Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბიშვილსა და ბოკერიას საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის შესაქმნელად კონსულტაციებს ამერიკელი სპეციალისტები უწევენ?

მერაბიშვილსა და ბოკერიას საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის შესაქმნელად კონსულტაციებს ამერიკელი სპეციალისტები უწევენ?

1129

«საქართველო და მსოფლიოს» წინა საახალწლო ნომერში გამოქვეყნდა სტატია «ვანო მერაბიშვილი «პოლიტიკურ პოლიციას» ქმნის». პუბლიკაციაში მოთხრობილი იყო იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც, ჩვენი წყაროს ვერსიით, შსს-ში უნდა განხორციელდეს, კერძოდ, შეიქმნას მძლავრი დეპარტამენტი, რომელსაც პოლიტოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ამ საიდუმლო პოლიტიკურ პოლიციას რეალურად დაექვემდებარება ყველა პოლიციური სამსახური, ხოლო მას კურირებას შს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი, უშუალო კონტროლს კი _ ვანო მერაბიშვილი გაუწევს.

«საქართველო და მსოფლიომ» მოიპოვა დამატებითი ინფორმაციები ახალი დეპარტამენტის შექმნასთან, მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დეპარტამენტის, რომელსაც პირობითად პოლიტიკურ პოლიციას ვუწოდებ, არსებობა არ იქნება გასაიდუმლოებული. სამაგიეროდ, კანონის ძალით, ამ დეპარტამენტის მთელი საქმიანობა, ყველა ოპერაცია საიდუმლო იქნება. შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს, ამჟამად მომზადების სტადიაშია.ერთ-ერთი ვერსიით, საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის შექმნის იდეა ვანო მერაბიშვილს გიგა ბოკერიამ მიაწოდა. ახლა უშიშროების საბჭოს მდივანი და შს მინისტრი ერთად მუშაობენ სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია მხოლოდ 3 ადამიანის _ პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნისა და შს მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით პარლამენტის თავმჯდომარე რანგით მეორე პოლიტიკური პირია, პრემიერ-მინისტრს კი, ასევე კონსტიტუციის თანახმად, ემორჩილება ყველა სამინისტრო და, ცხადია, მისი ცალკეული დეპარტამენტი, სააკაშვილი-ბოკერია-მერაბიშვილის ტრიო ამას არაფრად დაგიდევთ.

ჩვენი ინფორმაციით, მერაბიშვილსა და ბოკერიას საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის შესაქმნელად, კონსულტაციებს ამერიკელი სპეციალისტები _ ძირითადად, ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოსა და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მაღალი რანგის გადამდგარი ოფიცრები უწევენ.

ამ კატეგორიის პენსიონერებს, ამერიკა იმ ქვეყნებში იყენებს, რომელთაც განსაკუთრებული ინტერესები აქვთ. კონსპირაციის მიზნით, ამერიკელები ტურისტული ვიზებით ჩამოვიდნენ თბილისში და, ცხადია, პრეზიდენტის სასახლესა და შს სამინისტროში, სადაც თათბირები იმართება, სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილი დაიარებიან. «საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაციით, ამ ხალხს ამგვარი საიდუმლო პოლიტიკურ-პოლიციური სტრუქტურების შექმნის დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ანალოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში რამდენიმე განვითარებად, ამერიკის სატელიტ ქვეყანას ეხმარებოდნენ.

საიდუმლო პოლიციას სოდის პარალელურად ექნება «მოსმენების სამსახურები». მერაბიშვილმა ახალი დეპარტამენტისთვის შეიძინა სუპერთანამედროვე აპარატურა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული მოსასმენი აპარატურა 25 მილიონი დოლარი ღირს და ამგვარი ტექნოლოგია მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს აქვთ. რატომღაც აპარატურა თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა, მაგრამ ის მომავალი წლიდან გადავა შსს-ს ბალანსზე. თუმცა ამ ტექნოლოგიური ნოვაციით, საიდუმლო პოლიციის გარდა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტებიც ისარგებლებენ.

