურობა პოლიტიკაში ვერაფერი დემოკრატიაა. ამიტომაც აპიარებს სახელისუფლო მედია «ოჯახური პოლიტიკის» თემას, თუმცა ეს ივანიშვილის «ნოუ ჰაუ» არ არის. თინა ხიდაშელმა ხაზგასმით უთხრა ჟურნალისტებს, რომ მისი პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილია (ანუ მისი მეუღლე), პოლიტიკური მდივანი _ დავით ბერძენიშვილი (ერთი ძმა), ხოლო დამფუძნებელი _ ლევან ბერძენიშვილი (მეორე ძმა). სიძე-ცოლისდაზე უკვე მოგახსენეთ. ოჯახებს თავი დავანებოთ და ხიდაშელის ნერვულ პასუხში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის ქვეტექსტი იყო, რომ იგი ივანიშვილის მეუღლეს ლიდერად არ აღიქვამს. თუმცა, როდის იყო, უმცირესი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელები ვინმეს ლიდერობას აღიარებდნენ; ისინი მუდამ ცდილობენ, უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, უმრავლესობა მართონ. ეს მათი ბრალი კი არ არის, არამედ იმათი, ვინც მათ ლიდერობას იტანს. ალასანიას ლიდერობა მათ ჯერ კიდევ 2010 წელს მოახერხეს, ახლა კი ივანიშვილის ჯერი მოვიდა.

რა დაუწუნა თინა ხიდაშელმა ეკა ხვედელიძეს, გაუგებარია; გვარიშვილობით, 4 შვილის დედობით და მეუღლის პიროვნებით ხიდაშელი ნამდვილად ვერ შეედრება ხვედელიძეს, მეტიც: ხვედელიძის პოლიტიკური ბექგრაუნდის უქონლობა ზოგიერთის ნაქონ პოლიტიკურ ბექგრაუნდს ნამდვილად სჯობს. სამაგიეროდ, ამ საკითხში არ ჩაიჭრა მაია ფანჯიკიძე, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ხვედელიძეს არ იცნობს, ბრძანა: «დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ეკატერინე ძალიან კომპეტენტური ადამიანია, განათლებული, და თუ მან გადაწყვიტა, ეს გააკეთოს, იცის კიდეც, რას აკეთებს და კარგად გაუძღვება ამას. ბატონი ბიძინა, რომელსაც მე უკვე კარგად ვიცნობ, იმდენად კომპეტენტური და იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციების, პრინციპებისა და წარმოდგენების ადამიანია, დარწმუნებული ვარ, მისი მეუღლეც სწორედ ასეთივე თვისებების მქონეა».

მაია ფანჯიკიძეს ივანიშვილის მომხრეების მიმართაც რომ ასეთი დიპლომატიურობა გამოეჩინა, დღეს ბევრ იმ საყვედურს არ ექნებოდა საფუძველი, რომელიც სულ უფრო ხშირად გაისმის, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სერიოზულ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად სააკაშვილის ტელევიზიებიც და ივანიშვილის გარემოცვაც ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებით იქცევს თავს. მეტად, მეტად ძლიერია კონკურენცია მილიარდერის კარზე. იმდენად ძლიერი, რომ კონკურენტების მოსაცილებლად იმის კადრებაც შეიძლება, რაც სააკაშვილსა და მის «ნაცმოძრაობას» არ უკადრებია. შორს რომ არ წავიდეთ, პირადად ჩემს მაგალითზე მოგახსენებთ: არავითარი სურვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებისა არ მაწუხებს, თორემ ამ 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური ძალებიდან წამოსული მრავალი წინადადებიდან ერთით მაინც ვისარგებლებდი.

«ქართულ ოცნებაში» მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ ყველაზე უჩინარ და მძიმე სამუშაოში წავხმარებოდი, _ პარტიის მშენებლობაში. როგორც ჩანს, ივანიშვილის მიერ საკუთარი პოლიტიკური დასაყრდენის შექმნა არანაირად არ შედის მისი მეგობარი პარტიების მიზნებში. რაკიღა ყბადაღებული 2003 წლის არჩევნების «გაყალბების» თემა აღარ მუშაობს (ამის აღარავის სჯერა), ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ბიძინა ივანიშვილს ყურში ჩასჩურჩულეს, რომ მე 2003 წლის არჩევნებზე «ფული ვაკეთე».

მოდით, ავწონოთ: ვისგან უნდა ამეღო ფული? ალბათ, ვინც მოიგო! შეგახსენებთ: გორში ირაკლი ოქრუაშვილმა მოიგო, ქუთაისში _ ნინო ბურჯანაძემ, სამგორში _ მიხეილ მაჭავარიანმა, დიდუბეში _ გია ბარამიძემ, გლდანში _ კობა დავითაშვილმა. სია გრძელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ახლა წარმოიდგინეთ, მე რომ ვინმესგან თუნდაც ერთი თეთრი მქონოდა აღებული, განა ეს ხელისუფლება ბონდო შალიკიანზე ადრე მე არ გამომათრევდა ლოგინიდან? მაპატიებდნენ?

აკი ვთქვი, თავის მართლება უკანასკნელი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავი სამართლებელი არა გაქვს. რადგან «ოცნებიდან» წამოსვლის შემდეგ უამრავი ადამიანი მირეკავს და მსაყვედურობს, რომ უნდა დავრჩენილიყავი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ეს ყოველივე მეთქვა და ერთი კითხვაც (ალბათ, რიტორიკული) დამესვა: სააკაშვილმა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდ წელიწადში «ჩარეცხა». ბატონებო, თქვენ ჯერ არა ხართ მოსული ხელისუფლებაში (ამ ტაქტიკით კი თქვენი გამარჯვება ჩემთვის ერთობ საეჭვოა) და უკვე ლამობთ იმავეს გაკეთებას?

დაბოლოს: არა აქვს მნიშვნელობა, რას გეტყვიან, მთავარია, რას დაიჯერებ. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ენის მიტანაზე არ რეაგირებს, ძალიან კარგი. ეს აუცილებლად გამოჩნდება ახლო მომავალში. საკუთარი თავზე არ მოგახსენებთ, ფსონი გაცილებით მაღალია. ან რაიმე უნდა შეიცვალოს, ან ფუჭი იმედების დათესვა კარგს არაფერს მოიტანს.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here