Home რუბრიკები პოლიტიკა ელჩი, მერი, ფილოსოფოსი

ელჩი, მერი, ფილოსოფოსი

737

ის არასოდეს არავის აურჩევია, ყოველთვის დანიშნული იყო: «თავისუფლების ინსტიტუტში», «სამართლიან არჩევნებში», თბილისის მერად; შემდეგ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, ახლა კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ერთბაშად, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში, მასვე აბარია ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

მისი «ჩაჩოჩება» პირველი პრეზიდენტის ვაჟმა _ კოკო გამსახურდიამაც კი ვერ შეძლო. ხელისუფლებასთან ფლირტში გართულმა კოკომ ის-ის იყო, თავი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენლად იგულა, რომ მისი აგრიმანი არ მიიღეს და ამცნეს: «ეს ორგანიზაციები გაეროს ეგიდით მოქმედებს და ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ნაწილია. მათი სათაო ოფისები შვეიცარიაშია განთავსებული და მათ შვეიცარიაში აკრედიტებული ელჩები ფარავენ».ასეთი კი, ელჩი, მერი, ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილია, რომლის დამსახურება 2003 წლის რევოლუციის «გაპრავებაში» იმდენად დიდია, რომ მის ამაგს სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ დიდხანს ვერ გადაიხდის. სწორედ მის მიერ განხორციელებული «ხმების პარალელური დათვლის» შედეგებით ამტკიცებდნენ «ნაციონალები», რომ პირველ ადგილზე გავიდნენ. 2 ნოემბრის არჩევნების დასრულებისთანავე მან გამოაქვეყნა ეს შედეგები, ოღონდ არავინ იცის, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა. მთავარი იყო რაიმე ქაღალდის ხელში დაჭერა და ყვირილი, რომ ხალხს არჩევანი წაართვეს. ამ ამოცანას კი ჭიაბერაშვილმა თავი სანაქებოდ გაართვა. მართალია, ევროპის საბჭო ისევე გამოთქვამდა შეშფოთებას ამ არჩევნებით, როგორც მანამდე, მაგრამ ამას რევოლუცია არ მოჰყოლია.

სააკაშვილმაც დაუფასა გარჯა და ჭიაბერაშვილი რევოლუციის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გაამწესა, თუმცა ჭიაბერაშვილმა ეს არ იკმარა. «რევოლუციური ღვაწლისთვის» ვერაფერი საჩუქარი იყო, ცესკოდან, დიდი-დიდი, ხმები მოიპარო და ისიც _ ოთხ წელიწადში ერთხელ. მანაც 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო ისტორიული არჩევნები ჩაატარა და გასამრჯელოც მოითხოვა. და აი, 2004 წელს იგი დედაქალაქის მერად დაინიშნა.

მართალია, იგი იმთავითვე არ მიიღო თბილისმა, რასაც მის პროვინციელობას აბრალებდნენ, მაგრამ არც მან მიიღო თბილისი და თბილისელები და რევოლუციური ეიფორიით ფრთაშესხმულმა ტელეკამერების წინ საკუთარ თანამოქალაქეებს აგინა კიდეც, მაგრამ ეს დიპლომატიური უნარ-ჩვევების გამოხატულებად ჩაითვალა და მომავალი კარიერისთვის მხოლოდ ხელშემწყობი აღმოჩნდა.

უცნობია, აგინებს თუ არა ჭიაბერაშვილი შვეიცარიელებს, ლიხტენშტეინელებსა თუ გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რომ არ შია და არ წყურია, ეს დანამდვილებით არის ცნობილი. კაცმა რომ თქვას, არც თბილისში შიოდა და წყუროდა, იქნებ _ პირიქით!

