Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი ნაბიჯი _ ნატოსკენ, ორი ნაბიჯი _ ომისკენ

ერთი ნაბიჯი _ ნატოსკენ, ორი ნაბიჯი _ ომისკენ

734

ძნელი სათქმელია, ვინ ექაჩებოდა მიხეილ სააკაშვილს ენაზე, როდესაც 10 დეკემბერს რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: «ჩვენ გამოვხატავთ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იმავე უსამართლობას ებრძვის, რომლის მსხვერლიც არის არა მარტო რუსეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. XXI საუკუნეში აღარ არის ადგილი იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ფეხქვეშ გათელონ საკუთარი ხალხისა და მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანი». უფრო წინდაუხედავ, კონფრონტაციის გაღვივებისკენ მიმართულ განცხადებას, ალბათ, ვერავინ მოიფიქრებდა იმ დროს, როდესაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა 2008 წლის მოვლენების გამეორება თავიდან აიცილოს (ეს საფრთხე გაიზარდა და მასზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ). რატომ აკეთებს სააკაშვილი ასეთ განცხადებებს და ვინ აგულიანებს მას?

ენაზე მომდგარ სიტყვასა…

ცხადია, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი რუსეთში (გნებავთ, ავსტრალიასა თუ ჰონდურასში) მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტიც, ის შეიძლება გულშემატკივრობდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდეს. მაგალითად, სოლიდარობა «რუსეთის დემოკრატიულ ძალებს» (ერთობ ძნელი დასადგენია, თუ ვინ იმალება ამ აბრის მიღმა, თუმცა _ მაინც) საქართველოში რამდენიმე ცალკეულმა პოლიტიკოსმა, ამასთანავე, «რესპუბლიკურმა» და «ეროვნულ-დემოკრატიულმა» პარტიებმა გამოუცხადეს. იმავეს გაკეთება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და, უკიდურეს შემთხვევაში, «ნაციონალურ მოძრაობასაც» შეეძლო. მართალია, მმართველი პარტიის ასეთ განცხადებას კრემლი მტრობის აშკარა გამოვლინებად აღიქვამდა, მაგრამ ეს ზღვარგადასულ ნაბიჯად, ალბათ, მაინც არ ჩაითვლებოდა. რაკი განხილული განცხადება საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა გააკეთა, კრემლი ამას ერთმნიშვნელოვნად განიხილავს, როგორც უხეშ ჩარევას რუსეთის საშინაო საქმეებში; საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა მსგავს სიტუაციაებში სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, უბრალოდ, არ იძლევა.არის ამქვეყნად ასეთი სახელმწიფო _ ამერიკის შეერთებული შტატები; ის თავს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევს და ბევრი ავიამზიდი ჰყავს. ერთი შეხედვით, ეს ორი გარემოება შესაძლებლობას აძლევს, სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები შეაფასოს ისე, როგორც მოეხასიათება, თუმცა გასულ კვირას რუსეთზე საუბრისას თეთრი სახლი, სააკაშვილისგან განსხვავებით, გაცილებით მოზომილი იყო და სიტყვებს ფრთხილად არჩევდა.

მაგალითად, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამოთქვა «სერიოზული შეშფოთება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით» და ახსენა «მთელი რიგი დარღვევებისა, რომლებიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა». «ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მიიღებს ზომებს დამკვირვებელთა ისეთი მისიების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ეუთო-ს საბოლოო დასკვნაში აისახება,» _ თქვა კლინტონმა. სააკაშვილისგან განსხვავებით, მას არსად უხსენებია რეჟიმი, რომელიც ხალხის არჩევანს ფეხქვეშ თელავს.

მიუხედავად ამისა, კრემლი განრისხდა: საგარეო საქმეთა სამინისტრომ კლინტონის გამოსვლა შეაფასა როგორც «მიუღებელი» და აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ურჩია, საკუთარ საარჩევნო სისტემას მიხედოს; ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა მისცა «სიგნალი» დესტრუქციულ ძალებს რუსეთში, ხოლო «მათ ეს სიგნალი გაიგეს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით აქტიური მუშაობა დაიწყეს». პუტინმა, ფაქტობრივად, დაადანაშაულა ვაშინგტონი იმაში, რომ რუსეთის საშინაო საქმეებში ერევა. «აქ არ არის არანარი სიგნალები,» _ უპასუხა პუტინს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა; გაკეთდა სხვა კომენტარებიც, რამაც ცხადყო, რომ ვაშინგტონი, მაქსიმალურად ცდილობს, ეს ბრალდება თავიდან აიცილოს. ამასთანავე, ის არ წარმოაჩენს რუსეთში მიმდინარე პროცესებს «რეჟიმისა» და «უსამართლობასთან მებრძოლი ხალხის» დაპირისპირებად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლს მკვეთრი საპასუხო ნაბიჯების გადადგმის საბაბს მისცემდა.

