Home რუბრიკები პოლიტიკა Happy Birthday, Dear Misha

Happy Birthday, Dear Misha

673

დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა; მას 44 წელი შეუსრულდა. ასეთ დროს მიღებულია, ადამიანს რაღაც უსურვო, თუმცა ბოლო დროს მილიონობით ადამიანი მას იმდენს და ისეთი ინტენსიურობით უსურვებს (დეტალებში ჩაღრმავება ნამდვილად არ ღირს), რომ ჩვენი მოკრძალებული სურვილები ამ მრავალხმიან გუგუნში შეიძლება დაიკარგოს და ადრესატამდე არ მივიდეს.

მითუმეტეს, რომ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 6 წლის წინ, 2005 წლის 28 დეკემბერს, განაცხადა: «ქართულ გაზეთებს თითქმის არ ვკითხულობ». არადა, მისი საახლობლო წრიდან გამოსული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, კითხულობს, თანაც ისეთი მონდომებით, როგორითაც სესილ ვოლანჟი ვიკონტ დე ვალმონის წერილებს კითხულობდა (ო, ეს საბედისწერო წერილი #84!), თუმცა იუბილარს ამჯერად სიტყვაზე ვენდოთ და ჩავთვალოთ, რომ ქართულ ბეჭდურ მედიას საერთოდ არ ეკარება.

თუმცა ვინაიდან უცხოური პრესა მასზე და მის რეჟიმზე ბოლო დროს პრაქტიკულად იმავეს წერს, რასაც ქართული, ფიგურანტი ფრიად არაორდინალურ დასკვნებამდე მიდის. «გაზეთებს ყოველდღე ვკითხულობ, პრესას თვალი თვითმფრინავშიც გადავავლე და მინდა გითხრათ, რომ არავინ აღიქვამს ვითარებას ისე, როგორც ეს რეალურადაა, თუმცა ვიცი, რომ თქვენ უმრავლესობას ეს ესმის,» _ განაცხადა სააკაშვილმა 15 დეკემბერს ვარშავაში.კაცმა რომ თქვას, ძველად ფრაზისთვის «არავინ აღიქვამს ვითარებას ისე, როგორც ეს რეალურადაა» პაციენტებს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან გარეთ არ უშვებდნენ, რადგან პრეტენზია ექსკლუზიურობაზე რეალობის ადეკვატური აღქმის ამბავში უაღრესად საგანგაშო სიგნალი არის.

იმ დღეს სააკაშვილი გაზეთებით არ შემოფარგლულა და არასამთავრობო სექტორსაც გადასწვდა: «გარეშე პირისთვის, შესაძლოა, ყოველივე ეს ხანდახან რთულად აღსაქმელი ოყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკვირვებას ცოტა ცნობისმოყვარე არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებს», თუმცა ნუ დავწვრილმანდებით; ბოლოს და ბოლოს სააკაშვილს დაბადების დღე აქვს და, ალბათ, დასაშვებია, ეს 24 საათი იმ რეალობაში გაატაროს, რომელშიც სურს, ვირტუალური იქნება ის, პარალელური თუ პერპენდიკულარული. მითუმეტეს, მის გამოსვლებში ბოლო დროს სულ უფრო მკაფიოდ იგრძნობა ერთობ ტრაგიკული ქვეტექსტი: სხვები ვერ ხედავენ იმას, რასაც ის ხედავს, და არ აღიქვამენ სამყაროს ისე, როგორც ის აღიქვამს.

თუმცა ცისფერი მთების, ანუ ტიან-შანის მისადგომებთან სააკაშვილმა, როგორც ჩანს, იპოვა აუდიტორია, რომელმაც მისი სტანდარტები ასე თუ ისე დააკმაყოფილა: «თუკი, მაგალითად, ყირგიზეთიდან აკვირდები მოვლენებს, მაშინ ყველაფერს სწორად იგებ», «ჩავდივარ ყირგიზეთში და ირკვევა, რომ ზედმიწევნით კარგად იციან ჩვენი რეფორმების შესახებ; იციან, თუ რას მიაწღია ჩემმა ქვეყანამ, იციან იმაზე მეტი, ვიდრე ევროპაში. რატომ? იმიტომ, რომ ზოგჯერ ევროპელებს არ სურთ, იცოდნენ მეტი». სხვათა შორის, ვიქტორ პელევინის შესანიშნავ წიგნში «Чапаев и Пустота» იყო ასეთი ცნება «შიდა მონღოლეთი», რომელიც გეოგრაფიულ კოორდინატებზე როდი მიანიშნებდა. რომანის ერთ-ერთი გმირი მას ასე აღწერდა: «არ შეიძლება იმის თქმა, რომ ის გეოგრაფიული თვალსაზრისით სადღაც მდებარეობს. შიდა მონღოლეთს ასე იმიტომ კი არ უწოდებენ, რომ ის მონღოლეთის შიგნითაა. ის იმის შიგნითაა, ვინც სიცარიელეს ხედავს, თუმცა სიტყვა «შიგნით» აქ სრულიად გამოუსადეგარია. სინამდვილეში ეს არანაირი მონღოლეთი არ არის, უბრალოდ, ასე ამბობენ. ყველაზე სულელური იქნებოდა იმის აღწერა, თუ რა არის ეს. თუნდაც ერთხელ მენდეთ სიტყვაზე; იქ აღმოჩენას არაფერი სჯობს».

