Home რუბრიკები პოლიტიკა ან მწვადი, ან შამფური…

ან მწვადი, ან შამფური…

803

გასული კვირის ყველაზე რეზონანსული განცხადებები გრიგოლ ვაშაძემ, ირაკლი ალასანიამ და ჯონ ბასმა გააკეთეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ის, რასაც ბევრი ადამიანი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდხანს ელოდა. «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერმა თქვა ის, რასაც არავინ ელოდა, თუმცა სოციალურ ქსელებში საინტერესო დისკუსიის გამოწვევა ნამდვილად მოახერხა. რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მას რევოლუციური არაფერი უთქვამს, თუმცა ვინაიდან მის ნებისმიერ ფრაზას დღევანდელ საქართველოში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე დელფოს ორაკულის წინასწარმეტყველებებს ანტიკურ საბერძნეთში, ალბათ, მიზანშეწონილია, ყურადღება მის ნათქვამსაც მივაქციოთ. სამივე განცხადება ახლო მომავალს ეხებოდა, რაც საზოგადოებას, შესაძლოა, უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე აწმყო, რომელშიც ყველაფერი, ალბათ, ისედაც ცხადი და გარკვეულია.

იმედია, არ გადათქვამენ

გრიგოლ ვაშაძე «BBC»-ის სტუდიაში ოდნავ დაუვარცხნელი თმითა და ზომიერად ექსტრავაგანტური შარფით იჯდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიყურება ხოლმე ხელისუფლების პირველი პირი, ის სავსებით რესპექტაბელური ჯენტლმენის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ისე, ვაშაძე სტუდიაში აკვალანგითაც რომ მისულიყო, ყურადღება მაინც არა ამ ფაქტზე, არამედ მის განცხადებაზე გამახვილდებოდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრმა საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ თქვა: «არავის, არც ერთ ადამიანს მსოფლიოში, ჯერ არ დაუდასტურებია პრეზიდენტის განზრახვა _ პრემიერ-მინისტრი გახდეს. ხოლო როგორც მისი გუნდის წევრი, მე ახლა სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ეს პრეზიდენტის გეგმებში არ შედის».

საინტერესო კია, რამდენს იწონის ვაშაძის «სრული პასუხისმგებლობა», მაგრამ ამ თემაზე სქოლასტიკური კამათის გამართვის ნაცვლად, ალბათ, აჯობებს იმის აღნიშვნა, რომ მინისტრის პასაჟი, დიდი ალბათობით, მიზნად იმ ნეგატიური განწყობის თუნდაც ნაწილობრივ განეიტრალებას ისახავდა, რომელიც დასავლეთში სააკაშვილის პრემიერის სავარძელში შესაძლო გადმოსკუპებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. მსგავსი რამ ცალსახად და არაორაზროვნად პირველად ითქვა. რა იყო ეს: სააკაშვილის ხელისუფლების ადეკვატურობის დემონსტრირება თუ მისი მორიგი ტაქტიკური ხრიკი?

ერთის მხრივ, გვაქვს ვაშაძის ეს განცხადება; მეორეს მხრივ კი, ნუგზარ წიკლაურის «სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც ცენტრალურ როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში»; ფორმალური თვალსაზრისით, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არსებობს სხვადასხვა შუალედური ვარიანტები, რომლებიც სააკაშვილის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას ან სულაც, მმართველი ჯგუფის არაფორმალური ლიდერის, ერთგვარი «ქართველი დენ სიაოპინის» როლის შესრულებას ითვალისწინებს; იმედია, დიდი ჩინელის აჩრდილი ამ უხერხული შედარების გამოყენებას მოგვიტევებს. თუმცა ნებისმიერი ასეთი ვარიანტი ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებაზე «ნაციონალური მოძრაობის» მონოპოლიის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ამ კონტექსტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, პრემიერ-მინისტრი იქნება სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ თუ მთავარი შამანი.