როდესაც აშშ ასეთ სიფრთხილეს ავლენს, სადღა მიაჭენებს სააკაშვილის ხელისუფლება? სხვათა შორის, სააკაშვილი არ შემოფარგლულა წერილის დასაწყისში ციტირებული განცხადებით და იმავე დღეს შემდეგი კომენტარი გააკეთა: «რაც ხდება იქ, რუსეთში, ეს არის მხოლოდ დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც დაასრულებს უსამართლობას, უსამართლო სისტემას, რომელიც იქ არსებობს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი მრავალთვიანი აგონიის, რომელიც ამ უსამართლობას ექნება» (ჩივილ.გე). ძნელი სათქმელია, რას ეფუძნება მისი ვარაუდები, შესაძლოა, მან დასაშვებზე მეტხანს უყურა სახელისუფლო არხებს, რომლებმაც გასულ კვირას პუტინი დაახლოებით ორასჯერ დაამხეს და რუსეთი მარტივ მამრავლებად დაშალეს. აქ მთავარი სხვა რამ არის და ეს ფსიქიატრიაში კარგად შესწავლილი ფენომენია: როდესაც მენტალურად აშლილ ადამიანს ესა თუ ის ფაქტი (მოვლენა, გარემოება და ა.შ.) არ მოსწონს, ის მას არარსებულად ან, როგორც მინიმუმი, დაღუპვის პირას მისულად აცხადებს. ზოგადად, რუსეთში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს (დიდი ალბათობით, არანაირ ტექტონურ ძვრებს ახლო მომავალში იქ ადგილი არ ექნება), მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, საქმის დაჭერა სწორედ პუტინის რუსეთთან მოგვიწევს. რა ვქნათ? თან უსამართლო რეჟიმი ვეძახოთ და თან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ვესაუბროთ?

ყურადღება, ალბათ, კიდევ ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ; ბრალდებები, რომელსაც თეთრი სახლი და კრემლი ცვლიან, გარკვეული თვალსაზრისით, ორივეს აწყობს. ორივე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ობამა, ისევე როგორც პუტინი, მოწადინებულია, გაანეიტრალოს კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ის რუსეთის (პუტინის შემთხვევაში _ აშშ-ის) მიმართ ზედმეტად დამთმობია. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია რიტორიკა და რეალური პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ძალიან დიდი ალბათობით, არანაირი «გლობალური დემოკრატიული შეთქმულება», რომელიც მიზნად ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოცილებას ისახავს, დღეს აქტუალური არ არის. იმედია, სააკაშვილის გარემოცვას ეყოფა კეთილგონიერება, დაარწმუნოს თავისი ბელადი, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადადგა. ცხადია, ის ვერ გააგზავნის ზონდერებს მოსკოვში, ისე, როგორც თავის დროზე დონეცკში, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, გულმოწყალე უკრაინელებისგან განსხვავებით, მათ რუსეთიდან უკან არავინ გამოუშვებს. თუმცა აღგზნებულმა წარმოსახვამ მართლაც შეიძლება რაიმე რადიკალური ნაბიჯისკენ უბიძგოს, რომელიც რუსეთს საპასუხო დარტყმისთვის საბაბს მისცემს. 10 დეკემბრის განცხადებით, სააკაშვილმა, რომ იტყვიან, «ძალიან ცუდად დაიწყო» და სასურველია, მისმა გარემოცვამ ფიგურანტის შემდგომი ნაბიჯები იმავე მიმართულებით საიმედოდ დაბლოკოს. ეს მითუმეტეს აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს თავზე ცა აშკარად მოიღრუბლა.

ხვალ იყო ომი?!

