Home რუბრიკები პოლიტიკა ვანო მერაბიშვილი «პოლიტიკურ პოლიციას» ქმნის

ვანო მერაბიშვილი «პოლიტიკურ პოლიციას» ქმნის

744

საქართველოს მოსახლეობა, დიდი ხანია, პოლიციური რეჟიმის პირობებში ცხოვრობს. წლებია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გარეშე არ იმართება ან ხშირად მერაბიშვილი თავად არის შიდა პოლიტიკის მთავარი მოთამაშე. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, შს სამინისტროს უშიშროების სამინისტროც შეერწყა და მივიღეთ უწყება-მონსტრი, რომლის თვალი და ყური ყველგან და ყველას სწვდება, რომელიც თავის გრძელ და ბინძურ ხელებს, რუსეთის აგენტურის ძებნა-აღმოჩენის საბაბით, ყველა პოლიტიკურ პარტიაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და საზოგადოებრივ მოძრაობაში აფათურებს. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საკუთარი აგენტურის წყალობით, ლამისაა ყველა ოჯახის უჩინარი სტუმარი გახდეს. ამ ყველაფერში ჩართულნი არიან შს სამინისტროს ქვემდებარე უწყებანი _ კუდი, სოდი, კრიმინალური პოლიცია, პატრული… პროცესების კონტროლში მერაბიშვილს ეხმარებიან გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა უწყებები, ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თუ სამოქალაქო სტრუქტურებს ამოფარებული სპეცსამსახურები.

თუმცა შიდაპოლიტიკური პროცესების სრულად გასაკონტროლებლად ვანო მერაბიშვილმა საკუთარი და სხვა ძალების კონსოლიდირება გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომლის არც სახელი და არც ოფიციალური ფუნქცია ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა შსს-ს კულუარებიდან ცნობილია, რომ ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური პოლიცია, რომელიც მიმართული იქნება არამარტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ელემენტარულად, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.«პოლიტიკური პოლიციის» დეპარტამენტში თავს მოიყრის იმ პიროვნებათა სრული დოსიე, რომლებიც ამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არ არიან განწყობილნი. ცხადია, მათ ხელში იქნება ამ ადამიანთა ქონებრივი მონაცემები, სრული საბანკო მონაცემები ყველა კომერციული ბანკიდან მათი ბანკებთან ურთიერთობის შესახებ _ საბანკო ანგარიშების, კრედიტებისა და სხვა ინფორმაციის სახით; საჯარო რეესტრიდან «პოლიტიკურ პოლიციას» გადაეცემა სრული ინფორმაცია მათი კლიენტების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, სასჯელაღსრულების სამინისტროდან თითოეული მსჯავრდებულის, პრობაციონერის სრული დოსიე და ასევე, ამომწურავი ინფორმაცია პატიმართა ოჯახის წევრების შესახებ, ცხადია, მათი პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით. «პოლიტიკურ პოლიციას» საკუთარი ე. წ. მოსმენების სამსახურიც ექნება.

«პოლიტიკური პოლიციის» ხელთ იქნება ამომწურავი ინფორმაცია ყველა პოლიტიკური პარტიის წევრისა და აქტივისტის შესახებ. მხოლოდ ამ დეპარტამენტს მიუწვდება ხელი იმ ინფორმაციებსა და მასალებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პიროვნების დაშინება, დაშანტაჟება, გადაბირება, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკში ჩანერგვა ან უფრო უარესი _ კრიმინალად მისი ქცევა და შანტაჟის გზით უფრო შავ-ბნელი საქმეებისთვის გამოყენება.

«პოლიტიკური პოლიციის» დეპარტამენტში 300-მდე ადამიანი იმუშავებს. ეს იქნება ყველაზე აღმატებული სამსახური შსს-ში. დეპარტამენტი დაკომპლექტდება სოდის, კუდის, კრიმინალური პოლიციის, ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებით. დეპარტამენტში სამი განყოფილება იქნება: ანალიტიკური, რომელიც მოამზადებს მასალებს და რეკომენდაციის სახით გასცემს მოთხოვნისამებრ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე. იქ იმუშავებენ ფსიქოლოგები, ფსიქო-თერაპევტები, ფსიქიატრები და ადამიანის ბუნებისა და ხასიათის შემსწავლელი სხვა მეცნიერები, რომლებიც ხელისუფლების ცალსახა მხარდამჭერები იქნებიან. მეორე განყოფილება იქნება ოპერაციებისა და სპეცოპერაციების დაგეგმვის განყოფილება, რომელიც პოლიტოპონენტების ფსიქოლოგიური შანტაჟის, გატაცებისა და ცემის (შესაძლოა, მკვლელობისაც) ოპერაციებს დაგეგმავს და, პირველი განყოფილების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინიმუმამდე დაიყვანს ოპერაციის ჩავარდნის რისკს ან ხარვეზიან ოპერაციებს. მესამე განყოფილებას კი ამ ყველა სიბინძურის აღსრულება დაეკისრება და პირობითად მას უკვე «აღმასრულებელს» ეძახიან ჯერაც ჩამოუყალიბებელ სამსახურში.

ვანო მერაბიშვილი ახალი დეპარტამენტისთვის უახლოესი ტექნოლოგიური ნოვაციების შეძენას აპირებს იმ ბიუჯეტიდან, რომელშიც წვლილი და წილი, სხვათა შორის, იმ ოპოზიციურ მოსახლეობასაც შეაქვს, რომელთა გასანადგურებლადაც ეს დეპარტამენტი იქმნება.

