Home რუბრიკები პოლიტიკა «ფერადი რევოლუციების» რუსული ზამთარი

«ფერადი რევოლუციების» რუსული ზამთარი

858

ოცი წლის წინ საბჭოთა კავშირი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. კვების პროდუქტების დეფიციტის გამო ტალონები შემოიღეს. ეს ბევრმა სისტემის დასასრულის დასაწყისად აღიქვა. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ტალონები ამერიკაშიც შემოიღეს, მაგრამ ამას საკუთარი დასასრულის დასაწყისად არ მიიჩნევენ. პირიქით, სხვა სახელმწიფოებს ასწავლიან, როგორ «აშენონ დემოკრატია». ვისაც, ვირის და პიტნის არ იყოს, ეს ცხვირში შეჩრილი «დემოკრატიის ტალონები» არ უნდა, იარაღის ძალით ასწავლიან ჭკუას. ერაყისა და ავღანეთის «დემოკრატიზაციის» შემდეგ ამერიკელები ირანსაც დაემუქრნენ, ხოლო რუსეთს ჩატარებული არჩევნები დაუწუნეს და იმავე სცენარის განვითარებას ცდილობენ, რომელიც «ფერადი რევოლუციების» სახელით უკვე აჩუქეს საქართველოსნაირ ქვეყნებს.

მერე რა, რომ «დემოკრატიას ზიარებულ» ქვეყნებში იმაზე ბევრად უარესი ვითარებაა, ვიდრე რევოლუციამდე! მერე რა, რომ კოსოვოს შემდეგ ახლა უკვე «გამარჯვებულ» ეგვიპტეში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა გაჩაღდა?! მთავარი ეს ხომ არ არის? მთავარია, რომ იქ «დემოკრატია, ადამიანის უფლებები» და ამერიკის მორჩილი რეჟიმია.ბევრს დღესაც ჰგონია, რომ თავად ამერიკაში ყველაფერი წესრიგშია, იქ არ არიან მათხოვრები, ყველა ბედნიერი და წარმატებულია. ბევრმა არც ის იცის, რომ სააკაშვილის და მისთანათა რეჟიმები სწორედ მშიერი ამერიკელების ხარჯზე ფინანსდება. ამერიკელებს აღარ უნდათ ასე ცხოვრება. ისინიც, ჩვენსავით, აქციებს მართავენ და პოლიციას არ ეპუებიან. «დაიკავე უოლსტრიტი» სინამდვილეში გაცილებით უფრო მასშტაბური მოვლენაა, ვიდრე ამას გლობალური ტელევიზია აშუქებს. აგრესია იწვევს აგრესიას. პლასტიკური ქირურგის მიერ «ჭეშმარიტ არიელად» ჩამოქნილ ანდერს ბრეივიკის მიერ კუნძულ უტოიაზე ივლისში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც 80 ახალგაზრდა ემსხვერპლა, სულაც არ არის ერთეული შემთხვევა.
ველური, ველური ამერიკა

გასულ კვირას ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას ორი ადამიანი – პოლიციელი და სტუდენტი _ შეეწირა. ამავე უნივერსიტეტში 2007 წელს 23 წლის სტუდენტმა ჩო სინ ხიმ სროლისას 32 ადამიანი მოკლა, ბოლოს კი თავი მოიკლა.

რამდენიმე დღის წინ 22 წლის როს ტრუეტ ეშლიმაც პოლიციელისა და სტუდენტის მოკვლის შემდეგ თავი მოიკლა. იგი მეზობელი რედფორდის უნივერსიტეტის დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

ათი დღით ადრე ოკლენდში (კალიფორნიის შტატი) მანქანების სადგომზე სროლისას 8 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, დაიჭრა. ადგილზე 50–ზე მეტი გილზა აღმოაჩინეს.

10 დეკემბერს უცნობმა მამაკაცმა ჰოლივუდში სროლა ატეხა და ერთი გამვლელი მოკლა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მოკლეს. მოტივები უცნობი დარჩა.

