Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების მაესტრო

განხეთქილების მაესტრო

668

30 ნოემბერს ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია «მაესტროს» ღობეზე ისე მოხერხებულად გადაძვრა, თითქოს ადამიანი-ობობა ან, როგორც მინიმუმი, კუ-ნინძა ყოფილიყოს. მართალია, გაობობებულ ადამიანთან შედარებით მას ელასტიურობა აკლდა და გამონინძებული კუსავით პლასტიური არ გახლდათ, მაგრამ დაუოკებელი სურვილი, რომელიც წინ უბიძგებდა, ამ ხარვეზების კომპენსირებას ახდენდა. ღობის ამ ეპიკური გადალახვის შემდეგ დაიწყო კრიზისი, რომელიც, ერთი კვირაა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.

აქა ამბავი ეროსისა

ბოლო 15 წლის განმავლობაში ეროსი კიწმარიშვილმა სხვადასხვა ადამიანისგან უამრავი დახასიათება მიიღო; ბევრი მათგანი ფრიად ნეგატიური იყო, მათ შორის ისეთი, რომელთა ციტირება ქალებისა და ბავშვების თანდასწრებით, უბრალოდ, არ შეიძლება, თუმცა არავის არასოდეს უთქვამს, რომ კიწმარიშვილი სულელია. პირიქით, არაკეთილმოსურნეებიც კი მას მუდამ ახასიათებდნენ როგორც საკმაოდ გამჭრიახ საქმოსანს, რომელსაც არცთუ ურიგო ტაქტიკური ალღო აქვს. ამ გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რომ განხილულ სიტუაციაში კიწმარიშვილი მოუქნელად, თითქმის უგუნურად მოქმედებს. თავი დავანებოთ იმას, რომ მისი მოთხოვნები, იურიდიული თვალსაზრისით, მეტად საეჭვო ჩანს, მთავარი აქ, ალბათ, სულ სხვა რამ არის.აზრი იმის თაობაზე, რომ კიწმარიშვილის მოქმედება, ხელს აძლევს ხელისუფლებას, ისე ფართოდ გავრცელდა, რომ ფიგურანტს მისი უარყოფა არც უცდია. «Presage.tv»-ს კორესპონდენტის კითხვაზე «არ ფიქრობთ, რომ, რასაც დღეს აკეთებთ, სწორედ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?», მან უპასუხა: «აბსოლუტურად გეთანხმებით, ასეა. ზუსტად ესაა ჩემი ნერვიულობისა და გულისტკივილის მიზეზი». საერთოდ, როდესაც ომის დროს სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს დივერსანტებს იჭერენ, თითოეულ მათგანს აქვს თავისი მოტივი, გულისტკივილი და შინაგანი სამყარო, თუმცა ეს არავის აინტერესებს. საქართველოში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი თავს ხელისუფლებასთან ომში ჩაბმულად აღიქვამს, მსგავსი აღიარება საკუთარი თავისთვის საბოლოო განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

ვიდრე ეროსოლოგიას ჩავუღრმავდებით, ურიგო არ იქნება იმის გარკვევა, თუ რა მიმართულებით ტრიალებს ხსენებული წისქვილი, რომელსაც კიწმარიშვილმა რამდენიმე ცისტერნა მღვრიე წყალი უკვე დაასხა. სააკაშვილის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ხელს აძლევს, რომ «მაესტრომ» მაუწყებლობა შეწყვიტოს, ან ფსევდოობიექტური, კონტროლირებადი არხი გახდეს, ან ორ (პირობითად, ღლონტისა და კიწმარიშვილის) ნაწილად გაიხლიჩოს. ყველა ამ ვარიანტს ხელისუფლებისთვის თავისი პლუსი და მინუსი აქვს; ამა თუ იმ მიზნის პრიორიტეტულობა, პრინციპში, იმაზე იქნება დამოკიდებული, რა საინფორმაციო სტრატეგიას აირჩევს სააკაშვილი წინასაარჩევნოდ და რა ბერკეტების ამოქმედება შეეძლება ისე, რომ უცხოელი პარტნიორების გამძვინვარება არ გამოიწვიოს. დღეს რეჟიმი იძულებულია, ფრთხილად იმოქმედოს და საკუთარი ჩართულობა «მაესტროს» ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მაქსიმალურად შენიღბოს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს არც 2004 და არც 2007 წელია და ხისტი მოქმედება სააკაშვილს შეიძლება ძვირი დაუჯდეს.

