Home რუბრიკები პოლიტიკა «ზდრასტი, ასიოლ!»

«ზდრასტი, ასიოლ!»

747

ტურისტული ჟინით განთქმულ სააკაშვილის ფონზე თითქმის არ ჩანს არანაკლებ მოსიარულე გივი თარგამაძის, იგივე «ვასილიჩის» ვირზე ამხედრებული ფიგურა. არადა, იგი თუ სააკაშვილზე მეტს არა, ნაკლებს ნამდვილად არ მოგზაურობს, თანაც მისი მოგზაურობა ყოველთვის რევოლუციურ იდეალებს უკავშირდება. მართალია, ბოროტი ენებით, საქართველოს გარეთ მას სერიოზული ბიზნესინტერესები აქვს, მაგრამ ძირითადად იგი მაინც «ფერადი რევოლუციის» ექსპორტით არის დაკავებული.

ხან იულია ტიმოშენკოს ეხმარება, ხანაც ყირგიზ ხალხს. საქართველოს გარდა, იგი რევოლუციური მიღწევებით ვერსად დაიტრაბახებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბიზნესს მაინც მიხედავს. მისი ინტერესების სფერო ვრცელია, იმაზე ვრცელი, ვიდრე მისი საბჭოთა სამშობლო. კაცი, რომელიც საკუთარ ხალხს სულის ამოხდით ემუქრებოდა, ამას ნელ-ნელა აკეთებს, თან ისე მოხერხებულად, რომ სამსახურში (პარლამენტში) სიარულიც არ სჭირდება. რამდენიმეჯერ ხელფასიც ჩამოაჭრეს, მაგრამ რას დაგიდევთ დეპუტატი თარგამაძე ხელფასს, როცა მის ხელში არაერთ მილიონს გაუვლია?!აკი მისი ამასწინანდელი მეგობარი ლევან ბერძენიშვილი ამბობს: «ელიტური კორუფციის მაგალითები ბევრმა ვიცით. მაგალითად, ვიცით, რომ გივი თარგამაძემ სწორედ კორუფციით ნაშოვნი ფულით აიშენა სამსართულიანი ტრიპლექსი»… მისი «დაუძინებელი მეგობარი» რეზო ამაშუკელი კი საკუთარი ბინის ფანჯრების დაბნელებას სწორედ გივი თარგამაძისა და მისი ძმის მიერ წამოჭიმულ კორპუსს აბრალებს.

2009 წელს, როცა ქვეყანაში მორიგი პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს ყველა იმ «ცუდი ბიჭის» გვარი გაახსენდა, რომელთაც რევოლუციამდე საკმაოდ კარგად იცნობდა: ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე, ასლან აბაშიძე, ლევან პირველი და ა.შ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არავინ დასვა კითხვა: როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ უპრობლემოდ ქვეყნის დატოვება? ეს ის დროა, როცა ახალი «რკინის მინისტრი» გია ბარამიძე იმუქრებოდა: «მოგვიღერებთ ჯოხს _ გესვრით ავტომატს, გვესვრით ავტომატს _ გესვრით ზარბაზანს», თავად გივი თარგამაძე კი, სააკაშვილის კარზე მოპოვებული უზარმაზარი გავლენის წყალობით, თითქმის ერთპიროვნულად წყვეტდა შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთა ბედს.

არსებობს «გონივრული ეჭვი», რომ სწორედ ბარამიძე-თარგამაძის დუეტი დაეხმარა მაშინ ყოფილ მაღალჩინოსნებს ქვეყნის დატოვებაში და არცთუ ალტრუისტული მოსაზრებით, – პირველი მილიონებიც სწორედ მაშინ «გაიჭრა», თუმცა იყო ლეგალური მილიონებიც. მაგალითად, მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის აუცილებელი მიწების შესაძენად გამოყოფილი 4 მილიონი ლარი ძველმა მეგობრებმა გაანაწილეს ვანო მერაბიშვილის მიერ 1996 წელს დაფუძნებული «მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის» გამგეობის სახელით. ასოციაცია კი დღემდე ამაყობს საკუთარი საპატიო წევრებით: ვანო მერაბიშვილით, ჯაბა ებანოიძით, გიგა ბოკერიათი, გივი თარგამაძით…

ლევან ბერძენიშვილი ფულის სიყვარულში ამხელს ყოფილ თანამებრძოლებს და პირდაპირ აცხადებს: «როგორ არ უყვარდა! ვანო მოხერხებული კაცია და არასამთავრობო ფული იშოვა. ვფიქრობ, მაშინ «თავისუფლების ინსტიტუტი» დააფინანსა. «თავისუფლების ინსტიტუტს» სერიოზულად აფინანსებდა ჟვანია. გივი თარგამაძე ფულის ასაღებად ბატონ მაჭავარიანთან მიდიოდა». მაშინ ჟვანიას და მაჭავარიანის დრო იყო და თარგამაძე მათთან დადიოდა, ახლა «მათი დროა» და თარგამაძე პარლამენტში ძვირი სანახავი გაუხდათ.