ნოემბერში 21 წლის ოსკარ რამირო ორტეგა–ერნანდესმა თეთრ სახლს ესროლა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი ფსიქიურად დაავადებულია და პრეზიდენტ ობამას ფანატია.

1999 წელს «კოლუმბაინის» სკოლაში ორმა უფროსკლასელმა სროლა დაიწყო, 37 მოსწავლე დაიჭრა, 13 გარდაიცვალა. ერიკ ჰარისმა და დილან კლიბოლდმა თავი მოიკლეს. გაირკვა, რომ მოზარდები ოკლაჰომა-სიტიში 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის მსგავსს გეგმავდნენ. 2001 წლის 11 სექტემბრამდე ეს ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად ითვლებოდა. კერძოდ, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლამდე ასაკის 19 ბავშვი. 680 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებამ 324 შენობა დააზიანა, 86 ავტომობილი გაანადგურა და 4,5 კილომეტრის რადიუსში მინები ჩაამსხვრია.

გამოძიების მტკიცებით, ჰარისი და კლიბოლდი დენვერის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდნენ, რათა ნიუ იორკში შენობა აეფეთქებინათ. ხომ არაფერს გაგონებთ ეს სცენარი? ორი წლის შემდეგ, 11 სექტემბრის ტერაქტებისას სწორედ თვითმფრინავების შეჯახებით დაინგრა «ტყუპები» ნიუ იორკში. ერთი თვითმფრინავი კი პენტაგონს შეეჯახა. გარდა ამისა, ორი მოზარდი სკოლის კაფეში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შემდეგ გადარჩენილების გამოსასვლელში დახვრეტას აპირებდა. მერე, როცა სკოლასთან სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო სამეცინო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბები უნდა აფეთქებულიყო და გარეთ მყოფები დაეხოცა. ეს გეგმა იმიტომ ჩავარდნილა, რომ კაფეში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია არ მოხდა.

როგორც წესი, ამგვარ შემთხვევებში ოფიციოზი ფსიქიურ დაავადებებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა იმის ახსნა, რატომ იმრავლა ასე სულიერმა დაავადებებმა და რაღა მაინცდამაინც უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმების სახით ვლინდება, პასუხგაუცემელი რჩება.

THE AMERICAN DREAM

სულ ახლახანს კი კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ტეხასელმა ქალმა, რომელმაც სახელმწიფოსგან ბავშვებისთვის კვების ტალონები ვერ მიიღო, ჯერ საკუთარ შვილებს ესროლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ეს ტრაგედია ქალაქ ლორედოს ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის შენობაში მოხდა. პოლიცია 7 საათის განმავლობაში ცდილობდა 38 წლის რაშელ გრიმერის განეიტრალებას, თუმცა _ ამაოდ. მისი 10 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სასურსათო დახმარების თხოვნით რაშელ გრიმერმა სახელმწიფოს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა. მას უარი იმ საბაბით უთხრეს, რომ არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა. სოციალური სამსახურის ოფისში იგი ბავშვებთან ერთად 5 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე მივიდა. მან პისტოლეტის გამოყენებით დეპარტამენტის ერთ–ერთი თანამშრომელი მძევლად აიყვანა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.

პოლიცია გრიმერთან მოლაპარაკებას ეცადა. ქალი სოციალური სამსახურების და სახელმწიფო ორგანიზაციების ცუდი მუშაობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ღამის 11 საათსა და 45 წუთზე სროლის ხმა გაისმა. შენობაში შესულმა პოლიციელებმა რაშელ გრიმერის ცხედარი და მისი დაჭრილი შვილები აღმოაჩინეს.

