Home რუბრიკები პოლიტიკა ავე, ცეზარ, შენი ლუდის ქარხნისთვის ბნელში მჯდომნი მოგესალმებით!

ავე, ცეზარ, შენი ლუდის ქარხნისთვის ბნელში მჯდომნი მოგესალმებით!

1726

მესამე დღეა, მცხეთის მიმდებარე რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი არც ავარიაა და არც ხელისუფლებაში შევარდნაძის დაბრუნება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს ამჯერად კიდევ ერთი ლუდის ქარხნის მშენებლობა განუზრახავს და ამისთვის მაღალი ძაბვის ხაზების გათიშვა გახდა აუცილებელი.

ამ მხარეში, ხორცის მონოპოლიით დაწყებული, „ბარამბოსა“ და „ბერტას“ წილებით დამთავრებული, ყველაფერი ცეზარ ჩოჩელის სახელს უკავშირდება, თუმცა ხალხი უფრო მაღლაც უთითებს მის გავლენიან თანამეწილეებზე. „საქართველო და მსოფლიო“ ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებას ეცადა, მაგრამ ამაოდ. მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ ჩოჩელის პრეს–სამსახურმა მოადგილე გივი ამირხანაშვილი ტელეფონით დაგვაკავშირა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ელექტროენერგიის შეწყვეტის ფაქტი. ერთი სიტყვით, მოსახლეობას შუქი აქვს, მაგრამ ვერ გაუგიაო! ცხადია, გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მოსახლეობამ დაგვიდასტურა, რომ დილიდან შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. რაც ყველაზე საინტერესოა, ამირხანაშვილმა ლუდის ქარხნის მშენებლობა არც უარყო, უბრალოდ დააზუსტა, რომ იგი საგურამოში შენდება, ხოლო ჩვენს მიერ მითითებულ დასახლებებთან ამას კავშირი არა აქვს.ახალგორის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა გვაცნობა, რომ წეროვნის დასახლებაში ელექტროენერგია არ შეწყვეტილა, თუმცა შენობიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ თავად დარწმუნდა, რომ დევნილების გარდა, ელექტროენერგია დანარჩენ უბნებს არ მიეწოდებოდა, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდა, რომ იმ დანარჩენ უბნებზე არსებული ვითარება მას არ ეხება.

დიდი გადარეკვა–გადმორეკვის შემდეგ, შებინდებისას ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და ვიცე–გუბერნატორმა ამირხანაშვილმა კვლავ დაგვირეკა მობოდიშებით, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებია და აღნიშნულ ადგილზე ელექტროენერგია მართლაც გამორთული იყო.

ბატონებო! ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა ხვალისთვისაც არის დაგეგმილი. მოსახლეობის გაფრთხილებაზე თავს არავინ იწუხებს, მაგრამ ის მაინც აუხსნან, რატომ უნდა დაეყინოთ ბავშვები ჩოჩელის, ან ნებისმერი სხვა პირის კიდევ ერთი ლუდის ქარხნის გამო?

P.S. მცხეთა–მთიანეთის გუბერნიის პრეს–სამსახურმა მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ ასეთი პასუხი გაგვცა: „მაპატიეთ, ტელეფონი მეთიშებოდა“! ასეა, ზოგს ტელეფონი ეთიშება და ზოგს – ელექტროენერგია მთელი დღით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here