Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია: “რუსეთს არავინ ეკითხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას!”

ირაკლი ალასანია: “რუსეთს არავინ ეკითხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას!”

1329

«თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობა მზად არის ცვლილებებისთვის. თუკი არჩევნები გაყალბდება და პარლამენტში მეორე ადგილს მოიპოვებენ, არც ამით დაშავდება რაიმე, ისინი ყველა ძალასთან ითანამშრომლებენ, მათ შორის, სააკაშვილთანაც. ამასთან, ალასანიას დიდი იმედი აქვს, რომ შეძლებენ სააკაშვილის გარეშე გააგრძელონ ქვეყნის განვითარება.

_ ბატონო ირაკლი, დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის ახალი მოძრაობა «ქართული ოცნება», რომლის პოლიტიკური სუბიექტი თქვენც ხართ. სამოქმედო პროგრამა, რომელიც ივანიშვილმა გაახმოვანა, როგორ იქნება რეალიზებული: მოხდება თუ არა პოლიტიკური ოპოზიციის კოორდინაცია «ქართული ოცნების» პროგრამის ირგვლივ?

_ რაც შეეხება ოპოზიციის კოორდინაციას, მასში ჯერჯერობით სამი პოლიტიკური სუბიექტია «ქართული ოცნების» ირგვლივ. «ქართული ოცნება» ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია._ ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ ითანამშრომლებდა ნინო ბურჯანაძის ძალასთან. ახლა კი ეს პოლიტიკოსი ზოგიერთისთვის და მათ შორის თქვენთვისაც მიუღებელია. ნინო ბურჯანაძის შემოსვლა თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში რატომ არ გინდათ?

_ ის გზა, რაც მან აირჩია ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩემთვის მიუღებელია. 26 მაისს ბურჯანაძემ კარგად იცოდა, ასეთი მცირე მასშტაბის აქციებით ხელისუფლებას რომ ვერ დაამარცხებდა, მაგრამ არ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგები, რაც ადამიანების დაღუპვით დასრულდა. ჩემთვის მიუღებელია ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობის იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ის დადიოდა რუსეთში და ხელს ართმევდა რუსეთის პირველ პირებს, მაშინ, როდესაც ის არ იყო ხელისუფლებაში და არც არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა.

_ «ქართული ოცნების» დაფუძნებაზე არ მოვიდა «ეროვნული ფორუმი», გუბაზ სანიკიძე თქვენს გაერთიანებაში არ იქნება?

_ ვერაფერს გეტყვით, ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენთვის ხელისუფლების შესაცვლელად, არჩევნების გარდა, ყველა გზა მიუღებელია.

_ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებს მოიგებთ? თუ მეორე ადგილზე გავიდა თქვენი პოლიტიკური გაერთიანება და პარლამენტში ვერ მოიპოვეთ სასურველი უმრავლესობა, მაშინ როგორ შეცვლით სააკაშვილს?

_ თუ პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევალთ, ეს არ იქნება ტრაგედია, ჩვენ ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის, სააკაშვილთანაც. საერთოდ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და დაბალანსებული.

_ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შესაძლებელია ხმები გაიყოს: თქვენ _ ცალკე; ბურჯანაძე, სანიკიძე _ ცალკე; იქეთ კიდევ _ «ახალი მემარჯვენეები» და «ქრისტიან-დემოკრატები». დაიბნევა ამომრჩეველი და, გამომდინარე აქედან, გაგიჭირდებათ ხმათა უმრავლესობის მოპოვება.

_ არა მგონია, რომ ამომრჩევლები დავკარგოთ და, როგორც უკვე გითხარით, თუ პარლამენტში უმრავლესობით არ შევალთ, ეს არ იქნება ტრაგედია.

_ რეგიონებში შესაძლებელია ვერ მოიპოვოთ სერიოზული მხარდაჭერა, ხელისუფლებას არჩევნების მოგების მზა ბერკეტები აქვს _ როგორც ადამიანური, ისე ორგანიზაციული რესურსი.

