Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი სესიაშვილი სამ მიზეზს ასახელებს, რომელთა გამო ნატო საქართველოს წევრად მიღებას ვერ...

ირაკლი სესიაშვილი სამ მიზეზს ასახელებს, რომელთა გამო ნატო საქართველოს წევრად მიღებას ვერ ბედავს

657

როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოს უსაფრთხოებაზე და რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა გარე საფრთხეებისგან, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაცია «სამართალი და თავისუფლების» ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება.

_ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა საქართველოსთვის მრავალჯერ არცთუ მშვიდობიანად დასრულდა. ლამის ყოველთვე ვრცელდება ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ. ხელისუფლება ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მიზეზად ნატოსა და დასავლეთისკენ სწრაფვას ასახელებს, რაც შემდგომში ქვეყნის უსაფრთოხების გარანტიას შექმნის. თუმცა, გარდა ნატოს წარმომადგენლების დამამშვიდებელი განცხადებებისა, რომ საქართველომ ნატოს ხელი ჩამოართვა და კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა, ნატოს კარი ჩვენთვის კვლავ დაკეტილია. არის ავღანეთის მისია ნატოში გაწევრიანების გარანტია?

_ ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები და პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოება. კითხვას ვსვამ: რამდენად მიზანშეწონილია, ჩვენი პრეზიდენტი თან იმაზე საუბრობდეს, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის ალბათობა მაღალიაო და თან ამდენ ჯარისკაცს აგზავნიდეს ავღანეთში და ამით ასუსტებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას? იმის მტკიცება, რომ ჯარისკაცების ჩამოყვანა და თავდაცვის ოპერაციებში გამოყენება საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, არარეალურია.ამას გარდა, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს ქვეყანაში შობადობის მაჩენებელი გაიზარდა, მაგრამ ეს დიდი ტყუილია.

ბევრი ჯარისკაცი თანხმდება ავღანეთში წასვლაზე არა იმიტომ, რომ იქ თურმე საქართველოს იცავენ, როგორც სააკაშვილი ამბობს ხოლმე, არამედ, ფინანსური ინტერესის გამო, რადგან ქვეყანაში სამუშაო ადგილები, ნორმალური ხელფასები არ არის. ხელისუფლებამ ერთგვარი «ანკესი გადაუგდო ჯარისკაცებს, როცა ბანკებიდან კრედიტების თავისუფლად გამოტანის საშუალება მისცა, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან ასეთ სარისკო ადგილზე წავიდნენ, რათა კრედიტები დაფარონ ან ოჯახები არჩინონ.

ხელისუფლების ამ ნაბიჯის უკან მხოლოდ პრეზიდენტის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი იმალება. სააკაშვილი დასავლეთის წინაშე ქულებს იწერს _ ერთგული პარტნიორი ვარო. ის გადამეტებულად უჭერს მხარს ავღანეთის მისიას, რაც ნატოსთვის და დასავლეთისთვისაც გამაოგნებელია, რადგან ასეთი პატარა ქვეყანა, რომელსაც ასე მცირე მოსახლეობა ჰყავს, ამდენი კონფლიქტი აქვს, ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მაინც პირველ ადგილზეა. რა თქმა უნდა, ნატო კმაყოფილია და პარტნიორი ქვეყნებიც მადლობას გვიხდიან, მაგრამ გაოგნებულებიც არიან, რადგან ნორმალური პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს და ის, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ვიწროპოლიტიკურს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობის გამო საქართველოსთვის ნატოს კარი გაიხსნება, დიდი ტყუილია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო ნატოს წევრი გავხდეთ. ნატოში ახალი წევრის მიღება ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას ეფუძნება, რაც გამომდინარეობს მათი პოლიტიკური ნებიდან. ეს ნება კი მათი ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს ეყრდნობა. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ვერ ბედავენ შემდეგი მარტივი მიზეზების გამო:

პირველი _ კონფლიქტი გვაქვს რუსეთთან, რომელიც კონფლიქტური ქვეყანაა, აქვს ბირთვული იარაღი და ეწინააღმდეგება მისი ნებისმიერი მეზობლის ნატოში გაწევრიანებას და ამის გამო დასავლეთი შეიძლება რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთოს;

