Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი ამერიკულ იარაღს ვერ მიიღებს!

სააკაშვილი ამერიკულ იარაღს ვერ მიიღებს!

617

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 2012 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, მაგრამ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რამდენიმე მუხლის შესრულება შეიძლება «არასავალდებულოდ ჩაითვალოს». ეს ფორმულირება 1242-ე მუხლზეც გავრცელდა, რომელიც «საქართველოს რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას» ეხება. ობამამ დაასახელა ორი მიზეზი, რომლებმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას შეიძლება ხელი შეუშალოს. საინტერესოა, რომ სხვა ეჭვქვეშ დაყენებულ მუხლებში, რომლებიც უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ეხება, მან მხოლოდ ერთ დამაბრკოლებელ მიზეზზე მიუთითა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხს თეთრმა სახლმა არა ერთი, არამედ ერთბაშად ორი «ბოქლომი» დაადო. რა გახდა ამის მიზეზი? მოხსნის თუ არა აშშ «ფაქტობრივ ემბარგოს» საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაზე თუ ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩება?

ობამას მიზეზი არ ელევა

აშშ-ის პრეზიდენტის პირველი არგუმენტი ისაა, 1242-ე («ქართული») მუხლი ისე შეიძლება იქნას წაკითხული, რომ «მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის» გამჟღავნება გამოიწვიოს. ეს არგუმენტი, აგრეთვე, 1231-ე, 1240-ე და 1241-ე მუხლებს ეხება (სამივე ანგარიშების წარდგენას მოითხოვს, კერძოდ, იმ კომპენსაციების შესახებ, რომელთაც პაკისტანის მთავრობა ავღანურ ოპერაციებთან დაკავშირებით იღებს, რუსეთის ბირთვულ ძალებსა და აფრიკის კავშირის პროგრესზე მუდმივი მზადყოფნის ძალების მომზადებაში).ობამა ასევე აღნიშნავს, რომ 1242-ე მუხლი «გამოიწვევს ჩარევას მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში _ მისცეს დირექტივები აღმასრულებელ ორგანოებს, დაიკავონ გარკვეული პოზიცია უცხო ქვეყნების მთავრობებთან მოლაპარაკებებისა და დისკუსიების დროს». იგივე არგუმენტს ობამა 1235-ე და 1245-ე მუხლებთან დაკავშირებით იყენებს (პირველი მათგანი ლიბიაში გამქრალი გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების შესახებ ანგარიშის წარდგენას და მათგან მომდინარე საფრთხის ნეიტრალიზების სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს, ხოლო მეორე ირანის საფინანსო სექტორის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ეხება).

როგორც ვხედავთ, საქართველოსთან დაკავშირებული 1242-ე მუხლით გათვალისწინებული ნაბიჯები შეიძლება ორი მიზეზით დაიბლოკოს. საინტერესოა, რამ განაპირობა ობამას ადმინისტრაციის ასეთი რეაქცია მასზე? ამ მუხლის პირველივე სტრიქონებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კანონმდებლებმა თეთრ სახლს მანევრის საშუალება პრაქტიკულად არ დაუტოვეს. 1242-ე მუხლის «ა» პუნქტში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის მიღებიდან არა უგვიანეს 90 დღისა თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით უნდა შეიმუშავოს და სენატისა და კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს «საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზაციის გეგმა, თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით». «ბ» პუნქტის თანახმად, ეს გეგმა უნდა ემსახურებოდეს, მათ შორის, შემდეგი მიზნების მიღწევას: «საქართველოსთვის ამერიკული თავდაცვის საშუალებების და მომსახურების მიყიდვის უზრუნველყოფას»; «ნატოს წევრი და კანდიდატი ქვეყნების წახალისება საქართველოსთვის თავდაცვის საშუალებების და მომსახურების გაყიდვა განაახლონ და გაზარდონ”. 