_ საარჩევნოდ ვაპირებთ რეგიონული ორგანიზაციების შექმნას. ხალხს აინტერესებს სამუშაო ადგილები და ჩვენ ვპირდებით სამუშაო ადგილების შექმნას. ასეთი პროგრამული ალტერნატიული შეთავაზებით დავდივართ კარდაკარ და დარწმუნებული ვართ, საზოგადოების მხარდაჭერას მოვიპოვებთ.

_ მაგრამ რეგიონებისთვის ობიექტური საინფორმაციო სივრცე დახურულია, ისინი ხედავენ მხოლოდ სააკაშვილის პიარ-აქციებს. ასეთ ვითარებაში რა შედეგს გამოიღებს თქვენი კარდაკარ სიარული (თავის დროზე ეს სააკაშვილმაც გააკეთა), მით უფრო, რომ თქვენ ჯერჯერობით ამ მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებთ, «ნაცმოძრაობას» კი ეს ყველაფერი მზად აქვს? როგორ შეძლებთ არჩევნებამდე მობილიზებას?

_ ჩვენ ვაპირებთ არჩევნებისთვის გამოვიყენოთ რეგიონული პრესა და ტელევიზია, რათა ხალხმა სიმართლე იცოდეს, თუმცა საზოგადოებას არ სჭირდება იმაში დარწმუნება, რომ უნდა ჰქონდეს გარანტირებული პოლიტიკური უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია. ცუდია, როცა მოსახლეობას ადგილობრივი თუ რეგიონული პოლიცია ემუქრება, _ არ მიხვიდე ოპოზიციის შეხვედრაზე, თორემ სამუშაო ადგილს დაკარგავო. ადამიანებს ხელისუფლების უსამართლობაში დარწმუნება აღარ სჭირდება, სასამართლო რომ უსამართლოა და სოფლის მეურნეობა დანგრეული, ამას თავადაც კარგად ხედავენ. რაღა დარწმუნება სჭირდება საზოგადოებას იმაში, რომ მოსახლეობის 80%-ისთვის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია?!

ამიტომ ჩვენ რეგიონებში უნდა ვიმუშაოთ და შედეგიც იქნება. გულხელდაკრეფილი ყოფნას არ ვაპირებთ. დღეს ბევრად უფრო შესაძლებლად მეჩვენება, რომ განვაიარაღოთ სიცრუის მანქანა, რომელიც ასე ძლიერად მუშაობს; წარმოვაჩინოთ ის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის არსებობს. იმედი მაქვს, საგამოძიებო ჟურნალისტიკა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, რადგანაც უამრავი პრობლემაა, რომლებიც ხალხს აწუხებს. ყოველივე ამის თაობაზე ინფორმაციის დეფიციტია, რასაც ვერც ერთი პარტია ვერ შეავსებს.

_ დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, როგორ ფიქრობთ, რეგიონებში მხარდაჭერას მოიპოვებთ?

_ მე მგონი, დღეს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მზად არის ცვლილებისთვის. ადამიანებს ყელში ამოუვიდათ შიშით ცხოვრება; მოსმენების ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ცოლ-ქმარი ტელეფონებს მალავს და ისე საუბრობს. საერთოდ, ქართულ საზოგადოებას ღირსება შეულახა სააკაშვილის პოლიციურმა რეჟიმმა. ამიტომ ქართველი ხალხი მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად. გამოხატავს თუ არა ის დღეს თავის განწყობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქვს დასაკარგი. ზოგიერთ ადამიანს ყველაფერი წაართვეს და დასაკარგი არაფერი დარჩა, ამიტომ ღიად გამოხატავს საკუთარ განწყობას. თუკი ვინმეს დედა ან ძმა, ან მამა, თუნდაც ნათესავი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, ისინი ხმას ვერ იღებენ იმის შიშით, რომ ახლობელს სამსახურს დააკარგვინებენ. ასე სულმოკლედ იყენებს «ნაცმოძრაობა» დაშინებისა და შანტაჟის მეთოდს ადამიანების მიმართ.