ორიოდე დღეში Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 დეკემბერს გოგონა _ რამი გარდაიცვალა, ხოლო 8 დეკემბერს მისი ძმა – ტიმოთი. გაზეთი The Houston Chronicle წერდა, რომ ორი კვირით ადრე, ვიდრე ტრაგედია დატრიალდებოდა, რაშელ გრიმერი ამბობდა, რომ არ იცის, რა ეშველება მის შვილებს მისი გარდაცვალების შემთხვევაში და არ უნდა, ისინი იტანჯებოდნენ.

ამერიკაში სასურსათო დახმარების ოდენობა ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული. ტეხასური ოჯახი საშუალოდ თვეში 294 დოლარის დახმარებას იღებს. თანხა სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე ირიცხება, რომლითაც მხოლოდ სურსათის შეძენა შეიძლება. ამგვარი სასურსათო «ტალონებით» დღეს შეერთებულ შტატებში 311 მილიონიდან 46 მილიონი ადამიანი სარგებლობს, ანუ ყოველი მეშვიდე ამერიკელი ამ ტალონების გარეშე იშიმშილებდა. 

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ამერიკელები სწორედ იმის გამო დასცინოდნენ იმ ქვეყანას, რის აუცილებლობაც მისი დანგრევიდან ოცი წლის შემდეგ უდგათ. თუ საბჭოთა ტალონები იმისთვის იყო მოწოდებული, რომ დეფიციტური კარაქი, შაქარი და ხორცი ყველას შეხვედროდა, ამერიკაში ელემენტარულად შიმშილთ სიკვდილის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი, თუმცა ვერც რაშელ გრიმერი გადარჩა და ვერც მისი შვილები.

ამერიკელებს აღარ სურთ, აიტანონ ვითარება, როცა ერთ მუჭა მდიდრებს ეკუთვნით ყველა ამქვეყნიური სიკეთე. უფრო მეტიც, საკუთარი მოქალაქეების შიმშილის ხარჯზე მილიარდები იხარჯება შორეულ ავღანეთსა და ერაყში ამერიკის «ნაციონალური ინტერესების გამო». ეს ინტერესები კი იმ ერთი მუჭა მილიარდერების კიდევ უფრო გამდიდრებას ემსახურება.

«თეთრი ლენტები» და «თეთრი დათვი»

ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ყველაფერი ისევ ისეა. არა, არც სააკაშვილი ეგონათ «დემოკრატიის შუქურა» და არც საბჭოთა ტალონები იყო ამერიკულზე უარესი, მაგრამ მათ ინტერესებს ასე სჭირდებოდა და ასე ასაბუთებდნენ «ჯვაროსნულ ლაშქრობას». «ჩვენი მაღალისა» არ იყოს, რომელმაც რუსეთთან ომი «არ დამთავრა», ამერიკელებსაც ლაშქრობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ დაუმთავრებიათ. ახლა რიგში რუსეთია. ისევ არჩევნების საბაბით (არადა, სააკაშვილისგან განსხვავებით, რუსეთის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, ნახევარიც ვერ მიიღო!), აქაოდა 49%–ს «ედინაია როსია» ვერ აიღებდაო, ხალხს ქუჩაში მოუხმეს. ოღონდ ვერავინ ხსნის, «თეთრი ლენტების» ორგანიზაცია ორი თვით ადრე რატომ დარეგისტრირდა და მერე «სპონტანურად» როგორ გამოვიდნენ თეთრლენტიანი ადამიანები აქციაზე! იმასაც ვერავინ ხსნის, საიდან გაჩნდა «ფერადი რევოლუციების» მიმსგავსებით ტერმინი «თეთრი რევოლუცია». კურიოზი ისაა, რომ წელს უიშვიათესი შემთხვევაა, როცა მოსკოვში დეკემბერში თოვლი არ დევს. როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს მოსკოვს თოვლის თეთრი საფარველი აქვს. არ მოვიდა თოვლი და ეს წინასწარ მომზადებული «თეთრი» სახელიც გამოუყენებელი აღმოჩნდა.

