Home რუბრიკები პოლიტიკა მშიერი კუჭი, ტერიტორიული მთლიანობა და პანთურქიზმი

მშიერი კუჭი, ტერიტორიული მთლიანობა და პანთურქიზმი

1060

ხელისუფლების გაუაზრებელი და ანტიეროვნული პოლიტიკის გამო საქართველომ დაკარგა თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და კავკასიის ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია. ყველა ჩვენი მეზობელი ცდილობს, საქართველოს წინააღმდეგ მცოცავი ანექსია აწარმოოს და შუა საუკუნეების მიწურულის ავადსახსენებელი ეპოქის ჭაობში ჩაითრიოს. დაძაბუნებული ერის კომპლექსის თუ სნობური ტაკიმასხარაობის გამო საზოგადოება ამ თემებზე მსჯელობას და კრიტიკული აზრის გამოთქმას გაურბის ამერიკელების მიერ არაჰუმანურ საზოგადოებად მოხსენიების თუ «ნაციონალისტის» იარლიყის მიკერების «საფრთხის» გამო. მაგრამ ვერც აცნობიერებენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე წინ გველოდება მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან საქართველოს გაქრობის სახით.

«ნაცელიტა» ისევ «ნატო-ნატოს» გაიძახის. თითქოს რასმუსენს მუხლი ჰქონდეს გადატყავებული საქართველოს ალიანსის რიგებში მიპატიჟების თხოვნის გამო. არადა, უკვე ნატოს «ასპირანტები» გავხდით ბრიუსელის ბოლო მინისტერიალის გადაწყვეტილებით, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რატომ უნდა გვიხაროდეს ალიანსში გაწევრიანება, ცოტა გაუგებარია ან საერთოდაც, რამდენად ვაკმაყოფილებთ ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი დემოკრატიის სტანდარტის ნულოვან ნიშნულსაც კი, ესეც საკითხავია, თუმცა «ნაციონალური» ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით საქართველო თანდათან სახელმწიფოს აჩრდილს რომ ემსგავსება, უკვე ყველასთვის ნათელია.საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურმა ვითარებამ ქართული საზოგადოება ერთგვარად ინდიფერენტული გახადა ქვეყნისთვის ისეთი საკითხისადმი, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუკი დღემდე ჩატარებული ყველა კვლევის შედეგების მიხედვით საზოგადოება საქართველოს ნომერ პირველ პრობლემად კონფლიქტების მოუგვარებლობას ასახელებდა, დღეს უკვე სოციალურ პრობლემებს ასახელებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაივიწყა სოხუმი და ცხინვალი, უბრალოდ, მშიერი კუჭი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრის საშუალებას არ იძლევა, რაც ძალიან სამწუხარო რეალობაა. მაგრამ ხელისუფლებისთვის, რომელიც ნატო-ზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს, ეს ვითარება ყველაზე ხელსაყრელია, ვინაიდან საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება ტერიტორიული პრობლემებით და ამ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებით, ამიტომ ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით საზოგადოების მოატყუებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს ნატო-ში შეყვანას ეცდება, რის შემდეგაც რუსეთის შემაკავებელ ინსტრუმენტად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ბაზა მოგვევლინება, სადაც რეგიონში ლიდერობის მოსურნე და ამერიკის სატელიტი თურქეთის სამხედრო ძალები განლაგდებიან, რითაც თურქეთს სერიოზული სასტარტო პირობები შეექმნება პანთურქული იდეის რეალიზებისთვის.

«ნაციონალური» ხელისუფლებისთვის საქართველო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ერთი დიდი ლოტია, რომელსაც ის იყიდის, ვინც მეტს გადაიხდის. ამჯერად აჭარაში თურქები იხდიან და ეს რეგიონიც ეკონომიკურად თანდათან თურქეთის კონტროლს ექვემდებარება.

ყველა საღად მოაზროვნე ქართველი აცნობიერებს, რომ აჭარაში ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკით წახალისებული ისლამის პროპაგანდა და თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოსთვის დამღუპველი შედეგის მომტანი რომ იქნება, ვინაიდან თურქეთს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები კავკასიის რეგიონში, რის შემდეგაც საქართველო ისევ მუსლიმანურ ჭაობში ჩაიძირება.

