Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ჯავახიშვილი: განხორციელდა უხეში სადამსჯელო ოპერაცია «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ

ნოდარ ჯავახიშვილი: განხორციელდა უხეში სადამსჯელო ოპერაცია «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ

676

«ქართუ ჯგუფის» პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ინტერვიუსწინა საუბარში თქვა, რომ არაფერს ისე არ ვაკეთებ, წინასწარ არ გავიაზრო, რისთვის და რატომ ვაკეთებო.

სასტარტო წინადადებად ეს სიტყვები გამოვიყენე და ვკითხე:

_ ბატონო ნოდარ, «ბანკი ქართუს» ხელმძღვანელობის გუშინდელ განცხადებაში ისეთი შეშფოთება გაქვთ ჩადებული, იძულებული ვარ, გკითხოთ, საჯაროდ რატომ გაამჟღავნეთ, რომ თქვენი პრაგმატული ბუნება აფორიაქდა, თქვენი და «უნერვო» ბანკის? ხმა ახლა მაინც აღიმაღლეთო, მიმართავთ საბანკო დაწესებულებებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, «უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობებს საქართველოში», «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკურად მოტივირებული სახელისუფლო ტერორის, უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.რა ხდება, ბატონო ნოდარ?

_ შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ, როგორც ჩანს, ამ აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო საქმეში კარგად ვარ გარკვეული, ახლო ურთიერთობა მქონდა დასავლეთის წამყვან ბანკებთან, ბანკირებთან და ასე შემდეგ, ჩემი წარმოდგენები არ ეტევა იმ ქმედებაში, რასაც ხელისუფლება ჩვენ წინააღმდეგ განახორციელებს.

მაგალითად, ვშიშობდი, რომ შეეძლოთ, არ დაეკმაყოფილებინათ ჩვენი მოთხოვნა და ბანკებისთვის არაოფიციალურად აეკრძალათ ჩვენთვის ნაღდი ფულის გამაგრების ოპერაცია, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დააყაჩაღებდნენ ჩვენს საინკასაციო მანქანას. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო მსოფლიო საბანკო სისტემის ისტორიაში.

ბატონ ბიძინას განცხადების მეორე დღესვე დაიწყო ზეწოლა ჩვენი ბანკის კლიენტურაზე _ გაიტანეთ თანხები ამ ბანკიდან, ოღონდ დატოვეთ სესხებიო, რის შესახებაც მე არაერთხელ განვაცხადე ქართული საზოგადოებრიობის გასაგონად.

_ რას ნიშნავს «სესხების დატოვება»?

_ ჩვენთან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ჩვენს მოვალეებს ჰპირდებოდნენ სესხების ჩამოწერას. მეცინებოდა, როგორ უნდა ჩამოეწერათ?! ეს არ არის ჭორის დონე, საქმის კურსში ჩვენი კლიენტები გვაყენებდნენ.

მეცინებოდა იმიტომ, რომ წარმოუდგენელი იყო: სუფთა გირაო გვაქვს ჩადებული, უზრუნველყოფილი ყველაფრით. შარს ვერ მოგვდებდნენ.

მაგრამ, როცა მიიღეს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში ცვლილებები და მოაყოლეს ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, მივხვდი, ვალების ჩამოწერა არ იყო ჰაერზე ნათქვამი. დავდექით ფაქტის წინაშე, რომ კანონი, მისი უსამართლოდ გამოყენების შემთხვევაში იძლევა სესხების ჩამოწერის უფლებას (!) რაღაც ოდენობით მაინც. ამ შემთხვევაში არც კლიენტი დაზარალდებოდა, სახელმწიფოც იშოვიდა რაღაცას და მხოლოდ ჩვენ დავრჩებოდით ჩაწიხლულები.

ავტეხეთ ამაზე ერთი ამბავი და… არ გამოგვეხმაურა არც ერთი ბანკი(!), მარტო ჩვენ კი არა, საკუთარ თავს არ დაუჭირეს მხარი. კი მოუქონეს წინასწარ თავი, თქვენს წინააღმდეგ კანონში ცვლილებებს არ გამოვიყენებთო, მაგრამ ვინმეს რამის გარანტია შეიძლება ჰქონდეს საქართველოში?!

ხმა არავინ ამოიღო. არც საბანკო ასოციაციამ არ გააკეთა არანაირი განცხადება. მოგვიანებით კი თქვეს რაღაც, მაგრამ უკან მიდევნებულ ლამპარს სწორი გზა ვისთვის გაუნათებია?!

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც გაყუჩდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთან შეხვედრებიც მქონდა და დეტალურად ავუხსენი, რა საშიშროებასაც შეიცავდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.

