Home რუბრიკები პოლიტიკა «სააკაშვილის დემოკრატია», თუ წაყრუებული ტოტალიტარიზმი

«სააკაშვილის დემოკრატია», თუ წაყრუებული ტოტალიტარიზმი

991

თანამედროვე საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს, რომლის შემოქმედიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ხშირად ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებენ. მართალია, საქართველოში პოლიტიკური რეჟიმი ავტორიტარულია, მაგრამ იგი ტოტალიტარიზმის გარკვეულ ნიშნებსაც შეიცავს. ზოგიერთები ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ერთსა და იმავე კატეგორიაში განიხილავენ, მაგრამ მათ შორისაც არის სხვაობა და შევეცდები ავხსნა, თუ რა პარამეტრებით ჯდება საქართველო ავტორიტარული ქვეყნების კატეგორიაში და ტოტალიტარიზმის რა ელემენტს შეიცავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა.

ბრიტანული გამოცემა Economist-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც აღნიშნულია, რომ საქართველო არადემოკრატიულია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს დასკვნაც მეტისმეტად შერბილებულია. საქართველოში პოლიტიკური სისტემა არათუ ავტორიტარიზმის ელემენტებს შეიცავს, არამედ, როგორც უკვე აღვნიშნე, ავტორიტარულია ტოტალიტარიზმის ელემენტებით, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი დემოკრატიულობის ნიშნები. თუ კვლევის ავტორები დემოკრატიულობის ელემენტად მიიჩნევდნენ პერიოდული არჩევნების ჩატარებას, მაშინ ამ კრიტერიუმით საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის პირობებშიც ადგილი ჰქონდა არჩევნებს.ქართული პოლიტიკური სისტემის ანალიზის დროს მკაფიოდ ჩანს, რომ ავტორიტარიზმი ყველაზე დიდი დოზით არის წარმოდგენილი. «ვარდების რევოლუციის» შედეგად მოსული ქარიზმატული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი შეეცადა და მიაღწია კიდეც პოლიტიკური სისტემისა და საინფორმაციო სივრცის კონტროლს.

პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე მკაცრი კონტროლის მექანიზმების გამოყენებით შეეცადა, ძალაუფლების აკუმულირება მოეხდინა ერთპიროვნულად საკუთარ ხელში. პირველ წლებში კონტროლის მექანიზმები შედარებით სუსტი იყო, მაგრამ, როგორც კი ზრდიდა იგი საკუთარ ძალაუფლებას, მით უფრო მეტად აქცევდა გავლენის ქვეშ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, რამაც სრულ აპოგეას მიაღწია მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ.

როგორც ნებისმიერ ავტორიტარულ ქვეყანაში ხდება ხოლმე, 2008 წლის არჩევნების გაყალბების შედეგად, პარლამენტი «ნაციონალური მოძრაობით» (რომლის ლიდერიც სააკაშვილი გახლავთ) და მისი სატელიტი კვაზი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტდა. ამ პოლიტიკური თამაშის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მრავალპარტიულობის და აქედან გამომდინარე დემოკრატიულობის იმიჯის შექმნა, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის მქონე სისტემისთვის. ხელისუფლების უმთავრეს ამოცანას, პოლიტიკური სივრცის კონტროლთან ერთად, წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საინფორმაციო ველის სრული კონტროლი. ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე პოლიტიკაც ამას მოწმობს. თუ პროცესები ასე გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, განსხვავებული იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ოპოზიციურ ბეჭდვით მედიას იატაკქვეშეთში მოუწიოს გადანაცვლება. ასეთი პოლიტიკით საქართველო ნელ-ნელა მიექანება ტოტალიტარიზმისკენ, რადგან ავტორიტარული ელემენტების მქონე ქვეყნებში ოპოზიციურ საინფორმაციო საშუალებებს მცირე, მაგრამ გარკვეული თავისუფლება მაინც ახასიათებს. ხოლო ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს საინფორმაციო სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარება წარმოადგენს.

რევოლუციის პირველი დღეებიდანვე გამოჩნდა, რომ ახალი რეჟიმი ავტორიტარიზმისკენ იქნებოდა მიდრეკილი. როგორც ნებისმიერ რევოლუციური გზით მოსულ ხელისუფლებას ახასიათებს, მათ დაიწყეს საზოგადოების ტოტალიტარული გარდაქმნის პროცესი. მათ მიზანს წარმოადგენდა დაწყებული რეფორმების შედეგად, საზოგადოების ლიბერალიზაცია და მოდერნიზაცია, რაც ეწინააღმდეგებოდა ქართულ საზოგადოებაში არსებულ არქაულ საწყისებს. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამაც დაიწყო ქართული საზოგადოების ტოტალური გარდაქმნა და ახალი ტიპის ქართველის ჩამოყალიბება. ამ პროცესებმა უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოების უდიდეს ნაწილში. უკმაყოფილება კი იძულებულს ხდიდა ხელისუფლებას, მკაცრი, არადემოკრატიული მეთოდებით ემოქმედა.

