Home რუბრიკები პოლიტიკა მე ვარ ქართველი, მაშასადამე _ ევრაზიელი…

მე ვარ ქართველი, მაშასადამე _ ევრაზიელი…

797

მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, ჩემი აზრით, ერთ ანბანურ ჭეშმარიტებაზე _ სსრკ იქნება ეს თუ ევროკავშირი ან იგივე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თუ სხვა, ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება, ფუნდამენტურ განსხვავებებთან ერთად, ყველას ერთი რამ მაინც საერთო აქვთ. ნებისმიერი კავშირი, ალიანსი, იმასაც გულისხმობს, რომ მისი შემადგენელი სუბიექტები რაღაც საერთო თამაშის წესებს აღიარებენ და ემორჩილებიან, ზოგჯერ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის რაღაც დოზით დათმობამდეც კი…

სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა, მკითხველთან ერთად განვიხილო და გავაანალიზო ყბადაღებული თემა _ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ დეკლარირებული ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა, რასაც ამთავითვე, რუსული კალკით თუ ვიტყვით, «ხიშტებით შეხვდა», გნებავთ _ ისტერიკით, მიშნაცების ხელისუფლება: აი, ნახეთ, ახლაც არ გჯერათ, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდაო? რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ანუ შინაური მოხმარებისთვის არის გამიზნული ეს რიტორიკა, რომელშიც, რომ იტყვიან, სტრიქონებს შორის ამჯერად გარე მოხმარებისთვისაც ადვილად იკითხება _ რა დროს დემოკრატიაა, რუსეთი ჩაყლაპვას გვიპირებს და იქნებ დემოკრატიის გარეშე მიგვიღოთ ნატოშიო.ამას ვგულისხმობდი «ყბადაღებაში», თორემ ქვეყნის გარეთ არც ყბადაუღია ვინმეს და არც პირი დაუფჩენია _ არიქა, დაჩქარებული წესით მივიღოთ საქართველო ნატოშიო…

სერიოზულად კი: რაღაც არ მსმენია, რომ ვინმე წონიან პოლიტიკოსს დასავლეთში ოფიციალურად დაეფიქსირებინოს აღშფოთება-შეშფოთება რუსეთის «ახალი იმპერიული ამბიციების» გამო, არც ახლა _ ევრაზიულ ვნებათა მიმართ და მითუმეტეს, არც უფრო ადრე, როდესაც იმავე პუტინმა სინანული გამოხატა სსრკ-ის დანგრევის გამო, რასაც XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა!

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის სინანულს, გეოპოლიტიკა იქით იყოს და ისე, სსრკ-ის შემადგენელი რესპუბლიკების უმრავლესობისა რა მოგახსენოთ, რომლებსაც არც კი უოცნებიათ (მაგალითად, შუა აზიის რესპუბლიკებს) სსრკ-ის დაშლაზე და ერთ მშვენიერ დღეს დამოუკიდებელ ქვეყნებად იქცნენ, მაგრამ საქართველოსთვის, მართლაც კატასტროფა იყო! რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ისე არავინ დაზარალებულა, იმდენი სისხლი და ცრემლი არავის დაუღვრია, იმდენი ტერიტორიები არავის დაუკარგავს, რამდენიც ჩვენ _ საბჭოთა იმპერიაში კულტურულ-ეკონომიკურად ყველაზე წარმატებულ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას!

ასე რომ, სრულიად ვეთანხმები რუსეთის ახლანდელ პრემიერს და მომავალ პრეზიდენტს, ოღონდაც არა მისი, არამედ ჩვენი, საქართველოს გადმოსახედიდან _ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა მართლაც კატასტროფული შედეგი მივიღეთ…

რუსეთი კი ნელ-ნელა გამოვიდა იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური უძლურებიდან, რომელსაც გასული საუკუნის 90-იანი წლები ჰქვია. და რომ არა ეს უძლურება, ვერც სერბეთის დაბომბვას გაბედავდა აშშ და აქედან გამომდინარე, არც ჩვენთვის საბედისწერო კოსოვოს აღიარების პრეცედენტი დაფიქსირდებოდა!