საიდუმლო პოლიციის ყველა თანამშრომლის ვინაობა, გარდა რამდენიმე ხელმძღვანელი პირისა, გასაიდუმლოებული იქნება. ამ დეპარტამენტის კუთვნილი ავტომობილები შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ბალანსზე აღირიცხება. თითოეულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური კოდი და ციფრთა ეს კომბინაცია საკმარისი იქნება, რომ მათ ბანკში სახელფასო ანგარიში გაუხსნან. წინასწარი ინფორმაციით, ამ დეპარტამენტს «ლიბერთი ბანკი» მოემსახურება.

მოკლედ, არც ბანკში იქნება საიდუმლო პოლიციის თანამშრომელთა ვინაობა და რეკვიზიტები დაფიქსირებული. ხელფასი დაირიცხება საიდუმლო პოლიციის თანამშრომლის, პირობითად, #00015-ის პირად ანგარიშზე და კუთვნილ თანხას გაიტანს საკრედიტო ბარათით ბანკომატიდან. თუ ხელზე ენდომება ხელფასის აღება, არც ეს იქნება პრობლემა _ ბანკი კლიენტს მიანიჭებს დამატებით კოდს და ორივე კოდის დასახელების შემთხვევაში, კლიენტი ხელზე მიიღებს თანხას. ციფრის ნაცვლად, შესაძლოა, ბანკის კოდი იყოს რაიმე სიტყვა _ პაროლი. საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებს ბანკის მხოლოდ ის ფილიალები მოემსახურება, რომლებიც შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფ შენობებშია განთავსებული.

საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებს ექნებათ სამსახურებრივი პირადობის მოწმობები, თუმცა ისინი მათ განსაკუთრებული შემთხვევისთვის გამოიყენებენ. მათ ყოველდღიური მოხმარებისთვის ექნებათ შსს-ს სხვადასხვა სამსახურის დაბალჩინოსანთა მოწმობები _ ვთქვათ, კუდის ტექნიკური განყოფილების ან სოდის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელთა მოწმობები.

საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის მომავალი საქმიანობის შესახებ წინა ნომერში მოგახსენეთ. ის იქმნება «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური ოპონენტების გადაბარების, დაშანტაჟების, დაშინების, შეკერილი საქმეებით დაჭერის მიზნით. თუმცა, როგორც ჩანს, მერაბიშვილი-ბოკერიასა და მათი ამერიკელი მრჩევლების მიზნები უფრო შორს მიმავალია. ისინი განსაკუთრებით ორი მიმართულებით აპირებენ აქტიურობას. პირველი ისაა, რომ მუშაობენ მეთოდზე, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ არა მარტო ერთი ადამიანის, არამედ მთელი ოჯახის გადმობირებასა თუ დაშანტაჟებას. პატიმრების ოჯახების უმეტესობა, შეიძლება ითქვას, მათ გადაბირებული ჰყავთ შატნაჟით. გიგა ბოკერია მხარს უჭერს იდეას, რომ «ნულოვანი ტოლერანტობა» კიდევ უფრო გაამკაცრონ და ყველა ოჯახში, მინიმუმ, ერთი პატიმარი ან პატიმარყოფილი უნდა იყოს, ოღონდ ისეთი მუხლით მსჯავრდებული და გამოშვებული, რომ მისი შებრუნება ციხეში არ იქნეს პრობლემა. ცხადია, როცა მშობლებს (ცოლს, შვილს, დას, ძმას, ბებია-ბაბუას თუ სიდედრ-სიმამრს) ოჯახში ისეთი შვილი ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერ წამს ციხე ემუქრება, შვილის გულისთვის თავადაც ითანამშრომლებენ საიდუმლო პოლიციასთან ან, მინიმუმ, ლოიალურნი იქნებიან ამ ხელისუფლების მიმართ და ყველანაირ პროტესტს გულში ჩაიკლავენ.

თუ გიგა ბოკერიას «პროექტი» გავა, რასაც ამერიკელებიც მხარს უჭერენ, მაშინ, უნდა ველოდოთ დიდი ოდენობით ნარკოტიკების გამოჩენას. ეს ყველაზე უტყუარი, უძველესი მეთოდია.