პანთურქიზმი, ანუ იგივე პანთურანიზმი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაა თურქეთში (ასევე აზერბაიჯანში). იგი მიზნად ისახავს ყველა თურქულენოვანი ხალხის კულტურულ და პოლიტიკურ კონსოლიდაციას ერთი საერთო სახელმწიფოს ან კონფედერაციის შიგნით. პანთურქიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ყირიმელმა თათარმა, ისმაილ გასპარლიმ მოკლედ ასე ჩამოაყალიბა პანთურქიზმის მოძრაობის დევიზი: «ერთობა ენაში, აზროვნებასა და ქმედებაში». საგულისხმოა ის, რომ ასეთი გაერთიანებული თურქული სახელმწიფოს ტერიტორია პანთურქული კონცეფციის მიხედვით საკმაოდ ვრცელ არეალს მოიცავს: ერთის მხრივ, ბალკანეთიდან ყირიმამდე, ხოლო მეორეს მხრივ _ აღმოსავლეთ ციმბირიდან დასავლეთ ჩინეთამდე, ანუ ამ თურქულმა სახელმწიფომ ე.წ. თურანის იმპერიამ უნდა მოიცვას მთელი თურქულენოვანი ხალხები მათი განსახლების სივრცეებითურთ. ბუნებრივია, ამ არეალში ექცევა კავკასიის ორივე განედი. რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით, თურქეთს ჩრდილოეთ კავკასიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა არ გაუჭირდება, თუმცა რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების გამო აქტიურ ქმედებებს არ მიმართავს.

პანთურქული იმპერიის შექმნის იდეის პრაქტიკაში რეალიზებას რიგ სხვა მიზეზებთან ერთად აბრკოლებს საქართველო, უფრო სწორად მართლმადიდებელი ქართველი ერის არსებობა კავკასიის უმთავრეს გეოპოლიტიკურ არეალში, რაც ხელს უშლის თურქეთს პირდაპირ შეისრუტოს მუსლიმანური ჩრდილოეთ კავკასია.

დღეს თურქეთი ღიად ცდილობს, დაანახოს მსოფლიოს, რომ მას აქვს პრეტენზია, გახდეს ისლამური სამყაროს ლიდერი სახელმწიფო და რეგიონში დომინანტური ძალა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს ამ მიზნის მიღწევაში ზურგს ამერიკა უმაგრებს, ვინაიდან თურქეთის სახელმწიფო ინტერესები თანხვედრაშია აშშ-ის ინტერესებთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. შესაბამისად, ამერიკის პოლიტიკის გამტარებელი ამ სივრცეში თურქეთია.

საქართველოში «ვარდების რევოლუციის» შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ამერიკის, როგორც «თავისუფლების მედროშე» ქვეყნის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს «მეგობარ» ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა, როგორც ამას ბევრი ჩვენი თანამედროვე დიდაქტიკური მსჯელობებით გვიმტკიცებს (ვისაც არ სჯერა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენონ, როცა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე აშშ-ის ხელისუფლებამ დამარცხებულ სააკაშვილს «გამარჯვება» ქართველი ამომრჩევლების ნების საწინააღმდეგოდ მიულოცა), თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ «დემოკრატიული ღირებულებები» და «თავისუფლება» არ არის ისეთი მნიშვნელოვანი «პრობლემა», რომელიც ქვეყნისადმი მხარდაჭერას განაპირობებს. უმთავრესი პრიორიტეტი სახელმწიფო ინტერესების დაცვა და უზრუნველყოფაა. კერძოდ, ამერიკა საქართველოსთან «დამეგობრებით» განავრცობს თავის გავლენას ამიერკავკასიისა და შუა აზიის სახელმწიფოებზე. ამით ერთდროულად «ორ კურდღელს» დაიჭერს: გაიმყარებს პოზიციებს ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის აუზში, საქართველოს მეშვეობით კი ხელსაყრელ სატრანზიტო დერეფანს მიიღებს, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ერთდროულად აღმოჩნდება რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის მსოფლიო ინტერესებს. ამრიგად, ამერიკას საქართველო თავისი შორსმიმავალი მიზნების უზრუნველყოფის იარაღად სჭირდება. თავის მხრივ კი, თურქეთი ცდილობს საქართველოზე გავლენის სფეროს მოპოვებას და ჯერჯერობით სავსებით წარმატებულადაც.

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ამერიკისა და თურქეთის ინტერესთა თანხვედრა, საქართველოს, როგორც უსუსური სახელმწიფოს, «ათვისებასთან» დაკავშირებით, რაც ქართველი ერის სამომავლო არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ, ერთის მხრივ, ამერიკას თავისი მიზნების უზრუნველყოფის იარაღად სჭირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მეორეს მხრივ კი, თურქეთს სურს, თავისი «პანთურქული იმპერიის» იდეას ნატო-ს საფარველქვეშ «ხორცი შეასხას».

