Home რუბრიკები პოლიტიკა მეფე გიორგის მიგიგავს კბილი და ვარდისახარს – საკინძე…

მეფე გიორგის მიგიგავს კბილი და ვარდისახარს – საკინძე…

1538

მცხეთაში ერთი თვის წინ გახსნილი საავადმყოფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა ხელმეორედ გახსნა. მცხეთელები იცინიან: „ამ საავადმყოფოში ოცი კაცი უკვე მოკვდა და საზეიმოდ ახლა ხსნიანო“! ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მცხეთის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებაზე ტაქსით დადიან. „ამის გახსნას ორი სასწრაფოს მანქანა მოეცა, ის გვერჩივნაო“, – აცხადებენ მცხეთელები.

მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოს გახსნის შემდეგ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის მსგავსი გაუმჯობესება ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარა. „ეს საავადმყოფოები არის თქვენთვის. აქ უცხოპლანეტელები სამკურნალოდ, ალბათ, არ ჩამოვლენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა იმითაც გაგვაოცა, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაზღვეულია და იაფი დაზღვევის სქემა კიდევ უფრო გაფართოვდება იმისათვის, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის. ვინ აწვდის მას ამ მონაცემებს, როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამედიცინო მომსახურებას სწორედ დაზღვევისა და თანხის უქონლობის გამო ვერ იღებს?თუმცა, ეს რა გააკვირია, როცა თანასწორობა და პროგრესი სააკაშვილისთვის პირდაპირ ტურიზმთან არის ასოცირებული! იქვე, მცხეთის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტი გახდა, საქართველოში ასი ათასი ტურისტი ჩამოდიოდა, დღეს კი მათი რიცხვი სამ მილიონს შეადგენს.
„ეს მოხდა იმიტომ, რომ ხდება აღდგენა, გალამაზება, იმიტომ, რომ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება და იმართება არა ერთ ადგილზე, როგორც ადრე, არამედ ყველგან. ეს არის თანასწორობის იდეის განხორციელება და პროგრესი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის ვერსიით, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა საქართველოში მიმდინარე აღმშენებლობამ განაპირობა. ახლიდან აშენდა სიღნაღი და მცხეთა. „როგორ ვუთხრა მადლობა ქურდებს და გამჩანაგებლებს, მაგრამ იმდენად დაანგრიეს ყველაფერი, რომ სტიმული მოგვცეს იმისა, რომ გვეშენებინა და ნულიდან აშენება უფრო ადვილია, ვიდრე აშენებულის შეცვლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საბედნიეროდ, სვეტიცხოვლის დანგრევა და ნულიდან აშენება არ მოსვლია თავში სააკაშვილს, მაგრამ მისი ეპოქის მინის შედევრებს არც არსუკისძე აშენებს და არც თავად არის მეფე გიორგი. სვეტიცხოვლის გალავანთან სახანძრო მანქანა და რეანიმობილი იდგა. მათ თავზე მზით გაბრწყინებული, ხვლიკისფერი სვეტიცხოველი წამოსდგომოდა; იგი ისეთი მშვენიერი იყო იმ დილას, როგორც არასოდეს მანამდის. ცამეტი საუკუნის მანძილზე აწყდებოდნენ მის გალავანს მტრის ურდოები.

სარკინოზი აბულ-ყასიმი ეძგერა მას პირველად, შემუსრა და აქლემთა თავლად გახადა იგი, აღადგინეს, შემდგომ ამისა, სელჯუკმა ალფ-ასლანმა იავარჰყო იგი, კვლავ აღადგინეს და თემურ-ლენგმა დაანგრია ისევე, შაჰ-თამაზმა და შაჰ-აბაზმა მილეწეს მრავალგზის.

მერმე ის იყო მთელი საუკუნე აწვიმდა ტაძარს, ახალ დროშიაც კაცს არ მოჰგონებია მისი შეკეთება, მხოლოდ საბჭოურმა ხელისუფლებამ, ვენაცვალე მას, გადაახურვინა იგი წრეულს და გალავნის ქონგურები შეაკეთეს, ჩრდილოს ფასადზე ხარაჩოები ჯერაც არ მოუხსნიათ, გუმბათის სარკმელებშიაც ჩასდგნენ ამ დღეებში თითო მტკაველა მინას…

ახლა სააკაშვილმა ბრძანა და „აშენდა მცხეთა“.

„ასე რომ, რასაც მეფე გიბძანებთ, ყოველივეს შეასრულებთ, არა?”
გაეხუმრა გიორგი და მის მკერდს დაადგა თვალი.
ქალმა ეს შემთხვევა დაიჭირა, აიმღვრა, აღარ იცოდა, რა ეპასუხნა.„აფსუს, რად არა ვარ მეფე გიორგი?!“
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა აბორცვილ ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
„მეფე გიორგი რომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?“
„მეფე გიორგი რომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც“.
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისფერ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა ძუძუზე წაუცაცუნა ხელი. (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის სხეულზე გიორგის).
ვარდისახარი აილეწა.
„ხელები დაიმოკლე, ბედშაო!“
შერისხა და მარჯვენა ხელზე წაუტლაშუნა მამკაცს მარცხენა.
გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბუღუჯულს, უნდოდა მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა ქალი.
მარჯვენა გამოიღო, მკერდზე ხელი ჰკრა მამაკაცს და მიახალა: „თუ მართლა მეფის მიერ ხარ მოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა მოციქულებს ეს ეკადრება, ბრიყვო“.
ასეთი სიტყვა არავის უკადრებია გიორგისათვის ჯერ.
ბრაზი, ღვინო და ვნება მოეძალა ერთბაშად, ნაბიჯი წინ წასდგა კვლავ და ეუბნება დიაცს:
„მე თვითონ ვარ მეფე გიორგი“.
იქედნურად გაუღიმა ქალმა:
„მეფე გიორგის მიგიგავს წვერი“.
სტუმარმა ჩაიცინა, კვლავ წაეპოტინა იგი ვარდისახარს.
მცირე ხანს იბრძოდნენ დიაცი და მამაკაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა.
თუ არ მომეშვები, ვიკივლებო ახლავე.
მკლავები შეუშვა გიორგიმ, ვარდისახარმა იდროვა, ხელი ჰკრა ისევე მკერდზე, დაბარბაცდა მთვრალი, მუნვე გაწოლილ ავაზას ზედ გადააწყდა. ნადირი განზე გადაუხტა, თვალები აუბრიალა უცხოს, შემზარავად ლაშდაღრენილმა.
თავისი გაცოფებული ავაზა მოაგონა გიორგის ფოსფორულმა ელვამ, ხმალს ხელი მიჰყო, ელვის უსწრაფესად ძირს დასცა მხეცი.
სისხლის დანახვისას შედრკა უცნაურად ქალი. გიორგიმ ხმალი გასწმინდა, აუღელვებლად ჩააგო ქარქაშში. კვლავ მიეახლა ვარდისახარს.
ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი.
გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე.
საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა.
ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ, მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა.
გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე.
ავაზას ლეშზე გადააბოტა და მიმართა ღამეს.

მაშინ რეანიმობილები არ არსებობდა, არც ქართველები დადიოდნენ თურქეთში სამკურნალოდ. მაშინ სვეტიცხოველი შენდებოდა და საქართველო მიწებს კი არ კარგავდა, – იმატებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here