საქართველოში ბევრს საუბრობენ სააკაშვილისა და მისი გუნდის ფსევდოლიბერალობაზე, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მოდერნიზაცია, რომლის ერთი მიმდინარეობაა ლიბერალიზმი, ქართულ საზოგადოებაში ხორციელდება ზემოდან, იძულების მექანიზმის გამოყენებით და ხდება ტოტალურად ერთი იდეოლოგიის დანერგვა. მართალია, მისთვის ოფიციალური სახე არ მიუციათ, მაგრამ, ფაქტობრივად, ხდებოდა განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთა გამოთიშვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან, რაც ეწინააღმდეგება პლურალიზმს, მრავალფეროვნებას და ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ერთ იდეოლოგიაზე, კერძოდ, ლიბერალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირება. ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაც დამახასიათებელი იყო ერთი იდეოლოგიის აღიარება და სხვების უარყოფა. საქართველოში კი, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ერთადერთ იდეოლოგიას, ანუ ლიბერალიზმს მიეცა ფართო გასაქანი.

საქართველოში პოლიტიკოსები _ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური სპექტრიდან _ ქადაგებენ პლურალიზმს, ანუ მრავალფეროვნებას, მაგრამ ამავე დროს მათი იდეოლოგიური ორიენტირები ერთი და იგივეა და პლურალიზმი მხოლოდ მოჩვენებით სახეს იღებს. ლიბერალური საზოგადოება გულისხმობს საერთო ღირებულებების ქცევის წესისა და აზროვნების სტილის მქონე ადამიანების გაერთიანებას. თუ ცნობილ ფრანგ ფილოსოფოს ალენ დე ბენუას დავესესხებით, ლიბერალურ საზოგადოებაში «ადამიანი ყველგან ერთნაირია. ეს კი ეწინააღმდეგება მრავალფეროვნებას». აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვნება გულისხმობს განსხვავებული იდეების, მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთა შორის ინტელექტუალურ თუ პოლიტიკურ შეჯიბრს, სადაც პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. პოლიტიკური პარტია კი თავისი არსით წარმოადგენს საერთო პოლიტიკური სიმპათიების, ერთგვაროვანი იდეოლოგიური მრწამსის მქონე ადამიანთა გაერთიანებას, რომელთა მთავარ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლებაში მოსვლა. პოლიტიკაში კი მხოლოდ სამი იდეოლოგიური მიმდინარეობა არსებობს: ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი. ეს იდეოლოგიები ედებოდა საფუძვლად პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შემდგომში ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების მიზიდვას, რომლებიც ერთიანდებოდნენ პარტიების გარშემო და მათი ინტერესების დამცველებად გვევლინებოდნენ. მხოლოდ ასეთი განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმის პარტიებს შორის მსოფლმხედველობრივი პაექრობა, აზრთა ჭიდილი შეიძლება გახდეს რეალური პლურალიზმის საფუძველი.

საქართველოში კი რა ხდება? სახელისუფლო პარტიიდან დაწყებული, პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული, ერთი იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი ორიენტირის ტოტალური პროპაგანდირებითა და ლიბერალიზმის და მასთან დაკავშირებული ღირებულებითი ასპექტების დანერგვით არის დაკავებული. საზოგადოებას კი პოლიტიკურ პლურალიზმზე განცხადებებით ტვინს ურევენ. მრავალ პარტიას გვთავაზობენ სისტემაში, სინამდვილეში კი მათი იდეოლოგიური პლატფორმა ერთი და იგივეა. როგორც უკვე აღვნიშნეთ პოლიტიკური პარტია საერთო პოლიტიკური მრწამსის ადამიანების გაერთიანებას წარმოადგენს. თუ ყველა ადამიანი ერთნაირი იქნება და ყველა ერთნაირად იაზროვნებს, რასაც დღევანდელი პოლიტიკური კლასი ცდილობს, მაშინ ვის რაში სჭირდება 300 პარტია და მოჩვენებითი პლურალიზმი? ერთი პარტიაც კი საკმარისი იქნება ამისათვის. ეს სიტუაცია საბჭოთა კავშირში არსებული მდგომარეობის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ მაშინ მხოლოდ ერთი პარტია იყო წარმოდგენილი სისტემაში. დღევანდელ საქართველოში, უბრალოდ, პლურალიზმს გვეთამაშებიან. მართალია, ოფიციალური, იურიდიული ხასიათი არ მიუციათ ლიბერალიზმისთვის, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს, როგორ ტოტალიტარულად ცდილობენ ამ იდეოლოგიური მიმართულების დანერგვას საზოგადოებაში.

ერთი იდეოლოგიური მრწამსის გაბატონებას კი ტოტალიტარიზმის ელემენტად მიიჩნევენ. სწორედ ეს არის ერთი ნიშანი, რომლითაც საქართველოში ტოტალიტარიზმის ელემენტი იკვეთება.