ამაზე ხმამაღლა საუბრობს ერთ-ერთ ინტერვიში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია: «საქართველოს ნატო-ში შესვლას ყოველმხრივ შეუწყობს ხელს თურქეთი, რადგან ეს თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის გახსნის საქართველოს ტერიტორიას, რაც შექმნის ჩრდილოეთ კავკასიაზე პირდაპირი გეოპოლიტიკური გავლენის პერსპექტივას… ამერიკას სჭირდება ნატო-ს ეგიდით საქართველოში თურქული სამხედრო ბაზის განლაგების შესაძლებლობა იმ მიზნით, რომ გააძლიეროს დაძაბულობა რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე; მეორეც _ მთლიანად აკონტროლოს ნავთობ და გაზსადენები; მესამე _ ირანთან სამხედრო მოქმედების გაშლის შემთხვევაში, გამოიყენოს ქართული სამხედრო აეროდრომები, რომელთაც, უკვე კარგა ხანია, თურქეთი აკონტროლებს. ამ ამოცანების გადასაჭრელად არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი საჭირო არ არის».

არავისთვის უცხო არ არის, რომ ერაყისა და ავღანეთის შემდეგ ამერიკის სამიზნეს ირანი წარმოადგენს. ვინაიდან ირანი არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უდიდესი ბუნებრივი რესურსები, რაც ამერიკის, როგორც იმპერიალისტური სახელმწიფოს, ინტერესის საგანს წარმოადგენს. უფრო მეტიც, აშშ-ის აღმოსავლური პოლიტიკა ძირითადად ეფუძნება დაპყრობილი თუ დაქვემდებარებული ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ამოქაჩვას და დაკაბალებას, მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყველაფერი კეთდება მარად სასურველი «დემოკრატიის» სახელით.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისთვის ისრაელის ტერიტორია არის იდეალური ვარიანტი ირანის წინააღმდეგ, თუმცა შეუძლებელია, ამერიკა მხოლოდ არაკეთილმოსურნე, მუსლიმანური ფუნდამენტალისტი მეზობლებით გარემოცული პატარა, მაგრამ ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს დაეყრდნოს და N1 საავიაციო ფრთა მას ჩააბაროს. ამიტომ ამერიკა შეეცდება, ისრაელში, თურქეთსა და საქართველოში განალაგოს სამხედრო ძალები და ამ ქვეყნებიდან შეუტიოს ირანს.

მართალია, ამ ეტაპზე თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობა დაძაბულია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე სახელმწიფო ამერიკის ინტერესების გამტარებელია რეგიონში და, რაც მთავარია, მათ ჰყავთ საერთო მტერი: შიიტური ირანისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის სახით.

ირან-ამერიკის კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო იქნება სტრატეგიული ადგილი ამერიკისთვის, საწვავითა და სამხედრო არსენალით მომარაგების თვალსაზრისით. «ვარდოსანი» ხელისუფლების თანხმობით, საქართველოს აეროდრომები იქნება გამოყენებული ირანის დასაბომბად. ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რადგან ამერიკის ავიაცია ირანს ვაიომინგის შტატში დისლოცირებული სამხედრო-საჰაერო ბაზა «უორენის» აეროდრომიდან ვერ დაბომბავს, ამიტომ დასჭირდებათ ისეთი ტერიტორია, რომელიც ახლოს იქნება ირანთან და ხალხიც პოზიტიურად იქნება განწყობილი ამერიკის ამ «დამპყრობლური» პოლიტიკისადმი. ასეთი «იდეალური ვარიანტი» კი საქართველოა.

მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მთავარი ფაქტორი: რომ ირანის არმია კადაფის არმია არ არის (თუმცა მისი დამარცხებაც გაუჭირდა ნატო-ს), რომ ამერიკამ რამდენიმეთვიანი ომის შედეგად შეძლოს მისი დამარცხება, რომც დაამარცხოს, ისლამური ფუნდამენტალიზმის ჭაობში ჩაფლულ ირანულ საზოგადოებაში შეუძლებელია იპოვოს დასაყრდენი და განიმტკიცოს მდგომარეობა.

საქართველოს მარიონეტული ხელისუფლება ამერიკისთვის ერთგულების სადემონსტრაციოდ, სანამ ირანთან ომით აღფრთოვანდება, იმედია, არ დაივიწყებს, იქ მცხოვრებ ასი ათასობით ქართველს და გაიაზრებს იმას, რომ ომის შემთხვევაში მსხვერპლი მათ შორისაც იქნება. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველო ირანთან ომში თუნდაც იმის გამო არ უნდა ჩაერთოს, რომ იქ მცხოვრები ქართველების სისხლი არ დაღვაროს. იმაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, თუ რამხელა მსხვერპლი მოჰყვება, თბილისს თეირანიდან ნასროლი რაკეტა რომ დაეცეს. მაგრამ ამერიკის ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებას, საეჭვოა, ეყოს კეთილგონიერება, გადამწყვეტ მომენტში საქართველოსთვის დამღუპველ სამხედრო ავანტიურას არ წამოეგოს.

ზურაბ ჯამბურია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here