«მსოფლიო დემოკრატიული რევოლუციების» ქომაგი, სენატორი ჯონ მაკკეინი მოსკოვში არეულობებისას დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს. აქცია «დაიკავე უოლსტრიტის» 700 მონაწილე დააპატიმრეს, თუმცა მაკკეინს მათი გამოშვების მოთხოვნა თავშიც არ მოსვლია. FoxNews-მა მოსკოვში აქციების დრამატიზირებისთვის და რევოლუციური სიტუაციის შექმნისთვის ათენის მასობრივი არეულობის კადრები მოსკოვში გადაღებულად გაასაღა. რაკი მოსკოვში პალმები არ იზრდება, ხოლო «მოლოტოვის კოქტეილით» სავსე ბოთლები არავის უსროლია და არც შენობები გადაუწვავს, ფალსიფიკაციის დამტკიცება არ გაძნელებულა. ტელეკომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა, და საიტიდან ეს ვიდეო ამოიღო, მაგრამ ორი დღის განმავლობაში მაყურებელს ეგონა, რომ მოსკოვში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა.

ვინც 10 დეკემბერს «პირველი კავკასიურის» გადაცემებს უყურა, უთუოდ დეჟავიუს შეგრძნება დაეუფლებოდა; ეს 2003 წლის «რუსთავი 2» იყო, ოღონდ რუსულ ენაზე ამეტყველებული. რიტორიკაც ზუსტად 8 წლის წინანდელი იყო და ხბოს აღტყინებაც. 30 ათასი მომიტინგისათვის ნებართვა აქციის ჩატარებაზე რევოლუციის მოედნის ნაცვლად «ბალოტნი» (ანუ ჭაობის) მოედანზე გაიცა. ცხადია, ამ არცთუ მიმზიდველ სახელზე «გასამარჯვებელი რუსი ხალხის» ქართული ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას ხმაც არ ამოუღია. მთავარი აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ მიტინგზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. დასახელდა სხვადასხვა ციფრი _ 30 ათასიდან 80 ათასამდე, მაგრამ შეფასება ყველა შემთხვევაში «ძალიან ბევრის» შესაფერისი იყო.

ესეც ერთგვარი «რევოლუციური» არითმეტიკაა, როცა 15-მილიონიან მეგაპოლისში გამოსული თუნდაც 80 ათასი (ტვიტერში გავრცელებული მონაცემი) უფრო ბევრია, ვიდრე ზუსტად ათჯერ ნაკლები მოსახლეობის თბილისში გამოსული 250 ათასი მომიტინგე. თუმცა, არც ამ შემთხვევაში ხდება რაიმე ახალი. 2008 წელს აშშ–ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯერ კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. ახლა, რუსეთის სათათბიროს 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქვეყნოდ ბრძანა, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.

ისმის კითხვა: სამართლიანი და თავისუფალი იყო 2003 წლის შემდეგ ჩატარებული რომელიმე არჩევნები საქართველოში? ცხადია არა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის მხოლოდ ის არჩევნებია «სამართლიანი და თავისუფალი» რომელსაც სხვა ქვეყნის სათავეში ამერიკისთვის სასურველი რეჟიმი მოჰყავს ან ტოვებს. პუტინი, რომლის თვალებში ჯორჯ ბუშმა «მონათესავე სული» დაინახა, ჰილარი კლინტონისთვის კგბ–ს ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც არ შეიძლება სული ჰქონდეს. არ შეიძლება იმიტომ, რომ პუტინმა ელცინის მეშვეობით ამერიკული ინტერესების წინაშე დაჩოქილი რუსეთი წამოაყენა და დასავლეთს აგრძნობინა, რომ მისი გეოპოლიტიკური ინტერესების მონურად გამტარებელი აღარ იქნება.