პრობლემა, ალბათ, არა იმდენად თანამდებობაშია, არამედ იმ მეთოდებში, რომელთაც სააკაშვილი და მისი ჯგუფი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს. იმ უპრეცედენტო ნაბიჯების მიმოხილვის შემდეგ, რომლებიც მათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გადადგეს, «World Politics Review»-ში შემდეგი შეფასება გაკეთდა: «ცხადია, რომ სახელმწიფო პოლიტიკური რეპრესიების მოზღვავებული მტკიცებულებების ფონზე, საქართველოს დასავლელ ადვოკატებს თავიანთი ფუნქციების შესრულება სულ უფრო გაუჭირდებათ».

აზარტში შესული სააკაშვილი, შესაძლოა, ვერ გრძნობს, რომ უკვე გადალახა ზღვარი, რომლის მიღმა მისი მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისთვის მეტად პრობლემური გახდა. იმ მშფოთვარე თუ არაფსიქოზურ ატმოსფეროში, რომელიც (გადმოცემით) დღეს ავლაბრის რეზიდენციაში სუფევს, ალბათ, მართლაც ძნელია, ვითარება ჯეროვნად შეაფასო და ეს ცვლილებები დააფიქსირო.

გამორიცხული არაა, რომ საქმე შემდეგ გათვლასთან გვაქვს: სააკაშვილის ჯგუფი ხელისუფლების შენარჩუნებას ყველა მეთოდის გამოყენებით შეეცდება, რომელთა შორის, უპირველესად, ალბათ, არჩევნების გაყალბება უნდა ვიგულისხმოთ. მაგრამ ამავე დროს, ადგილი ექნება გარკვეულ რევერანსებს დასავლეთის მისამართით და სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის სავარძელში არ ჩაჯდება; ამ პოსტს მმართველი ჯგუფის რომელიმე სხვა წარმომადგენელს ჩააბარებენ, ვინც თვითმავალი დეკორაციის როლს შეასრულებს. ამასთან, არჩევნების მორიგი გაყალბება, დიდი ალბათობით, უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს გამოიწვევს და, ხელისუფლებამ მისი პირველი ტალღის ჩახშობა რომც მოახერხოს, პრობლემა ამით არ მოიხსნება და ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი დაიწყება. ამ სიტუაციიდან, სავარაუდოდ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს და მას ერთპარტიული მონოპოლიის დემონტაჟი ჰქვია, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლება ამისთვის, როგორც ჩანს, მზად არ არის.

ვაშაძის განცხადება თითქოსდა მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოწადინებულია დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებაზე იზრუნოს, მაგრამ საეჭვოა, დასავლელი პარტნიორები მხოლოდ ამით დაკმაყოფილდნენ. არა იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიის აყვავების გამო მზად არიან, თავი მოიკლან, უბრალოდ, სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება დღევანდელი მეთოდებით შეიძლება სრულმასშტაბიანი საპროტესტო «აფეთქებით» დაგვირგვინდეს, რაც მათ პოზიციებს საქართველოში მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის. ამასთანავე, ოდიოზური ერთპარტიული დიქტატურის მხარდაჭერა ერთობ პრობლემურია და, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დასავლეთი (უპირველესად, _ აშშ) დღევანდელი სისტემის დემონტაჟს, სავარაუდოდ, არ შეეწინააღმდეგება.

თქვენ უსმენთ «ამერიკის ხმას» ვაშინგტონიდან

«თუ საარჩევნოდ იქნება აშკარა დარღვევები ან აშკარად ხელისშემშლელი ფაქტები, რაც ხელს შეუშლის არჩევნების ღიად და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას, ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვექნება,» _ განაცხადა ჯონ ბასმა შეხვედრაზე რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან («მედიანიუსი»).

ერთი შეხედვით, ეს გასაგები, არაორაზროვანი სიგნალია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის, თუმცა ორგზის გამეორებულმა სიტყვამ «აშკარა» შეიძლება პროვოკაციული (და ერთობ სპეკულატიური) კითხვა წარმოშვას: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები მეტ-ნაკლებად შენიღბული იქნება? 26 მაისის ცნობილი განცხადების შემდეგ, ნდობა ჯონ ბასის მიმართ ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შეირყა და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ გლობალური დასკვნები მხოლოდ ამ ერთ ფრაზაზე დაყრდნობით გააკეთოს, მითუმეტეს, რომ ბოლომდე ცხადი არ არის, რა ფორმა ექნება ამ «ძალიან მკაფიო პოზიციას».