დიახ, რუსეთი, ზოგიერთი ჩვენი ტვინგაცხელებული «პოლიტოლოგის» პროგნოზების მიუხედავად, დაშლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში _ უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში. ნამდვილი პოლიტოლოგიის, ანალიტიკის რეალურ თვალსაწიერში ასეთი რამ პრაქტიკულად გამორიცხულია და გონიერი მსოფლიო ამ ობიექტურ მოცემულობაში არსებობისთვის არის მზად!

სამწუხაროდ, ამ გონიერთა შორის საქართველო არ მოიაზრება, რისი კიდევ ერთი დასტური სააკაშვილის ამასწინანდელი გამოსვლა იყო ზუგდიდში, სადაც მან კიდევ ერთხელ იბჟუტურა რუსეთის სულ მალე დაშლაზე და უფრო მეტიც, ჩვენი მზადყოფნის აუცილებლობაზე ამ მომენტისთვის, რადგან სწორედ მაშინ აპირებს თურმე მიშიკო სოხუმ-ცხინვალის დაბრუნებას.

რა არის ან შეიძლება იყოს ეს ევრაზიული კავშირი? მოკლედ თუ ვიტყვით, _ ყველაფერი, საბჭოთა კავშირის გარდა! უფრო ვრცლად კი…

დავიწყოთ იქიდან, რომ თავად იდეა, რუსეთის ეგიდით, გნებავთ ჰეგემონით, ასეთი კავშირის შექმნისა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და უფრო მეტიც, არანაირ პოლიტიკურ მკრეხელობას არ შეიცავს. ქვეყნად მრავალი ტიპის პოლიტიკურ-ეკონომიკური სახელმწიფოთაშორისი კავშირები თუ ალიანსები არსებობს, თუნდაც არაბთა ლიგა ან, რაღა შორს მივდივართ, იგივე ნატო, ან ევროკავშირი ავიღოთ. იმათთვის რაც შეიძლება, რა, რუსეთს რატომ ეკრძალება?

ახლა მავანი «კუთხეში მიმიმწყვდევს» იმის გამო, რომ ჩემ მიერ დასახელებული ალიანსები, თანასწორუფლებიან სახელმწიფოთა კავშირებია და არა ისეთი, როგორიც თავის დროზე «თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური», ანუ სსრკ იყო, და მსგავსის შექმნას აპირებს პუტინი თავისი ევრაზიული კავშირის სახით.

ერთი შეხედვით, ისეთ კუთხეში ვარ მიმწყვდეული, საიდანაც გამოსავალი არ მაქვს, მაგრამ მაინც შევეცდები და მკითხველმა განსაჯოს, რა გამომივა…

დავიწყოთ იქიდან, რომ თანასწორთა კავშირი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს. თუნდაც კრიმინალური დაჯგუფებები, ბანდები, გნებავთ, როგორც ახლო წარსულში ეძახდნენ, საძმოები ავიღოთ. ესეც ხომ კავშირი იყო, მაგრამ სად არის აქ თანასწორობა? თანასწორად (თანაბრად) აქ შეიძლება ნადავლი გაიყონ, მაგრამ ასეთ დაჯგუფებებს ლიდერი ან ლიდერები ხომ ჰყავთ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც რიგითი წევრები უსიტყვოდ ასრულებენ?!

თუმცა რაღა შორს მივდივართ, ელემენტალურად ყოფით დონეზეც ასე არ არის? მაგალითად, ოჯახიც თანასწორუფლებიანთა კავშირი არ არის? მაგრამ გაგონილა ოჯახი უფროს-უმცროსის, ანუ, ლიდერის, როგორც წესი, უფროსის გარეშე?