მერის კაბინეტში შესვლისთანავე მან რიხიანად განაცხადა: «პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება კორუფციასთან ბრძოლა მერიის სტრუქტურებში. ყველა სამსახურის უფროსსა და მათ მოადგილეებს მოუწევთ თანამდებობებიდან წასვლა, თუმცა პატიოსან კადრებს შევინარჩუნებთ». იმ დროს იგი 31 წლის იყო, მხარს კი კიდევ უფრო ნორჩი პრემიერი ბიძინა ბრეგაძე უმშვენებდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც რევოლუციურ დროებას შეეფერება, სატელევიზიო ეკრანზევე დაიწყო. საქალაქო სამსახურების ის ხელმძღვანელები, რომლებიც თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ, სწორედ პრემიერის კადრები იყვნენ. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი სატელევიზიო რეპორტაჟი იმას ეხებოდა, თუ როგორ აჩუქა ერთ-ერთმა გამგებელმა ჭიაბერაშვილს საათი. ნაპერწკლებს ყრიდა ქალაქის მერი: «არის თუ არა შესაძლებელი, რომ გამგებელმა მერს მიუტანოს, მინიმუმ, 1500-დოლარიანი საათი. მე ვკითხულობ: რატომ მოხდა რევოლუცია ამ ქვეყანაში? და რატომ დამნიშნა მე პრეზიდენტმა აქ? რომ 1500-დოლარიანი საჩუქრები მივიღო? ძალიან მარტივია აქ გადაწყვეტილება»!

იმავე დღეებში მან ასევე მარტივად გადაწყვიტა ელენე თევდორაძის ვაჟის საკითხიც _ საკუთარი ხელით დააწერინა განცხადება წასვლის შესახებ. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი აღშფოთებას ვერ მალავდა: «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ყოველთვის ებრძოდა ერთპიროვნულ დიქტატორებს და ფეოდალებს. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვინმემ გაბედოს და მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები».

საკრებულოში ჭიაბერაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელად საქმეში სააკაშვილი ჩაერია და მერის მაგივრად პრემიერი გადადგა. «კორუფციასთან მებრძოლ» ჭიაბერაშვილს არასამთავრობოებმა 30 მილიონი დოლარის ღირებულების ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით დადებული ხელშეკრულება ააფარეს. კანონით კი, 800 ათასის ზემოთ თანხის განკარგვისთვის ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. თბილისელები მოგვიანებით გაიგებენ, ვისი ინტერესები იმალებოდა იმ კონკრეტული თურქული კომპანიის უკან, იმჟამად კი თბილისის მერი გზების დაგებითა და ახალი აეროპორტის პროექტით იწონებდა თავს.

იმხანად ბადრი პატარკაციშვილიც ცოცხალი იყო და «ახალ მემარჯვენეებსაც» მეტი ლითონი უჟღერდათ ხმაში. დავით გამყრელიძემ ჭიაბერაშვილს სულ «სააკაშვილის მოჯამაგირე და ხელის ბიჭი» უძახა, მაგრამ მას არ სწყენია. თბილისის ქუჩები ჭიამერის კარიკატურებით აჭრელდა, მან კი ფილოსოფოსის სიმშვიდით განაცხადა: «ვთხოვე ამ ადამიანებს და ყველას ვთხოვ, ვინც შეიძლება ასეთი პლაკატები გააკრას ნებისმიერ თემაზე, რომ ახლადშეღებილ ფასადებს ნუ დავამახინჯებთ, ნუ დავამახინჯებთ ისეთი შენობების ფასადებს, სადაც ქვაა და ჩამორეცხვა ძნელია, თორემ სადაც ჩვეულებრივ იკვრება, გააკრან. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ».