ობამას ადმინისტრაციის მიერ ყოველივე ამის შესრულება დიდი ალბათობით აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას გამოიწვევს. თუ მხოლოდ კრემლის შესაძლო სიმეტრიულ პასუხზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთ სიტუაციაში ის «დაუწერელი შეთანხმებები», რომლებიც ორ ქვეყანას შორის იარაღით ვაჭრობის სფეროში არსებობს, შეიძლება დაირღვეს. გამორიცხული არაა, რომ სირია, ვენესუელა და, რაც მთავარია, ჩინეთი მიიღებენ იმ რუსულ შეიარაღებასა და ტექნოლოგიებს, რომელთა გაყიდვისგან მოსკოვი აქამდე თავს იკავებდა, რადგან აშშ-ის პოზიციას ითვალისწინებდა. ვაშინგტონისთვის წამგებიანია საქართველოს რამდენიმე ათეული «Javelin»-ი და «Stinger»-ი მიჰყიდოს და სანაცვლოდ ჩინეთისთვის რომელიმე კრიტიკულად მნიშვნელოვა ნი რუსული ტექნოლოგიის გადაცემა მიიღოს (მაგალითად, ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართულებით).

თუმცა მსგავსი გლობალური მასშტაბის შედეგებს ადგილი რომც არ ჰქონდეს, რუსეთმა შეიძლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფი დაჯგუფებები გააძლიეროს. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ამერიკული შეიარაღების ესა თუ ის პარტია საქართველოს სამხედრო პოტენციალს, პირობითად, «X» ერთეულით გაზრდის, კრემლი საპასუხოდ სეპარატისტულ რესპუბლიკებში განლაგებული ძალების პოტენციალს «X+Y»-ს შეჰმატებს. მსგავს სიტუაციებში მოსკოვი, როგორც წესი, ხისტად მოქმედებს. გამორიცხული არაა, მისმა ნაბიჯებმა ძალთა ბალანსში პრინციპული ხასიათის ცვლილებები შეიტანოს. თეთრ სახლში, სავარაუდოდ, პრობლემის ამ ასპექტსაც ითვალისწინებენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ობამას ადმინისტრაცია «გადატვირთვას» უფრთხილდება და მაქსიმალურად შეეცდება, მას პრობლემები არ შეუქმნას.

არგუმენტები აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის 1242-ე მუხლის ტორპედირებისთვის ბარაკ ობამამ უკვე მოიმარაგა. უახლოეს მომავალში ჩვენ შევიტყობთ, თუ რა სახეს მიიღებს თეთრი სახლის საბოლოო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კი, ალბათ, აჯობებს, იმის დადგენა ვცადოთ, რა მიზნების მიღწევას ცდილობს სააკაშვილი შექმნილ ვითარებაში.

დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო

2012 წელი საქართველოსთვის ძალიან ცუდად დაიწყო. საახალწლოდ გავრცელდა ცნობა ავღანეთში კაპრალ ბესიკ ნინიაშვილის დაღუპვის შესახებ, საშობაოდ კი _ ცნობა კაპრალ შალვა ფაილოძის დაღუპვის შესახებ; დანაკარგი მატულობს, სააკაშვილი კი არ ცხრება და ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების რიცხვს განუხრელად ზრდის, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, თავიანთ კონტინგენტებს ამცირებენ.

კაცობრიობის ისტორიაში ძნელი მოსაძებნია მაგალითი, როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის გვერდი-გვერდ იბრძოდა და ამავე დროს ერთი მეორეს იარაღის მიწოდებაზე უარს ეუბნებოდა, იმ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც მის ნაკლებობას თვითონ განიცდიდა ან პარტნიორისთვის უახლესი ტექნოლოგიების გადაცემას ერიდებოდა. მაგრამ აშშ შეიარაღების დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის, ხოლო ოფიციალური თბილისი მისგან არც ბირთვული ტექნოლოგიებისა და არც მეექვსე თაობის თვითმფრინავების ნახაზების გადმოცემას მოითხოვს; მისი სურვილები ფრიად მოკრძალებულია.

შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონს, უბრალოდ, არ სურს, რომ სააკაშვილის ხელში დამატებითი შეიარაღება აღმოჩნდეს და ამას ბავშვისთვის ასანთის ან გიჟისთვის სამართებლის გადაცემის ტოლფას აქტად განიხილავს. სხვა შემთხვევაში ის, ალბათ, დიდი ხანია, შეიმუშავებდა სქემას, რომელიც საქართველოს შეიარაღებით მომარაგებას უზრუნველყოფდა ისე, რომ ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნიდა. ბოლოს და ბოლოს ამ პლანეტაზე არის სხვა ქვეყნები, შუამავალი ფირმები, ამერიკული საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მრავალფეროვანი და უმეტესწილად უფრო იაფი ანალოგები და, თუ ძია სემი მიზნად პარტნიორის დახმარებას და ქართული არმიის შეიარაღებას დაისახავდა, ამას როგორმე მიაღწევდა, მაგრამ ეს ამოცანა მის წინაშე, როგორც ჩანს, არ დგას. 