მოგვიანებით კახა თარგამაძე, რევოლუციამდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, იგონებდა: «ეს ვაჟბატონი, თავისუფლების ინსტიტუტში რომ დარბოდა და ვირობანას თამაშობდა, გავაფრთხილე: ან გვარი გადაიკეთე, ან თავი დამანებე-მეთქი. ახლა, მგონი, მე უნდა გადავიკეთო გვარი! გივი თარგამაძე ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ გავლენა და ბიზნესები შეინარჩუნოს». გვარის გადაკეთება _ არა, მაგრამ საქართველოს დატოვება კახა თარგამაძეს მაინც მოუწია, ხოლო მისმა მოგვარემ, გავლენასა და ბიზნესებთან ერთად, კანონიერ ქურდებთან ურთიერთობასაც მიჰყო ხელი.

«რევოლუციური ტურიზმის» ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ყოფილმა სანიტარმა სამარცხვინოდ ჩააფლავა, უკრაინაში არჩევნებზე «კუნთმაგარი დამკვირვებლების» მივლინება იყო. მაშინ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ «ვარდისფერი რევოლუციონერების» მიერ შეთხზული მითი საკუთარი უძლეველობის შესახებ ბლეფი იყო. ჯერ იყო და, «ქვეყნის ხერხემალ» ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც 1000 კაცის ტრანსპორტირებაზე თათბირობდნენ, მერე და მერე მათი რაოდენობა გაორმაგდა, ბოლოს კი მერაბიშვილმა ისეთიც თქვა, რაზეც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში თანამდებობას ულაპარაკოდ დაატოვებინებდნენ: «ახალაიამ თქვა, რომ მებრძოლებს მოგვცემს. მათაც გამოგიგზავნი»!

შემდეგ სხვა ჩანაწერებიც გახმაურდა და გაირკვა, რომ თარგამაძე კანონიერი ქურდების დახმარებით სარგებლობდა. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ გამოძიების დაწყებაც კი მოითხოვა იმის დასადგენად, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ გივი თარგამაძესა და ერეკლე კოდუას უკრაინაში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებთან. იგი ამტკიცებდა, რომ პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე დონეცკში სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით, კანონიერ ქურდებთან – გია ხმელიძესთან და ლაშა შუშანაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. «ვარაუდები ადრეც არსებობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად თანამშრომლობს კანონიერ ქურდებთან და მთელი ის საუბრები, თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, არის მხოლოდ და მხოლოდ შირმა. რეალურად ხელისუფლება გეგმავს არა კანონიერი ქურდების, როგორც ინსტიტუტის აღმოფხვრას, არამედ ამ ინსტიტუტის დაქვემდებარებას მმართველი პარტიის ინტერესებისათვის. არსებობს არაერთი ფაქტი საქართველოს ხელისუფლებისა და ტარიელ ონიანის, აგრეთვე, სხვა კრიმინალური ავტორიტეტების თანამშრომლობის შესახებ. ლაშა შუშანაშვილი და გია ხმელიძეც ამ თვალსაზრისით გამონაკლისები არ არიან,» – აცხადებდა კახა კუკავა.

კანონიერი ქურდების გარდა, თარგამაძეს არაჯანსაღი ინტერესი ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართაც ჰქონდა. იგი, როგორც ეს ჭეშმარიტ რევოლუციონერს შეჰფერის, რუსეთის «შიგნიდან აფეთქებაზე» წავიდა. ამ მიზნით იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორებს უკავშირდება. ჩეჩნები, ჩერქეზები, ინგუშები – მას ყველა გამოადგება ამ «კეთილშობილური» მიზნის მისაღწევად. ეგვიპტეში საქართველოს ელჩს იგი ვანო მერაბიშვილის კაბინეტიდან ესაუბრა: «მანდ ეგენი ბევრნი არიან, – ეგვიპტეშიც, სირიაშიც, ლიბანშიც… ნუ, პრინციპში, ლიბანში სხვა მხრიდან იმას ვიზამთ… ჩვენ ვაპირებთ, პარლამენტში მაგათი გენოციდის საკითხის გატანას»…

ჩერქეზთა გენოციდზე რიხით მოსაუბრე ბოცო წიკლაურისა და შოთა მალაშხიას ნაცვლად ამ საკითხებს სწორედ გივი თარგამაძე აგვარებდა ტელეფონით, მაგამ გამოხდა ხანი და მან ფირფიტა გადააბრუნა. დღეს იგი ნელ-ნელა გვაპარებს: «ჩვენ უნდა გავუძლოთ პერიოდს, სანამ პუტინი არსებობს». ჟურნალისტის შეკითხვაზე: რეალურად როგორია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა? თარგამაძე პასუხობს: «პუტინის პირობებში ის არ არსებობს. თავის მოტყუება იქნება, ვთქვათ, რომ რუსეთის ყოფილ და მომავალ პრეზიდენტს ვინმე აიძულებს ჩვენთან მდგომარეობის ნორმალიზებას. ჩვენ უნდა გავუძლოთ პერიოდს, სანამ პუტინი არსებობს და როცა აღარ იარსებებს, ვეცადოთ, ეს ყველაფერი რაღაცნაირად დალაგდეს».