ჩაუდებენ ნარკოტიკს მათთვის არასასურველ ადამიანს და, თუნდაც ნარკომანი არ იყოს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანის სამი მუხლით (შეკრებითობის პრინციპით) 15 წლამდე ციხე ემუქრება. ცხადია, გამოჩნდება «ბარიგაც», რომელიც მას «ამოიცნობს», იტყვის, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკი «მიჰყიდა» რეალურად უდანაშაულო ადამიანს და მინიმუმ ერთი პროტესტანტი ოჯახი მერაბიშვილს განეიტრალებული ჰყავს.

დიდი ხანია, ვანო მერაბიშვილმა აღადგინა ე. წ. ჩაშვების ინსტიტუტი, მაგრამ ამ უფასო აგენტურის გაფართოებასაც აპირებს და მეტიც _ ხელფასიანი აგენტების ინსტიტუტის დანერგვასაც. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, საიდუმლო პოლიციის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს მიავლენენ ყველა (მცირე თუ დიდ) ბიზნესსტრუქტურებში სამუშაოდ. იქ ისინი სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე «კონკურსის წესით» გაიმარჯვებენ და ისე მოხვდებიან სამსახურებში, რომ ეჭვს ვერავინ აიღებს.

მათი ნაწილი, შესაძლოა, საკუთარი სურვილით თანამშრომლობდნენ პოლიციასთან, შესაძლოა, გადაბირებულნიც იყვნენ. ისინი ორმაგ ხელფასს აიღებენ, ვთქვათ, რომელიმე სადაზღვევო კომპანიასა და საიდუმლო პოლიციაში. დიდ კომპანიებში რამდენიმე ასეთი თანამშრომელი ეყოლება მერაბიშვილს და ყველა ინფორმაციას რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროსგან მიიღებს. ეცოდინება, რომელი თანამშრომელია იდეურად სანდო («ნაცმოძრაობის» მხარდამჭერი) და რომელი _ არასანდო, ანუ ოპოზიციურად განწყობილი.

ანალოგიური ხელფასიანი ჩამშვებების ინსტიტუტის დაარსება სურთ მერაბიშვილსა და ბოკერიას ყველა ქალაქის ყველა უბანში, ყველა სოფელში და აქაც 3-4 თავიანთი კაცი ეყოლებათ. მათ დასაქმებაზეც იზრუნებენ, კომერციულ სტრუქტურებში მოაწყობენ სამუშაოდ (ბიზნესის 90%-ს ნაციონალური კლანი აკონტროლებს) და ეს ხალხი, საიდუმლო პოლიციისგანაც მიიღებს ხელფასს. თუმცა, შესაძლოა, ისინი ჰონორარს დააჯერონ _ რამდენ «დანოსსაც» დაწერენ, იმდენს მიიღებენ, თან «დანოსების» მნიშვნელობის, აქტუალურობის მიხედვით; ან შესაძლოა, ორივე ვარიანტმა იმუშაოს _ ზოგს ისე გადაუხადონ, ზოგს _ ასე, გააჩნია აგენტის რეპუტაციას, ღირებულებასა და პროფესიონალიზმს. ამ აგენტურას კი კრიმინალთა გამოვლენა სულაც არ დაევალება, რაც შსს-ს უპირველესი მოვალეობაა, ისინი, «ჩაუშვებენ» ფარულ ოპოზიციონერებს, რომლებიც ღიად არ ოპოზიციონერობენ, მიტინგებზე არ დადიან და ყველა არჩევნებზე ხმას ოპოზიციას აძლევენ. აი, ამ ხალხის ხელიდან გამოგლეჯა უნდა ოპოზიციისთვის ხელისუფლებას. მეტიც, ბევრი მათგანი «მიშა მაგარიას» გაიძახის, მაგრამ მხოლოდ შინაურ, სანდო ხალხის წრეში «ნაციონალთა» დედის გინებით იოხებს გულს. ამ შინაურ წრეში კი ვანოს ერთი აგენტი მაინც იქნება. ასე რომ, ხალხო, თქვენი ხვაშიადი გულში შეინახეთ. გინდათ, მიშას სადღეგრძელო ყანწებითაც შესვით, მაგრამ ენას კბილი დააჭირეთ და ოპოზიციას მიეცით ხმა არჩევნებზე. ოღონდ მანამდე ხმა არ გაიღოთ ნაციონალების საწინააღმდეგოდ, თორემ მეორე დღესვე ვანოს ეცოდინება. მოკლედ, ცოტაც და «ანტისახელისუფლო» ანეკდოტის მოყოლისთვის დაგიწერენ, მერე კი «ტროიკა» გაგასამართლებს.