მეორე _ ნატო ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით მას უფრო მეტი პრობლემა წარმოექმნება, ვიდრე სარგებელი. საქართველო ისედაც მშვენივრად მონაწილეობს იქ, სადაც ნატოს სჭირდება;

მესამე _ ქვეყანაში ორი სერიოზული კონფლიქტის კერაა და ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას არ უნდა, რუსი და ნატოს ჯარისკაცი ერთმანეთისგან ათი მეტრის დაშორებით იდგნენ, ვინაიდან ნებისმიერი შემთხვევითი კონფლიქტიც კი შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც არავის აძლევს ხელს. ამას გარდა, ნატოს წევრს ქვეყნებს დემოკრატია აერთიანებთ, ჩვენს ქვეყანაში კი დემოკრატია სულ უფრო ემსგავსება დიქტატურას. ესეც ერთ-ერთი ნეგატიური არგუმენტია ნატოს წევრი სკეპტიკური ქვეყნებისთვის, რომლებიც ვერ თანხმდებიან საქართველოს ნატოში გაწვევრიანების თაობაზე.

_ რუსეთის ფაქტორი ახსენეთ. რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს და საქართველო ნატოში გაწევრიანდება. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? როგორ აიძულებს საქართველო რუსეთს ამგვარ თანამშრომლობაზე დათანხმდეს?

_ ჩვენი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტირი დასავლეთი და ნატოა, რადგან ნატოსთან თანამშრომლობა მომავალში ჩვენი უსაფრთხოების გარანტია იქნება. საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ისაა, რომ რუსეთთან გვაქვს კონფლიქტი და არანაირ დიალოგს არ ვაწარმოებთ, რათა ეს კონფლიქტი როგორმე მოვაგვაროთ. ასევე არანაირ დიალოგს არ ვაწარმოებთ აფხაზებთან და ოსებთან და კონფლიქტების მოგვარების არანაირი პერსპექტივაც არ ჩანს, გარდა სააკაშვილისა და მისი გუნდის უაზრო განცხადებებისა, კიდევ უფრო კონფრონტაციულს რომ ხდის ვითარებას.

მაშინ, როცა მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და დასავლეთი და რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობენ დაახლოებას, ვიმედოვნებ, რომ მომავალში მათ შორის ურთიერთობა დალაგდება და, რაც უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტური საკითხები რუსეთსა და დასავლეთს შორის, მით უფრო გაადვილდება ჩვენი კონფლიქტების მოგვარება და პერსპექტივაც გაჩნდება, ჩვენი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის აღშფოთებისა და აგრესიის საბაბი არ გახდეს.

_ რატომ წავა რუსეთი ამ დათმობაზე, თუნდაც დასავლეთის გამო?

_ ჩვენ რუსეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობაში ჩვენი სწორი ადგილი უნდა ვიპოვოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ნატოში გაწევრიანებით რუსეთი კი არ დაკარგავს რაიმეს, არამედ მისი უსაფრთხოებისთვის ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი იქნება.

_ როგორ უნდა დავარწმუნოთ?

_ ჩვენი ხელისუფლება დღეს მხოლოდ რიტორიკული აგრესიის ფარგლებში ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას და გვეუბნება, რომ დასავლეთმა უნდა აიძულოს რუსეთი, გავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მერე ჩვენ ნატოში გავწევრიანდეთ, რაც წარმოუდგენელია, მოხდეს. ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს, რომ მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან, აფხაზებთან ან ოსებთან. მეტიც, მიიჩნევს, რომ მარტო რუსეთი არსებობს და აფხაზები და ოსები არც არსებობენ. სტატუს-კვო აგვისტოს ომიდან დღემდე არ იცვლება და არც შეიცვლება, რადგან ხელისუფლებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომები, რასაც დღემდე აგრძელებს.

ჩვენ ვთავაზობთ ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც სწორად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს გლობალიზაციის პროცესში; უნდა შევეცადოთ, დავარწმუნოთ როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი, რომ ჩვენი ნატოში ინტეგრაცია ორივესთვის მომგებიანია. თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, დიპლომატიის საკითხია. ყველაფერი გარკვეული დათმობებითა და კომპრომისებით უნდა განხორციელდეს, ოღონდ აქ არ იგულისხმება სახელმწიფოსთვის პრინციპული საკითხები. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, მაგრამ არის საკითხები, რაზეც შეიძლება მოლაპარაკება, უნდა დავაინტერესოთ რუსეთი და დავარწმუნოთ, რომ ჩვენ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ და არც ერთი სახელმწიფოს ინტერესების მიმართ მტრულად არ ვართ განწყობილნი. მეც არ მომწონს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები და არა ის, როგორ ვაგინოთ პუტინს და მედვედევს. თუ მხოლოდ ესაა ჩვენი მიზანი, მაშინ ამას ეს ხელისუფლება ყველაზე კარგად ასრულებს.