ასე რომ, მომავალ არჩევნებში ამომრჩევლის განწყობა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ეს არ გვაძლევს ყალბი ილუზიების შექმნის უფლებას. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ სწორი ალტერნატივა, როგორ დავაყენოთ სოფლის მეურნეობა ფეხზე (არა _ სიტყვით, არამედ _ საქმით). როგორ შევქმნით და დავაბალანსებთ ხელისუფლებას პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ისე, რომ ხელისუფლებაში მყოფმა მცირე ჯგუფმა არ გადაწყვიტოს ისევ ქვეყნის ბედი და მომავალი. რაც მთავარია, დავამარცხებთ მონოპოლიებს როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან ტელესივრცეში, ასევე მონოპოლიებს ბიზნესის სფეროში; ყველა ადამიანს, მათ შორის, უცხოელებსაც ექნებათ თანაბარკონკურენტუნარიან გარემოში ბიზნესსაქმიანობის საშუალება. დასამარდება მონოპოლია პოლიტიკაშიც. საქართველოში არც ერთ ადამიანს არ ექნება განუსაზღვრელი ძალაუფლება. ძალაუფლება და პასუხისმგებლობა განაწილდება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის და მათი ერთობლივი მონაწილეობით იმართება ქვეყანა.

_ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. რას მოიმოქმედებთ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში? ყოველთვის ყალბდებოდა არჩევნები და ამაზე საერთაშორისო საზოგადოება თვალს ხუჭავდა. სააკაშვილს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს დღესაც და ჰყავს ლობისტური ჯგუფები საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამკვირვებლები კი გაყალბებულ არჩევნებს, ასე ვთქვათ, ყოველთვის «აპრავებენ».

_ სააკაშვილს საზღვარგარეთი (არც დასავლეთი და არც ამერიკა) არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს. დასავლეთი მხარს დაუჭერს საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რასაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სჭირდება. დასავლეთი და ამერიკა მხარს ქართველი ხალხის არჩევანს დაუჭერს. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ამერიკაში, შევხვდი საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე სენატორს, კონგრესმენებს, თეთრი სახლის წარმომადგენლებს და მათ ღიად გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის არჩევანს.

_ თქვენი აზრით, ნატოს გენერალურმა მდივანმა რატომ თქვა, რომ საქართველოში არის დემოკრატია?

_ საქართველოში დემოკრატიის შექმნის პროცესი მართლაც დაიწყო 2003 წელს, ამაში ორი აზრი არ არსებობს; ყველას ჰქონდა ნდობა იმ რეფორმებისადმი, რომლებიც ქვეყანაში ტარდებოდა, მაგრამ სააკაშვილმა ამ გზიდან გადაუხვია. ჩვენ გვინდა, სააკაშვილის გარეშე გავაგრძლოთ ამ გზაზე მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ნატოში ჩვენი გაწევრიანება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩამოვყალიბდებით ინსტიტუციონალურად გამართულ დემოკრატიულ ქვეყნად. ეს გახდება ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნატოში რეინტეგრაციის საფუძველი. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ვერც ნატოში, ვერც ცივილიზებულ ერთა სიაში ვერასოდეს ჩავეწერებით.

_ ნატოსთან დაკავშირებით გაჟღერდა თქვენი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რომ საქართველო დაშორდა ნატოს, საქართველომ ნატოსკენ სვლა უნდა შეაჩეროს. რას ნიშნავს ეს: ნატოს ხარჯზე დავუახლოვდეთ რუსეთს?

_ არა, ეს ასე არ არის. ნაციონალურმა ტელევიზიებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ თითქოს ივანიშვილი და მისი გუნდი ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება იქნება ის ხელისუფლება, რომელიც გააწევრიანებს საქართველოს ევროკავშირში, ევროატალანტიკურ სივრცეში. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ძალიან შენელდა ეს პროცესი. ამასთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ აქვს საშუალება გაწევრიანდეს ნატოში.

_ რუსეთი ხომ ეწინაღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და პარალელურად ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ხომ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია და როგორ ფიქრობთ ამ მიზნის მიღწევას?