თუ ჩვენ გავიხსენებთ იმ ისტორიებს, რომლებიც კიწმარიშვილს ბოლო დროს თავს გადახდა, ვნახავთ, რომ კომენტატორების მნიშვნელოვანი ნაწილი მის მოქმედებებს ხშირად საბოტაჟის აქტად აღიქვამდა. ასე იყო 26 მაისის წინ, როდესაც «ქართული პარტიის» ნაბიჯებმა «სახალხო კრებას» საგრძნობი ზიანი მიაყენა. ასე იყო აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის დროს, როდესაც გამოითქვა არაერთი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კიწმარიშვილი და მისი თანაპარტიელები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ და თავისი ქმედებით საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ანტიამერიკული განწყობის მარგინალიზებას ცდილობენ, კერძოდ, მის მიბმას ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის მიმართ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი, ხშირ შემთხვევაში, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.

იყო კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი, როდესაც ეროსი (მაშინ «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები დაჟინებით ხმარობდნენ სახელს «ერასტი») კიწმარიშვილმა აგვისტოს ომის წინარე პერიოდთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა _ სააკაშვილი, ერთი შეხედვით, ამხილა და მიწასთან გაასწორა. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება, ალბათ, ამ ფაქტის საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ასპექტს უნდა მივაქციოთ: სააკაშვილის ხელისუფლებისათვის არასასურველი, მამხილებელი ვერსიები ნებისმიერ შემთხვევაში გავრცელდებოდა. ასე რომ, ჯობდა, ისინი ნეგატიური იმიჯის მქონე ფიგურას გაეჟღერებინა, რომლისთვის საზოგადოების დიდ ნაწილს ნდობის თვალით (როგორც მინიმუმი, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ), ალბათ, არასოდეს შეუხედავს. ასეთ სიტუაციაში კი უნდობლობა ინფორმაციის წყაროს მიმართ იწვევს უნდობლობას საკუთრივ ინფორმაციის მიმართ და ერთობ ანეიტრალებს იმ უარყოფით ეფექტს, რომელსაც მისი გავრცელება იწვევს.

მოკლედ, ეჭვები კიწმარიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა, მაშინაც კი, როდესაც რიტორიკის დონეზე ის სააკაშვილს მიწაში დებდა, ასფალტს ასხამდა და ზედ «კატოკით» დასეირნობდა. ამას ამძიმებდა ის გარმოება, რომ კიწმარიშვილმა სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში, როგორც 2003-04, ისე 2007-08 წლების მიჯნაზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბრის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა მოიხსენია კიწმარიშვილი (რამდენიმე სხვა პოლიტიკოსთან ერთად) როგორც ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი და მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ცალსახად გამორიცხა.

ოპერაცია «ჰერაკლე» (მესამე ფაზა)

მსგავსი ეჭვნარევი კომენტარები, რეჟიმთან ფარული თანამშრომლობის თაობაზე, არაერთგზის ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც გაკეთდა. გასულ კვირას ტელეკომპანია «მაესტრომ» გაავრცელა ეროსი კიწმარიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერი და გამოთქვა ვარაუდი, რომ კიწმარიშვილის თანამოსაუბრე, რომელსაც ის «მაესტროში» შექმნილ სიტუაციას აღუწერდა, ოქრუაშვილი გახლდათ. ერთი შეხედვით, ოქრუშვილი-კიწმარიშვილის მდგომარეობა ბოლო დროს მეტად გართულდა, რადგან «ქართული პარტია» ლამის მარტივ მამრავლებად დაიშალა, თუმცა ეს, პრინციპში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების წისქვილზე კიდევ რამდენიმე ტონა წყალი დაასხან.

გავიხსენოთ ოქრუშვილის განცხადება, რომელიც მაისში საქართველოში დაანონსებული ჩამოსვლის ნაცვლად გააკეთა: «ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც გაერთიანება ჩაიშალა და, იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე, _ განაცხადა მაშინ ოქრუაშვილმა და დასძინა, _ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან».

წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნებამდე მცირე დრო დარჩა და სააკაშვილის ჯგუფი საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ ივანიშვილი თავის მოკავშირეებთან ერთად მას დიდი უპირატესობით დაამარცხებს. შემდეგ კი უკან გადავახვიოთ ფირი, რომელიც ღობეზე კიწმარიშვილის ჰეროიკულ გადაძრომას ასახავს და წარმოვიდგინოთ, რომ ღობესთან დაუდგენელი ტიპების გარემოცვაში არა კიწმარიშვილი, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი დგას, ხოლო ღობის მიღმა არა ტელეკომპანია «მაესტრო», არამედ რომელიმე სტრატეგიული ობიექტი მდებარეობს; მარტივად რომ ვთქვთ, «მოდელირებული პუტჩი» წარმოვიდგინოთ. მსგავსი რამ რეჟიმს ხელ-ფეხს გაუხსნის საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის, ოპოზიციის რეპრესირებისთვის, იმისთვის, რომ პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით ოქრუაშვილის ნაბიჯები ივანიშვილს დაუკავშიროს და წინასაარჩენო სიტუაციაში გარდატეხის შეტანა სცადოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, არჩევნები საერთოდ გააუქმოს. ოქრუაშვილის ივანიშვილთან დაკავშირების პირველ მცდელობას ადგილი უკვე ჰქონდა. ეს 12 ოქტომბერს «მაესტროს» ეთერში (გამოიცანით ვინ?) ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ივანიშვილი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ივანიშვილის პრესსამდივნომ ეს, ცხადია, უარყო: «არანაირი მოლაპაკება «ქართული პარტიის» წარმომადგენლებთან და მით უფრო ორაკლი ოქრუაშვილთან არ მიმდინარეობს და არც იგეგმება». ამ ეპიზოდისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია და კითხვა _ «რატომ გააკეთა კიწმარიშვილმა განცხადება, რომელსაც აპრიორი უარყოფდნენ?», პასუხგაუცემელი დარჩა. ვინ იცის, იქნებ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ოქრუაშვილის კარტს განხილული ჰიპოთეტური სცენარის ფარგლებში გაათამაშებს, კიწმარიშვილის ეს განცხადება «შეთქმულების» არსებობის დადასტურებისთვის ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი გახდება? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად ეთერში კიდევ ერთი განცხადება იტრიალებს, დაახლოებით ასეთი: «მათი სურვილი იყო, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთებულიყო და ხელი ჩემთვის შეეწმინდათ… და ა.შ.».

ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა კიწმარიშვილის ნებისმიერი განცხადება ან ქმედება, რომელიც დღეს შეიძლება უგუნურად მოგვეჩვენოს, ალბათ, უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ კონკრეტული ტაქტიკური კონიუქტურის, არამედ სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ გარემოებას, რომ კიწმარიშვილი სულელი ნამდვილად არ არის; თუ ის მამუკა ღლონტისთვის ტელეკომპანიის «წართმევას» დააპირებდა ან თუნდაც მიზნად დაისახავდა თავიდან ისეთი სიტუაციის აცილებას, როდესაც მას ცხვირწინ კარი მიუჯახუნეს, ამას, დიდი ალბათობით, მიაღწევდა. ის, ტაქტიკური უნარ-ჩვევების თვალსაზრისით, ღლონტზე გაცილებით გაწაფულია და, სხვათა შორის (ეს განხილულ თემას ნაკლებად ეხება, თუმცა მაინც), ტელევიზიის მართვის სფეროში გაცილებით მეტი გაეგება.

შესაძლოა, ამჯერად კიწმარიშვილი სხვა მოწინააღმდეგეს შეეჯახა, რომლის ინტელექტუალური შესაძლებლობები, მნიშვნელოვნად აღემატება მამუკა ღლონტის პოტენციალს ან კიდევ, მოცემულ მომენტში კიწმარიშვილი არა იმდენად ტელეკომპანიის დაპატრონებისთვის, რამდენადაც კრიზისის გაღვივებისთვის იღვწის, რომელმაც ნაყოფი მოგვიანებით, წინასაარჩევნო პერიოდის გადამწყვეტ მომენტში უნდა გამოიღოს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ მსგავს რთულ გათვლებს ადგილი არ აქვს და სკანდალი იმიტომ დაიწყო, რომ კიწმარიშვილი «მაესტროში» ბანალურად ჯიბეს ისქელებდა, ისე, როგორც ეს აღწერილია კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის _ მაკა ასათიანის განცხადებაში, რომელიც 5 დეკემბერს გავრცელდა (კიწმარიშვილი ამას, ცხადია, კატეგორიულდ უარყოფს).

