Home რუბრიკები პოლიტიკა ოქრუაშვილი და კიწმარიშვილი ხელისუფლებას გაურიგდნენ…

ოქრუაშვილი და კიწმარიშვილი ხელისუფლებას გაურიგდნენ…

737

ყოფილი ომბუდსმენი, შემდეგ «ალიანსის» სახე, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ბოლოს კი «ქართული პარტიის» ყოფილი ლიდერი სოზარ სუბარი საკუთარ პარტიას ტოვებს და ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე ხდება. სუბარი გმობს ყოფილი თანაპარტიელის _ ეროსი კიწმარიშვილის ქმედებებს და «მაესტროში» შეჭრას თავისუფალი მედიის ზეწოლად აფასებს. მისი თქმით, ეროსი და ოქრუაშვილი ხელისუფლებას გაურიგდნენ, პარტიაში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო… სოზარ სუბარი მომავალ არჩევნებში გამარჯვებას რეალურად მიიჩნევს. მისი აზრით, პოლიტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშის _ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების შანსს იძლევა.

_ ბატონო სოზარ, ახლახან «ქართული პარტია» დატოვეთ, რა იყო ამის მიზეზი: ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირება თუ სხვა რამ? მან განაცხადა, რომ თქვენ ბიზნესმენ გოგელიას ჯიბეს ჩამოეკიდეთ და მხოლოდ ფინანსური ინტერესები გამოძრავებთ, ამიტომაც ხშირად იცვლით პარტიებს._ სანამ ქართულ პარტიას ჩამოვაყალიბებდით, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. რაც შეეხება ალიანსს, მასში შევედი როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ალიანსი დროებითი წარმონაქმნი იყო და დაიშალა, მასში ჩემი წვლილი ნულის ტოლი იყო. ალიანსი დავტოვე იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ჩემი იქ ყოფნა ჩემთვის წამგებიანი აღმოჩნდა, უარი ვთქვი არჩევნებში მონაწილეობაზე და წამოვედი. მაისის შემდეგ შევქმენით «ქართული პარტია.»

_ ბიძინა ივანიშვილის ბანაკში თქვენი შესაძლო გადაბარგება ხომ არ უკავშირდება ფინანსურ ინტერესებს? სანამ ქართულ პარტიას დატოვებდით, მანამდე ივანიშვილის პრესცენტრმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება…

_ არა, ასე არ იყო. მე გავიგე, რომ ივანიშვილს ჰქონდა ჩემ მიმართ დადებითი დამოკიდებულება, ჩემი დამოკიდებულებაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ აბსოლუტურად დადებითია. სანამ ის პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, მანამდეც ვამბობდი, რომ, თუ ვინმე უშველიდა დღეს ქართულ პოლიტიკას, ესაა ბიძინა ივანიშვილი. ამ რეალობას ჩვენ ვხედავდით განსაკუთრებით მაისის შემდეგ.

უკვე გასაგები გახდა ის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდა ოპოზიცია. პოზიციას როგორადაც არ უნდა მოენდომებინა, დღევანდელ საარჩევნო პირობებში სააკაშვილის დამარცხება შეუძლებელი იყო.

ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კი ხელისუფლებისა და მიშას უძლეველობის მითი დაიმსხვრა. დღემდე «ნაცმოძრაობა» გარდაუვალად იგებდა არჩევნებს არა იმიტომ, რომ მას ბევრი მომხრე ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ადმინისტრაციული, ფინანსური, ძალადობრივი რესურსები. ივანიშვილმა კი გააჩინა ნდობის ფაქტორი, შექმნა ალტერნატივა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა დროულად გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი «ქართული პარტიის» დატოვებას. ვიყავი «ქართული პარტიის» თავმჯდომარე და ამ დროს მოულოდნელად წამოვედი. თუ რატომ, ამაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, მას აუცილებლად შევხვდები. შევალ თუ არა მის პარტიაში, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

_ «ქართული პარტია» საბოლოოდ დაიშალა?

_ ამ დღეებში უკვე რამდენიმე რაიონში დაიშალა «ქართული პარტიის» ორგანიზაციები, პარტიაში არავინ დარჩა ორი კაცის გარდა.

_ ირაკლი ოქრუაშვილზე რას იტყოდით, ის ხელისუფლებას ხომ არ გაურიგდა?

_ ვერაფერს გეტყვით, ვერც გავაკეთებ კომენტარს. მე ვიცი, რომ «ქართულმა პარტიამ» თავის გზას გადაუხვია და ის მოლოდინი, რომელიც მქონდა, არ გამართლდა. ის, რასაც «ქართული პარტია» აკეთებს დღეს, ძალიან ჰგავს ხელისუფლებასთან გარიგებას.