დაახლოებით ასეთივე თამაშის წესებია სახელმწიფოთაშორის გაერთიანება-ალიანს-კავშირებშიც _ რა, ვინმეს თუ სერიოზულად ჰგონია, რომ ევროკავშირში, სადაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ფორმალურად იცვლება კავშირის თავმჯდომარე, ერთნაირი უფლებები და «წონა» აქვთ, ერთის მხრივ, საფრანგეთ-გერმანია-ინგლისს და მეორეს მხრივ, თუნდაც საბერძნეთს, ეს მისი პრობლემაა!

განა ერთნაირად გადაიტანეს ე. წ. ფინანსური კრიზისი ჩემ მიერ ჩამოთვლილმა «ევროვეშაპებმა» და თუნდაც იმავე საბერძნეთმა, რომელიც ჩვენ თვალწინ ლამის დაინგრა?

ევროკავშირის «რიგითებზე», ანუ აღმოსავლეთ ევროპიდან ევროკავშირის ახალ წევრებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს, რომლებიც, ისევ რუსული კალკით თუ ვიტყვით, «ღარიბი ნათესავის» სტატუსით მიიღეს ამ ალიანსში და მათ არავინ უთანხმებს «ბალი ათი შაურია»-ს. განსხვავებით საბჭოეთისგან, სადაც ასევე ბევრი მუქთამჭამელი ჰყავდათ, ევროკავშირში «ევროვეშაპებისგან» სულ უფრო ხშირად გაისმის უკმაყოფილება «ღარიბი ნათესავების» მუქთად რჩენის გამო!

ან ჩვენი, ქართველების «საოცნებო» ჩრდილოატლანტიკური ალიანსი _ ნატო ავიღოთ. ვინ არის ამ «თანასწორთა» სამხედრო ალიანსის ფაქტობრივი მეფე და გამგებელი, აშშ ხომ არა? და ვინმეს აქ, ჩვენში, ზემოთ ნახსენები ევროკავშირის «თანასწორობის» არ იყოს, იქნებ ნატო-ს შემთხვევაშიც მსგავსი ილუზიები აქვს?

ანუ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ პუტინი გაგიჟდეს და ევრაზიული, იმავე ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა ყოფილი საბჭოთა და ახლა ნატოს წევრი ბალტიის რესპუბლიკების დაბომბვით დაიწყოს. ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ავტომატურად ამუშავდება ნატოს წესდების ის მუხლი, რომელიც ამ ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე ვინმეს თავდასხმას ნატოზე თავდასხმად განიხილავს? რომ ბალტიის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდები შემოვლენ და მოსკოვ-ლენინგრადის დაბომბვას, ანუ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ?

თუ ასეა, «ნეტარ არიან მორწმუნენი».

რეალურად კი ასეთ შემთხვევაში, ბალტიის რესპუბლიკების დახმარება დასავლეთის «მძლავრ შეშფოთება-აღშფოთებას» არ გასცდება და, როგორც 2008 წლის აგვისტოში შავ ზღვაში, ისე ბალტიის ზღვაშიც პამპერსებითა და გამოხდილი წყლით დატვირთული ამერიკული კრეისერები შევლენ!

სხვათა შორის, ჩვენგან განსხვავებით, ბალტიელები კარგად აცნობიერებენ ამ რეალობას და ჩვენსავით სამგლე გოჭებივით არ არიან ამტყდარნი, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დიდი მეზობელი ზედმეტად არ გააღიზიანონ და პარალელურად საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვასაც ახერხებენ.

ეს, რა თქმა უნდა, ისე, რაღაც-რაღაცების უფრო მკვეთრად წარმოსაჩენად ითქვა, თორემ მსგავს სცენარებს მხოლოდ ფანტაზიის სფეროში აქვს არსებობის უფლება.