ვარშავაში წარმოთქმული სიტყვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი «შიდა ყირგიზეთი» იპოვა ან კიდევ «შინაგანი ყირგიზეთი», თუმცა ტერმინს ამ შემთხევაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს. ეს, ალბათ, დაახლოებით იგივეა, რაც პელევინის გმირებისთვის «შიდა მონღოლეთი». ევროპელებს ასეთი რაღაცების მართლაც ნაკლებად ესმით, პრაგმატული და გულღრძო ხალხია რა; არ სურთ მეტი იცოდნენ.

შეგვიძლია კონკრეტული მაგალითიც განვიხლოთ: სააკაშვილის შემდეგი ფრაზების მოსმენისას _ «მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სიღარიბის დონე 52 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 17 პროცენტზე ნაკლებია», «ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინათ ეს ყველაზე სახიფათო ქვეყანა იყო», ევროპელს შეიძლება გაახსენდეს, რომ ავტორიტეტული კომპანია «Mercer»-ის მიერ ახლახან (29 ნოემბერს) გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, «ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქალაქი არის თბილისი» (214-ე ადგილი), ხოლო პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაბალი რეიტინგი ისევ თბილისს აქვს (215-ე ადგილი). არ არიან მზად ეს ევროპელები, სიტყვაზე გენდონ, თვალები დახუჭონ და შინაგანი მონღოლეთის, ყირგიზეთის თუ საქართველოს უკიდეგანო წარმოსახვით სივრცეებზე ცხენები გააჭენონ. არადა, იყო დრო, როდესაც ევროპელებს ეს შეეძლოთ; კაცობრიობას ის ეპიზოდი რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ვარშავული ბენეფისის რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ სააკაშვილი თვითკრიტიკით დაკავდა: «არაფერია იმაზე მყიფე, ვიდრე დიქტატურა და ინფორმაციის გაკონტროლების მცდელობა. დიქტატურები ეფუძნება ავტორიტარულ სისტემას, რომელსაც ჰყავს გარკვეული კულტი, უმეტესწილად ეს გარკვეული პირი ან პარტიაა. მაშინ, როდესაც ინფორმაცია და ინტერნეტი ყველასათვის არის ხელმისაწვდომი, მოვლენები მსგავსი სისტემებისთვის, შეიძლება ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად განვითარდეს. როგორ იქცევიან დიქტატორები? ისინი ცდილობენ, აჩვენონ საზოგადოებას, როგორი ძლიერები, დაუნდობლები არიან და ფიზიკური მონაცემების დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა ეს უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ ვითარება მათთვის ცუდისკენ შეიცვალოს». საინტერესოა, არის თუ არა ამ აბზაცში თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც ქართულ რეალობას არ აღწერს? «ინფორმაციის გაკონტროლების მცდელობა» სახეზეა, «გარკვეული კულტი» სახეზეა, ძლიერებისა და დაუნდობლობის გადაბმული დემონსტრირებაც სახეზეა და, რაც ყველაზე სასაცილოა, ამ სატირალი გარემოებების ფონზე, ადგილი ჰქონდა ფიზიკური მონაცემების დემონსტრირების მცდელობასაც (ბათუმის პლაჟზე), თუმცა, ხსენებული მონაცემების ზოგადი მოკრძალებულობის გამო, ფიგურანტს ამ უიღბლო მცდელობის გამეორება, საბედნიეროდ, არ უცდია.

შემდეგ კი გაირკვა, რომ შესავალი გამოვტოვე, როდესაც სააკაშვილმა ბრძანა: «დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ხდება ტუნისში, ჩრდილოეთ აფრიკის სხვა კუთხეებში; ვსაუბრობთ იმაზე, რაც 2011 წლის დეკემბერში მოსკოვის ქუჩებში ხდება». გამორიცხული არაა, რომ აქ საქმე ერთ ფსიქოლოგიურ ნიუანსთან გვაქვს. «არაბულ გაზაფხულზე» საუბრისას მსოფლიოს პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა, როდესაც ქვეყნების სრულ ჩამონათვალს არ მიუყვება, ამბობს: «ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში», რადგან ნილოსის ნაპირებზე განვითარებული მოვლენები პროცესების ყველაზე მრავალფეროვან და რელიეფურ ილუსტრაციას წარმოადგენდა. სააკაშვილმა კი ტუნისი ახსენა. შესაძლოა, მის მიღმა საკუთარი მომავლის ერთ-ერთ სავარაუდო სცენართან დაკავშირებული ქვეცნობიერი მოტივი იდგა: ტუნისის პრეზიდენტმა ბენ ალიმ ხომ ქვეყნიდან მშვიდობიანად გააღწია, ეგვიპტელი ჰოსნი მუბარაქი კი შინა პატიმრობაში იმყოფება; მას ასამართლებენ, თუმცა ჩავთვალოთ, რომ მსგავსი ინსინუაციებისთვის საფუძველი არ არსებობს და ყურადღება სხვა გარემოებას მივაქციოთ: სააკაშვილმა მოსკოვის მოვლენები არაბულ სამყაროში განვითრებულ პროცესებთან ერთ კონტექსტში ახსენა და დიქტატურაზე მსჯელობისას ირიბად მიანიშნებდა, რომ რუსეთზე საუბრობს. მაგრამ პირველად მის გამოსვლაში მთავარ სამიზნედ არა იმდენად პუტინის რუსეთი, რამდენადაც «ევრაზიის კავშირი» იქცა, რომლის შექმნას რუსეთის პრემიერი გეგმავს.