_ ეროსი კიწმარიშვილი თქვენი მეგობარია და როგორ შეაფასებთ მის ქმედებებს; როგორ ფიქრობთ, ფინანსური დავა იყო «მაესტროსთან» და მის დამფუძნებლებთან დაპირისპირება თუ ხელისუფლების შეკვეთა?

_ როგორ გითხრათ, ვერ ვიტყვი, რა მოხდა შიგნით, მაგრამ კიწმარიშვილის მიერ შენობაში პოლიციისა და გაურკვეველი პირების შეყვანა აშკარად რაღაცაზე მიგვანიშნებს. ეს არის «მაესტროზე», საერთოდ მედიაზე ზეწოლა. არ ვიცი, ეროსი გაურიგდა ხელისუფლებას თუ იბრძვის ფინანსებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი მართული იყო. არსებობს დავები, რაც სამართლებრივი გზით უნდა გაირკვეს. დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შეჭრა არასწორია, კიწმარიშვილი თავისუფალ მედიას ებრძვის. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ უფრო გაამძაფრებს ზეწოლას მედიაზე, შეუტევს თავისუფალ პრესას, რადგან ახლოვდება არჩევნები, «ნაციონალური მოძრაობა» კი არჩევნებს იგებს არა მარტო საარჩევნო კოდექსით, არამედ კანონის მიღმა ქმედებებით: ძალადობით, დაშინებითა და შანტაჟით. თუმცა მას არჩევნების კიდევ ერთხელ გაყალბება არ უნდა გამოუვიდეს, რადგან, თუკი დღემდე მხოლოდ სააკაშვილის «ნაცმოძრაობა» იყო პოლიტიკურ ბაზარზე ლიდერი, დღეს მას სერიოზული ალტერნატივა გამოუჩნდა და ელექტორატი გადანაწილდა. დარჩა ასეთი განლაგება: სახელისუფლო რესურსი და ის ადამიანები, რომლებსაც ნორმალურ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება. ხალხი იმ მხარეს დადგება, სადაც რეალური ცვლილებების შანსს დაინახავს.

_ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ სახელისუფლო პარტია «ნაცმოძრაობა» საარჩევნო ყუთთან არ უნდა მივუშვათ, რადგანაც შიში იმისა, რომ ისინი გააყალბებენ არჩევნებს, დიდია. ბურჯანაძე, რომელიც ქუჩის აქციების მომხრეა, ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს.

_ რას ნიშნავს რადიკალურად არის განწყობილი? ქუჩის აქციები მანამდე იყო გამართლებული, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ივანიშვილმა უარი თქვა ქუჩის პოლიტიკაზე. მე ვერ გეტყვით, ვინ რას ფიქრობს მთლიანად ოპოზიციაში, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა ივანიშვილის გზააა.

_ არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერში დაინიშნება, თუმცა მანამდე შესაძლებელია ისე დამძიმდეს სოციალური ფონი და გაუსაძლისი გახდეს ცხოვრება, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რა მოხდება მაშინ, სხვა ლიდერს მონახავენ?

_ ძალიან ძნელია, წინასწარ თქვა, რა მოხდება, ამ ეტაპზე საუბარია არჩევნებზე. ქუჩაში ხალხი თავისით არ გამოდის, ლიდერის მოწოდების გარეშე. დღეს გამოკვეთილი ლიდერი ვინც არის, ამბობს, რომ არჩევნებს უნდა დაველოდოთო. ისე კი, შეიძლება ვინმემ აქცია ჩაატაროს ან საპროტესტო მიტინგი. დღემდე ჩატარებული აქციებით შეუძლებელი გახდა ხელისუფლების შეცვლა.

_ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას მისცა დავალება, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან ესაა ნატოში შესვლის ერთ-ერთი წინაპირობა. თქვენი აზრით, წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე? და რა მოხდება გაყალბების შემთხვევაში?

_ სააკაშვილს, ყოველ შემთხვევაში, სურს, ყველანაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება. მას სულაც არ ადარდებს ნატოში შესვლა, რა თქმა უნდა გააყალბებს არჩევნებს, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ბალანსი უკვე შექმნილია.