ალბათ, ამ შემთხვევაში სასურველია, ყურადღება ელჩის გამოსვლის ზოგად ტონალობასაც მივაქციოთ. ერთი აშკარად კრიტიკული პასაჟი მასში ნამდვილად იყო: «საინტერესოა, რა პრინციპით არჩევენ ნაციონალური ტელეარხები იმ თემებს, რომლებსაც აშუქებენ. ამას მივყავართ უფრო დიდ შეკითხვამდე: ვინ არიან ამ მაუწყებლების მფლობელები? ვინ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებას ამ არხებზე? თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, მე, როგორც სტუმარს ამ ქვეყანაში, თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, რომელი ახალი ამბები უნდა მიეწოდებოდეს მაყურებელს და რომელი არა. ეს პირდაპირ კავშირშია მედიასაშუალებების სანდოობის ხარისხთან და ობიექტურობასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები» («Media.ge).

ერთი შეხედვით, აქ ყველაფერი ცხადია; დარტყმა ძლიერი იყო, როგორც მოჰამედ ალის აპერკოტი. ის ფაქტი, რომ ე.წ. ნაცონალური არხების პრობლემა არსებობს და გადაწყვეტას საჭიროებს, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ ვინაიდან საუბარი ამ თემაზე მიდგა, შეგვიძლია კიდევ ერთ მედიასაშუალებაზე ვისაუბროთ. მისი მფლობელის ვინაობა 1942 წლიდან გარკვეულია: «ამერიკის ხმა» აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის. იმის დაკვირვება, თუ როგორ აწვდის ის ახალ ამბებს მსმენელებს, ელჩისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება.

მაშ ასე, 12 დეკემბერი. «ამერიკის ხმა» ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნების» პრეზენტაციას აშუქებს: «In his opening speech, Ivanishvili said the movement will challenge the rule of pro-Western President Mikheil Saakashvili. He said “the country’s leadership has completely exhausted…». ბიძინა ივანიშვილს არც ამ პრეზენტაციაზე და არც არასოდეს არ უთქვამს, რომ ის ან მისი მოძრაობა «პროდასავლური პრეზიდენტის» და მისი მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, ან მისთვის «გამოწვევა» გახდება; არც ის უთქვამს, რომ რაიმე «პროდასავლურს» უპირისპირდება. ის ამბობს, რომ უპირისპირდება სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, ამასთან, მათ «პროდასავლურს» არ უწოდებს. მიუხედავად ამისა, «ამერიკის ხმის» მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, სიტუაცია წარმოდგენილია ისე, თითქოს ივანიშვილმა ბრძოლაში «პროდასავლური პრეზიდენტი» გამოიწვია. თანაც, ფორმალურად «ამერიკის ხმას» ძნელად თუ შეედავები, რადგან პირველ ფრაზაში, მეორისგან განსხვავებით, ბრჭყალები არ არის, შესაბამისად, ადგილი არა ზუსტ ციტირებას, არამედ აზრის გადმოცემას აქვს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სიტყვების « Ivanishvili said » («ივანიშვილმა თქვა») შემდეგ ჩასმულია სააკაშვილის დახასიათება, როგორც « pro-Western President » («პროდასავლური პრეზიდენტის»). გათვლა, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობდა, რომ ინფორმაციის მომხმარებელი მას, ვინც «პროდასავლურს» უპირისპირდება, აღიქვამს როგორც «ანტიდასავლურს». საინტერესო კია, როგორ შეაფასებდა ჯონ ბასი აშშ-ის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი მედიასაშუალების ასეთ მუშაობას.