სუსტი რგოლი

დღეს «მაესტროს» ჟურნალისტები შესანიშნავად მუშაობენ. ასეთ სტრესულ სიტუაციაში ობიექტურობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა ისინი ამას ნამდვილად ახერხებენ და საუკეთესო პროფესიონალურ თვისებებს ავლენენ. ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე დღეს მათ გვერდით დგას და საჭიროების შემთხვევაში მათ უფლებებს დაიცავს. თუ საზოგადოება «მაესტროს» დაკარგავს, ქართულ ტელესივრცეში, მართლაც რომ «უფსკრულ-ბნელეთი» დაისადგურებს. მაგრამ გამომდინარეობს თუ არა ამ თანადგომიდან ავტომატურად სოლიდარობა მამუკა ღლონტისა და მისი მისწრაფებების მიმართ?

მაგალითად, ნიკარაგუა (ნეტავ რამ გამახსენა? ალბათ, იმ ჰონდურასმა, რომელიც ჩვენ გარშემო სუფევს) ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი იყო და, აქედან გამომდინარე, პროგრესული კაცობრიობის მხარეს იდგა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მმართველი, მონსტრი სახელად ანასტასიო სომოსა გარსია (უფროსი) კეთილი ნების ადამიანი იყო. ვერაფერს ვიზამთ, ხანდახან ისეც ხდება, რომ «ნათელ მხარეს» შეიძლება ფრიად ორაზროვანი ფიგურები აღმოჩნდნენ (ბატონ მამუკას ბატონ ანასტასიოს, ცხადია, არ ვადარებ, მითუმეტეს, რომ ამისთვის ბატონი მიხეილი გვყავს).

იანვარში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება გახდეს «მაესტროს» დონორი, მამუკა ღლონტმა თქვა: «ყველა იმ ადამიანისგან, ვინც არ არის დამნაშავე, არ ზის ციხეში და უანგაროდ ჩადებს ფულს მედიის განვითარებაში, გინდ პოლიტიკოსი იყოს, გინდ მომღერალი, გინდ «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენელი და გინდ მიხეილ სააკაშვილი, რატომ არ უნდა ავიღო ფული, მითხრას ვინმემ. ფულის სანაცვლოდ არ ვიძლევი არანაირ ვალდებულებას». ამ ისტორიული პასაჟის შემდეგ ღლონტმა განაცხადა, რომ მართვაში კიწმარიშვილის კომპანიის შემოყვანით მან «მაესტროს» დახურვის პროცესი შეაჩერა. ბუნებრივია, ღლონტს შეუძლია აწარმოოს ბიზნესი ისე, როგორც მოეხასიათება და აიღოს ფული ვისგანაც უნდა, თუმცა დღევანდელი კრიზისული ვითარება, ალბათ, მსგავსი მიდგომების შედეგიც არის. შესაძლოა, სწორედ მამუკა ღლონტი და მისი პრინციპები არის ის «სუსტი რგოლი», რომლის გამოც «მაესტრო» შეიძლება კვლავ კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდეს, ისე, როგორც ეს უკვე მოხდა. დღეს ტელეკომპანია პოლიტიკური ინტრიგის ეპიცენტრში მოექცა და მამუკა ღლონტს, ალბათ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რათა ფატალური შეცდომები არ დაუშვას. ამჯერად ეს შეიძლება გაცილებით სერიოზული შედეგებით დასრულდეს, ვიდრე ღობეზე ადამიანი-ობობას გადაძრომა ან ოფისში კუ-ნინძების შევარდნაა. 

ალბათ, კარგი იქნება, თუ ის დაშვებულ შეცდომებს კრიტიკულად გააანალიზებს, მაგრამ, თუ ამას ვერ მოახერხებს, იმის ალბათობა, რომ საზოგადოება «მაესტროს» დაკარგავს, კვლავინდებურად დიდი დარჩება.

3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ღლონტმა «მაესტროს» მთავარ პროდიუსერობაზე უარი თქვა. «მორჩა _ აღარც ეროსი, აღარც მამუკა, «მაესტრო» თავისუფალია,» _ დასძინა ღლონტმა თავისი ემოციური განცხადების ბოლოს. ძნელი სათქმელია, დამოუკიდებლად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, თუ ამის გაკეთება სხვა ადამიანმა (ო, ეს იდუმალი ფიგურა!) ურჩია, რომელმაც სიტუაცია ჯეროვნად შეაფასა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს, ალბათ, დადებითი ცვლილებაა. ღლონტის, ისევე, როგორც კიწმარიშვილის დისტანცირებამ (ცხადია, რეალურმა და არა მოჩვენებითმა) «მაესტროს» საქმეებისგან შეიძლება გაცილებით უფრო პოზიტიური შედეგი გამოიღოს, ვიდრე იმ სიტუაციამ, რომელსაც ადგილი დღემდე ჰქონდა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here