_ რუსეთს არავინ ეკითხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ეს უნდა იქცეს რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად. რუსეთს უნდა მოვთხოვოთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები ისევ გავიდეს რუსულ ბაზარზე, ჩვენმა ბიზნესმენებმა ისე იგრძნონ თავი რუსეთში, როგორც რუსი ბიზნესმენები გრძნობენ თავს საქართველოში. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რუსეთზე გაიყიდა საქართველოს ოქროს საწარმო, თბილისის წყალმომარაგება, ენგურჰესი და ელექტრომომარაგება. მოდით, ვთქვათ სიმართლე: გვინდა, ფეხზე დადგეს სოფლის მეურნეობა? მაშინ ქართული პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე! როდესაც მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდება რუსეთი, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის, ქართული პროდუქცია შეუშვას რუსულ ბაზარზე.

_ როდის შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და სავაჭრო კავშირების აღდგენას: სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ?

_ აშკარაა, რომ სააკაშვილმა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, რუსეთშიც ნდობა დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლასა თუ დარჩენაზეა დამოკიდებული ურთიერთობის დალაგება. სააკაშვილისა და პუტინის პირადმა ფობიებმა ჩააგდო ეს ქვეყნები ასეთ დღეში. ახლა ჩვენ ამის გამოსწორება გვინდა. შევეცდებით, საქართველო იყოს ნატოს, ევროკავშირის წევრი და ასევე ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთთან.

_ ხშირად ამბობთ, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი: რუსეთთან ერთად თუ რუსეთის გარეშე?

_ თუ სახალხო დიპლომატიურ ურთიერთობაში არ შევალთ რუსეთთან, თუკი არ გამოვიყენებთ საერთაშორისო ბერკეტებს, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთი არაფერს დათმობს, პირიქით, ჩვენ უნდა დავათმობინოთ. უპირველესად, საქართველო უნდა გავხადოთ მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის, დავიწყოთ პირადი ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან სახალხო დიპლომატიის გამოყენებით. გარდა ამისა, სავაჭრო ურთიერთობის აღდგენით უნდა დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები, რომ ჩვენთან ყოფნა უფრო უკეთესია მათთვის, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. როდესაც საქართველო იქნება რეალურად დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ჩვენი უფლებები დასავლეთში, ეს იმოქმედებს რუსეთზე, რომ შეასრულოს აღებული ვალდებულება საქართველოს წინაშე და ოკუპირებული ტერიტორიიდან თავისი ჯარები გაიყვანოს. დარწმუნებული ვართ, სავაჭრო, კულტურულ ურთიერთობებზე აფხაზები და ოსები წამოვლენ. ჩვენ მივცემთ მათ უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს მოხერხდება, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში კი _ არა.

_ ლტოლვილების დაბრუნებაზე გქონდათ საუბარი?

_ სხვათა შორის, მე მქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები ლტოლვილების დაბრუნებაზე. ჩემი ინიციატივით შედგა დეკლარაცია 2005 წელს, სადაც ეწერა, რომ აფხაზები და ოსები აღიარებდნენ დევნილების დაბრუნების უფლებას, მაგრამ სააკაშვილმა მას ხელი არ მოაწერა.

ესაუბრა
ეთერ ბალაძე

1 COMMENT

  1. უბრალოდ არ შეიძლება რუსეთის იგნორირება… თუგინდ მხოლოდ ერთი მიზეზით. საქართველოდან "ტატიშევომდე", სადაც განლაგებულია რუსული ბალისტიკური რაკეტები 101 ერთეული არის 1000 კმ. და თუკი საქართველოში განლაგდება ანტირუსული რაკეტები, ტატიშევომდე მიღწევად დაჭირდება 2,7 წუთი, ანუ მთლიანად იშლება მსოფლიო სტრატეგიული ბალანსი… და ტყუილად არ ეგონოს არავის, რომ რუსი "ვანია" არ დაქოქავს თავის დაჟანგულ ტანკს და არ დააყენებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში… ჰოდა მიიღებს მერე "ნატო" საქართველოს რუსული ტანკებით თუ ბეტეერებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here