სამწუხაროდ, ძალიან მალე აგვიხდა ის, რის შესახებაც ვლაპარაკობდი: განხორციელდა უხეში სადამსჯელო ოპერაცია «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ. წინა კვირაში ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მიერ გაცემული სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით ერთი მეხუთედი ჩვენი საერთო პორტფელისა, დაგვიტოვეს უზრუნველყოფის გარეშე.

_ ეს რას ნიშნავს?

_ კლიენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ჩვენი სესხი, «აღმოუჩინეს» ასი ათასობით ლარის საბიუჯეტო დავალიანება. საკანონმდებლო ცვლილებამ ბიუჯეტს მისცა უფლება, დააყადაღოს მოვალე ორგანიზაციის ქონება და არ გაითვალისწინოს, რომ ეს ქონება სხვაგან, ამ შემთხვევაში, ჩვენთან გირაოდ არის ჩადებული. გაყიდიან იმ ქონებას, დაფარავენ კლიენტთან «შეთანხმებულ» საბიუჯეტო მოთხოვნას, ჩვენ კი არაუზრუნველყოფილი სესხი დაგვრჩება.

ვიცოდით, რომ აამოქმედებდნენ ამ ჩვეულ სქემას. რა ქნეს, იცით? სუფთა ორგანიზაციის, რომელსაც ბიუჯეტის დავალიანება არ ჰქონდა, ქონება (მაშასადამე, გირაო და სესხიც) აყიდინეს იმავე ბიზნესჯგუფის სხვა კომპანიას, რომელსაც, აგრეთვე, ჰქონდა ჩვენი სესხი და ბიუჯეტის ვალიც.

_ ე. ი. თქვენ დაკარგეთ სესხიც და გირაოც?

_ დიახ. სწორედ იმ მაქინაციის შედეგად, რაც პარლამენტს მიაღებინეს და ჩვენ წინააღმდეგ განახორციელეს.

_ რისთვის დასჭირდათ ეს ყველაფერი?

_ მთავარი მიზანი არის ის, რომ ბანკში შემოიყვანონ დროებითი ადმინისტრაცია. ამისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელია, რომ ბანკი არ ასრულებდეს დაკისრებულ ნორმატივებს. გამოვა, რომ მე კი არ უნდა ვმართო ბანკი, არამედ ეროვნული ბანკის მიერ შერჩეულმა პიროვნებამ. ეს კი ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ბანკმა უნდა იმუშაოს არა მისი, არამედ ვიღაც სხვისი მითითებების შესაბამისად.

აქ არის სხვა სპეციფიკური დეტალები, რომლებითაც, მოდით, ნუ გადავღლით თქვენს მკითხველებს.

_ ზარალის შესახებ იტყვით რამეს?

_ დაახლოებით ასი მილიონის ქონებაზე იყო ყადაღა დადებული, სამოცდაათი მილიონი ჩვენი სესხია, რომელიც უპერსპექტივო გახდა.

იმასაც გაგახსენებთ, რომ კლიენტებზე ზემოქმედების შედეგად 45 მილიონი გაედინა ბანკიდან.

_ ვინ გეგმავს ამ ყველაფერს? ის ბიჭი ხომ არა, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შენიშვნა რომ მოგცათ, პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებთო?

_ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორ უნდა ებრძოლონ «ბანკ ქართუს», მონაწილეობს საგადასახადო სტრუქტურები და ეროვნული ბანკი. «ჯგუფური შემოქმედების» მიუხედავად, დაშვებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტები, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიჩივლოთ სასამართლოში. ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. სახეზეა კერძო საკუთრების ხელყოფა!

_ კვლავ კერძო საკუთრების ხელყოფა! ამაზე ხომ ადრეც ლაპარაკობდნენ, თანაც კატეგორიულად, საერთაშორისო ორგანიზაციები?

_ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამას რეალური ზომები არ მოჰყოლია. განცხადებაც არ გაუკეთებიათ, რომ ეს უკანონობაა და უსამართლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან პატარები ვართ, ის, რაც გააკეთეს, მაინც ნეგატიურად იმოქმედებს მსოფლიო ბაზარზე. ძალიან ცუდი პრეცედენტია. მაშინ, როცა მათ უზარმაზარი ფული აქვთ დახარჯული ქართული საბანკო სისტემის შესაქმნელად და ასამუშავებლად, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრიზისის შემდეგ 500 მილიონი აქვს ჩადებული ქართულ ბანკებში, ძნელი წარმოსადგენია, არ აინტერესებდეთ ის, რაც ჩვენთან ხდება.