ასე «რაღაცნაირად» ალაგებს ყველაფერს თარგამაძე, თუმცა რას ერჩით, არ გამოსდის? ჯერ იყო და რევოლუციამდე მთვრალმა (სიმთვრალე კი ცუდი აქვს) რიგითი პოლიციელი (ბედის ირონიით, გვარად დონაძე!) სცემა, შემდეგ გურამ შარაძეს მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ მისთვის ბუზიც არავის აუფრენია. იმდროინდელი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი იხსენებდა, როგორ მივიდა მაშინ მასთან შალვა რამიშვილი და გივი თარგამაძის უფლებების დაცვა სთხოვა. მისგან განსხვავებით, შალვა რამიშვილი ისე დააჭერინა ყოფილმა მეგობარმა თარგამაძემ, რომ წარბიც არ შეუხრია.

ზოგადად, ამ ხელისუფლების ხელწერა ქურდულია, ოღონდ შემდეგი რედაქციით: «ამ ქვეყანაში ქურდიც მე ვარ, პროკურორიც და მოსამართლეც»! ამ ქურდული «გარჩევების» გამო თარგამაძეს კისერშიც მოხვედრია და კუთხეშიც მიუმწყვდევიათ, მაგრამ მისი ბიოგრაფიის კაცი ამისთვის მზად უნდა იყოს და არის კიდეც. 1985-1987 წლებში მას მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის ბინაზე სასწრაფო მომსახურების ბიუროს სანიტრად უმუშავია, 1990-1991 წლებში – უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტრად. როგორც ჩანს, ეს სანიტრული გამოცდილება სამედიცინო კარიერისთვის აიტანა, მაგრამ შემდგომ მას ერთადერთი შეხება ჰქონდა მედიცინასთან 2003 წელს, როცა რევოლუციის წინ გამოთქმით განაცხადა: «მე, როგორც მედიცინის ყოფილი მუშაკი, გარწმუნებთ, ამ ხელისუფლებას გვამური ლაქები გაუჩნდა»!

დღეს მას არათუ ლაქები, ამ ხელისუფლების მიერ გავრცელებული სუნიც აღარ აწუხებს. არც არის გასაკვირი, – იგი ხომ არც სანიტარია, არც ჟურნალისტი, არც «ენჯეოშნიკი» და არც პოლიტიკოსი! გივი თარგამაძე საკუთარ ოფიციალურ ბიოგრაფიაში უთითებს: სპეციალობა – ჟურნალისტი, კვალიფიკაცია – ეთნოგენეტიკოსი. გივი თარგამაძის შემხედვარე, რთული დასაჯერებელია, რომ იგი ლევ გუმილიოვის შესწავლით იყოს დაკავებული, მაგრამ ასეც რომ იყოს, მაშინ მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ, როგორც ეთნოსს, ისე ცალკეულ «ვასილიჩს» პასიონარული ბიძგით წარმოშობის შემდეგ აღმასვლის, გადახურების, მსხვრევის, ინერციის, ჩაქრობის და საბოლოოდ, ჰომეოსტაზის მდგომარეობაში გადასვლა მოუწევს. თუ მაინცდამაინც ტოინბის ფანია, მაშინ ეთნოსის (ცალკეული «ვასილიჩის») განვითარება იმ «გამოწვევებით» უნდა ახსნას, რომელიც გარედან, სხვა ეთნოსებიდან (სხვა «ვასილიჩებისგან») მოდის და რომელზეც წარმატებული პასუხის გაცემა შეუძლია.

მაგრამ წარმატებები მხოლოდ სააკაშვილის «ხვედრია», ხოლო ჩვენს «ვასილიჩს» ისევ იქ მოუწევს დაბრუნება, საიდანაც დაიწყო: ვირობანას მხოლოდ «თავისუფლების ინსტიტუტში» როდი თამაშობენ, ვირის აბანოშიც შეიძლება, ოღონდ ვირობანასაც გააჩნია; «გრძელ ვირს» თარგამაძე ვერ გაქაჩავს, ისევ იმის თამაში მოუწევს, რასაც ხალხურად «ზდრასტი, ასიოლს» ეძახიან.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here