რა ვიცი, იქნებ გვატყუებდნენ საბჭოთა სკოლების მოსწავლეებს, როცა გეოგრაფიაში გვასწავლეს, რომ ხმელეთის იმ ნაწილს, სადაც «ორ ზღვას შუა საომარი იყო ლელო», ევრაზია ჰქვიაო, ანუ ქართველები გეოგრაფიულად ევროპელებიც ვართ და აზიელებიცო. რაც შეეხება კულტურას, გნებავთ მენტალობას, აქაც მსგავს სიტუაციაში ვართ. როგორც იტყვიან, «FIFTI-FIFTI», ანუ ისტორიულად თანაბრად შევითვისეთ აზიურ-აღმოსავლური და დასავლურ-ევროპული კულტურებიდან საუკეთესო და ზედმეტად არც ერთი მხარისკენ არ გადავხრილვართ.

ანუ ქართველებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ისლამურ-აზიური დესპოტიზმი (რასაც მრავალსაუკუნოვანი ქალის კულტი ადასტურებს საქართველოში), ასევე დასავლური ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ადრეც და მითუმეტეს დღესაც რელიგიური მწვალებლობისა და ხორციელი გარყვნილების პროპაგანდით უპირისპირდებოდა ქართულ ცნობიერებას.

პირველ შემთხვევაში სხვადასხვა კულტურებიდან საუკეთესოს აღება-შეთვისებაში, ანუ, როგორც დიდი ჭაბუა ამირეჯიბი ამბობს, გაქართულებაში ჩვენი მართლმადიდებლური აღმსარებლობა დაგვეხმარა და იმავე რელიგიამ დაგვიცვა ზედმეტად გააზიურება-გაევროპელებისგან. ასე რომ, თუ იქით არა, აქეთ ნამდვილად არაფერი გვაქვს განათლებული ევროპისგან სასწავლი, რადგანაც, რაც იყო ღირებული, ჩვენმა სულგანათლებულმა წინაპრებმა აღმოსავლეთ-დასავლეთისგან ისწავლეს და გააქართულეს. ჩვენ კი მათი დანატოვარის, ნაანდერძევის გაფრთხილება და გათვალისწინება გვმართებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცნობილი ფრაზა: «მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი», ჩემის აზრით, მთლად სწორი არ უნდა იყოს. ჯერ ერთი, ზემოთქმულიდან გამომდინარე, აზიელებიც ვართ და ევროპელებიც. ეგეც არ იყოს, მე ვარ ქართველი, ამას არავითარი «მაშასადამე» აღარ სჭირდება, რადგანაც ქართველები უნათესავო, ღვთის განგებით და მის მიერვე მხოლოდშობილი, ობოლი ერი ვართ და ისედაც, ყოველგვარი გეოგრაფიის გარეშე, ცხადია, ვისზე და რაზეა ლაპარაკი.

ახლა მესმის მავანი ოპონენტის ხმა: ევროპაში ბევრმა რომ არ იცის, ქართველები ვინ არიან და საქართველო სად ოხრობაშიაო? რასაც ერთი ცნობილი ფილმიდან ფრაზით ვუპასუხებ: «თვალი დაუდგა ევროპას»! მითუმეტეს, რომ იქ არავინ გვეპატიჟება და გველოდება.

და აი, მივადექით ამ წერილის მთავარ სათქმელს:

არავინ იცის, ევრაზიული კავშირი რეალური პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტია თუ წინასაარჩევნო პიარი. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რეალობის შემთხვევაში რას მიიღებს მსოფლიო.

რას და ახალ უმძლავრეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, გნებავთ, სამხედრო ალიანსს, დიახაც რუსეთის, ამ უმდიდრესი ქვეყნის ჰეგემონიით, ანუ ეს იქნება ყოფილ საბჭოთა კავშირს მინუს ბალტიის ქვეყნები. ოღონდ ეს ვერ იქნება და არც იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ზუსტი ასლი, ანუ ერთი უნიტარული სახელმწიფო, ადრე რომ იყო «თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური», რადგან რუსებმაც ჭკუა ისწავლეს და აღარ დააპირებენ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე სხვების, თუნდაც პოლიტიკური მოკავშირეების, მუქთად რჩენას. ეს იქნება მართლაც თავისუფალ ერთა თუ არა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი კავშირი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი რამ არ გამოვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს XXI საუკუნეა, არამედ იმიტომაც, რომ ყოფილ საბჭოეთის ქვეყნებში 20 წლის მანძილზე დამოუკიდებლობის გემოც გაიგეს და შესაბამისად, სახელისუფლო და სამხედრო ელიტებიც ჰყავთ.