გამორიცხული არაა, რომ განმსაზღვრელი როლი დღევანდელი არაჯანსაღი სიტუაციის ფორმირებაში სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედებებმა შეასრულა. «იმ მოსაზრებას, რომ თბილისის წინააღმდეგ შეიარაღებაზე ეფექტური ემბარგო მოქმედებს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ დაქირავებული ლობისტური და PR ფირმა «Orion Strategies» ამკვიდრებს. კომპანია რენდი შუნემანს ეკუთვნის, რომელიც 2008 წელს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კამპანიაში ჯონ მაკკეინის საგარეოპოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი იყო,» _ წერდა «EurasiaNet»-ი 2010 წლის სექტემბერში. ამ მონაკვეთის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ჩვენ გადავიხადეთ ფული იმაში, რომ შტატებში დამკვიდრებულიყო მოსაზრება ფაქტობრივი ემბარგოს შესახებ. იმის ნაცვლად, რომ ზედმეტი ხმაურის გარეშე შეიარაღება შეეძინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, საკუთარი ხელით შექმნა სიტუაცია, როდესაც არარსებული ემბარგო ამერიკელი პოლიტიკოსების საჯილდაო ქვად აქცია. საბოლოოდ კი ასეთი შედეგი მივიღეთ: ხელშესახებ პერსპექტივაში საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვა აღქმული იქნება როგორც ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც, ცხადია, საკითხის გადაწყვეტას აფერხებს. რა ამოძრავებდა სააკაშვილს ამ შემთხვევაში: წუხილი იმაზე, რომ ქართული არმია შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობას განიცდის თუ მანიაკალური იდეა, იმის თაობაზე, რომ ჯონ მაკკეინთან ერთად «გადატვირთვა» უნდა ჩაძიროს?

ირიბად, იმაზე, რომ სიტუაცია ზოგადად არაჯანსაღია, ამავე პუბლიკაციაში მოყვანილი კიდევ ერთი ისტორია მიანიშნებს. «Arms Tech»-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ რასტიკმა «EurasiaNet»-ს განუცხადა, რომ მისი კომპანია ემზადებოდა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ნაღმები ეწარმოებინა (პუბლიკაციაში ნახმარია სიტყვა «ჩლაყმორე და ცხადი არ არის, ეხება საუბარი ძველ «M18A1 Claymore»-ს თუ მის მოდიფიკაცია «MM-1 Minimore»-ს, რომელსაც «Arms Tech»-ი აწარმოებს). «თუმცა ეს გარიგება შეაჩერეს, როდესაც შუამავალს ისრაელიდან ოფერ პაზს, რომელიც შესყიდვების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების კორუფციული მოსყიდვის სქემაში მონაწილეობაში ბრალი წაუყენა, რომელიც ითვალისწინებდა მათ მიერ არმიისთვის შეირაღებისა და სურსათის შეძენას გაბერილი ფასებით. ჯოზეფ რასტიკის თქმით, პაზს ბრალი წაუყენეს სწორედ მაშინ, როდესაც გარიგება კომპანია «Arms Tech»-ის მიერ ნაღმების წარმოების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განიხილებოდა. კომპანიამ მიიღო 2010 წლის 19 მარტით დათარიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: «გაცნობებთ, რომ თქვენი მიმართვის განხილვის პროცესში, იმ მიზეზების გამო, რომლებიც თქვენს კომპანიასთან არ არის დაკავშირებული, თქვენი უცხოელი პარტნიორი კომპანია «Paz Logistics»-ი იმ კომპანიათა რიცხვში მოხვდა, რომელთა მიმართვას უარი უნდა ეთქვას». ჯოზეფ რასტიკის თქმით, ამის შემდეგ მან პირდაპირ მიმართა საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს და შესთავაზა მათ, ნაღმები შუამავლის გარეშე შეიძინონ. მე მათგან მივიღე არაოფიციალური პასუხი: «ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ».

რა ქვეტექსტი შეიძლება იმალებოდეს ამ უცნაური ისტორიის მიღმა?