ძნელი სათქმელია, იცის თუ არა მარჯვენა ხელმა ვაშინგტონში, თუ რას აკეთებს მარცხენა, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთი, არც მეორე კარტებს ბოლო მომენტამდე არ გახსნიან. ალბათ, ამიტომ სასურველია, ამერიკელი პარტნიორების განცხადებებიდან გლობალური დასკვნები არ გამოვიტანოთ; ტრადიციადქცეული მკითხაობა «ვაშინგტონის მესიჯებზე», როგორც ყავის ნალექზე, პოზიტიურ შედეგამდე, ალბათ, არ მიგვიყვანს.

,,И рыбку съесть, и косточкой не подавиться”

სამი განხილული განცხადებიდან ყველაზე საინტერესო და საკამათო ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში ირაკლი ალასანიამ გააკეთა. «საქართველო არ უნდა დადგეს არჩევანის წინაშე: ან ნატო-ს წევრობა, ან ტერიტორიული მთლიანობა, _ თქვა ალასანიამ, _ ჩვენ ასეთი არჩევანი არავის არ უნდა გავაკეთებინოთ, განსაკუთრებით, ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ამ შემთხვევაში _ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ნატო-ს წევრობა გვსურს. ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. ჯერ უნდა აღვადგინოთ და შემდეგ გავხდებით ნატო-ს წევრები. თუკი საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ დადგეს საკითხი «ან _ ან», ჩვენ წარუმატებელი პოლიტიკური ძალა ვყოფილვართ. ესაა სააკაშვილის მემკვიდრეობა. მან ასეთი რეალობის წინაშე დაგვაყენა: ან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ან დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ რუსეთის ბაზრისა და დაკარგული ტერიტორიების გარეშე. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ».

მოკლედ, ზემოთ ნახსენებ რუსეთის ფედერაციაში რომ იტყვიან, ,,თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი გვთავაზობს ,,И рыбку съесть, и косточкой не подавиться”. «სააკაშვილის მემკვირეობასთან» დაკავშირებული სიტუაცია ალასანიამ საკმაოდ ზუსტად აღწერა, მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ წარმოუდგენია მას ორივე მიზნის მიღწევა. ციტატა იმავე გადაცემიდან: «როცა ბირთვულ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ხარ, შანსები, ნატო-ს წევრი გახდე, მცირეა. არავის უნდა ეს კონფლიქტი ნატო-ს შიგნით შეიტანოს. საქართველო რუსეთის გადაწყვეტილებით ვერასდროს დაიბლოკება. ერთადერთი, რაც რუსეთს საქართველოს გაწევრიანებას დააბლოკინებს, საქართველოს რეგრესია დემოკრატიაში. ასე რომ, რუსეთსაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ მისი აგრესიის შემდეგ ჩვენ ფეხზე დავდექით, განვითარება გავაგრძელეთ და ყველა არგუმენტი გამოვაცალოთ იმისა, რომ საქართველო არშემდგარი დემოკრატიაა. როცა შემდგარი დემოკრატია გავხდებით, ჩვენს მხარდამჭერებს მეტი არგუმენტები ექნებათ, რუსეთზე ზეწოლა ერთობლივად განვახორციელოთ, რომ ჯარები გაიყვანოს და საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს» («პირველი»).

ისე, იმავე ფედერაციაში, მაშინ, როდესაც იმპერია იყო, ცხოვრობდა გენიალური მწერალი გოგოლი, რომლის ნაწამოებში «მკვდარი სულები» ფიგურირებდა პერსონაჟი გვარად მანილოვი; რეალობასმოწყვეტილ მეოცნებეებს ჩრდილოეთში ხშირად ასე იხსენიებენ. ალასანიას განცხადებაში, ალბათ, მაინც იყო რაღაც ისეთი, რაც მანილოვის მონოლოგებს მოგაგონებთ.

ერთის მხრივ, პროგრესი სახეზეა: ალასანიამ, ფაქტობრივად, უარყო ძალზე სახიფათო ლოზუნგი «შევიდეთ ნატო-ში ტერიტორიების გარეშე», რომელსაც სააკაშვილის ზოგიერთი მომხრე აფრიალებს, თუმცა ამავე დროს, მან იგივე ტაქტიკა შემოგვთავაზა, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ _ ზეწოლა რუსეთზე დასავლელ მხარდამჭერებთან ერთად.

დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარი დგას. კრემლი მიანიშნებს, რომ ის მზად არის, უკიდურეს ზომებს მიმართოს, მათ შორის, იომოს იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდეს. ამ კონტექსტში საქართველოს ნებისმიერი ნაბიჯი ნატო-სკენ არის ნაბიჯი ომისკენ. და უცებ რუსეთი (დარცხვენილი? შეშინებული?) დატოვებს დაკავებულ პლაცდარმებს და წავა, რათა შორიდან თვალი მიადევნოს იმას, თუ როგორ გაწევრიანდება გაერთიანებული საქართველო ნატო-ში? ამასთანავე, მოსკოვში არაერთგზის მიანიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენის საკითხის განხილვაზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდნენ, თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გარანტირებულად არ გახდება. თუ რუსებს ეცოდინებათ, რომ ქართველი პარტნიორები პროგრამის მეორე პუნქტად ნატო-ში გაწევრიანებას განიხილავენ, სასაუბროდ, უბრალოდ, არ დაჯდებიან. თუ მოტყუებას ვუპირებთ, აი ასე, პირდაპირ ეთერში გეგმების გაჟღერებით?

მოსკოვს, პრინციპში, დიდად არ ანაღვლებს, როგორი დემოკრატია იქნება საქართველოში _ შემდგარი, არშემდგარი თუ გადამდგარი. რეალურად, ეს არგუმენტი მისთვის მეორეხარისხოვანია, მაგრამ დავუშვათ, რომ ეს მართლაც ცენტრალური არგუმენტია და წარმოვიდგინოთ, რომ საერთო ძალისხმევით ის მოსკოვს გამოვაცალეთ. რას გააკეთებს კრემლი, თუ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი იმ მომენტისთვის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ იქნება? ის, დიდი ალბათობით, შეეცდება, მოიპოვოს ახალი, დამატებითი არგუმენტი, რომელიც ნატო-ს ევროპელ წევრებს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას დააბლოკინებს. ეს «ახალი არგუმენტი» კი შეიძლება ისევ მსხვერპლისა და ახალი ტერიტორიების ფასად დაგვიჯდეს. სად მივყავართ რეალურად ამ გზას? (ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ არშემდგარ დემოკრატიად უნდა დავრჩეთ ან სააკაშვილის პოლიტიკა გავაგრძელოთ).

16 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინთან შეხვედრის შემდეგ ალასანიამ თქვა: «ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და ვთხოვეთ ამერიკის წარმომადგენელს, რომ ამერიკამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩიკაგოს სამიტზე, რომ საქართველოს წვლილი ნატო-ში სპეციალურად იყოს აღნიშნული და საქართველო უფრო მიუახლოვდეს ნატო-ში გაწევრიანებას» («ინტერპრესნიუსი»). საინტერესოა, სად იგულისხმებოდა აქ «ჯერ» გამთლიანება და მხოლოდ «შემდეგ» გაწევრიანება?

გასაგებია, რომ ირაკლი ალასანია დღეს მოწადინებულია, ამერიკელ პარტნიორებს დაუმტკიცოს, რომ ის თავის პოლიტიკურ მოკავშირეებთან ერთად სააკაშვილზე უფრო პროამერიკულია, თუმცა ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ ორივე მიზანი სავსებით ხელმისაწვდომია, პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯს, ალბათ, მაინც ვერ ვუწოდებთ. სამწუხაროა, მაგრამ სააკაშვილის გამო არჩევანი «ან _ ან» დღეს ნამდვილად დგას და საქართველოს გათავისუფლება მისგან ხელშესახებ პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს. რას ვამჯობინებთ: რეალობისთვის თვალის გასწორებას თუ ილუზიებში ჩაყვინთვას? ასეა თუ ისე, ირაკლი ალასანიას გამოსვლამ ბიძგი საინტერესო დისკუსიის დაწყებას მისცა, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here