გარდა ამ 3 მებრძოლი განყოფილებისა, დეპარტამენტს რამდენიმე ქვეგანყოფილებაც ექნება. ერთი ნაღდია: იქმნება ჰაკერთა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ერთ საერთო სტრუქტურად გაერთიანდებიან. მართალია, ოპოზიციის წინააღმდეგ შსს დღესაც აქტიურად იყენებს ჰაკერებს, რომლებიც დიღომში განთავსებული თბილისის მთავარი სამმართველოდან ახორციელებენ შეტევებს, მაგრამ ეს სულ რამდენიმე კაცია. ამ შემთხვევაში დეპარტამენტში ჰაკერთა მთელი არმია იმუშავებს სოლიდური ხელფასებით და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების, ცხადია, პოლიტიკოსებისაც, იმ პირად მიმოწერას, საიდუმლო ფაილებს და სხვა ინფორმაციას გააკონტროლებენ, რაზეც ხელი ოფიციალურად არ მიუწვდებათ.

«პოლიტიკური პოლიციის» თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებზე, სამსახურებრივ ავტომობილებზე არც ღირს ლაპარაკი. «მათ ყველაფერი ექნებათ, რაც მოესურვებათ. მთავარია, საქმე აკეთონ,» _ ეს ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთ თათბირზე უთქვამს ვიწრო წრეში, როცა დეპარტამენტის შექმნაზე თავის ხელქვეითებთან ერთად მსჯელობდა. დიახ, «პოლიტიკური პოლიციის» თანამშრომლებს ექნებათ ყოველთვიური ხელფასი 10-50 ათასი დოლარის ფარგლებში, რანგის, წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. ეს იქნება ერთადერთი სამსახური სახელმწიფო აპარატში, რომლის თანამშრომლებიც ოფიციალურად ევროპულ ხელფასებს აიღებენ და ევროსტანდარტების სამსახურებრივი კომფორტითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი. 

შსს მალე გამოაცხადებს ტენდერს ათობით და, შესაძლოა, მეტი სპეცავტომობილის შესაძენად. ამ ტენდერს, სავარაუდოდ, «იბერიაბიზნეს ჯგუფი» მოიგებს, რომლის მოწილეც ვანო მერაბიშვილის მეგობარი, დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. შსს-ს საავტომობილო ტენდერების 80%-ს ხომ ეს კომპანია იგებს, უკვე მეოთხე წელია, მათ შორის, საპატრულო მანქანების პარკის განახლების ტენდერებსა და შსს-ს მაღალჩინოსანთა პერსონალური ავტომობილების შესაძენ ტენდერებსაც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ახალ «პირმშოს» _ პოლიტიკურ პოლიციას. ამ დეპარტამენტის შეფად დათა ახალაია მოიაზრება, რომელსაც კონტროლს შს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი გაუწევს. რამდენად აიტანს დათა ახალაია მესხელის კონტროლ-კურატორობას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია: მერაბიშვილის წინააღმდეგ ვერ წავა, მით უფრო, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მერაბიშვილის სიტყვა მისთვის კანონი იქნება მაშინაც, როცა არც ერთი აღარ იქნება თანამდებობაზე.

ლევან ჯავახიშვილი

«საქართველო და მსოფლიომ» კომენტარი ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს სთხოვა

_ ბატონო გელა, რამდენად რეალურად გეჩვენებათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც პოლიტიკური პოლიციის ფუნქციებს იტვირთებს?

_ პრინციპში, ჩვენ პოლიტიკური ტერორისა და პოლიციურ რეჟიმში, კარგა ხანია, ვცხოვრობთ. ამათგან მე აღარაფერი მიკვირს, რა ხანია, და არც ამ დეპარტამენტის შექმნა გამიკვირდება. დაარქმევენ რაღაც ლამაზ სახელს და ჩაიდენენ უამრავ საშინელებასა და სისასტიკეს, რასაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დეპარტამენტები აკეთებენ.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ დეპარტამენტის შექმნის საჭიროება მაინც და მაინც დღეს?

_ არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს თავად ხელისუფლებაში პოლიტიკურ გადაჯგუფებას. ასევე ცხადია, რომ ოპოზიციის გააქტიურება, პოლიტიკაში ახალი ფიგურის, ახალი ძალის გამოჩენა ამათთვის დიდი საფრთხის მატარებელია.

_ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

_ ცხადია და იმ საყოველთაო იმედიანობას, რომელმაც ოპოზიციურად განწყობილი, უკვე აპათიაში მყოფი საზოგადოება მოიცვა და გამოაცოცხლა. პოლიტიკური პოლიცია თუ იმ ფორმით შექმნეს, როგორიც «გესტაპო» იყო, ამ მომეტებული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად დასჭირდებათ. მესამე მიზეზი ის არის, რომ, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ან უფრო მაღლა, თვლიან, რომ ის სისასტიკე და არაადამიანური მეთოდები, რომლებითაც პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდებიან, საკმარისი არ არის ან უფრო დასახვეწია. ალბათ, უფრო ეფექტურად აპირებენ ოპოზიციის, ნებისმიერი ოპოზიციური აზრის გამოვლენის წინააღმდეგ ბრძოლას. ცხადია, ამათგან ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ, დიდი ხანია, ფაშისტურ რეჟიმში ვცხოვრობთ, ფაშისტურ რეჟიმს კი, თავისი «გესტაპო» აუცილებლად სჭირდება.

_ და აგერ ქმნიან კიდეც.

_ ეს კარგს არაფერს მოუტანს ხელისუფლებას. დიდ სისულელეს აკეთებენ. ხალხის პროტესტს ამით ვერ ჩაახშობენ, პირიქით, უფრო დიდ პროტესტს მიიღებენ.

«საქართველო და მსოფლიო» შსს-ს პრესცენტრის უფროსს, ზურაბ გვენეტაძესა და ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარეს, შოთა უტიაშვილს მთელი დღის განმავლობაში ურეკავდა, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here