_ ხშირად ამბობენ, რომ ივანიშვილს საბჭოთა კავშირის ანალოგად მიჩნეულ ევრაზიული კავშირის ორბიტაზე სურს საქართველოს დაბრუნება…

_ იმ ქვეყანაში, სადაც მინისტრები სააკაშვილზე წერენ ლექსებს «მიშა მაგარია», რაც სამარცხვინოა, ამაზე მეტი საბჭოთა კავშირში დაბრუნება რაღა გინდათ. საბჭოთა კავშირი დღეს საქართველოსთვის არის გოგა ხაჩიძე, რომელიც სამარცხვინო მინისტრია. საბჭოთა კავშირში დაბრუნება ასევეა მიშა სააკაშვილი, რომელსაც მოსწონს ხაჩიძის შემოქმედება და მას არჩევნების წინ ჰიმნად აქცევს. რაც შეეხება საქართველოს არჩევანს, საქართველოსთვის ევროპული არჩევანი არის უცვლელი, მაგრამ ამავე დროს ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა. აზერბაიჯანთანაც გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ამის გამო ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროაზერბაიჯანული ქვეყანა ვარ ან მისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. იგივე ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან. რუსული ბაზრის გარეშე ჩვენი ეკონომიკა წინ ვერ წავა, ვერც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რუსეთის ფაქტორის გარეშე.

თურქეთში ან შვეიცარიაში რომ ჩახვიდეთ, გიდი თუ მწვრთნელი რუსულად ლაპარაკობს, იცით, რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, საიდანაც ჩადიან ტურისტები, რუსეთი მათი შემოსავლის წყაროა. ჩვენც უნდა მოვიქცეთ ისე, რომ თავი არ შევაძულოთ რუსებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთის დახმარებით კონფლიქტები მშვიდობიანად მოვაგვაროთ.

_ გინდათ, თქვათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია და ის მშვიდობიანად დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს?

_ ომით რომ არ დაგვიბრუნებს, ხომ დავინახეთ? ძალიან რთულია ისიც, რომ რუსეთმა მშვიდობიანად დათმოს ტერიტორიები. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ხელისუფლებას, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, მაგრამ პარალელურად უნდა დავამყაროთ ურთიერთობა რუსეთთან, რადგან რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ტერიტორიული პრობლემა ვერ მოგვარდება.

_ თქვენი აზრით, რამდენად არის დღეს სააკაშვილი მისაღები ამერიკისთვის და დასავლეთისთვის, ექსპერტები აცხადებენ, რომ დასავლეთი ფსონს ახლა ივანიშვილზე აკეთებს?

_ ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, სააკაშვილი არის თუ არა მისაღები დასავლეთისთვის, მაგრამ მისი მართვის სტილი და ანტიდემოკრატიული მეთოდები აშკარად მიუღებელია. აღიარებენ იმას, ვინც არის ხელისუფლებაში, მათ კადაფთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, ადამიანთან, რომელიც 40 წელი ხელისუფლებაში იყო, თვითმფრინავებს აფეთქებდა და ათას უბედურებას აკეთებდა. ამერიკელებმა რამდენიმეჯერ დაბომბეს კადაფი, მაგრამ გადარჩა, მერე ისევ გააგრძელეს მასთან ურთიერთობა.

_ ძალიან ხშირად ივანიშვილი ამბობს, რომ ის ყველასთან ითანამშრომლებს სააკაშვილის გარდა, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ სააკაშვილია უბედურება და მისი გარემოცვა არა?

_ ზოგადად, საშუალოდ დაბალი ჩინოვნიკების ფენა, რომელსაც არაფერი დაუშავებია, მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა. სხვა დანარჩენი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს. შვარცკოფი იყო ამერიკელი გენერალი, რომელიც ერაყის სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა სახელწოდებით «უდაბნოს ქარიშხალი». არ ვიცი, ანეგდოტია თუ სიმართლე, როცა მას ჰკითხეს, რომ ღმერთი შეწყალებისკენ მოგვიწოდებს, თქვენ კი რატომ ფიქრობთ, საომარი მეთოდებით გადაჭრათ პრობლემაო? _ მან უპასუხა: «შეწყალება ღმერთის პრეროგვატივაა. ჩვენი მოვალეობა სხვაა: ეს ადამიანები დამნაშავეები არიან და რაც შეიძლება მალე უნდა წარსდგნენ ღვთის წინაშეო». სასამართლოს წინაშეც ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს.

_ რომელი ჩინოვნიკის გასამართლებას მოითხოვთ?

_ თუნდაც გიორგი ვაშაძის, რომელიც არის სამოქალაქო რეესტრის საგენტოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მას დაბეჭდილი აქვს ათასობით ყალბი პირადობა, რომლითაც ყალბდებოდა არჩევნები.

_ მერაბიშვილიც?

_ რა თქმა უნდა, მერაბიშვილი 7 ნოემბრის, 26 მაისის მიტინგების დარბევისთვის, გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულობებისთვის უნდა გასამართლდეს. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მათ შორის სააკაშვილიც, რომელიც ყველა ამ ბოროტებისა და უბედურების წყაროა.

ესაუბრა
ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here