განხეთქილების ნაღმი

პირველი ვერსია, რომელიც ჯოზეფ რასტიკის მონათხრობის გაცნობის შემდეგ შეიძლება გაგვიჩნდეს, ალბათ, ისაა, რომ საქმე ბანალურ კორუფციასთან გვაქვს. ურთიერთობა უშუალოდ ამერიკელ მწარმოებელთან, შუამავლების გარეშე ე. წ. ატკატის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. შეიძლება, აგრეთვე, გაჩნდეს ვერსიები იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში არ იციან, რა უნდათ: ჯერ აპირებენ ნაღმების შეძენას, შემდეგ კი განზრახვაზე უარს ამბობენ ან კიდევ ჯოზეფ რასტიკი ცრუობს, თუმცა მოტივი, რის გამო შეიძლება ასე მოიქცეს, არ ჩანს.

არსებობის უფლება, ალბათ, კიდევ ერთ ვერსიას აქვს _ საქართველოს მიერ ამერიკული ნაღმების შეძენა შექმნიდა პრეცედენტს, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სააკაშვილის ხელისუფლებისა და მისი ლობისტების რიტორიკას «ფაქტობრივი ემბარგოს» შესახებ; 2009 წლის მეორე ნახევარში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხს იხილავდა (სხვათა შორის, «WikiLeaks»-ის პუბლიკაციებში მოიპოვება ჰილარი კლინტონის 2009 წლის 9 აგვისტოს ტელეგრამა, რომელიც ამ გარიგებას ეხება), «ემბარგოს თემა» აქტუალური არ იყო, თუმცა 2010 წლის იმ პერიოდში, როდესაც «Arms Tech»-ის თავკაცმა ამაოდ სცადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება (სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი ჯოზეფ რასტიკმა, მისი თქმით, 19 მარტს მიიღო, ხოლო «EurasiaNet»-ის განხილული პუბლიკაცია 15 სექტემბერს გამოქვეყნდა), მსჯელობამ «ფაქტობრივ ემბარგოზე» საკმაოდ ფართო გავრცელება ჰპოვა. ამ კონტექსტში ამერიკელი მწარმოებლისგან ნაღმების მიღება საკუთარი არგუმენტაციის გაბათილების ტოლფასი იქნებოდა. დაახლოებით ამ პერიოდში (2010 წლის ივნისი) «Jane’s Defence Weekly»-ში გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც ასახული იყო ქართველი მაღალჩინოსნების წუხილი ობამას ადმინისტრაციის პოზიციასთან დაკავშირებით და მათთვის საკმაოდ უხერხული იქნებოდა, თუ ამავე დროს საქართველოში ამერიკული ნაღმების პარტია შემოვიდოდა. თუ ჯოზეფ რასტიკის მონათხრობი სიმართლეს შეესაბამება, გამორიცხული არაა, რომ მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა «ფაქტობრივი ემბარგოს» შესახებ წარმოდგენის გამყარებას ემსახურებოდა.

შესაძლოა, ობამას ადმინისტრაცია მივიდა დასკვნამდე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არაპატიოსნად, წესების დარღვევით თამაშობს, რომ მის მთავარ მიზანს არა შეიარაღების შეძენა, არამედ მაკკეინისთვის და მისი ამფსონებისთვის სალაპარაკოს მიცემა და «გადატვირთვის» ტორპედირება წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ძია სემს არ მოსწონს, როდესაც მას იდიოტად თვლიან და ამ გარემოების გათვალისწინებით, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის 1242-ე მუხლში გაწერილი ღონისძიებების რეალიზება შეიძლება სათუო გახდეს.

არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე იმაში, რომ შეიარაღების შეძენის საკითხმა სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, და აქედან გამომდინარე, მისი ყიდვა დღემდე ვერ მოხერხდა და არმია კვლავინდებურად ეფექტური საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ნაკლებობას განიცდის? ომის შემდეგ გასული დროის განმავლობაში მსგავს პრობლემას, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ნებისმიერი აფრიკელი დიქტატორი, არამედ ნებისმიერი თავმოყვარე საველე მეთაურიც კი მოაგვარებდა. თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს ესეც არ შეუძლია და იმისთვის, რომ ეს საკითხი (ისევე, როგორც ბევრი სხვა) გადაწყდეს, ისევ ხელისუფლებიდან მის წასვლას უნდა დაველოდოთ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here