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც «პრეზიდენტს მოუწოდებდა, ისეთ დიპლომატიურ ძალისხმევას ჩადგომოდა სათავეში, რომელიც ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას უზრუნველყოფდა» («American Spectator»). დენიელ ლარისონმა ამასთან დაკავშირებით «American Conservative»-ში შემდეგი კომენტარი გააკეთა: «საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალისხმევა არა მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს გაამწვავებს… არამედ აუცილებლად გაამძაფრებს დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის და კონფლიქტის ახალ რაუნდს დააჩქარებს». «ვინ მოამზადა ეს სქემა _ ჩაითრიოს ამერიკელები კავკასიურ ომებში, რომელიც ჩვენი საქმე არაა? _ წერს ცნობილი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი პატრიკ ბიუკენენი, _ აშშ-ის ომი რუსეთთან, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, ეროვნული სიგიჟის დანაშაულებრივი აქტი იქნებოდა» («WorldNetDaily»). 

ორივე ამერიკელი ავტორი საუბრობს რუსეთ-საქართველოს ახალ ომზე, როგოც რაღაც სავსებით რეალურზე, ხელშესახებზე; ომის შესაძლებლობაზე 8 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მიანიშნა: «მე მივაქციე ყურადღება, რომ გუშინდელი კომუნიკე, რომელიც ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს, შეიცავს ისეთ ტერმინს, როგორიცაა «პარტნიორები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან» (ასპირანტ პარტნერს) და ამ ტერმინით აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხსენიებული იყო საქართველოც… მე გულწრფელად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ მათ ისევ, ნებსით ან უნებლიეთ, არ უბიძგონ საქართველოს დღევანდელ რეჟიმს, რაიმე 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის მსგავსი გაიმეოროს… ეჭვი არ მეპარება, რომ, მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკის გათვალისწინებით, ამან (ბუქარესტის სამიტმა, სადაც გამოცხადდა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. _ ავტ.) ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ გიჟურ, უგუნურ გადაწყვეტილებაში, რომელიც მან მიიღო, ამიტომ მე გამოვთქვი იმედი, რომ ნატო-ელები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან წაქეზებას ისეთი მოვლენებისკენ, როგორიც, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იყო».

ლავროვის განცხადების ქვეტექსტი, ალბათ, საკმაოდ მარტივია: საქართველოს ნებისმიერი ნაბიჯი ნატო-სკენ არის ნაბიჯი ახალი ომისკენ რუსეთთან. თავისთავად, საქართველოს მოხსენიება «ასპირანტ ქვეყნად» მის სტატუსს ნატო-ს მოსაცდელში არანაირად არ ცვლის. ეს არ არის არც მაპ-ის მინიჭება და არც ალიანსში გაწევრიანება, თუმცა რუსეთი უფრო შორს მიდის: მას, როგორც ჩანს, აღარ სურს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნად მოიხსენიონ. ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას ალიანსის ევროპელი წევრები ნებისმიერ შემთხვევაში დაბლოკავენ, კრემლისთვის საკმარისი, როგორც ჩანს, აღარ არის. მოსკოვს, სავარაუდოდ, სურს, რომ საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას.

მოდით, ყოველივე მაქსიმალურად გავამარტივოთ: რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამს და მიანიშნებს, რომ მზად არის, იომოს იმისთვის, რომ საქართველო ალიანსის წევრი არ გახდეს. კავშირს საქართველოს ნატო-ში სწრაფვასა და შესაძლო ომს შორის ამერიკელი კომენტატორებიც აფიქსირებენ.

საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან «ახალი ფინეთის» სტატუსისკენ წავიდეს, ან ნატო-ში გაწევრინებაზე ორიენტირებული პოლიტიკა გააგრძელოს. მეორე შემთხვევაში, რომელიც ახალი ომისა და ტერიტორიების სამუდამო დაკარგვის საფრთხეს უკავშირდება, ოფიციალურმა თბილისმა, სავარაუდოდ, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოს და დასავლელ პარტნიორებთან ერთად დღედაღამ უმტკიცოს კრემლს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში რუსეთის უსაფრთხოებას არანაირად არ ვნებს, რომ მის მიზანს არ წარმოადგენს რუსეთის საქმეებში ჩარევა, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის არევა, აშშ-რუსეთის ომის პროვოცირება და ა.შ. რას აკეთებს ამ დროს სააკაშვილი? ის არ იყენებს ნატო-სთან დაახლობის ერთადერთ შესაძლებელ ტაქტიკას, რომელსაც ხანდახან «დათვის დაძინებას» უწოდებენ, არამედ პირიქით, _ აღვიძებს დათვს (10 დეკემბრის განცხადება, ამ მხრივ, მშვენიერი ილუსტრაციაა) და თითქოს ყველაფერს აკეთებს, რათა დაარწმუნოს ალიანსის წევრები იმაში, რომ მათ რუსეთთან ომში გარანტირებულად ჩაითრევს. ფაქტობრივად, ეს ნატო-სკენ სწრაფვა კი არ არის, არამედ საბოტაჟი, უნაყოფო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს _ დროს, ხოლო რუსეთსა და აშშ-ს მოთმინებას აკარგვინებს.