_ ისრაელი საქართველოს კონტრაქტის გაწყვეტაში ადანაშაულებს და ქართულ მხარეს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოს.

_ ქართულ მხარეს დაეკისრა თანხის გადახდა. როგორც აღნიშნული ორგანიზაცია აცხადებს, მოხდა გარიგება: ჩვენი ხელისუფლება აბრუნებს გარკვეულ აპარატებს და, ამასთან ერთად, ჯარიმდება 35 მილიონი დოლარით. საქმე უნდა გამოიძიონ და გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე, რომ ამხელა ზარალი მიიღო ქვეყანამ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ის პასუხი, რომ იარაღის შესყიდვა საიდუმლო ინფორმაციაა, აბსურდია, რადგან იარაღის შესყიდვის პროცესი შეიძლება საიდუმლოა, მაგრამ შესყიდვის შემდეგ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს.

_ აშშ-ის სენატი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა და გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობის ერთ-ერთ პუნქტად იარაღის მიყიდვაც სახელდება. რას მოუტანს ამგვარი თანამშრომლობა საქართველოს?

_ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ობამამ არასავალდებულოდ მიიჩნია შესაბამისი მუხლი, რომელიც საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას ითვალისწინებს, რამდენადაც ობამას ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ იარაღის მიყიდვით არათუ გაძლიერდება საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, არამედ, პირიქით: მას დამატებით დაძაბულობას შეუქმნის. რამდენ იარაღსაც შემოვიტანთ, იმდენჯერ აგრესიული რეაქცია მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან, რაც გამოიწვევს მხარეებს შორის დაძაბულობას და პროვოკაციის შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით, ამიტომ ეს ძალიან სახიფათო და სარისკოა.

თუმცა მიმაჩნია, რომ დახმარება გვჭირდება, მაგრამ ეს დახმარება უნდა იყოს ეტაპობრივი, მიზანმიმართული და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს, რადგან იმ იარაღის გამოყენება ვიცოდეთ. ომის დროს გვქონდა, მაგალითად, საკმაოდ თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ სენაკის ბრიგადაში უმოქმედოდ ეწყო ერთ-ერთ ფარეხში, რადგან სპეციალისტები არ გვყავდა და შემდეგ რუსებმა წაიღეს. ან რით ვყიდულობთ ამიხსენით ამ იარაღს? ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და მხოლოდ ე. წ. რეიტინგებით მივიწევთ წინ.

_ ირანს ომის საფრთხე ემუქრება. აშშ-ს პენტაგონის ხელმძღვანელის, ლეონ პანეტას განცხადებით, აშშ მზადაა, ირანზე სამხედრო შეტევა განახორციელოს. რამდენად რეალურია საფრთხე და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში საქართველო?

_ მე ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, გარკვეულ ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმები განხორციელდეს. ასევე შეიძლება გარკვეული ლოკალური კონფლიქტები წარმოიქმნას, რაც არასასურველია, ვინაიდან არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება. ირანი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო და მუსლიმანური სამყაროს ერთ-ერთი ცენტრია და, სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, შეიძლება კულტურათა შორის დიდი ომის მომსწრენი გავხდეთ. ამ რისკებს ყველა ქვეყანა აანალიზებს და, თუ ეს მაინც მოხდა, აშშსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის სემთხვევაში საქართველო ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგან პრეზიდენტმა უვიზო რეჟიმი დააწესა ირანთან და ლტოლვილთა დიდი ნაკადი მოაწყდება საქართველოს.

ასევე არ ვიცით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში რა ვითარება შეიქმნება ყარაბაღში და რუსეთი როგორ იმოქმედებს. შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტები გამოჩნდნენ და არ ვიცით, გამოიყენებს თუ არა დასავლეთი საქართველოს ტერიტორიას ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველ ერთ-ერთ პლაცდარმად.

ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here