რა ხანია, ხელისუფლება, რომელიც 8 წლის წინ დემოკრატიულ ოაზისს გვპირდებოდა, ავტოკრატიული მმართველობის სტანდარტებს გასცდა და ტოტალური, რეპრესირებული რეჟიმის დამყარებით გვემუქრება. საიდუმლო-პოლიტიკური პოლიცია ჰქონიათ დიქტატორებს, მაგრამ ფაშისტურ გერმანიას რომ ჰქონდა, ეგეთი უნდა ხალხის დასაბეჩავებლად და ფიზიკური განადგურებისთვის. «გესტაპო» _ საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია 1933 წლის 26 აპრილს, გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნა. GEHEIME STAATS-POLIZEI _ სწორედ საიდუმლო სახელმწიფო პოლიციას ნიშნავს და «გესტაპო» ამ სამი სიტყვის აბრევიატურაა.

«გესტაპოს» შექმნის იდეა ჰიტლერს ეკუთვნოდა, ის ჰერმან გერინგის დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა და თავდაპირველად პრუსიის შსს-ს ექვემდებარებოდა. 1936 წელს, «გესტაპოს» მმართველად დაინიშნა ჰაინრიხ ჰიმლერი და ამ საშინელმა ორგანომ, გაათმაგებული ძალებით დაიწყო ხალხის უმოწყალო ჟლეტა. «გესტაპო» სდევნიდა, აპატიმრებდა, ადგილზე ხვრეტდა და საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიდა ებრაელებს, კომუნისტებს, მარქსისტებს, ლიბერალებს, კათოლიკე-პროტესტანტების ნაწილს. მასონებსა და მათთან კავშირში მყოფ ან კავშირში ეჭვმიტანილ ადამიანებს, ცხადია, გერმანელებსაც.

1939 წლიდან, «გესტაპოს» შეფი გახდა ჰაინრიხ მიულერი, რომელიც წარმატებით აგრძელებდა უდანაშაულო ადამიანების წამებასა და მოკვდინებას, ახლა უკვე არა მარტო გერმანიაში _ გერმანიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებშიც. სხვათა შორის, «გესტაპოს» თანამშრომელთა ნებისმიერი ნამოქმედარი, მესამე რაიხის კანონმდებლობით, განსჯას არ ექვემდებარებოდა, მათ კანონი იცავდა, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეეძლოთ. თანამშრომლისთვის სიტყვის შებრუნება, დაუმორჩილებლობა ადგილზე დახვრეტით ისჯებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, თუნდაც ვერმახტის გენერალი გაგანია ომის დროს.

ეტყობა, ვანო მერაბიშვილი გერინგის, ჰიმლერისა და მიულერის კვალდაკვალ მიდის. სადღეისოდ მხოლოდ «ქართული გესტაპოს» გერინგის ვინაობაა ცნობილი: წინასწარი ინფორმაციით, საიდუმლო პოლიციის პირველი შეფი დათა ახალაია გახდება. მერაბიშვილმა იცის, ვინ გასწევს გერინგობას.

ლევან ჯავახიშვილი

1 COMMENT

  1. მასეთი სამსახურები ყველა მთავრობას სჭირდება. ეგ საკითხი განსაკუთრებით კარგად ავს მომზადებული "საბჭოურ კგბ-ს. რატომგაც მგონია, რომ ამ მეტოდით ახალი მთავრობა იქნება დაინტერესებული. გმერტმა მაპატიოს, თუ ვცდები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here