სანამ პროცესი მომწიფდებოდა, ველაპარაკე, მომისმინეს, გაოცდნენ, თითქოს შეშფოთდნენ კიდეც და _ მორჩა. ახლა, როცა ფაქტი სახეზეა, ჩემთან შესახვედრად ვერ მოიცალეს (!), თითქოს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ ხდება საქართველოს საბანკო სექტორში.

რახან სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, ჩვენ ვცდილობთ, მათი ხელმძღვანელები ვაშინგტონში ჩავაყენოთ საქმის კურსში. ჩემი აზრით, მათი აქაური წარმომადგენლობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ გამოხატავს მსოფლიოში ყველასთვის საპატივცემულო ორგანიზაციების პოზიციას. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია, ვერ აფასებენ სიტუაციას.

_ და მაინც, მათი ჩუმად ყოფნა ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების მხარეს იჭერენ?

_ ასე ნუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში გაჩუმება ნიშნავს, რომ უსამართლობის და უკანონობის მხარეს არიან.

_ აქვთ კი ასეთი უსამართლობის აღკვეთის საშუალება?

_ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს აქვს უამრავი ფინანსური ბერკეტი. მე მგონი, ორ მილიარდამდე დოლარი სესხი აქვთ საქართველოში ჩადებული. მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის ხელისუფლება ვერ გაექცევა. დეფოლტიც კი შეუძლიათ გამოუცხადონ ქვეყანას. ამას, ალბათ, არ გააკეთებენ, მაგრამ ყურში ხელის წავლების შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ.

_ როგორ რისკავენ ეს ჩვენი ხელისუფალნი?!

_ არ იცოდა ჩვენმა ხელისუფლებამ, რა ელოდა ცხინვალში? იცოდა, მაგრამ რაღაც უფრო დიდი მიზანი ამოძრავებდა.

_ ოღონდ მე გადავრჩე და ქვეყანა წყალსაც წაუღიაო?

_ ეს, დიდი ხანია, ცნობილია. აქ სხვა პრობლემაა. თვლიან, საშიშროება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, უფრო დიდია, ვიდრე საშიშროება, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებიდან დაემუქროს.

_ ვთქვათ, დარჩით საკუთარი თავის ანაბარა და გაკოტრდა ბანკი.

_ არ გააკოტრებენ. შემოიყვანენ თავიანთ ადმინისტრაციას და თავიანთ ჭკუაზე მართავენ. ჩვენს კლიენტებს პრობლემებს არ შეუქმნიან, არ ათქმევინებენ, რომ მათი შემოსვლის შემდეგ გაუარესდა მომსახურება, მაგრამ თავიდან ბოლომდე გააკონტროლებენ ყველა ოპერაციას და განახორციელებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, როგორც მინიმუმ, ბატონ ბიძინას ინტერსებში არ იქნება. სავსებით შესაძლებელია, რომ «ქართუ» საწინააღმდეგო ქმედებების ფორპოსტიც აღმოჩნდეს.

მაგრამ ბატონ ქადაგიძეს ამაოდ ჰგონია, რომ ნოდარ ჯავახიშვილის გაჩერება თითის დაქნევით შეიძლება, ისე, როგორც სხვა ბანკები გააჩერეს.

_ ქადაგიძე, უკაცრავად, ვინ არის?

_ ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ის და მისი ვიცეპრეზიდენტი ბატონი ნადარაია მეუბნებიან, რომ განცხადებები შეწყვიტე, თორემ ამას გიზამთ და იმას გიზამთო. ვუპასუხებ, რომ მაქვს ამის უფლება, კეთილი ინებეთ და ჩაეტიეთ კანონით მონიჭებული უფლებების ჩარჩოში! მე რა განცხადებას გავაკეთებ, ეროვნული ბანკის საქმე არ არის! ტყუილად ჰგონია ბატონ ქადაგიძეს, რომ მაგის სურათს დავიკიდებ კაბინეტში.

მე ვიცავ კორპორაციულ ინტერესებს, ვარ ბანკის მმართველი, შენ ამ ბანკს ებრძვი და აქცევ და ხმაც არ ამოვიღო?! ბოდიშს ვიხდი. ეს იმას ჰგავს, მოძალადე მსხვერპლს აუპატიურებდეს და აიძულებდეს «იფ, იფ» იძახეო…

_ ამ ბანკს ჰყავს დამფუძნებელი და პატრონი. მისი რეაქცია როგორია?

_ შესაძლებელია, რომ ახალი მოძრაობისთვის უფრო მომგებიანი იყოს, თუ ბატონმა ბიძინამ არ გააგრძელა ბრძოლა ამ ბანკისთვის. თუმცა არ ვიცი და მით უფრო დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ თავისი სამშობლოსთვის ბოლომდე საბრძოლველად რომ მზად არის, ეს ერთმნიშვნელოვანია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here