Свет мой, зеркальце, скажи…

სააკაშვილის 10 დეკემბრის განცხადების მიღმა რთული მოტივების ძიებამ შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს. არადა, საქმე შეიძლება გაცილებით მარტივად იყოს. ციტატა სააკაშვილის გამოსვლიდან ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (21.01.2010): «ცოტა ხნით წიგნების კითხვაზე გადავერთე და დავაკვირდი ისტორიას და დავინახე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ არაფერი არ იყო ახალი, აბსოლუტურად არაფერი. ამ სტრატეგიას თავისი სახელი გააჩნია: მას «სარკის პროპაგანდა» ჰქვია ან «ბრალდება სარკეში». იგი მოიცავს შენი მსხვერპლის დადანაშაულებას სწორედ იმ დანაშაულებში, რომელთა განხორციელებას შენ აპირებ, ან უკვე ჩართული ხარ ამ პროცესში, _ განაცხადა სააკაშვილმა და ოდნავ მოგვიანებით დასძინა, _ რუსი ლიდერები იყენებდნენ და აგრძელებენ სარკის პროპაგანდის გამოყენებას ჩვენ წინააღმდეგ».

საქართველოში თითქმის არავინ დავობს იმაზე, რომ 2008 წლის არჩევნებზე სააკაშვილის ხელისუფლებამ «ფეხქვეშ გათელა საკუთარი ხალხის თავისუფალი არჩევანი». «ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო,» _ ამბობს ნინო ბურჯანაძე, რომელიც მაშინ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ბურჯანაძის ერთობ დაგვიანებული აღიარების გარეშეც, ასიათასობით ადამიანი თბილისის ქუჩებში გამოდიოდა (იმ მიტინგებში გაცილებით მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, ვიდრე მოსკოვის 10 დეკემბრის თავყრილობაში), არჩევნების ცინიკურ გაყალბებას აპროტესტებდა და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა; ხელისუფლებამ მათი პროტესტი ყურად არ იღო.

10 დეკემბერს კი სააკაშვილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მას მიეცა შესაძლებლობა, ხსენებულ «სარკეს» წათამაშებოდა და კრემლი დაედანაშაულებია იმაში, რაც საქართველოში თვითონ ჩაიდინა (და, შესაძლოა, ამის გამეორებას 2012-ში აპირებს). ის ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროპაგანდისტული ტრიუკი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებულ ნორმებთან გადაულახავ წინააღმდეგობაში მოვიდა.

ალბათ, ვიღაცას (უპირველესად კი, რუსეთის მოქალაქეებს) შეუძლია რუსეთის ხელისუფლება არჩევნების არასათანადო ჩატარების გამო გააკრიტიკოს, თუმცა სააკაშვილი ამ პირების რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება. ცხოვრება ასეა მოწყობილი: არავინ მოისმენს რეციდივისტი მკვლელის მონოლოგებს ჰუმანიზმზე, მეძავის შთაგონებებს მაღალ ზნეობაზე და გამყალბებლის პათეტიკურ გამოსვლებს იმის თაობაზე, თუ რა ცუდია «თავისუფალი არჩევნის ფეხქვეშ გათელვა». მაგრამ ვერაფერს ვიზამთ _ პროპაგანდა სააკაშვილისთვის, სავარაუდოდ, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკა და ის, რომ მან, პროპაგანდისტული ჟინით შეპყრობილმა, შეიძლება ისედაც დასახიჩრებული ქვეყანა რუსეთის ახალი დარტყმის ქვეშ დააყენოს, დიდი ხანია, არავის აკვირვებს.

სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი მომავალი არჩევნების გაყალბებას შეეცდება, მას, ძალიან დიდი ალბათობით, მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოსცადოს, თუ რამდენს იწონის სინამდვილეში მისივე ფრაზა რეჟიმებზე, რომელთა ადგილი XXI საუკუნეში აღარ არის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here