«გადატვირთვის» ფონზე რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაზე ორიენტირებული რიტორიკა ნაკლებად მუშაობს, ის არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევს; ამ კონტექსტში «ევრაზიის კავშირის», როგორც «ახალი სსრკ-ს» ხსენება თითქოსდა დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ «ჯვაროსნული ლაშქრობა» «ევრაზიის კავშირის» წინააღმდეგ საკმაოდ პერსპექტიული თემაა: «თქვენ ხედავთ, რომ ევრაზიის კავშირი ფორმირდება, ეს კი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაა». «რეალობა კი ის არის, რომ, ვინც რა უნდა თქვას, ევრაზიის კავშირს მომავალი არ აქვს. ევროკავშირი ერთადერთი ალტერნატივაა ყველა ჩვენგანისთვის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის». «თუ გავაკეთებთ არჩევანს ევროპასა და ევრაზიის კავშირს შორის, ჩვენთვის არ არსებობს ალტერნატივა გარდა ევროპისა».

საინტერესოა, არის თუ არა აქ თავისუფალი სივრცე, სადაც სააკაშვილს, თუნდაც პროპაგანდისტული თვალსაზრისით, შესაძლებლობა მიეცემა, ახალი ფუნქცია იტვირთოს და «ევრაზიის კავშირთან» მთავარი მებრძოლის მანტია მოირგოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის _ კეტრინ ეშტონის ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც გასულ კვირას «Коммерсант»-ში გამოქვეყნდა, ეს სივრცე საკმაოდ შეზღუდულია. «პრინციპში, ჩვენ არანაირ წინააღმდეგობას არ ვხედავთ. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთს შორის არ გამორიცხავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მათსა და ევროკავშირს შორის. უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის იდეა სივრცეზე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რომელსაც საფუძვლად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები უდევს, გარკვეული დროის განმავლობაში განიხილება და გათვალისწინებულია ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში,» _ თქვა ეშტონმა «ევრაზიის კავშირზე» საუბრისას. ამ განცხადების სულისკვეთების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, «ევრაზიის კავშირის» საწინააღმდეგო ან ევროკავშირთან მის დაპირისპირებაზე ორიენტირებულმა რიტორიკამ ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში დადებითი გამოხმაურება ჰპოვოს. მითუმეტეს, რომ დღეს საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს «ევრაზიის კავშირში» არავინ ეპატიჟება და არავინ ექაჩება.

თუმცა დღეს სააკაშვილის დაბადების დღეა და, ალბათ, უნდა ვაცალოთ, თავი თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდად წარმოიდგინოს, რომელიც ევრაზიის სტეპებში ქიმერის ტიპის ურჩხულებს ებრძვის. მეტიც, შეგვიძლია რაიმე ვაჩუქოთ კიდეც. მამაკაცებს ხშირად ჰალსტუხებს ჩუქნიან, თუმცა სააკაშვილის რეზიდენციაში ჰასტუხის მიტანა დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე საუბარი, ამიტომ, ალბათ, აჯობებს, სათამაშო დათუნია ვაჩუქოთ, რათა დაეჭიდოს და ძირს დაანარცხოს ხოლმე.

პირადად მე სააკაშვილს დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. კლასიკოსები რომ იტყოდნენ, მან დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლოს, რათა გადადგომის შემდეგ საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორი ქვეყნის აშენება შეუძლიათ მარაზმატული რეჟიმისგან გათავისუფლებულ ქართველებს. ისიც მინდა, რომ ასე 2045-ში სოხუმში, სკვერში სკამზე ჩამომჯდარი ტანმაღალი, მორიდებული და ზრდილობიანი პენსიონერი ვიხილო, რომელიც შვილთაშვილებთან თამაშით იქნება გართული. უფრო ბედნიერი ფინალის მოფიქრება ამ სევდიანი ისტორიისთვის მე, სიმართლე გითხრათ, არ შემიძლია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here