ასეთ «რასკლადში» კი ჩვენი სამაჩაბლო და აფხაზეთიც ამ ევრაზიის შიგნით მოექცევა და თუნდაც ამიტომ ჩვენი ადგილიც ასეთ ალიანსში იქნება, რა თქმა უნდა, თუ კიდევ ვფიქრობთ ქართველები ამ ტერიტორიების დაბრუნებას…

ალბათ კმარა, სავარაუდო და ნაკლებად შესაძლებელ ევრაზიულ კავშირზე საუბარი და, რაც არის, იმ რეალობიდან ამოვიდეთ. რეალობა კი ის არის, რომ რუსეთი, ყოველგვარი ახალი კავშირის გარეშეც, მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებს გავლენას ე. წ. პოსტსაბჭოთა სივრცეზე და, სავარაუდოდ, ეს გავლენები თანდათან უფრო გაძლიერდება. ამიტომაც ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ამ სივრცესთან, ეკონომიკურ-კულტურული კუთხით მაინც; რადგანაც ამ სივრცეში, ევროპისგან განსხვავებით, რუკების გარეშეც კარგად უწყიან, ვინა ვართ და სად არის საქართველო. უფრო მეტიც: რუსეთთან ჩვენი ორსაუკუნოვანი თანაცხოვრების მანძილზე არასოდეს ვყოფილვართ «ღარიბი ნათესავის» როლში. ქართველები ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდნენ კულტურა-ხელოვნება-მეცნიერება-ბიზნესში თუ უმაღლეს სახელისუფლო წრეებში.

ასე რომ, ჩვენი ბუნებრივი ადგილი სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეშია, რადგანაც მხოლოდ იქ მიგველიან, ჯერ კიდევ მიგველიან, როგორც იტყვიან გაშლილი ხელით. ეს რომ ასეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღემდე ასიათასობით ქართველი ცხოვრობს და იღვწის რუსეთში, მათ შორის _ დიდ ბიზნესში. აღარაფერს ვიტყვი შოუბიზნესზე. და ეს ყველაფერი აგვისტოს ომისა და შემდგომი აგრესიული სახელისუფლო რიტორიკის ფონზე გრძელდება.

ეს სხვათაშორის იმაზეც მეტყველებს, რომ რუსებს დიახაც ვერ წარმოუდგენიათ და არც უნდათ ქართველების გარეშე ცხოვრება. თორემ სხვა შემთხვევაში ერთ-ორ სატვირთო თვითმფრინავს არ გვაკმარებდნენ და დეპორტაციას კი არა, მასიურ გამობუნძულებას მოუწყობდნენ იქაურ ქართველებს.

რა თქმა უნდა, არ მინდა, ეს წერილი მავანმა რუსების გაფეტიშებად ჩამითვალოს. ბევრი სიმწარეც გვახსოვს ქართველებს ერთმორწმუნე რუსეთისგან, მაგრამ ისტორიული წარსული ხომ ავ-კარგის აწონ-დაწონვაც არის. ჰოდა, ეს ავ-კარგი აწონა თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ და რუსეთთან საქართველოს შეერთება საბოლოოდ ცალსახად დადებით მოვლენად მიიჩნია!

მე ილია მართლის მჯერა და არა იმ ურწმუნო ხლისტების ფარისევლური ვაი-ვიშისა გადაღებილი ფრესკების, გაუქმებული ავტოკეფალიის თუ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაუქმების გამო.

და კიდევ: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია მეორის მჯერა, რომელიც, როგორც ჩანს, მის მიერვე კანონიზირებული წმინდა ილია მართალივით ფიქრობს რუსეთ-საქართველოს ტკბილ-მწარე ურთიერთობებზე და ამიტომაც ეწვია ამას წინათ მოსკოვს, რის გამოც ჟურნალ «ლიბერალის» რისხვა დაიმსახურა.