გამყრელიძის განცხადებით, «პრეზიდენტის ახირების გამო 2004 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან პარლამენტის წინ შადრევნების მოწყობა 2,7 მილიონი დოლარით დაფინანსდა, საახალწლო დღესასწაულებზე 750 ათასი ლარი დაიხარჯა, პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისთვის კი 2,5 მილიონი ლარი გამოიყო». ეჰ, რა იცოდა გამყრელიძემ, სინამდვილეში რამდენი მილიონი წავიდა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაზე, თორემ იმ 2,5 მილიონს ხურდას დაარქმევდა! ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტრო 7 მილიონი ლარით, ხოლო პოლიცია 23 მილიონით დაფინანსდა, თუმცა ისინი ცენტრალური ბიუჯეტის კმაყოფაზე უნდა ყოფილიყვნენ.

ბევრს ეცადა ჭიაბერაშვილი, თბილისელების კეთილგანწყობა მოეპოვებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთხანს რუსთაველის გამზირს კეტავდა, გინდა თუ არა, ისეირნეთო, მაგრამ ხალხი არ სეირნობდა, ხოლო ჭიაბერაშვილი ბრაზობდა, _ აბა, რა გინდათო! მერე, გაბრაზებულმა, თბილისის ცენტრში «ბერმუდის სამკუთხედი» შემოიღო და ასე დასაჯა მოსახლეობა, რომელსაც რუსთაველზე სეირნობა ვერ მოანდომა.

2005 წელს სააკაშვილმა ახალი აეროპორტის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის გაშლაში (ტელეკამერებს რომ კარგად გადაეღოთ) მას ჭიაბერაშვილი ციმციმ დაეხმარა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ თბილისის ახალი აეროპორტი იმთავითვე «კაბრიოლეტად» იყო დაპროექტებული და კარგახანს გვიკვირდა ქარისგან ახდილი სახურავი და კოკისპირული წვიმა მის დარბაზში.

თავად აეროპორტისკენ მიმავალი გზის პრეზენტაციისას კი მიხეილ სააკაშვილმა მაშინდელ გენერალურ პროკურორს მითითება მისცა: «თუ ეს გზა უხარისხო გამოდგება, უფლებას გაძლევ, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიჭიროო»! მორცხვად მომღიმარ ჭიაბერაშვილზე უკეთ ვინ იცოდა, რომ სულ მალე ის ახალდაგებული გზა «ფაჩიკოს გარმონივით» დაიბრიცებოდა და მანაც, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ თბილისისთვის ხელი დაექნია და პრობლემებს გარიდებოდა. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ჭიაბერაშვილი ახლაც ელჩი იქნებოდა, ხოლო მის «დამჭერ» ოქრუაშვილს თავად დაიჭერდნენ და ისიც ევროპაში აღმოჩნდებოდა, ოღონდ პოლიტიკური დევნილის სტატუსით გახიზნული!

ბოლო ექვსი წელია, ჭიაბერაშვილი უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საკითხებს წყვეტს, ისეთებს, როგორც, მაგალითად, შეუშვას თუ არა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ხოლო თბილისში ახლაც ხშირად იხსენებენ ფალოსოფოს (აბა, ასეთ ფილოსოფოსს არავინ იცნობს) ჭიამერს, რომლის საზოგადოებრივი დებიუტი «ქართვლის დედის» მიმართ ფობიების გამჟღავნებით დაიწყო. ფროიდს თუ დავუჯერებთ, დიაგნოზის დასმა იმის მიხედვითაც შეიძლება, თუ რისი გეშინია. იმავე ფროიდის თემაზე, ერთი ანეკდოტის არ იყოს, ზოგჯერ ხმალი მხოლოდ და მხოლოდ ხმალია და არა ის, რაც გეჩვენება. სწორედ «ქართვლის დედის» მონუმენტისადმი ფალოსთან დაკავშირებული შიშების გამო შეარქვეს მას თბილისელებმა «ფალოსოფოსი», თუმცა «ჭიამერში» მისი ფალოსი, მისგანვე განსხვავებით, არავის უგულისხმია. არც მის გარეგნობას უსვამდნენ ხაზს. უბრალოდ, თბილისელებმა საკუთარი ქალაქი ჭიანაჭამობისთვის ვერ გაიმეტეს.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here