არ არის სადავო, რომ მოსახლეობა მეტ-ნაკლებად, ყველა ხელისუფალით არის ხოლმე უკმაყოფილო, მაგრამ შეერთებული შტატები, რომელსაც წესად ექცა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ღიად ჩარევა, ამ შემთხვევაშიც იმ გზას მიჰყვება, რომლითაც ე.წ. ფერადი რევოლუციების ექსპორტი საქართველოსა და უკრაინაში მოახერხა. თუმცა არის განსხვავებაც. რა შედეგები უნდა მოჰყვეს რევოლუციას რუსეთში? მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა გასული, მას მართლაც აქვს მხარდაჭერა. მესამე-მეოთხე ადგილებზე _ ჟირინოვსკის «ლიბერალ-დემოკრატები» და მირონოვის «სამართლიანი რუსეთი». ის ძალები, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა ამერიკელებს ასე სწადიათ, ჩვენი რესპუბლიკელებისა არ იყოს, ხალხში უკიდურესად არაპოპულარულნი არიან. «იაბლოკო» და «მემარჯვენე ძალთა კავშირი», როგორი სამართლიანი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, ერთად 3%–საც ვერ მიიღებენ.

მაშ, რისთვისაა ეს ყველაფერი მოწოდებული? სინამდვილეში ეს ლენტები და აქციები სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი დათვალიერება. ეს არის ტესტი, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანა შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ. თავად ეს ტესტი სათათბიროს არჩევნების კი არა, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაა, რომელიც 2012 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. ამერიკული ლოგიკით, პუტინის დაბრუნება ხელისუფლებაში არ შეიძლება, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის მანტიით დატოვება კი – სრულიად ბუნებრივი. და ამ შემთხვევაშიც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ აძლევს ხმას ამომრჩეველი. მის ნაცვლად არჩევანს მსოფლიოს ჰეგემონი – ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს.

საკმარისია, რუსეთის ხელისუფლებამ ხმა ამოიღოს მის საშინაო საქმეებში ჩარევაზე, რომ მას ნაციონალისტობაში სდებენ ბრალს. უცნაურია, მაგრამ საკუთარი «სტრატეგიული პარტნიორის» _ საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებისთვის ასე მძაფრად არც პუტინი გაუკრიტიკებია კლინტონს და არც მედვედევი. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ისე, ცალყბად დაუჭირა მხარი. ბუშზე აღარაფერი ითქმის _ სარკოზისაც ურჩევდა 2008 წელს, ნუ ჩაერევი მაგ საქმეშიო!

პუტინის მომხრეებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან, ხელისუფლების მხარდასაჭერად მილიონი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ სისხლიან სცენარზეც. ამერიკელები ამ შემთხვევაშიც მოგებული იქნებიან: საშინელი «რუსული ბუნტის» შემთხვევაში ქვეყანაში ქაოსი დაისადგურებს და მის დაშლას დიდი ძალისხმევა სულაც არ დასჭირდება. ჩვენი სახელისუფლო ექსპერტები უფრო იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ პუტინი პირველ (მესამე) ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს. სინამდვილეში ეს ყველაფერი ყავაზე მკითხაობაა. საქართველოს ხელისუფლებამაც და მისმა ამერიკელმა მეგობრებმაც ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გააოცნობიერონ: რუსეთს კი არ უნდა უთხრიდნენ ძირს (ნათქვამია,სხვისთვის გათხრილ ორმოში ბევრი თვითონ ჩავარდნილა), არამედ იმ ხელისუფალთან უნდა ეცადონ ურთიერთობის მოგვარებას, რომელსაც რუსი ხალხი აირჩევს. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს თქვა და არა ის, რასაც მას «ნაცმოძრაობის» სახეები აბრალებენ. მაინც ვინ არის «კრემლის პროექტი», _ ვინც რუსი ხალხის არჩევანს პატივს სცემს, თუ ვინც რუსეთის დანგრევას ელის და აცხადებს: «ჩვენ უნდა გავუძლოთ პუტინის პერიოდსო»?

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here