მართალია, პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად არ უსწორდებიან და არ ანადგურებენ (საჭიროების შემთხვევაში არც ამაზე ამბობენ უარს), მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალიზისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის შეფასება, რომელიც მან გააკეთა ამერიკის ლიბერალური საზოგადოების შეფასებისას. შეიძლება ითქვას, რომ იმავეს აქვს ადგილი საქართველოშიც. «შენ თავისუფალი ხარ განსხვავებულად და შეინარჩუნო შენი სიცოცხლე, შენი ქონება და სხვა ყველაფერი. მაგრამ აწი შენ უცხო ხარ შენს სახლში. შენ შეგიძლია ისარგებლო, ვინაიდან შენ არასდროს აირჩიო სხვების მიერ … შენ დარჩები სხვებთან ერთად, მაგრამ შენ აღარ გექნება ადამიანურობის უფლება. შენი თანამოქალაქეები მოგექცევიან როგორც უწმინდურს და ისინიც კი, ვისაც შენი უდანაშაულობის სჯერა, გვერდს აგივლიან, ვინაიდან სხვანაირად მათაც იგივე ელით. წადი მშვიდობით, მე გინარჩუნებ სიცოცხლეს, მაგრამ შენი არსებობა სიკვდილზე უარესი იქნება,» _ ეს პასაჟი ალექსის დე ტოკვილის ცნობილი ნაშრომიდან «დემოკრატია ამერიკაში» იმიტომ მოვიყვანე, რომ ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც ერთ იდეოლოგიურ სისტემას ეფუძნება, თავისი არსით ტოტალიტარულია, საქართველოს პოლიტიკური ელიტაც ხომ (როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური) საზოგადოების ლიბერალიზმს ახმარს თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობენ ტოტალიტარიზმის ელემენტის გაძლიერებას.

არადემოკრატიული მმართველობის სტილის დამკვიდრებას საქართველოში რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის პირველ პირს მიაწერენ, მაგრამ არავინ არ აქცევს ყურადღებას, რომ ეს არსებული პოლიტიკური რეჟიმის წყარო, გენერატორი გარეძალაა, კერძოდ, აშშ, რომელმაც თავზე დაგვასვა ეს მარიონეტული რეჟიმი, უფრო კორექტულად თუ ვიტყვით, მისი ლეგალიზება მოახდინა.

ქართველი ამომრჩეველი კი «სანოტარო კანტორის» როლში გამოვიდა, რომელმაც მოახდინა ამ რეჟიმის ლეგიტიმაცია და გარკვეულ იურიდიულ ჩარჩოებში მოაქცია იგი.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კოლონიაში, რომელსაც საქართველო წარმოადგენს, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია. დემოკრატია ხომ თავის თავში პლურალიზმს, მრავალფეროვნებას გულისხმობს, განსხვავებული აზრის, პრიორიტეტების თუ ღირებულებითი ორიენტაციების ჭიდილს მოითხოვს. როდესაც ქვეყანა ერთი რომელიმე იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცევა, საქართველოს შემთხვევაში კი ამერიკის გავლენის ქვეშ, იძულებულია, ცენტრიდან წამოსული დავალებები შეასრულოს, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც რამდენიმე გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე ცდილობს გაბატონებას, რათა გასაქანი არ მისცეს მის მიერ არაკონტროლირებად პოლიტიკურ ძალას.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც საქართველოში დემოკრატიის დამყარება არ სურს, აშშ-ია. ჩვენმა «პატრონებმა» ბრწყინვალედ იციან, რომ ხალხის პრიორიტეტები იცვლება, ქვეყნების საგარეოპოლიტიკური ორიენტაციებიც შეიძლება შეიცვალოს, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ძალთა ბალანსის ცვლილებების საფუძველზე, ხოლო დემოკრატიული პლურალიზმის დამყარების დროს, შესაძლოა, ისეთი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც მათი მონა «კლიენტები» არ იქნებიან და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ ორიენტირებს ააგებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ამ იმპერიის პოლიტიკური კლასის ინტერესებში არ შედის. თუ რამდენად ჯდება ჩვენი და ამერიკის ეროვნული ინტერესები ერთმანეთში, მათ მიერ თავსმოხვეული მარიონეტის მაგალითზეც კარგად ჩანს.

ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემა დახურონ მათ მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური ძალების მეშვეობით, რათა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არ შეუშვან სხვა, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკური ძალები. ამით ისინი სპობენ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, რაც აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებისთვის.

თანამედროვე საქართველოში დემოკრატიული რეჟიმის დამყარებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, გარე ძალების ტოტალური კონტროლისგან განთავისუფლება, დამოუკიდებლობის მიღწევა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დემოკრატიასა და პლურალიზმზე, რაც ესოდენ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ირაკლი უბილავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here