ვისაც ამ წერილის ავტორის არ გჯერათ, უწმინდეს პატრიარქს და ილია ჭავჭავაძეს მაინც დაუჯერეთ: საქართველოს მომავალი ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე გადის და არა ლიბერასტულ დასავლეთზე, საიდანაც მხოლოდ გარყვნილების, სექტანტობის ახალ-ახალ დახვეწილ ტექნოლოგიებს გვიგზავნიან და სადაც, სხვათა შორის, არც არავინ გვეპატიჟება…

დანართის მაგიერ

რამდენიმე შეკითხვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ანუ ვიწრო ალიანსი კი არა, საყოველთაო ეროვნული ფრონტი დევიზით: «ყველა მინუს ერთი!»

ბატონო ბიძინა! გარშემო შემოიკრიბეთ რა, აშკარად პროდასავლური ძალები რესპუბლიკელებისა და ალასანიას სახით, რატომ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა პროდასავლურია და ნატოში შესვლის მომხრე?

თუ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გამართული რეფერენდუმის შედეგებს ეყრდნობით, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა ნატოში გაწევრიანებას მისცა ხმა, მაშინ წინააღმდეგობაში ვვარდებით, რადგან, თუ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უეჭველია და რასაც, მგონი, თქვენც აღიარებთ, მაშინ გამოდის, რომ არც რეფერენდუმის შედეგებია სარწმუნო.

ეგეც არ იყოს, იმ რეფერენდუმის შემდეგ აგვისტოს ომი მოხდა, რამაც საზოგადოება იმედგაცრუებული დატოვა, რადგან დასავლეთის დახმარება აღშფოთებული განცხადებებით გამოიხატა მხოლოდ, ნატოსგან კი პამპერსებითა და გამოხდილი წყლით დატვირთული გემები შემოვიდა ფოთის პორტში.

თუნდაც ამის გამო ხომ არ არის უპრიანი იმ რეფერენდუმის შედეგების გადახედვა და ახალი რეფერენდუმის ჩატარება?

ან რისთვის, ქართველი ხალხის წინაშე რა დამსახურებისთვის გააკეთეთ რესპუბლიკელებზე არჩევანი? პარტიაზე, რომელიც, დიდი ხანია, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ცნობილია როგორც ზედმეტად ლიბერალური, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური რეპუტაციისა, რის გამოც მრავალი წლის მანძილზე მათი რეიტინგი ვერ ასცდა 2-3%-ს.

აქედან გამომდინარე, რატომ უკეთებთ იგნორირებას ნინო ბურჯანაძეს? რა, რესპუბლიკელებს მაინც აღარ სჯობია ეს ქალბატონი?

ხომ არ არის ნინო ბურჯანაძის, «ეროვნული ფორუმის», «სახალხო კრების», წინააღმდეგობის მოძრაობისა და სხვა ეროვნული ძალების თუ პიროვნებების იგნორირება სწორედ რესპუბლიკელი «ინტელექტუალების» ზეგავლენის შედეგი?

ბატონო ბიძინა! სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა შეიქმნას საყოველთაო ეროვნული ფრონტი დევიზით «ყველა მინუს ერთი»!!! და არა ის ვიწრო ალიანსი, სადაც პირველ ვიოლინოზე რესპუბლიკელები დაუკრავენ!!!

სხვანაირად «ქართული ოცნება» ვერ ახდება!!!

რა თქმა უნდა, «ყველაში» არ ვგულისხმობ «ახალ მემარჯვენეებს», «ქრისტიან-დემოკრატებს» და სხვა, თქვენ მიერ სამართლიანად გამორიცხულ პარტიებს…

პატივისცემით და ყალბი თავმდაბლობის გარეშე,

ეროვნული თვითშეგნების ჟურნალისტი

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here